საერთაშორისო ეკონომიკის ტენდეციები

რედაქციისაგან

აშშ-ში საცხოვრებელი ფასის ვარდნა და კომპანიების კოტირების 20%-ით დაცემა მინიმუმ 2 წელი გაგრძელდება. ასევე ურთულეს სიტუაციაში ჩავარდნენ ჰეჯ ფონდები. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ცენტრალური ბანკები ებრძვიან ინფლაციას და იზრდება საპროცენტო განაკვეთები. ეს მეტად ცუდი ტენდენციაა სამშენებლო კომპანიებისა და ობლიგაციების მფლობელთათვის.
ასევე ძვირდება ოქრო, ფერადი ლითონი და ნავთობი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ფასი 70 დოლარის ფარგლებშია და ეს ვითარება მომავალ თვეშიც ასე დარჩება, ნიგერიაში არსებული პოლიტიკური ვითარების, ირანის პრობლემის და ფასების ზრდისადმი ოპეკის უგულვებელყოფის გამო. 21 ივნისს ევროკავშირის და ოპეკის შეხვედრაზე რაიმე რეალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შემდეგი შეხვედრა კი მხოლოდ შემოდგომაზე იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სტრატეგიული მარაგები შევსებულია და რამდენიმე მილიარდით აჭარბებს ნორმას, საწვავზე ფასების მაღალი დონე შემდგომი თვების განმავლობაშიც უცვლელი დარჩება.
საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაში ზრდის ტემპი მაღალია, ასევე მაღალია ინფლაციის რისკი და იზრდება ბირჟებზე ბრუნვა. მაგრამ მიმდინარეობს როგორც საკვები პროდუქტების, ისე ლითონების, საშენი მასალებისა და ტექნიკის ტოტალური გაძვირება. ასევე ძვირდება კრედიტები და ბევრი მიმართულებით წარმოების ზრდის ტემპი მცირდება – განსაკუთრებით მშენებლობისა. მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზულად გაიზარდა სპეკულაციური კაპიტალის ხვედრითი წილი, ფართოვდება მონოპოლიების შერწყმები. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა და მოხმარება, საერთო ჯამში იზრდება ეკონომიკების მოცულობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მაღალი ტენდენციებით გამოირჩევა განვითარებადი ქვეყნების ბაზრები – ჩინეთი და ინდოეთი უკვე დიდი ხანია ლიდერობენ, მაგრამ სხვა ქვეყნებიც დაწინაურდნენ (ბალტიისპირეთი, უკრაინა, ყაზახეთი, იდონეზია, ისრაელი, არაბეთის სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე საქართველო და აზერბაიჯანი). ასევე მნიშვნელოვანია ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის (სამხრეთ აფრიკის რესპურბლიკა, კენია, ანგოლა, ეგვიპტე და ა.შ.) შესაბამისი მაჩვენებელი.
ამერიკელი პროფესორის ჯულიან სეიმონის აზრით, რესურსების გადანაწილება პრობლემა არაა ტექნოლოგიური ნოიჰაუების ეფექტურად გამოყენების პირობებში, მაგრამ ფაქტი ერთია – იზრდება ფასი ნებისმიერ საქონელზე, სამომხმარებლო კალათაზე და პარალელურად მატულობს ეკონომიკების მოცულობა და ძვირდება ბიზნესი. ბიზნეს-კაპიტალიზაციამ რეკორდულ ციფრს მიაღწია ისევე როგორც წამყვანი ეკონომიკის ქვეყენების ბიუჯეტის დეფიციტმა, უმუშევრობამ და ცხოვრების დონის გაძვირებამ.