2005 წლისათვის წყლის ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თუნდაც ნავთობის

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

სულ მალე მთელი სამყაროს წყლის რესურსები მხოლოდ დასავლეთის მოთხოვნილებებსაც ვერ დააკმაყოფილებს. ექსპერტთა გაანგარიშებით, 2005 წლისათვის წყლის ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თუნდაც ნავთობის. ამიტომ უკვე დროა წყლის მოხმარებისას უაღრესი მომჭირნეობა გამოვიჩინოთ.

ეს არის მიზეზი, რომ დასავლეთში მეტად სერიოზულად ალაპარაკდნენ აღნიშნულ პრობლემაზე. როგორც ამ ბოლო დროს სტოკჰოლმში გამართულ წყლის მსოფლიო კვირეულზე ითქვა, მალე შესაძლოა ბევშტექსი მეტად იშვიათი და ძვირი საკვები გახდეს, ხოლო ჩვეულებრივი ჰამბურგერი – მეტად საამო ნუგბარი. არც თუ ისე შორსაა დრო, როდესაც წყლის მწვავე დეფიციტი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს მენიუს და რადიკალურად შევცვალოთ იგი. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ცხოველები მოიხმარენ გაცილებით მეტ წყალს ერთი და იგივე რაოდენობის საკვების საწარმოებლად, ვიდრე მარცვლეული კულტურები. მაგალითად, ხორცისა და რძის მოხმარების გაზრდა ავტომატურად ნიშნავს ამ უიშვიათესი რესურსის მოხმარების გეომეტრიული პროგრესიით ზრდას. ამიტომ, ასკვნიან სპეციალისტები, დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის კვების რაციონს და რადიკალურად შეცვალოს იგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მოიხმაროს “არაეკონომიური” ხორცი და უფრო მეტი უპირატესობა მიანიჭოს მარცვლეულის მოხმარებას.

მხოლოდ მდიდრებისათვის

ზემოთ აღნიშნულ კონფერენციაზე სწორედ მსგავსი საკითხების ირგვლივ იყო გამართული მსჯელობა. ღონისძიების მუშაობაში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 1200 ექსპერტი მონაწილეობდა. განსახილველ საკითხთა შორის განსაკუთრებით აქტუალური იყო საკითხი იმის შესახებ, რომ არსებობს პრობლემა ცხოველთა წყლით მომარაგებისა და მის პარალელურად მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული მოთხოვნის გაზრდა ხორცისა და რძის პროდუქტებზე. “რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა მოიხმარონ ყველა ის პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ დასავლეთ ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მოხმარების დღეს არსებული სტრუქტურა ახლო მომავალში ნამდვილად შესაცვლელია,” – განაცხადა წყლის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ანდრეს ბერტელმა. “თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ მსოფლიოში 840 მლნ ადამიანი შიმშილობს, ხოლო 2025 წლისათვის ახალი ორი მილიარდი ადამიანი მიუჯდება სასადილო მაგიდას, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამდენი ადამიანის გამოკვება და მაშასადამე, მათთვის აუცილებელი საკვებისათვის საჭირო წყლის რესურსების გამოძებნა მეტად რთული და აქტუალური პრობლემა იქნება მთელი მსოფლიოსათვის,” – დაამატა მან (უფრო ვრცლად იხილე ინტერნეტ გვერდზე წწწ.სიწი.ორგ). მისი განცხადებით, მრავალ ადამიანს სათანადოდ ვერ წარმოუდგენია ამ პრობლემის მთელი სირთულე, მაგრამ უკვე მრავალ ქვეყანაში იგი უკვე ყოველდღიურ პრობლემად იქცა.

სასმელი წყლის პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება. პარადოქსალურია, რომ ცივილიზაციურ პროგრესთან ერთად სასმელი წყლის მოხმარება კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთი სტატისტიკური მოსახლე დღე-ღამეში 135 ლიტრ წყალს მოიხმარს, მაშინ, როდესაც ჩამორჩენილი ქვეყნის ერთი მცხოვრები – მხოლოდ ათ ლიტრს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასმელი წყალი საკმაოდ დიდი ტემპებით ჭუჭყიანდება სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით, მაშინ პრობლემის აქტუალურობა კიდევ უფრო აშკარა გახდება.

არც თუ ისე მიმზიდველი პერსპექტივა

ორი ათასი საუკუნის წინ მსოფლიო მოსახლეობა დღევანდელის მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენდა. ცხადია, იმ დროისათვის ერთ ადამიანზე სასმელის წყლის რესურსიც მეტი იყო. სოფლის მეურნეობის, ანუ მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარება, ქალაქების წარმოშობა, უძველესი ცივილიზაციის დაბადება, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, წყლის ასეთი სიუხვის პირობებში მოხდა. დღეს ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით აღნიშნულმა რესურსებმა მკვეთრად იწყო კლება. ექსპერტთა განცხადებით, თუ არ მოიძებნა პრობლემის გადაწყვეტის სათანადო გზები, ჩვენი ცივილიზაციის მომავალი განვითარება საგრძნობლად შეფერხდება. უკვე დღეს 13 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 8 პროცენტი ცხოვრობს, მკვეთრად იგრძნობა სასმელ წყალზე მუდმივი დეფიციტი. სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე ცხადი ხდება, რომ 2025 წლისათვის ასეთი ქვეყნების რიცხვი 50-ს მიაღწევს. იმ დროისათვის წყლის პრობლემა შეექმნება სამ მილიარდ მოსახლეს, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 35 პროცენტს. დღეს უკვე ნათელია, რომ წყლის პრობლემა აფერხებს ეთიოპიის, კენიის, ინდოეთის, ნიგერიის, პერუს სამეურნეო წინსვლას. წყლის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ჩინეთიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში გიგანტური ჰიდროტექნიკური სამუშაოები ხორციელდება, რომელთა საშუალებითაც წყლის რესურსებს წყალუხვი რეგიონებიდან აწოდებენ წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებს.

წყლის მსოფლიო კვირეულზე სერიოზული საუბარი იყო ასევე დაბინძურებული ტბების, მდინარეების და უპირველეს ყოვლისა, გრუნტის წყლების შესახებაც, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას. დაბინძურებულ წყალს უკავშირდება უპირველეს ყოვლისა, ისეთი დაავადებები, როგორებიცაა მალარია, ქოლერა, ტიფი და ა. შ. ეს დაავადებები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს. დაბინძურებული წყალი გადაშენებით ემუქრება ასევე მრავალი უნიკალური სახეობის ფლორასა და ფაუნას.

რა ვქნათ?

გარდა ზემოთ აღნიშნული კვების რაციონის შეცვლისა, რაც გულისხმობს წყლით უფრო “ეკონომიურ” კვების პროდუქტებზე გადასვლას, უკვე ახლო მომავალში უფრო უნდა გააქტიურდეს და გაიზარდოს წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და დაბინძურებული წყლის გასუფთავებისაკენ მიმართული ინვესტიციების მოცულობები. ასეთი კაპიტალური დაბანდებები კი ნამდვილად პერსპექტიულია. კვირეულზე მოტანილი იყო ჟურნალ “ეკონომისტის” გამოთვლები, რომელთა თანახმადაც 2 მილიარდმა დოლარმა, რომელიც დაბანდებული იყო სუბკონტინენტურ აფრიკაში, მოიტანა 16 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება.

თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი ქვეყნისათვის ზემოთაღნიშნული ღონისძიებები უკვე დაგვიანებულიც არის. კვირეულზე გამოსული მრავალი ექსპერტის მოსაზრებით, არც თუ ცოტა ქვეყანას ძალზე გაუჭირდება კრიზისიდან გამოსვლა. ისინი, როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ გამრავლების შეზღუდვას, რაც აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. წყლის პრობლემის გადასაჭრელად ერთის მხრივ, საჭიროა ამ რესურსების უაღრესი მომჭირნეობით ხარჯვა, ხოლო მეორეს მხრივ, დემოგრაფიული პრობლემის დარეგულირება. პრაქტიკაში ეს უკანასკნელი უნდა ნიშნავდეს, ოჯახის გამრავლების დაგეგმვას.

პარალელურად მეტად აქტუალურს წარმოადგენს წყლის მარაგების ფლანგვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. ალბათ ახლო მომავალში აუცილებელი გახდება წყლის ცენტრალიზებული დისტრიბუციის პრაქტიკის დანერგვა. როგორც ჩანს, წყლის პრობლემა ეროვნული თუ რეგიონალური პრობლემიდან საერთაშორისო პრობლემად უნდა გადაიქცეს.

წყალი და საკვები

წყლის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ საზოგადოებას მოუწევს უარი თქვას საკვების გარკვეულ სახეობაზე. დიდი მოცულობით ასე ვთქვათ “წყალშემცავი” საკვების “ფასი” მისთვის მეტისმეტად მაღალი იქნება.
წარმოება
1 კგ საქონლის ხორცი ნიშნავს 15 კუბური მეტრი წყლის მოხმარებას (საქონელი, რომელიც მარცვლეულით იკვებება);
1 კგ ცხვრის ხორცი ნიშნავს 10 კუბური მეტრი წყლის მოხმარებას (საქონელი, რომელიც ბალახით იკვებება);
1 კგ მარცველული ნიშნავს 0.4-დან 3 კუბურ მეტრამდე წყლის მოხმარებას.