რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
ბევრი რამ გადმოვიღეთ უცხოეთიდან, ვვითარდებით. წარამარა ვხმარობთ სიტყვებს: თავისუფალი ბაზარი, ტრასფელაბელური ბიზნეს-პოლიტიკა, კონკურენტული გარემო და ა.შ. ცნობილი ქართული კინოს პერსონაჟის ფრაზას რომ გავაგონებს, – გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ჩვენს შემთხვევაში – ბაზარი თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი.
ამ ფონზე, როგორც თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ელემენტი, ტენდერები შემოვიღეთ. რა არის ტენდერი? – მრავალმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელიც იწერება, როგორც კოლუმბიური სერიალების სცენარი ერთ “ბალვანკით”, ანუ შესყიდვების კანონის სახით ფაბულის ჩონჩხი არსებობს და სპეციფიკურ სცენებს შემდეგ, ძირითადად, უმრავლესობა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და მათი “აპარატჩიკები”, იმისდა მიხედვით წერენ, თუ რა თემაზეა შოუ. ფინალიც ცნობილია, იმარჯვებს ის, ვინც რეჟისორთან საქმეს მოაკვარახჭინებს, ანუ შოუს დამდგმელთან და მას დააინტერესებს, ანუ ისე, როგორც ჰოლივუდში ხდება – ამბობენ, თუ გინდა როლი მიიღო, როგორც მინიმუმ, წილი უნდა მისცე აგენტს და რეჟისორსაც მინიმუმ ერთხელ – “სხვა რამ”. მოკლედ, ყველა საერთაშორისო ნორმა დაცულია. სხვაობა იმაშია, რომ ჩვენთან მონაწილეობის მიღება 500 ლარი ღირს და არავითარ შედეგს არ იღებ, უბრალოდ იხდი 500 ლარს, საბუთების მოსამზადებლად ფულს და ნერვებს ხარჯავ და შოუში მონაწილეობას იღებ, ეს არის თანამედროვე თეატრი, სადაც სპექტაკლი იდგმება ეკონომიკურ თემაზე, შემოსავლებს იღებენ დამდგმელი რეჟისორები და ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც მისცა რეჟისორსაც და აგენტსაც.
ყველაფერი თეატრის წესებით, ნატურალურად რომ გამოიყურებოდეს, პროცესში ჩართულია მთელი რიგი სპეც-ეფექტები: მაგალითად, კომპიუტერების თითქმის უმრავლესობა, ჩინეთში, ტაივანში ან კორეაში მზადდება. ამ ტექნიკას რასაც გინდათ, იმას დაარქმევინებთ, მაგალითად, შეიძლება თქვენი სიდედრის სახელი – ჟუჟუნა, ან შეყვარებულის – ანჟელიკა. კომპიუტერების შიგთავსი, საგარანტიო ვადები თუ მონაცემები აბსოლუტურად ერთნაირია. ჩვენთან თუ გინდა ტენდერის სპექტაკლში გაიმარჯვო, ცნობილი ბრენდის სახელი უნდა მიაწერინო, თუმცა იქვე აწერია “მეიდ ინ ჩაინა” და სცენარიც ასე უნდა დაწერო. რეჟისორი ბოლომდე მალავს დიალოგებს, მოთხოვნებს და ბოლომდე არავინ იცის, რა უნდა რეჟისორს (ჩვენ კი ვიცით, საქმეც უნდა და მაქ-მეც). ფინალში “პოლე ჩუდესივით” გახსნიან ყუთს – “ამან გაიმარჯვაო”, არავითარი დასაბუთება, რატომ, რისთვის. რაც მთავარია, ისეთი რამის შესყიდვას აკეთებს ორგანიზაცია, რაც ხშირად დასახული ამოცანებიდან თუ შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე არ სჭირდება. თქვენ სცენარს და თავს შესთავაზებთ და აღმოჩნდება, რომ სხვა მოსწონს, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, დაცულია სტილი და ფაბულა. ხოდა, სახელმწიფო ან ფირმის მეპატრონე ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში 30-40 პროცენტით მეტ თანხას იხდის.
მაგრამ, რაც მთავარია ბაზარი თავისუფალია და კონკურენტული. ამაზეა ნათქვამი, კეისარს კეისრისაო. ახლაც, კაცო, – იკითხავთ თქვენ – აღარ მოკვდა ეგ დრო? არა, არ მომკვდარა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სძინავს, ჯერჯერობით მხნედ არის.
ამ ცოტა ხნის წინ ამ შოუს ქართველმა რეჟისორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და ევროპის რამდენიმე თეატრალური ფესტივალიდან მოწვევა მიიღეს, რათა ეკონომიკური სპექტაკლი “ტენდერები ქართულად” წარადგინონ, რომელსაც რეჟისორთა კოლექტივი წარმოადგენს. ამბობენ, ამ სანახაობაზე ყველა ბილეთი გაყიდულიაო, ასეთი დახვეწილი და ტრაგიკული კაი ხანია ევროპას არაფერი უნახავსო.
კარგი რამეა თავისუფალი ეკონომიკა, კონკურენტული გარემო და სპექტაკლები ეკონომიკურ თემაზე – “ტენდერები ქართულად”. მოვა დრო, ჩვენს სცენარებზე ჰოლივუდი ფილმსაც გადაიღებს, ალბათ. აბა, სად იპოვის ასეთ ფაბულას? იხაროს თავისუფალი ეკონომიკის და ტენდერ-შოუს მომგონმა, ყველაფერი საინტერესოდ და ინტერესით არის გაკეთებული.