რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

“სრული და ჭეშმარიტი კანონიერების უზრუნველყოფის, პატიოსანი ადმინისტრირების გარეშე, მყარი ბანკების და საიმედოდ დაცული კერძო საკუთრების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა”
“თავისუფლება (მათ შორის ეკონომიკური, ე.ჯ.) წესრიგის და სამართლიანობის გარეშე არის ანარქია” მარგარეტ ტეტჩერი,
“სახელმწიფოს მართვის ხელოვნება”, 2003წ., გვ.153,111 მომენატრეთ ძალიან!

გადავაგორეთ ზაფხული წვიმიან-ქარიშხლიანი, რომელიც შემოდგომას უფრო ჰგავდა და ახლა შემოდგომის მზის სხივებზე ვნებივრობთ, მეტადრე ზაფხულს რომ გვაგონებს. წელიწადის დროებიც შეიცვალნენ თავისი არსით და გარეგნობით, მაგრამ ქართველები ვართ უცვლელები. თავისუფლება გვინდა, მაგრამ სამართალს ჩვენებურად აღვიქვამთ, ანუ, ძლიერი ხარ – მართალი ხარ – პრინციპით. თავისუფალი ეკონომიკა გვინდა, მაგრამ ღია, გამჭვირვალე პრივატიზაციის და თავისუფალი უცხოეთის ინვესტიციის გარეშე. დასავლეთის ფასეულობების დამკვიდრება გვინდა, მაგრამ არც კლანურობას და ძმაკაცობა-ნათესაობას ველევით, თავისუფლება გვინდა, მაგრამ მონები გვსიამოვნებს გვერდში, სამსახურში, მეგობრებში, პარტნიორებში და თუ ვინმე არ გვემონება, იმას ვლანძღავთ და ვმარხავთ. თავისუფლება ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის, სხვა მოყვასისათვის – არა, კანონიერება ჩვენთვის გვემეტება, მოძმისათვის – არა, კერძო საკუთრება ჩვენთვის გვინდა, სხვას არ უნდა ჰქონდეს, გადასახადების გადაუხდელობაზე სხვას რომ სჯიან, გვიხარია, ჩვენ რომ გვთხოვენ, აღვშფოთდებით, სამართალი და წესრიგი ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის ზედმეტად მიგვაჩნია.

არა და ვერ გავიგეთ თავისუფლება, მათ შორის ეკონომიკური. იგი ან არსებობს ყველასათვის, ან – არა. ის სამართალიც და მისი პატიოსანი დამცველები, ან ყველასათვის არის ან არავისთვის, სხვა ფასეულობა და ქვეყნის მოწყობა კაცობრიობას არ მოუგონია და არ უნახავს.

პლატონი ამბობს: “ყველაზე დიდი სიმახინჯე და საშინელება ისაა, როცა მწყემსები ისე ზრდიან ფარის მოდარაჯე ქოფაკებს, რომ ისინი ურჩობის შიმშილის, თუ რაღაც უკეთური ჩვეულებების გამო, თვითონ გლეჯენ ცხვრებს და ამრიგად, ქოფაკებს კი არ გვანან არამედ, მგლებს… ამიტომ, ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი მცველები ასევე არ ეპყრობოდნენ მოქალაქეებს”. თავიანთი მძლეთამძლეობისა თუ კეთილმოწყალე მფარველთა იმედით, მძვინვარე მოძალადეებს არ დაემსგავსონ. “ამასთან, – ამბობს ფილოსოფოსი, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს რაიმე კერძო საკუთრების მფლობელი, გარდა იმ საგნისა, რომელიც აუცილებელია ყოველი ჩვენგანის არსებობისათვის… თავიანთი სამსახურის საზღაურად უნდა იღებდნენ ისე, რომ არც შემოაკლდეთ და არც მოჭარბებით ჰქონდეთ მთელი წლის განმავლობაში” (პლატონი, სახელმწიფო, თბ. 2003 გვ. 128-129). გზა ხსნისა დიდი ხანია კაცობრიობას უპოვია. თუ გვინდა სახელმწიფო ვიყოთ და ხალხი კარგად ცხოვრობდეს, უნდა გაბატონდეს კერძო საკუთრება, სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს უშუალოდ ბიზნესის რეგულირებას, პოლიტიკოსებმა კანონებზე იმუშაონ, იმ კანონებზე, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელს გახდის, ბაზარს – შესაღწევად თავისუფალს და რესურსებს – ყველასათვის ხელმისაწვდომს, სადაც კანონი ყველასათვის ერთი იქნება და გადასახადი, რომელიც ამ წესრიგის შენარჩუნებას მოხმარდება. ყველა თავის წილს ერთნაირად გადაიხდის, მეწარმეც და პორტის ადმინისტრაციაც, დიდი სუპერმარკეტი თუ ჯიხური, გლეხი თუ ოლიგარქი, ხოლო ძალოვანები, მათ შორის პარლამენტარები და მინისტრებიც, მიიღებენ იმდენ ანაზრაურებას, რაც ადამიანს არსებობისა და ოჯახისათვის სჭირდებათ. ეს სიტყვებია, მაგრამ საქმით ეს უკვე 2005 წლის ბიუჯეტში უნდა იჯდეს და საზოგადოებამ უსამართლობად არ უნდა ჩათვალოს, რადგან აქედან დაიწყება წესრიგი და მათი პირადი კეთილდღეობა. თუ არადა, ფარის დამცველი ნაგაზი კვლავ შეჭამს ცხვარს და მგელი გახდება და ასე იქნება გაუთავებლად: კორუფციასთან მებრძოლი თვითონ კორუფციონერი იქნება, წესრიგის და კანონის დამცველი – მისი პირველი დამრღვევი, ხოლო თავისუფლების კანონების მიმღები რიტორიკოსი – ბიზნესისათვის ბიუროკრატიული ბარიერების შემქმნელი, რათა შემდგომ ამ ბარიერების გადალახვის დახმარებაში ფული აკეთოს. რეფორმა გვინდა და ცვლილებები, მაგრამ ამის შედეგად რომელიმე ჩვენს გარეწარ ნათესავს ან მეგობარს სამსახურიდან გაუშვებენ, ან კორუფციის წყაროს მოუსპობენ, ეს კი, აღგვაშფოთებს, მოვრთავთ ღრიალს: – ის რეფორმატორი აგენტია, კორუფციონერია (ჩემი შენ გითხარიო), ბანდიტია! იწყება კულუარული სამამულო ომები და გაწიწმატებული ინტრიგები იმას კი არ ამბობენ, რომ საკუთარი ჯიბე და მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ, არამედ წივიან, როგორ გაბედეთ და ნიჭის და უნარის გამო დანიშნეთ სადმე ვინმე, როგორ ბედავთ ეკონომიკაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომელიც ჩვენ და ჩვენს ახლობლებს ფულის შოვნის წყაროს გვისპობს, როგორ ყიდით რამეს უჩვენოდ, ჩვენი მუქთად მოცემული წილების გარეშე, რას ჰქვია უჩვენოდ თავისუფალი ეკონომიკა, რომელ თეორიაში წერია?

ჩემო ძვირფასო ფარის მცველო ქოფაკებო (პლატონის სიტყვებია, მე ამას ვერ გავბედავდი), საქართველოში ახალი ერა დადგა, უფრო სწორედ იწყება – კანონი ყველასათვის, სამართალი ყველასათვის, თავისუფლება ყველასათვის!

პრივატიზაცია ძმაკაცობის და კაიბიჭობის გარეშე, ეკონომიკა და ბიზნესი კრიშებისა და კორუფციის გარეშე, პოლიტიკა ქრთამების გარეშე და საქართველო “კრიოსტნი ატეცების” გარეშე. ჯერ თქვენ კიდევ ხართ, ჯერ სასამართლო ფარსია და სოფოკლეს ტრაგედია, ჯერ თქვენი ზარებით ინიშნებიან თქვენი უსახური ლაქია ბოთეები, ჯერ კიდევ ინტრიგებით ხლართავთ ობობას ქსელს და ანადგურებთ ბევრ უდანაშაულო, პროფესიონალ არალაქია უპატრონო ადამიანებს, მაგრამ დაიწყო საქართველოში ახალი ერა. თქვენ გგონიათ ეს თქვენ არ გეხებათ? არა, ეს ყველას ეხება, ეს არ არის სპექტაკლები რეფორმაზე ძველი სცენარით და თამაში დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის, როცა 10 ოჯახი მართავდა მთელ დოვლათს. თავისუფალი ბაზარი ისეთი პანაცეაა საქართველოში, როგორც სამართლიანობა და 31 დეკემბერს ახალი წლის მოსვლა. მაშინ თქვენნაირების ადგილი არ იქნება, თქვენ ქოფაკები იქნებით, მაგრამ ფარას არ ჩაგაბარებენ.

გეწყინათ? მაპატიეთ. თავისუფლება ყველაფერია. ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება ეკონომიკური თავისუფლება და სამართლიანობა, ეს საქართველოა, როგორც სახელმწიფო დასავლური ფასეულობებით და განურჩევლად ყველა ქართველისთვის მათ შორის ქოფაკებისათვის.

ხომ ლამაზია შემოდგომა, მზიანი, ბარაქიანი და ხალისიანი, მაგრამ უფრო ლამაზია, როცა იცი, რომ ფარას მგლებად ქცეული ქოფაკები კი არ დაიცავენ, არამედ ბუთხუზა, კეთილშობილი, კავკასიური, ამაყი ქართული ნაგაზები.