საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ანალიზი

ავტორის სტილი დაცულია
მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com

ანოტაცია

ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ენერგეტიკის სექტორის მდგრად ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეფექტური განვითარება, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და საბინაო-კომუნალური კომპლექსის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ენერგია აუცილებელია ადამიანის კეთილდღეობის თითქმის ყველა ასპექტისთვის – წყლის რესურსებზე წვდომა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა, ჯანდაცვა, განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა, გარემოს მდგრადობა და სხვა. ენერგეტიკულ ინვესტიციებს უკავია მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი წილი, ხოლო ენერგეტიკული ემისიები ანთროპოგენური სათბურის გაზების ემისიების ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული სისტემები არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფაქტორი.

ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პირობებში. მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ და დეტალურად განვიხილოთ ის.

Annotation

Energy is a strategically important industry. The efficient development of the country, the competitiveness of the economy and ensuring the reliable functioning of the housing and communal complex depend on the sustainable functioning of the energy sector.

Energy is essential for almost every aspect of human well-being – access to water resources, agricultural productivity, healthcare, education, job creation, environmental sustainability and more. Energy investments account for a large share of GDP, while energy emissions account for the largest percentage of anthropogenic greenhouse gas emissions. Therefore, energy systems are a factor in the socio-economic development of the country.

I think this topic is quite relevant in the conditions of the modern economic system. Let’s take a look at the situation in Georgia in this regard and discuss it in detail.

შესავალი

სანამ უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, უმჯობესია განვმარტოთ, რა არის ენერგეტიკა და ზოგადად განვიხილოთ ის.

ენერგეტიკა არის ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დიდი ბუნებრივი და ხელოვნური ქვესისტემების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ყველა სახის ენერგორესურსების გარდაქმნას, განაწილებას და გამოყენებას. მისი მიზანია უზრუნველყოს ენერგიის წარმოება პირველადი, ბუნებრივი ენერგიის მეორადად გადაქცევით, მაგალითად, ელექტრო ან თერმულ ენერგიად. ამ შემთხვევაში ენერგიის წარმოება ყველაზე ხშირად რამდენიმე ეტაპად ხდება:

  • ენერგორესურსების მოპოვება და კონცენტრაცია, მაგალითად, ბირთვული საწვავის მოპოვება, გადამუშავება და გამდიდრება;
  • რესურსების გადაცემა ელექტროსადგურებზე, მაგალითად, გაზის, ქვანახშირის, მაზუთის მიწოდება თბოელექტროსადგურზე;
  • პირველადი ენერგიის ელექტროსადგურების საშუალებით მეორად ენერგიად გადაქცევა, მაგალითად, ქვანახშირის ქიმიური ენერგია ელექტრო და თბო ენერგიად;
  • მეორადი ენერგიის გადაცემა მომხმარებლებისთვის, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზებით. [1]

თითოეული სახელმწიფოს ენერგეტიკული ინდუსტრია ფუნქციონირებს შექმნილი ენერგეტიკული სისტემის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ყველა სახის ენერგიის მიღების, ტრანსფორმაციის, განაწილებისა და გამოყენების ჯაჭვის ყველა რგოლს, რომელიც დაკავშირებულია ერთ მთლიანობაში რეჟიმის საერთოობითა და ელექტრო და თერმული ენერგიის წარმოებისა და განაწილების პროცესის უწყვეტობით.

ენერგეტიკული სისტემის მუშაობის ძირითადი მაჩვენებლებია ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე (ელექტროსადგურის ყველა გენერატორის სიმძლავრის ჯამი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს არსებული გენერატორების რეკონსტრუქციის ან ახალი აღჭურვილობის დაყენებისას), ელექტროენერგიის წარმოება (როგორც წესი, მათი ერთეული ელექტრო სიმძლავრეა 500-დან 1000 მგვტ-მდე ან მეტი) და ელექტროენერგიის მოხმარება.

ენერგეტიკა ჩვეულებრივ იყოფა ტრადიციულ და არატრადიციულ ენერგეტიკად. ტრადიციული ენერგეტიკა 21-ე საუკუნის დასაწყისში არის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი მსოფლიოში. იგი მიიღება ელექტროსადგურებში (თბოელექტროსადგურები, ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები). ხოლო არატრადიციული ენერგეტიკა მოიცავს განახლებადი ენერგიის წყაროებს, მათ შორის მზის გამოსხივების ენერგიის გარდაქმნას, დედამიწის შიდა სითბოს, ქარის ენერგიას, მოქცევას; მინი ჰიდროელექტროსადგურებსა და მიკროჰიდროელექტროსადგურებს; ბიოსაწვავის ტექნოლოგიებს; მაგნიტოჰიდროდინამიკურ გენერატორებს (MHD გენერატორები), აგრეთვე არატრადიციულ ტექნოლოგიებს ტრადიციული არაგანახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისათვის. [2]

სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე

დიაგრამა 1. რეალიზაციის მთლიანი მაჩვენებლები ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ინდიკატორების მიხედვით 2020-2021 წლებში, %

წყარო: https://www.energy-community.org/implementation/Georgia.html

დიაგრამა 1-დან ჩანს, რომ რეალიზაციის საერთო მაჩვენებელი შეადგენს 45%-ს, ხოლო ცვლილება 8%-ს. 2020 წლის მონაცემებით რეალიზაციის მაჩვენებლით ლიდერობს სტატისტიკა – 98%, ხოლო ბოლო ადგილზეა ინფრასტრუქტურა – 3%. 2021 წელს ყველაზე დიდი ცვლილება განიცადა ელექტროენერგიამ, კერძოდ, რეალიზაცია გაიზარდა 14%-ით, ხოლო ყველაზე მცირე ცვლილება განიცადა ნავთობმა – რეალიზაცია შემცირდა 5%-ით და გარემომ – რეალიზაცია გაიზარდა ასევე 5%-ით. ერთადერთი სამუშაო ინდიკატორი, რომელიც 2021 წელს არ შეცვლილა არის ინფრასტრუქტურა.

ცხრილი 1.  ელექტროენერგიის ფასები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 2021 წლის ივლისი – დეკემბერში, ლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/88/monatsemebi-elektroenergiis-da-bunebrivi-gazis-samomkhmareblo-fasebis-shesakheb-2018-tslis-ianvar-ivnisi

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ დღგ-ს გარეშე ელექტროენერგიის ფასი ყველაზე მაღალია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა პირველი და მეხუთე ჯგუფისათვის – 0.26 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია მეოთხე ჯგუფისათვის – 0.23 ლარი. დღგ-ს ჩათვლით ფასი ყველაზე მაღალია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მეხუთე ჯგუფისათვის – 0.31 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია მეოთხე ჯგუფისათვის – 0.27 ლარი.

ცხრილი 2. ელექტროენერგიის ფასები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 2021 წლის ივლისი – დეკემბერში, ლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/88/monatsemebi-elektroenergiis-da-bunebrivi-gazis-samomkhmareblo-fasebis-shesakheb-2018-tslis-ianvar-ivnisi

ცხრილი 2-დან ჩანს, რომ დღგ-ს გარეშე ელექტროენერგიის ფასი ყველაზე მაღალია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მეოთხე ჯგუფისათვის – 0.22 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია პირველი ჯგუფისათვის – 0.16 ლარი. დღგ-ს ჩათვლით ფასი ყველაზე მაღალია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ისევ მეოთხე ჯგუფისათვის – 0.26 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია ისევ პირველი ჯგუფისათვის – 0.19 ლარი.

ცხრილი 3. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესახებ ჯამური მონაცემები 2022 წლის მაისისთვის

წყარო: https://www.gse.com.ge/home_ge

ცხრილი 3 გვიჩვენებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესახებ ჯამურ მონაცემებს 2022 წლის მაისისთვის. როგორც ცხრილიდან ჩანს, მოხმარება შეადგენს 1871.56 მგვტ-ს. ექსპორტი აჭარბებს იმპორტს 319.24 მგვტ-ით. გამომუშავება საკმაოდ მაღალია – 2190.80 მგვტ. რაც შეეხება ჰიდროს, თბოსა და ქარს, ყველაზე დიდი წილი უკავია ჰიდროს – 2188.14 მგვტ, ხოლო ყველაზე მცირე – თბოს – 0.00 მგვტ.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განხორციელებას საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებით. ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის დარგში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ქვეყნის ენერგეტიკის დარგის პრიორიტეტებს და დარგის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად მიმართულებებს. ენერგეტიკის დარგის განვითარების ერთიანი, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება დარგის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიების, მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული პროგრამების შემუშავების და დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის დახვეწის საფუძველი გახდება. [3]

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:

  • ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, საქართველოს ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება და რეზერვების შექმნა;
  • საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება;
  • საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ენერგიით ვაჭრობის მექანიზმის გაუმჯობესება;
  • საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ქვეყნის, როლის გაზრდა;
  • საქართველო – სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრი;
  • ენერგოეფექტიანობისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება და განხორციელება;
  • ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინება;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

ენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა. სამართლიანმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ერთი მხრივ, საწარმომ სრულად აინაზღაუროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება სამართლიან და გამჭვირვალე ფასად. მომხმარებელთა სოციალურად დაუცველი ფენების შეუფერხებელი ენერგომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამებით და მიზნობრივი სუბსიდიებით. ამასთანავე, ენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი, მდგრადი ფინანსური და ტექნიკური განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისათვის შეიძლება დადგინდეს გრძელვადიანი, წინასწარ განსაზღვრული (მათ შორის, ზღვრული) ტარიფები. [4]

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები

ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა:

  • ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა (ENIP);

ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც განხორციელდება 2023-2026 წლების ჩათვლით. პროგრამის მთლიანი ინვესტიცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით (KfW), შეადგენს 325 მილიონ ევროს. აღნიშნული თანხა ასევე მოიცავს 9.9 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც გამოიყო „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის“ (EU NIF) ფარგლებში, ინვესტიციების განხორციელებისა და ტექნიკური დახმარების დაფინანსების მიზნით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება, გაფართოვდება ან აღდგება ცამეტი ქვესადგური და 561 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი.

  • 220 კვ. ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა;

პროექტი მოიცავს მაღალი ძაბვის ორჯაჭვა 220 კვ. ეგხ-ის მშენებლობას მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი 500/400/220კვ ქვესადგურიდან „ახალციხე“ 220კვ. ქვესადგურამდე „ბათუმი“. ხაზი ასევე დააკავშირებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს „შუახევიჰესს” (185 მგვტ „სხალთაჰესთან” ერთად) და „კორომხეთიჰესს” (150 მგვტ) საქართველოს ენერგოსისტემასთან. დაახლოებით 146 კმ სიგრძის გადამცემი ხაზი აშენდება ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე განხორციელდება „შუახევიჰესის” დაკავშირება ბათუმის ქვესადგურთან, დაახლოებით 52 კმ სიგრძის მონაკვეთით, ხოლო მეორე ეტაპზე „შუახევიჰესი” დაუკავშირდება ახალციხის ქვესადგურს, დაახლოებით 94 კმ სიგრძის მონაკვეთით. ახალი 220 კვ. ხაზი გააუმჯობესებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის (რომელიც ელექტროენერგიას იღებს ბათუმის ქვესადგურიდან, და სადაც მდებარეობს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ტურისტული კურორტი) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობასა და ხარისხს. ბათუმისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ახალი ხაზის საშუალებით უფრო საიმედო გახდება, გაჩნდება ორი სარეზერვო კავშირი, ერთი – ახალციხის ქვესადგურის მიმართულებით და მეორე – ჩრდილოეთით, ქვესადგურებისკენ „მენჯი“ და „ხორგა“. ასევე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში შუახევი/სხალთა და კორომხეთის ჰესებიდან ახალციხის მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის, ხოლო მოგვიანებით – ბათუმში დაგეგმილი მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის გავლით.

  • 500 კვ. ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობა და 220 კვ. ,,წყალტუბო”-ს გაფართოება 500 კვ-იანი ფრთით;

საქართველოს ქსელის განვითარებისთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგხ ,,იმერეთი 500″-ის დაზღვევას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანას (,,ენგურჰესის” ინტეგრაცია ჯვარის ქვესადგურში). პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს ,,წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ ,,წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.

  • 220 კვ. ეგხ „ჯვარი-ხორგა“-ს მშენებლობა და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის პროექტი;

,ჯვარი-ხორგა”-ს შემაერთებელი ქსელის პროექტის აღნიშნული კომპონენტი მოიცავს 220კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ქვესადგურიდან „ჯვარი“ ქვესადგურამდე „ხორგა“ (დაახლოებით 60კმ) და 500კვ. ორჯაჭვა გადამცემი ხაზის „კავკასიონი“ შეჭრას ქვესადგურში „ჯვარი“ (დაახლოებით 8 კმ). პროექტის (ა) და (ბ) კომპონენტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით და, ამავდროულად, შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას.

  • ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზი.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემისა და მასშტაბური საბითუმო ვაჭრობის ხელშეწყობას საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს შორის. საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განთავსებული არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში. შემდგომ ეტაპზე, განსაზღვრულია ხაზის დაკავშირება რუსეთის ენერგოსისტემასთან; შესაბამისად, სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ. ქვესადგურის მოწყობა და ხაზის გადაყვანა 500 კვ. ძაბვაზე. მისი გამტარუნარიანობა იქნება 1100 მგვტ. რაც შექმნის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და ირანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ენერგეტიკულ მაგისტრალს და ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობასა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს, რუსეთს, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსა და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ქვეყნებს შორის. [5]

დასკვნა

სტატიაში მოცემულ ინფოორმაციაზე დაყდრდნობით, შეგიძლია დავასკვნათ, რომ ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში მაინც ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ის აგრეთვე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს.

ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკის დარგის წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. როგორც ვნახეთ, ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიების გატარება უკვე დაგეგმილია. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ამ სექტორს საქართველოში უფრო პერსპექტიულს გახდის და, შესაბამისად, გააუმჯობესებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Свободная энциклопедия „Википедия“. Энергетика
  2. Neftgaz.RU. Энергетика
  3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
  5. სსე. მიმდინარე პროექტები
  6. https://www.energy-community.org/implementation/Georgia.html
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/88/monatsemebi-elektroenergiis-da-bunebrivi-gazis-samomkhmareblo-fasebis-shesakheb-2018-tslis-ianvar-ivnisi
  8. https://www.gse.com.ge/home_ge