ინვესტიციები-ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი მექანიზმი

ავტორის სტილი დაცულია

ქეთი სიდამონიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com

ანოტაცია

ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.მოცემული ნაშრომი ეხება ინვესტიციების ჩაუნაცვლებელ მნიშვნელობას ეკონომიკაში. განხილულია ინვესტიციების გენეზისი და სახეები,მათი ეკონომიკური მნიშნელობა. გაანალიზებულია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო.ნაშრომის მიზანი არის დაგვანახოს,რომ ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური მასტიმულირებელი მექანიზმია და მოგვცეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად, გარკვეული რეკომენდაციები საინვესტიციო პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით.

Annotation

The main goal of the country’s macroeconomic policy is to ensure sustainable economic growth over a long period of time. The article deals with the irreplaceable importance of investment in the economy. The genesis and types of investments, their economic significance are discussed. The investments made in Georgia and the investment environment in the country are analyzed. The aim of this article is to show that investments are an economic stimulus mechanism in the country and to give us some recommendations regarding the development of investment policy in accordance with the current situation in the country.

ინვესტიციების გენეზისი და მისი სახეები

ტერმინი ინვესტიცია (investire-შემოსვლა) ლათინური წარმოშობისაა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის საწარმოებში კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას აღნიშნავს.ინვესტიციების ყველაზე უფრო გავრცობილი განსაზღვრება არის ის, რომ იგი წარმოადგენს ინვესტირებული სახსრების მეშვეობით დღევანდელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გაცვლის აქტს მოთხოვნის სამომავლო დაკმაყოფილებაზე, ანუ ინვესტიცია ნიშნავს: დღეს გაიმეტო ფული იმისათვის, რომ მომავალში უფრო მეტი მიიღო.ისტორიაში ინვესტიციების უამრავი განმარტება არსებობს,მაგალითად  უილიამ შარპისა და მისი თანაავტორების აზრით, ინვესტიცია ეს არის „ ფულთან განშორება დღეს, ხვალ უფრო მეტის მიღების მიზნით“. ხოლო რუსი მეცნიერის, ა.ს. სელიშევის განმარტებით ინვესტიციები არის დანაზოგის გამოყენება ძველის აღსადგენად და ახალი საწარმოო სიმძლავრეების და სხვა კაპიტალური აქტივების შექმნის მიზნით. სხვა სიტყვებით, ეს არის მზა პროდუქციის ნაკადი, რომელიც გამოიყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკაში ძირითადი ფონდების შენარჩუნებისა და გაზრდისათვის.იგი  GDP-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ცვალებადი კომპონენტია.

თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნება-„ინვესტიციები“ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება: სამომხმარებლო ინვესტიციები; ინვესტიციები ბიზნესში (ეკონომიკური ინვესტიციები); ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში (საფინანსო ინვესტიციები).

საქართველოს კანონმდებლობით „ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად და უპირობოდ არის დაცული”.

თვალსაჩინოა,რომ ინვესტიციების უმარავი განმარტება არსებობს,თუმცა თითოეულს  საბოლოო ჯამში ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

1.ინვესტიციები, როგორც წესი, გულისხმობენ მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს;

2) უკუგება ინვესტიციისაგან შეიძლება მიღებულ იქნას რამდენიმე წლის შემდეგ;

3) ინვესტირებისას არსებობს  გაურკვევლობისა  და რისკის ელემენტები;

4) ინვესტიციები, რომლებიც განიხილება, როგორც კაპიტალური დაბანდებები, გულისხმობენ ძირითადი კაპიტალის შეძენას, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, ან ნებისმიერ სხვა დანარჩენს, რომლებიც მიმართულია ეფექტიანობის ზრდისაკენ.

სამომხმარებლო ინვესტიციები – მკაცრად რომ ვთქვათ, პირდაპირი მნიშვნელობით არ წარმოადგენს ინვესტიციებს. იგი ნიშნავს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ან უძრავი ქონების შეძენას. ასეთი გაგება აღმოცენდა თვით მომხმარებლებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით ამ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავალი დაბანდებულ კაპიტალზე და ბუნებრივია არც ეს უკანასკნელი იზრდება. დაბანდებული სახსრები (ხანგრძლივი მოხმარების საქონელი ან უძრავი ქონება) თავისი არსით წარმოადგენს ფულად დანაზოგებს და არა მათ ინვესტირებას. აღნიშნული ნივთების დაგირავებიდან მიღებული ფულით შეიძლება ფასიანი ქაღალდების შეძენა. მოცემული სახეობის დანაზოგების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

 • დაბანდებული სახსრები არ ექვემდებარება ინფლაციისაგან დაცვას, ე.ი. ინფლციის ზრდასთან ერთად იზრდება დანაზოგებიც;

• დაბანდებულ სახსრებს შეუძლიათ შემოსავლის მოტანა ნივთების კომერციულ საქმიანობაში გამოყენებით (მაგ. სახლის გაცემა არენდით).

 ინვესტიციები ბიზნესში თავის უმთავრეს მიზნად ისახავს მოგების მიღებას, რისთვისაც ხდება საწარმოო აქტივების შეძენა და გამოყენება. მაშასადამე, ინვესტიციების ასეთი ფორმის დროს იქმნება რეალური საწარმოო სამძლავრები. ეკონომიკური ინვესტირება ნიშნავს საწარმოო პროცესების ორგანიზებას მოგების მიღების მიზნით, ე.ი. ამ დროს ხდება წარმოების ფაქტორების (ძირითადი და საბრუნავი კაპიტალი და სამუშაო ძალა) შეძენა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ინვესტირება რეალურ აქტივებში სახსრების დაბანდებაა მოგების მიღების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან „ნორმალური“ რისკის პირობებში.

საფინანსო ინვესტიციები ნიშნავს აქტივების შეძენას ფასიანი ქაღალდების სახით მოგების მიღების მიზნით, ამ სახის ინვესტიციებისათვის „ნორმალური“ რისკის პირობებში. ეკონომიკური ინვესტიციებისაგან განსხვავებით საფინანსო ინვესტიციები არ საჭიროებს ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნას და მათი გამოყენების კონტროლს. ამიტომ, საფინანსო ინვესტორი უშუალოდ არ მონაწილეობს მართვის პროცესში და წინასწარ ეგუება რეალური აქტივების სხვისგან მართვას.

ხშირად ინვესტიციებს გარკვეული აზრით მიაწერენ სპეკულაციის ელემენტებს, მაგრამ მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც მდგომარეობს რისკის  დონეში. ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების დაბანდებისას რისკის დონე ბალანსირდება მოსალოდნელი შემოსავლით. მაგრამ ძალიან მაღალ პოტენციურ შემოსავალსაც კი არ შეუძლია იყოს ფასიან ქაღალდებზე დიდი რისკის საფუძველი. ინვესტიციების მიზანია მომავალი შემოსავალი. ამიტომ ინვესტორი დაინტერესებულია იმით, რომ ის იყოს სტაბილური და საკმაოდ მაღალი. სპეკულაციის მიზანი არ არის აქციიდან მიღებული მაღალი შემოსავალი. მისთვის მამოძრავებელი მოტივია: იყიდოს იაფად, გაყოდოს ძვირად, ე.ი. მიიღოს ფასთა შორის სხვაობა მოგების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციები შიდა ეროვნული პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათზე მოდის განვითარებული ქვეყნების ხარჯების ერთობლიობის დაახლოებით 20%. ამასთან ინვესტიციები ეროვნული შემოსავლის შემადგენელი ელემენტია, რაც შეიძლება ფორმულით ასე გამოისახოს:

                                                                  Y=C+ I

 სადაც, Y – ე.შ. რეალური სიდიდეა, C – საოჯახო მეურნეობების მოხმარების რაოდენობა, I – ინვეტიციების მოცულობა.

საბოლოოდ ინვესტიციების თავისებურებანი შეიძლება შემდეგზე დავიყვანოთ:

1. ინვესტიციები უშუალოდ უზრუნველყოფენ კაცობრიობის ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს;

2.ინვესტიციები წარმოადგენენ ერთობლივი მოთხოვნის ყველაზე არამდგრად ნაწილს და ყველაზე მეტად ემორჩილებიან კონიუნქტურულ რხევებს. (1) (2)

ინვესტიციების ეკონომიკური მნიშვნელობა, ეფექტიანობა და გამოწვევები

 უცხოური ინვესტორების გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე დამოკიდებულია მის ეკონომიკურ პოტენციალზე, ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათზე, საბაზრო მექანიზმის განვითარების ხარისხზე, საკანონმდებლო ნორმებსა და სხვა პარამეტრებზე. მეორეს მხრივ, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ინვესტორის თავისებურებებს, ინვესტიციების განხორციელების ფორმებს და სფეროებს. მიმღებ ქვეყანაში ინვესტიციების გავლენა ვლინდება შემდეგში: ეკონომიკის ზრდის ტემპზე პოზიტიური გავლენა; ქვეყანაში საერთო ინვესტიციური აქტიურობის გაძლიერება; მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტექნოლოგიურ პროცესებში და ქვეყნის შრომითი და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების ამაღლებაში; მიმღები  ქვეყნის მეურნეობის პროგრესულ ტერიტორიულ და დარგობრივი სტრუქტურიზაციის ხელის შეწყობა და ბოლოს უცხოური ინვესტიციები მოქმედებენ ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ვლინდება მის საექსპორტო პოტენციალში, მოქმედებს სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსზე. ქვეყნის შიდა ინვესტიციური რესურსების ნაკლებობის შემთხვევაში მისი შევსების წყარო ხდება კაპიტალის იმპორტი. ამასთან, ინვესტირების დეფიციტი არის ფარდობითი, რადგან ინვესტიციებზე მოთხოვნებს განსაზღვრავს ეკონომიკური სისტემა და მისი განვითარების დონე. ინვესტიციებს ახასიათებს მულტიპლიკატორის ეფექტი, ე.ი. გარკვეულ დარგში მიმართული ინვესტიციები იწვევენ მომიჯნავე დარგების განვითარებას. უცხოური ინვესტიციების გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია დასაქმებისა და ეროვნული რესურსების გამოყენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მიერ გამოყენებული სამუშაო ძალის ხარისხს. უცხოური ინვესტორისაგან დაქირავებული მუშაკი განიცდის მხოლოდ კაპიტალის გავლენას, რომელიც სამუშაო ძალასთან ცნობს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული „პირდაპირი“ ეფექტის ძირითად ნაწილს იღებს თვით ინვესტორი, მაგრამ მთელი „არაპირდაპირი“ ეფექტი რჩება ინვესტირების მიმღებ ქვეყანას: ათვისებული საბადოები, თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე სამუშაო ძალა, დაბეგვრის სისტემით მიღებული შემოსავლები, სამომხმარებლო ბაზრის გაჯერება. ამის გარდა თვით მუშაკები არიან დაინტერესებულნი უცხოელ ინვესტორებთან მუშაობით, რადგან მათ საწარმოებში უფრო მაღალი ანაზრაურების სიდიდე და სოციალური პირობებია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია პერსპექტიული დარგების განვითარებით. ასეთებია: მომსახურეობის სფერო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, მაღალი ტექნოლოგიის დარგები. ინვესტიციების დადებით შედეგებს შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია. მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში უცხოური გამოცდილების გაზიარება,საექსპორტო პოტენციალის და ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდა, სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა. ქვეყნის ეკონომიკაზე უცხოური ინვესტიციების ასეთი აქტიური გავლენა აისახება საერთაშორისო ურთიერთობების პირობებშიც. უცხოური ინვესტიციების გავლენა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე და მის სტრუქტურაზე სხვადასხვაა. მაგალითად, კაპიტალის იმპორტი აისახება ბალანსის აქტივში და შეიძლება ამ უკანასკნელის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. ამასთან,  ინვესტიციებს თან სდევს მიღებული მოგების გატანა, რაც აისახება ბალანსის გასავალ ნაწილში. გარდა ამისა, უცხოური ინვესტიციების დაბანდებას თან სდევს მოწყობილობის, პატენტების, ლიცენზიების იმპორტი, რაც იწვევს სახსრების ქვეყნიდან გადინებას. უცხოელ ინვესტორებს დიდი თანხები შეაქვთ დაბეგვრის, საბაჟო გადასახადის და სხვა მოსაკრებლების სახით, რაც ხელს უწყობს საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას. ინვესტიციების მიმღები ქვეყნის მთავრობა, ქმნის რა უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელ პირობებს, ქმნის მოგების რეინვესტირების შესაძლებლობებს, ამცირებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ისევე როგორც საფინანსო, ასევე პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე.

ეროვნული კაპიტალის მუდმივად უკმარისობისა და მსოფლიო ბაზარზე კაპიტალის ნაკლებობის პირობებში, უცხოური ინვესტიციებისადმი დამოკიდებულების განსაზღვრისას მიმღები ქვეყანა დგება შემდეგი პრობლემის წინაშე: როგორ იქნეს მოზიდული ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია; მოზიდული ინვესტიციით მიღებულ იქნეს მაქსიმალური შედეგი, მიღწეულ იქნეს ეროვნული ინტერესების შესაბამისი მიზანი. ბევრი უარყოფითი შედეგის გამოწვევა შეუძლია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში არაგონივრულ, არასწორ პოლიტიკას, რაც, რა თქმა უნდა, ლახავს მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.  საჭიროა მკაცრი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, აგრეთვე ინვესტიციებისადმი მხარდაჭერა იმ დარგებსა და რეგიონებში, რომლებთანაც დაკავშირებულია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაცია, პირობითად, შეიძლება ოთხ ჯგუფად დავყოთ:

პირველი ჯგუფი-აერთიანებს ინვესტორ კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ახდენენ ინვესტირებას იმ მიზნით, რომ მიიღონ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსები რეალურზე უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში (რესურსების მაძიებელნი).

მეორე ჯგუფს წარმოადგენენ საწარმოები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში, რათა უზრუნველყონ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ ქვეყნის ან მეზობელი სახელმწიფოების (რეგიონების) ბაზრებზე (ბაზრის მაძიებლები).

მესამე ჯგუფს, პირობითად, შეიძლება ეფექტიანობის მაძიებელნი ვუწოდოთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით კომპანიის ეფექტიანობის ამაღლება გულისხმობს რესურსების ისეთ განაწილებას, როცა მაქსიმალური უკუგება მიიღწევა.

მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება ტრანსეროვნული კორპორაციები. ისინი ცდილობენ აითვისონ ისეთი აქტივები, რომლებიც ხელს უწყობენ მათი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას (სტრატეგიული აქტივების მაძიებლები).

ზოგადი შთაბეჭდილება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დადებითია,თუმცა მათი ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს. ერთის მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლა ხელს უწყობს შიდა რესურსების დეფიციტის შემცირებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის წარმოების ახალი სტანდარტების დანერგვას, ხოლო მეორეს მხრივ, უცხოელი ინვესტორები, რომელთა როლშიც ხშირად გვევლინებიან ტრანსნაციონალური კომპანიები აქტიურად ერევიან ქვეყნის საკანონმდებლო პროცესებში, იგნორირებას უწევენ ქვეყნის ეკოლოგიურ თუ შრომით კანონმდებლობას და საჭირეობის შემთხვევაში არც კორუფციულ გარიგებებზე ამბობენ უარს ადგილობრივ ჩინოვნიკებთან. კიდევ ერთი საფრთხე, რაც უკავშირდება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, არის ის, რომ მათ ახასიათებთ ადგილობრივი მრეწველობის „გამოდევნის ეფექტი”, რომელიც ორი ფორმით იჩენს თავს: პირველი ასახავს მდგომარეობას სასაქონლო ბაზარზე, როდესაც ტრანსნაციონალური კომპანიების ფილიალები იყენებენ საკუთარ კონკურენტულ უპირატესობებს და ავიწროებენ ადგილობრივი კომპანიების განვითარებას და მეორე, როდესაც საფინანსო ან სხვა რესურსების ბაზრებზე ტრანსნაციონალური კომპანიების ფილიალები ცდილობენ შეისრუტონ ამ რესურსების  ძირითადი ნაწილი და ადგილობრივ კომპანიებს შეუზღუდონ მათი გამოყენების შესაძლებლობა. ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილის გაზრდა გამოიწვევს :

 · არამარტო უცხო კაპიტალის, არამედ უცხოელი მესაკუთრის შემოსვლას.ცხადია, რომ ამ შემოსავლების დიდ ნაწილს ისინი გაიტანენ ქვეყნიდან. დაბანდებული კაპიტალის ანაზღაურების შემდეგ ეს პროცესი არ შეწყდება. ეს იქნება ქვეყნიდან ფინანსური რესურსების გადინების მუდმივი არხი. ამ პროცესის შეჩერება საკანონმდებლო ბერკეტებით, როგორც წესი, არაეფექტურია.

 · ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი პარტნიორების ადვილად დათანხმდებას მათთვის კაბალური ხელშეკრულების პირობებზე. ეკონომიკის ყველა მომგებიანი დარგი აღმოჩნდება უცხოელი კერძო ინვესტორის ხელში, რადგან ქართველი მეწარმეები ვერ გაუწევენ მათ კონკურენციას.

· ქვეყნის ეკონომიკას თავს მოახვევენ სპეციალიზაციას, რომელიც მომგებიანია უცხოური კაპიტალისთვის. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ეკონომიკის ისეთი სტრუქტურა, რომელიც არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების ინტერესებს. განვითარდება შრომატევადი და არა მეცნიერებატევადი და კაპიტალტევადი დარგები, რადგან ცხადია, რომ უცხო კაპიტალი შემოდის იაფი მუშახელის და იაფი ბუნებრივი რესურსების გამო.

 · ’’არაეკოლოგიური დარგების“ კონცენტრაცია, ვინაიდან მსოფლიოში ცალსახად შეიმჩნევა განვითარებული ქვეყნებიდან არაეკოლოგიური წარმოების განვითარებად ქვეყნებში გატანის ტენდენცია, რადგან იქ ნაკლებად მკაცრია ეკოლოგიური ბარიერები. უცხოურ ინვესტიციებთან შედარებით შიდა ინვესტირების უპირატესობა ის არის, რომ ხანგრძლივ პერიოდში უცხოური კაპიტალდაბანდება აუარესებს ქვეყნის საგადასახადო ბალანსს – კაპიტალდაბანდებიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის – მოგების სახით საზღვარგარეთ გატანის გამო, ხოლო ადგილობრივი ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები კი ხმარდება ქვეყნის შიგნით კვლავწარმოების გაფართოებას, მაგრამ შიდა ინვესტირების ნაკლოვანება ის არის, რომ მას არ ახლავს თანმდევი ტექნოლოგიური ეფექტი, გარდა ამისა, სამამულო ინვესტირებით ვერ მიიღწევა საზღვარგარეთული კომპანიების სავაჭრო მარკებით სარგებლობის უფლება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მსოფლიო ბაზრის მაღალი მონოპოლიზაციის პირობებში.  მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოურ კაპიტალს მოაქვს ახალი ტექნოლოგიები, მართვის თანამედროვე ხერხები, სხვა ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა და, რაც უფრო მთავარია, თვით ფინანსური სახსრები, ამიტომ განვითრების თანამედროვე ეტაპზე, საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ინვესტიციური საქმიანობის ხელშეწყობა და მისი განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. (2)

საინვესტიციო გარემო საქართველოში და   განხორციელებული ინვესტიციების ანალიზი

საინვესტიციო გარემო არის იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც ინვესტორების მიერ ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენენ გავლენას. ამ ფაქტორების ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება ქვეყნის პოლიტიკური სტაბულურობა, საინვესტიციო და სახადასახადო პოლიტიკა, ქევყანაში კრიმინოგენული სიტუაცია და კორუფციის დონე, საკანონმდებლო ბაზა და თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სხვა. აღნიშნული ფაქტორების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პოლიტიკური მაჩვენებლების მდგომარეობას, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, ინფლაცია, შიდა დანაზოგის მაჩვენებელი, დასაქმების მაჩვენებელი, საგადასახდელო ბალანსი და სხვა. თითოეული ჩამოთვლილთაგანი სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად ქმნის იმ გარემოს ქვეყანაში, რომელშიც ფუნქციონირებაც უწევს როგორც მოქმედ ადგილობრივ ბიზნესს, ისე იმ რეზიდენტ და არარეზიდენტ სუბიექტებსაც.

უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ აუცილებელი გახადა იმ დარგების ხელშეწყობა და შემდგომი განვითრება, რომელთაც უდიდესი როლი ენიჭება ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანასა და ეკონომიკის განვითრებაში. ამისათვის, ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმდინარეობად მიჩნეულია ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობა, მისთვის საჭირო და აუცილებელი გარემოს შექმნა.

საქართველოში დღეს ბევრს ლაპარაკობენ ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოზე. ხაზს უსვამენ ბიზნესის დაწყებისათვის ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივეს, რაც ძირითადად კონპანიის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის და საბანკო ანგარიშის გახსნის პროცედურების სიმარტივეში, აგრეთვე ხანგრძლივობაში (მოკლე ვადებში) გამოიხატება. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმართვის სიმარტივის რეიტინგში საქართველომ 2012 წლის მონაცემების მიხედვით 2005 წელს დაკავებული 120-ე ადგილიდან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, ეს მაჩვენებელი მცირედით გაუარესდა 2014 წელს, რაც მე-15 ადგილით გამოიხატა.გაიზარდა უცხოური ინვესტიციების შემოდინება. ინვესტორებმა შეამჩნიეს ქვეყნის მზარდი საბაზრო შესაძლებლობები. შემოსული 69 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდამ 2008 წელს რეკორდულ 2015 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს პროცესი საქართველოში 2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებებისა და მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის გამო დამუხრუჭდა. ქვეყანაში არსებული მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოსი, შიდა ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლი მაინც ძალიან დაბალია და ქვეყანა მთლიანად უცხოურ ინვესტიციებზე მიჯაჭვული რჩება. საქართველოსთვის მიზანშეწონილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდება ისეთ დარგებში, რომლებიც საექსპორტო პროდუქციის ფართომასშტაბიან წარმოებაზე იქნება ორიენტირებული და შესაძლებელი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი მომგებიანი რეალიზაცია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდება პრიორიტეტულ დარგებში ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკურ ზრდას. დეპოზიტებზე თანხის განთავსება არის მოსახლეობისათვის დანაზოგების ინვესტირების პრაქტიკულად ერთადერთ გზა, რადგან ქვეყანაში ფაქტიურად არ არსებობს საფონდო ბირჟა, რომელიც ხელს შეუწყობდა თავისუფალი რესურსების მობილიზებას და საჭიროებისამებრ გადანაწილებას. დეპოზიტებზე სარგებლის განაკვეთის სიმცირის გამო მოსახლეობას ურჩევნია მთლიანად მოიხმაროს შემოსავლები, ვიდრე დეპოზიტებში მოახდინოს ინვესტირება.

ქვეყანაში შიდა საინვესტიციო რესურსების შემაფერხებელ ფაქტორთა შორის მოიაზრება აგრეთვე უმუშევრობის დონის მაღალი მაჩვენებელიეს უკანასკნელი გადაულახავ ბარიერად რჩება სიღარიბის პრობლემის დაძლევის გზაზე. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ერთ-ერთი მაღალია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით 18,5%, რომლის საილუსტრაციოდაც წარმოდგენილია ცხრილი 1 თავის მხრივ ხალხის ცხოვრების დაბალი დონე, ინვესტიციური აქტიურობის დაბალ დონეს, წარმოების ასამოქმედებლად საკუთარი სახსრების პრაქტიკულად უქონლობას ნიშნავს.

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი ნიშნები:

 ● კაპიტალის იმპორტი წარმოებს ძირითადად უცხოური კრედიტებისა და დახმარების სახით.

● საგარეო დავალიანების მოცულობა იზრდება, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უმნიშვნელოა.

 ● პირდაპირი რეალური დაბანდებანი იშვიათია და უმეტესად შემთხვევით, უსისტემო ხასიათს ატარებენ.

 ● საფინანსო ბაზრის განუვითარებლობის გამო საპორტფელო ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება;

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა განვითარებადი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია და ცხადია ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. საქართველოს სურს, თავი დააღწიოს სიღარიბეს და დაეწიოს მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებს. ამისათვის საჭიროა გარე რესურსები, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა/ადგილობრივი დანაზოგები ძალინ მცირეა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკისათვის ხელმისაწვდომ კაპიტალს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკისათვის გამოცხადებულ ნდობას. არავინ არ აბანდებს ფულს იქ, სადაც ვერ ხედავს ფულის ამოღებისა და მოგების მიღების რეალურ შესაძლებლობას. ბოლო წლებში შედარებით სწრაფად იზრდება ინვესტიციები მომსახურების სფეროშიც. მაგრამ საქართველოში ამ მოვლენას თან ახლავს საინვესტიციო საქმიანობის მკვეთრად შემცირება მატერიალურ-ნივთობრივ წარმოების სფეროში, რაც მისი ტექნიკურ ეკონომიკური ბაზის ფიზიკურად და მორალურად მოძველებას იწვევს. საინტერესოა იმ გარემოებების შესწავლა, თუ რა უშლის ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში სრული სიზუსტით ნათელი არ არის საფინანსო ბაზრის სუბიექტების პოზიციები, მცირეა მტკიცე ფინანსური მდგომარეობის ბანკები, პრაქტიკულად არ არსებობს კერძო საპენსიო ფონდები, სადაზღვეო ფონდები სრულყოფილად ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს; ამგვარად, საფინანსო ბაზრის თითქმის ყველა ობიექტი ჩვენთან ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ეკონომიკას ესაჭიროება სტრატეგიული ინვესტორები და არა ე.წ. „ცხელი ფულის“ დამანგრეველი შემოდინება და გადინება.

ცხრილი 2 არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში 2000-2020 წლებში.მოცემული ცხრილიდან გამომადინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ინვესტიციების ყველაზე მაღალი ნიშნულს 2017 წელს მიაღწია,ხოლო 2018 და 2019 წლებში არსებული რიცხვი საკმაოდ არის შემცირებული,ხოლო 2020 წელს წინა წელთან შედარებით არის ძალია შემცირებული,თითქმის განახევრებულიც კი არის.როგორც ჩანს,2020 წლისთვის საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობა ძალიან ცუდია,რადგან აღნიშნული რაოდენობა ბოლო 10 წლი განმავლობაშიც არ დაფიქსირებულა.

საინტერესოა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავენ ყველაზე მეტად.

დიაგრამაზე გამოსახულია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური იინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით. როგორც ჩანს, ინვესტიციების 64% საფინანსო სექტორზე მოდის,17 % სამთომოპოვებით მრეწველობაზე,12% უძრავ ღონებაზე და დანარჩენი 7% სხვა სექტორებზე. თვალსაჩინოა ,რომ ინვესტიციების დიდი ნაწილი მაინც ფინანასური სექტორისკენ იხრება.

საინტერესოა ის ფაქტი,რომ მოცემულ დიაგრამაზე არაა გამოსახული მომსახურების სფერო და სოფლის მეურნეობის სფერო.როგორც ჩანს 2020 წლისთვის ამ სფეროებში ან არ განხორციელებულა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,ან ძალიან მცირე რიცხვია.

SWOT – ანალისის მიხედვით შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს უპირატესობები, ნაკლოვანებები, შესაძლებლობები და საფრთხეები

მოცემული ანალზიდან გამომადინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოსაც აქვს მრავალი ნაკლოვანება ,როგორც სხვა მრავალ ქვეყანას ,თუმცა შესაძლებლობების ნაკლებობით არ გამოირჩევა და არსებული გარემო ინვესტორების დაინტერესების ობიექტი ნამდვილად შესაძლებელია იყოს. (2)

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების პერსპექტივები

საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის, მსოფლიო ბანკის კვლევამ ცხადყო, რომ ყველა ინდიკატორის მიხედვით, საქართველო უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და უცხოური კომპანიის მიმართ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად საკმარისია 4 დღე, მაშინ, როდესაც პოლონეთში ამისათვის საჭიროა 33 დღე, რუსეთში – 31 დღე, საბერძნეთში – 22 დღე, ბულგარეთში – 20 დღე, სომხეთში – 18 დღე, თურქეთში – 8 დღე, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების, შემდგომი სრულყოფის აუცილებლობას.

კარგი იქნება თუ საინვესტიციო პროცესების სტიმულირება საქართველოში, დაიწყება ადგილობრივ სამეწარმეო საქმიანობაში საამორტიზაციო ანარიცხების პოლიტიკის შეცვლით. ამორტიზაცია – ფულად ერთეულში გამოხატული ძირითადი ფონდების ცვეთაა მათი სამეწარმეო გამოყენების შედეგად. ამორტიზაციის მეთოდი ამავდროულად საშუალებას იძლევა წარმოების მოძველებული საშუალებების ღირებულება ასახულ იქნას მათ მიერ წარმოებულ საქონელში. საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა შედის საქონლის თვითღირებულებაში, რის შედეგადაც იგი წარმოადგენს საქონლის საბოლოო ფასის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების შემდეგი მნიშვნელოვანი წყაროა მოგება.საამორტიზაციო ანარიცხებისაგან განსხვავებით, რომელთა დანიშნულებაა ძირითადი საწარმოო ფონდების კვლავწარმოება, მოგება წარმოადგენს ფინანსური ნაკადების დამატებით წყაროს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფართოებული კვლავწარმოების მოთხოვნილებების დასაფარად.

ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს ისეთ პოტენციურ ბაზრებს, სადაც არის პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილურია კანონმდებლობაც, სადაც კანონები არ იცვლება ყოველდღიურად, ქვეყნები, სადაც ადვილია ოპერირება, დაბალია კორუფციის დონე, გარემო არის ბიზნესისთვის მეგობრული, შიდა ბაზარი არის დიდი, სადაც ექსპორტის შესაძლებლობებია, მაღალია უკუგება ინვესტიციიდან. საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ქვეყანაში ინვესტიცების ზრდაზე, თუკი ამუშავდება ე.წ. სამმხრივი მოდელი, რაც გულისხმობს ერთ ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში და შემდგომ ექსპორტზე გატანას სხვა დიდი ბაზრის მქონე ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. სამწუხაროდ, არ შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო ძალა საქართველოში კვალიფიციურია ეს ფაქტორი ნამდვილად შემაფერხებელია ინვესტორებისათვის, ამიტომ საქართველოს ჭირდება იმუშაოს განათლების ხარისხზე, რადგან საჭიროა უფრო ეფექტიანი, სწრაფად მომუშავე, პროფესიონალი სამუშაო ძალა.

საქართველოში მიმდინარე რეფორმების განვლილი პერიოდის ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა გადაუდებელი ამოცანაა. ეს კი შემდეგი ამოცანების დროულად გადაჭრაზეა დამოკიდებული:

პირველი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. იგი აკავებს ინფლაციასა და აფერხებს წარმოების დაცემას. თანაც, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას: მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისათვის აუცილებელია ნეგატიური პროცესების აღკვეთის მუდმივი კონტროლი და მათზე დროულად რეაგირება. ბევრი რამ დამოკიდებულია ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე აქტუალური საკითხების გადაჭრის თეორიული წანამძღვარების სწორად შერჩევაზე, ინფლაციის მიზეზების შესწავლასა და მისი შეკავების მეთოდების დანერგვაზე, ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედების ღონისძიებებზე, საბაზრო კონკურენციის განვითარებაზე და ა.შ.

 მეორე, ცივილიზებული სამართლებრივი სივრცის შექმნა, რომელიც განმტკიცებული იქნება საბაზრო ეკონომიკის კანონებით;

 მესამე, სახელმწიფოს ფისკალურ პოლიტიკაში მასტიმულირებელი როლის წინა პლანზე წამოწევა, რაც უსათუოდ განამტკიცებს უმრავლეს საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობას და მათ ინვესტიციურ აქტიურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, ეს ღონისძიება დადებითად იმოქმედებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

 მეოთხე, აუცილებელია დაიხვეწოს საინვესტიციო პროექტების დაზღვევის სათანადო სისტემა. (2)

დასკვნა

საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, ამასთან ინვესტორებს ჭირდებათ მყარი გარანტიები, რათა მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები თავის მხრივ მოიცავს, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგებას, სახელმწიფო რეგულაციების შერბილებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესებას, და ფინანსური ბაზრების განვითარებას.შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. უფრო ზუსტად კი იმ კომპანიების გავლენა რომლებიც, ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობითაა შექმნილი რადგან უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიები ბაზრის სერიოზული მოთამაშეები არიან და დიდწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკრი აქტიურობის ძირითად ბირთვს.საბოლოოდ კი შეგვიძია დავასკვნათ,რომ ინვესტიციები არის ის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი,რომელიც ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის სტიმულირებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  (ბარათაშვილი ევგენი, მაგრაქველიძე დალი: „საქართველოში საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები“ 2009წ)

2. (ჯაჯაია თ.”ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში და სამთავრებო პოლიტიკა”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019)

3. (უილიამ შარპი “ინვესტიციები“ აშშ 1989)

4. ( საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“,თბ.1996)

5. https://www.geostat.ge