ძველი ეგვიპტის იმპერიის ეკონომიკური საფუძველი

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ამ მცირე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად სწორად განაცხადა, რომ ქვეყნის დაკარგული ტერიტორიები არა მხოლოდ სამხედრო გზით, არამედ ეკონომიკური ბერკეტებით უფრო შეიძლება დავიბრუნოთო. სწორედ ამ მხრივ მიიზიდა ჩვენი ყურადღება წინამდებარე არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა.

ღრმად ვართ დარწმუნებული, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების უფრო მეტად ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ არანაკლებ ეკონომიკური გზებითა და მეთოდებით უნდა მოხდეს. ამის გამოცდილება კი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, ძველ ეგვიპტეში ჰქონიათ.

გთავაზობთ სტატიას აღნიშნულის შესახებ, რომელიც პოლონური პრესის საფუძველზე მოვამზადეთ.

როგორც ამ ბოლო წლებში ეგვიპტეში განხორციელებული გათხრების შედეგად პოლონელმა არქეოლოგებმა დაადგინეს, 5000 წლის წინ ძველი ეგვიპტის იმპერია წარმოიშვა არა დამპყრობლური ომებისა თუ საერთოდ, რაიმე ძალის გამოყენების გზით, არამედ აბსოლუტურად ნებაყოფლობით, ქვემო და ზემო ეგვიპტის მოსახლეობის მიერ ამგვარი გაერთიანების ეკონომიკური სარგებლიანობის მხედველობაში მიღებით.

დღეს, ჩვენს თვალწინ ულტრათანამედროვე ამერიკული კონცერნები – ჰოლივუდი, დისნეილენდი, კოკა-კოლა თუ ამერიკული დემოკრატია თითქმის მთელ მსოფლიოს უსისხლოდ, კულტურულად იპყრობენ. შეიძლება ეს მოვლენა სიახლედ მოგვჩვენებოდა, რომ არა პოლონელ მეცნიერთა ბოლოდროინდელი გამოკვლევები. მათ საფუძველზე ირკვევა, რომ, 5000 წლის წინ ძველი ეგვიპტის იმპერია წარმოიშვა არა დამპყრობლური ომებისა თუ საერთოდ, რაიმე ძალის გამოყენების გზით, არამედ აბსოლუტურად ნებაყოფლობით, ქვემო და ზემო ეგვიპტის მოსახლეობის მიერ ამგვარი გაერთიანების ეკონომიკური სარგებლიანობის მხედველობაში მიღებით. ანუ ის, რა ფუნქციასაც დღეს მაკდონალდსის ჰამბურგერები ასრულებს, იმ პერიოდში ასრულებდა ქვაბები, ჯამები და ა. შ. მოკლედ კერამიკული ჭურჭელი, რომელთა დამზადებაც იმ პერიოდში ყველა ქვეყანაში როდი შეეძლოთ. სწორედ ამგვარი ჭურჭლით მოხიბლეს მთიანი (ზემო) ეგვიპტის მცხოვრებლებმა ნილოსის ქვედა წელში მკვიდრნი. მთიელი ეგვიპტელები ჰპირდებოდნენ ველზე მცხოვრებთ, რომ თუკი მათ დაბლობზე მიწას გამოუყოფდნენ და მათი დამუშავების საშუალებას მისცემდნენ, ამის სანაცვლოდ ისინი ჭურჭლის დამზადებას ასწავლიდნენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, და ეს ირკვევა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მთიანი ეგვიპტის მცხოვრებნი კარგი ვაჭრებიც ყოფილან. კერძოდ, ისინი ჩადიოდნენ ნილოსის ქვედა სარტყელში, აქაური მოსახლეობისაგან იძენდნენ თევზს და მას პალესტინის მოსახლეობაში ასაღებდნენ. ვაჭრებსა და მიწათმოქმედ ზემო ეგვიპტელებს თანდათან ხელისუფლების წარმომადგენელნიც მიჰყვნენ, რომლებიც საქონლის გაცვლის პროცესებს აკონტროლებდნენ. და აი, ასე, თანდათანობით აღმოჩნდა ქვემო ეგვიპტე მთიანი ეგვიპტის მკვიდრთა კულტურული და ადმინისტრაციული გავლენის ქვეშ.

მეცნიერებმა უკვე კარგა ხანია იციან, რომ ქრისტესშობამდე მეოთხე ათასწლეულში ძველი ეგვიპტელები და პალესტინელები ერთმანეთსშორის გაცხოველებულ ვაჭრობას აწარმოებდნენ. თუმცა, მანამდე, ვიდრე პოლონელ არქეოლოგთა გათხრების შედეგები არ გახდა ცნობილი, ვერავინ გაბედავდა იმის დაშვებასაც კი, რომ სახელდობრ ამგვარ კონტაქტებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ძველი ეგვიპტის იმპერიის წარმოქმნის საქმეში. მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ, რომ ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი იმპერია მთიანი ეგვიპტის ლეგენდარული ბელადის, მენესის ძალისხმევის შედეგად წარმოდგა, რომელმაც თავის დედაქალაქ აბიდოსში შეკრიბა უდიდესი არმია, გაუძღვა წინ ქვემო ეგვიპტისაკენ და დაახლოებით 3000 ათას წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიპყრო ეგვიპტის მთელი დაბლობი ნაწილი.

სათანადო მონაცემებზე დაყრდნობით, სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ კრაკოვის იაგელოს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, კრიშტოფ ციალოვიჩს და ასევე პოზნანის არქეოლოგიის მუზეუმის დოქტორს, მარკ ხლოდნიცკის. კერძოდ, მათი ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევებიდან ცხადი ხდება, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონთა სახელმწიფოს ფორმირება მოხდა სისხლის ერთი წვეთის დაუღვრელად. ნილოსის ქვემო წელის მცხოვრებნი საკუთარი ნება-სურვილით დაექვემდებარნენ ეგვიპტის მთიანი ნაწილის მკვიდრთ, რადგან ეს მათ ინტერესებშიც შედიოდა. კერძოდ, ველის მაცხოვრებელნი ამ გზით ჩაერთნენ იმ გაცხოველებულ ვაჭრობაში, რომელიც მთიანი ეგვიპტის მცხოვრებთ ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობასთან. როგორც ეს ეგვიპტურ სოფელ ტელ-ელ-ფარხასთან პოლონელი არქეოლოგების გათხრებით ირკვევა, რომელიც კაიროდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ადრე გავრცელებული ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ძველი ეგვიპტის სახელმწიფო მეფე მენესმა სისხლითა და მახვილით შექმნა, წარსულს ბარდება. პოლონელ არქეოლოგებს არც ამ სოფელში და არც მის ირგვლივ, ანუ იმ ადგილებში, რომლებიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საცხოვრებელ არეალად გაერთიანებული სამეფოს შექმნის წლებში (ანუ დაახლოებით 2600 წელს ქრისტეს დაბადებამდე. ეს კი სახელდობრ ის პერიოდია, როდესაც ეგვიპტეში პირამიდების მასობრივი მშენებლობა დაიწყო) ჩამოყალიბდა, არ უნახავთ არავითარი ნიშანი იმისა, რომ აქ რაიმე ბრძოლები მომხდარიყო.

სამაგიეროდ, გათხრებმა სხვა რამ უჩვენეს. კერძოდ კი ის, რომ ამ ადგილებში ადამიანები დასახლდნენ 3800 წლის წინ ქრისტემდე. ისინი ამუშავებდნენ მიწას, ზრდიდნენ ღორებს, ცხვრებს, თხებს და ასევე მსხვილფეხა რქიან პირუტყვს. ისევე, როგორც ნილოსის ქვედა წელში სხვა მცხოვრებნი, ტელ-ელ-ფარხას მკვიდრთაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ დამყარებული პალესტინის სემიტური ჯგუფის წარმომადგენლებთან. ეს იმითაც დასტურდება, რომ ტელ-ელ-ფარხასთან გათხრებით ნაპოვნია პალესტინური ჭურჭელი. სამაგიეროდ, ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილია ნილოსის თევზის ფხები, ღორის ძვლები. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ეგვიპტიდან ამ პროდუქციის იმპორტის განხორციელების შედეგად უნდა იყოს დარჩენილი.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წლის წინ ტელ-ელ-ფარხას მოსახლეობამ ვაჭრობა დაიწყო ასევე მთიან ეგვიპტესთანაც. როგორც ირკვევა, თავიდან მათი როლი პალესტინის სამხრეთ ქვეყნების მცხოვრებლებთან დაკავშირებით უნდა შემოსაზღვრულიყო. ნაცვლად აღმოსავლური ნივთებისა, ტელ-ელ-ფარხას მოსახლეობა იღებდა მთიანი ეგვიპტის კერამიკულ ნაწარმს. იგი ტოლს არ უდებდა ნილოსის დაბლობში ნაწარმოებ ანალოგიურ პროდუქციას. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ტელ-ელ-ფარხას მოსახლეობამ დაიწყო ამ პროდუქციის უფრო მეტი და მეტი რაოდენობის შესყიდვა. შემდეგ კი თავადაც ისწავლეს მისი დამზადება. დაბოლოს, როგორც ეს დაასკვნეს მეცნიერებმა, მთიანი ეგვიპტის კერამიკულ ნაწარმთან ერთად, ნილოსის ქვემო ნაწილში მათი დამამზადებელი ოსტატებიც აქ დასახლდნენ.

თავდაპირველად ეს რამდენიმე ოჯახი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ მათ ნილოსის ზემო ნაწილში დასამუშავებლად ვარგისი მიწა არ ერგოთ. ამ ახალმოსახლეებთან ერთად ნილოსის ქვედა ნაწილში გაჩნდა სახლების მშენებლობის ახალი სტილიც. ახლად დასახლებულებმა დამხვედრ მოსახლეობას ასწავლეს ასევე სახლების ახლებურად მორთვა, სხეულის დამშვენება მოსართავებით, კოსმეტიკის ხმარება და ა. შ.

გარკვეული პერიოდის მანძილზე ორივე კულტურის, როგორც მთიანი ეგვიპტის, ისე მისი ქვემო ნაწილის წარმომადგენლები ერთად შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ, ალბათ ასე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლიდან, ტელ-ელ-ფარხას მოსახლეობა თანდათან ქრება ისტორიიდან. როგორც ჩანს, მათ მთიანი ეგვიპტის მოსახლეობის ადათ-წესები შეითვისეს. მთიანი ეგვიპტის კულტურა ხომ გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ტელ-ელ-ფარხას მოსახლეობის.

ამავე პერიოდში მთიან ეგვიპტეში პირველი სახელმწიფოები შეიქმნა. მეცნიერები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენი იყო, ორი, სამი თუ ოთხიც. აქაურ ხელისუფალთ საკმაოდ დიდი “აპეტიტი” ჰქონდათ, მოხმარების საგნები იქნებოდა ეს, კვების პროდუქტები თუ სხვა რამ, რომლებიც, ძირითადად, პალესტინიდან ეგვიპტის ქვემო ნაწილის მკვიდრთა შუამავლობით შემოჰქონდათ. სწორედ ამიტომ, მთიანი ეგვიპტის ხელისუფალთ გადაწყვიტეს ეგვიპტის ქვემო ნაწილში თავიანთი წარმომადგენლები გაეგზავნათ, რომელთა ფუნქციაც უნდა ყოფილიყო ეგვიპტის ამ ნაწილში სავაჭრო ქსელის განვითარება, სავაჭრო ოპერაციების სწორად წარმართვისათვის თვალის დევნება და ასევე სავაჭრო ბრუნვის დაჩქარება. ერთ-ერთი ასეთი ხელისუფალი სწორედ ტელ-ელ-ფარხაში დასახლდა. არქეოლოგებმა იპოვეს მისი რეზიდენციის ნარჩენები. ეს დაახლოებით 20-30 მეტრის ნაგებობაა, ყველაზე დიდი 5 ათასწლიანი ეგვიპტის ისტორიაში, რომელიც ამ პერიოდამდე ყოფილა. როგორც ჩანს, ეს შენობა რამდენიმე საცხოვრებელი სართულისაგან შედგებოდა და ქვედა სართულზე საწყობი ჰქონდა. სწორედ ამ სახლის საწყობში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა პალესტინური თიხის ჭურჭელი. დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ქვემო ეგვიპტე და მდიდრდებოდა მთიანი ეგვიპტეც, რომელთა მცხოვრებლები არ დაუპყრიათ ჩრდილოეთ ეგვიპტის მკვიდრთ, მათ ამ მხარის კოლონიზაცია მოახდინეს. ორივე მხარე თანდათან ერთ სახელმწიფო ორგანიზმად გადაიქცა, რომლის ყველა ნაწილიც ერთმანეთს სავაჭრო გზებით უკავშირდებოდა. შედეგად, დაახლოებით 3100 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ნილოსის პირას მდებარე ქვეყანა ერთი ხელმწიფის ხელისუფლებას დაექვემდებარა. მისი სასახლე სამხრეთ ეგვიპტეში, აბიდოსში მდებარეობდა. და როდესაც დაახლოებით 3000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ნარმერის, რომელსაც ისტორიაში ასევე მენესადაც მოიხსენიებენ, ხელმწიფობის დრო დადგა, იმპერია ნილოსის პირას უკვე არსებობდა.