შერწყმა-შესყიდვა. წარმატების და წარუმატებლობის ფაქტორები
დიმიტრი დექუანდი
შერწმა-შესყიდვა: რატომ ჩაიშალა ბევრი შერწყმა-შესყიდვების გეგმა? 1980-90 წლებში შერწყმის და მსხვილი შერწყმის შთამბეჭდავი ნაკადის შემდეგ, ეს ტენდენცია თანდათან შესუსტდა. ამ სტატიის მიზანია შერწყმების ეკონომიკური ანალიზი, წარუმატებლობის მიზეზების შესწავლა და პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება.
ტერმინი “შერწყმა” არის ზოგადი სიტყვა, რომელიც რამდენიმე კომპანიის ერთ ახალ კომპანიად გაერთიანებას ნიშნავს. არსებობს შერწყმის სამი განსხვავებული სახე: ჰორიზონტალური შერწყმა (კონკურენტებს შორის, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ერთი და იმავე ბაზრისათვის), ვერტიკალური შერწყმა (ფირმებს შორის, რომელთაც განსხვავებული ადგილი უჭირავთ ღირებულების ჯაჭვში) და საწარმოების კონგლომერატორული შერწყმა.
უპირველეს ყოვლისა, შერწყმა და შესყიდვა მიმართულია ხარჯების შემცირებისკენ, რაც ქმნის მასშტაბის ეფექტს, ზღუდავს ორმაგ მომსახურეობას. შერწყმები ადმინისტრაციული მომსახურეობის რაციონალიზირებას ახდენენ. მეორე მხრივ, შერწყმების მეშვეობით შესაძლებელია ახალ ბაზრებზე (შიდა და განსაკუთრებით, უცხოურ ბაზრებზე) შეღწევა, ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიების წარმოება, მენეჯერული და ტექნიკური ნიჭის აღმოჩენა. თეორიულად, კორპორაციის დივერსიფიცირება (განსხვავებული საქმიანობა) ახალ შედეგებს გამოიღებს. შერწყმა, აგრეთვე, მთავარ როლს თამაშობს საბაზრო სტრუქტურის შეცვლაში. შერწყმა გაერთიანებულ კომპანიებს შორის გამორიცხავს კონკურენციას, ზრდის კონკურენციულ გარემოს და გარდაქმნის ბაზრის მიწოდების მხარეს. თეორიულად, ახალი იურიდიული პირი კონკურენციაში ახალ მოწინავე პოზიციას იკავებს.
პრაქტიკაში, ნახევარზე მეტი შერწყმის გეგმა არ შედგა. წარუმატებლობის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ახალი გაერთიანებული იურიდიული პირის კაპიტალი თავისი ყოფილი ნაწილების კაპიტალს არ აღემატება. ხშირად შერწყმის მოტივაცია დამოკიდებულია აქციონერთა და მენეჯერთაA ინტერესებზე. მათი აზრით, შერწყმის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ კომპანიის ღირებულება გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში შერწყმა უნდა შეესაბამებოდეს გრძელვადიან სტრატეგიას და ბიზნეს-გეგმას. ფინანსური ასპექტების გარდა, შერწყმა წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე კომპანიის ყოველი აქციონერი ამ მოქმედებიდან რაიმე სარგებელს მიიღებს. შერწყმის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა და მუშაკთა ინტერესები. მომხმარებლებმა უნდა შეაფასონ, პასუხობს თუ არა ახალი კომპანია მათ მოთხოვნებს. შემდგომში გათვალისწინებულ უნდა იყოს აქციონრების (მიმწოდებლების, შუამავლების და საზოგადოების) ინტერესები. ახალმა კომპანიამ უნდა იზრუნოს თავის აქციონრებზე და მომავალში მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.
თეორიულად, შერწყმა და შესყიდვა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ორგანული ზრდა. ამ არგუმენტების მიუხედავად, შერწყმების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, უფრო დიდია. შემდეგ პარაგრაფში ჩვენ გავნიხილავთ წარუმატებლობის ფაქტორებს. რა თქმა უნდა, ამ შეცდომების გასწორება არ უზრუნველყოფს შერწყმის წარმატებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, წარსულში დაშვებულ შეცდომებს აარიდებს. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კომპანიის კულტურაშია – კორპორაციული კულტურა, რომელიც არ შეესაბამება სხვა კომპანიის კულტურას. ძალიან ძნელია ასეთი არამატერიალური ელემენტების შეფასება, როგორიცაა კორპორაციის და მუშაკთა კულტურა. ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს საუკეთესო საკომუნიკაციო ხერხი, ანკეტები და გასაუბრებები ურთიერთგაგების მისაღწევად.
წარუმატებლობის სხვა ფაქტორია ერთობლივი საქმიანობის ნაკლებობა, რომელიც ხელს უშლის პოტენციური თვითღირებულების შემცირებას. ორი კორპორაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, სექტორების და ბაზრების შესწავლა საშუალებას გვაძლევს უკეთ შევაფასოთ ერთობლივი საქმიანობის პოტენციალი. შერწყმა-შესყიდვის კრიტერიუმი მკაფიოდ უნდა იქნეს გამოხატული საბაზრო სტრატეგიის, გავრცელების, ზრდის შესაძლებლობების, საწარმოო სპეციალიზაციის, მენეჯმენტის, შთანთქმის ღირებულებისა და გარიგების ფორმების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის უნარი, რათა განახორციელოს ინტეგრაცია. შერწყმის დროს მენეჯმენტმა უნდა გამოიყენოს შერწყმის გეგმა, რომელიც მატერიალურ და არამატერიალურ ასპექტებს ითვალისწინებს. შერწყმა შეეხება ხალხს (მუშაკებს ან მომხმარებლებს), რომლებთაც სჭირდებათ ინფორმაცია, წახალისება, დარწმუნება. ამის შემდეგ გათვალისწინებული უნდა იყოს მატერიალური ასპექტი, მათ შორის, პროდუქციული და განსაკუთრებით, საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები.
განსაზღვრული უნდა იყოს ყოველი მენეჯერის მომავალი როლი. კამათი ახალი ფირმის მიმართულების შესახებ ხელს უშლის მიზნის მიღწევას. ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ საშუალო რგოლის მენეჯერებს, რომლებთაც ეჩვენებათ, რომ ახალ კომპანიაში ისინი თავის უნარს ვერ გამოაჩენენ. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფინანსური მხარის შესწავლას. ფინანსური წყაროები ძირითადი კაპიტალისა და საგარეო სესხს შორის თანაბარი უნდა იყოს. აუცილებელია კონტროლის გაწევა ვალის დონეზე (დიდი პროცენტები, გაკოტრების რისკი). ლიკვიდურობა საკმარისი უნდა იყოს შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების და ახალი სტრუქტურისთვის საჭირო ინვესტიციების დასაფინანსებლად. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შერწყმისა და შესყიდვის წარმატებისათვის საჭიროა ბაზრის მომავლის პროგნოზირება, მკაფიო მიზნები და დაგეგმვა, აგრეთვე წარმატების მიღწევის სურვილი და ძლიერი ხელმძღვანელობა. ტექნიკური ასპექტების გარდა (როგორიცაა ფასის, პრემიების დადგენა), წარმატების მიღწევა დამოკიდებულია იმ ადამანებზე, რომლებთაც სხვადასხვა მიზნები და მოთხოვნები აქვთ. მათი მიზნები და მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს საუკეთესო შედეგების და წარმატებული შერწყმის მისაღწევად.
დიმიტრი დექუანდი