რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
პროფესორების და ფილოსოფოსების ქვეყანა
სიმართლე გითხრათ, ამ საშობაოდ ფუნჩულა და ბუთხუზა იუმორულ საკითხებზე ვაპირებდი თქვენთან მუსაიფს. მაგალითად, ყინულის ქალაქზე, ლაზერულ ახალ წელზე, ქართული პურ-მარილის და ქეიფის საახალწლო ლაზათზე და იმაზედ, რომ…
მოკლედ, “სუპერ ლაით” რაღაცეებზე. მაგრამ… ოხ, ეს მაგრამ, და ოხ, ეს ფიქრები შემოგიჩნდებიან და ამ საშობაო დღეებში რაღაც სერიოზულზე გაფიქრებენ. ერთი ასეთი ანეგდოტი გამახსენდა: გურულებმა გადაწყვიტეს ომი გამოეცხადებინათ ჩვენი კარის მეზობელ ჩინელებისთვის. ქუდზე კაცი შეიკრიბა, მთელი გურია სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ბჭობს (ჯერ კიდევ პიპინიას დროინდელი პორტარტურიდან აქვთ მათი ჯინი). ყველაფერი დაალაგეს და წარმატებაც, მათი აზრით, გარანტირებული იყო და უცებ, სპირიდონა წამოხტა, კაი, ძამა, დავხოცეთ აი ხალხი და გავიმარჯვეთ, მარა, სად გინდა დამარხო ამდენი ადამიანიო. კარგი ბატონო, გავატარეთ ეს უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის მიხედვითაც, 23 წლის ღლაპები (ისე, ახლა ღლაპები მოდაშია) მაგისტრატურას დაამთავრებენ თუ არა, უკვე პროფესორები გახდებიან. მერე, იკითხავთ თქვენ, 70 წლის ახლანდელი პროფესორები? – ისინიც პროფესორები იქნებიან და 30-40 წლის მეცნიერებათა კანდიდატებიც. აგაშენა ღმერთმა, რაღაცით ხომ უნდა გავასწროთ მოწინავე განვითარებულ ქვეყნებს.
ამასთან, აწი დოქტორები სულ ფილოსოფოსები იქნებიან, კანტი სათოფეზეც რომ არ ჰქონდეთ ნანახი, მაინცო (ისე, კანტი ჩვენი ეკონომიკის მაწყევარმა ნახა სამოთხეში, მისი ბუხუნი ნაშრომები მქონდა მხედველობაში). ესე იგი, სულ პროფესორები და ფილოსოფოსები ვიქნებით. დაეყრება პროფესურა კონა შაურად. რა არის ამაში ცუდი, კაცმა რომ მკითხოს? არც არაფერი ასე ცხოვრობს მთელი ცივილური სამყარო, მაგრამ დასახელება იქნება გრძელი და ძნელი. აი, მაგალითად, შუქრი თურმანიძის სახელობის (ჩვენთან ყველა უნივერსიტეტი და ინსტიტუტი ვიღაცის სახელობისაა) ქედა-ხულო-შუახევის სპეციალური უნივერსიტეტის მხარე-ქეიფმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თედო ჟორჟოლიანი. როგორ გინდა დაიმახსოვრო, არადა, რომ შეგეშალოს, ან სადღეგრძელოს, ან მოხსენების, ან ხსენების დროს, დაღუპული ხარ კაცი. საახალწლოდ ყველა მაგისტრს და დოცენტს მაგარი საჩუქარი ელის, ისინი მალე პროფესორები გახდებიან, თუ დეკანატში ჩააწყობენ. მეტი ავტონომია და თავისუფლება რა გინდა? გინდა პროფესორი გახდე? – გახდი. მარა, სად გინდა წაიყვანო ამდენი პროფესორი, იმ გურულ-ჩინური პრობლემის არ იყოს?
კეთილი და პატიოსანი, ვახალისებთ ხალხს პროფესორობისაკენ, მაგრამ სამაგიეროდ, ვჩაგრავთ მეცნიერულ წოდებებში. მაგალითად, თუ ადამიანმა დაიცვა სადოქტორო ნაშრომი 1937 ან 1963 (ჩემი დაბადების წელია) წელს, სოციალისტური შეჯიბრების თავისებურებები და ეკონომიკური ეფექტი ზემო ჩხოროწყუს რაიონში შუა ასაკის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის საქმეში, ან ცნობილი სადოქტორო დისერტაცია, ჩაის რიგთაშორისი ადრეული მოხვნის ეკონომიკური პრობლემები მაღალმთიან საჩხერეში 1967-72 წლებში (წლები სწორია, მერე შევარდნაძის დროს, მიწერები დაიწყო და საერთოდ არ ხნავდნენ და ამ მნიშვნელოვანმა პრობლემამ აქტუალობა დაკარგა), მაშინ ის დღესაც, ახალი კანონით დოქტორი იქნება და 2004 წლის ოქტომბერში აქტუალურ თანამედროვე თემაზე საკანდიდატო დისერტაცია რომ დაიცვა, ის – არავინ! სადაური სამართალია? და თუ ძველი დოქტორებიც არ იქნებიან ახალი ფილოსოფიის დოქტორები, მაშინ ვისთან დაიცავენ ახლები დისერტაციას, დარჩება საქართველო დოქტორების გარეშე. რომ შევკრიბოთ, საქართველო გახდება ფილოსოფოსების და პროფესორების ქვეყანა და ამ მაჩვენებლით, 2005 წლიდან უკან ჩამოიტოვებს ისეთ განათლებულ ქვეყნებს, როგორიც კორეა და იაპონიაა. რატომაც არა, სუფთა ქართულ ხასიათში ჯდება – ან ყველაფერი, ან არაფერი და თუ აქამდე ღვთისმშობლის ქვეყანა ვიყავით, აწი პროფესორების ქვეყნად გადავიქცევით. რა დაიმახსოვრებს ამხელა რეგალიებს და სად გინდა წაიყვანო ამდენი პროფესორი? ისე, თუ ადგილები გვაქვს, ის კანდიდატებიც გავხადოთ დოქტორები, იმათ რა დააშავეს? – თუ ბუმია, ბუმი იყოს, თუ არადა, ისინი შიმშილობას გამოაცხადებენ (ზოგს მოუხდებოდა, ზოგი ბოლო 15 წელია ისედაც შიმშილობს). თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ეკონომიკის და ბიუჯეტის მდგომარეობას, მათი ხელფასი კაი ხანს ისევ 50 ლარი დარჩება და საქართველოში, სადაც ლანძღვის და წყევლის ხელოვნება რენესანსის ხანაშია, სრულიად ახალი ფორმა დაიმკვიდრებს: წყევლა – სიძე გყოლოდეს პროფესორი, ან კიდევ ლანძღვა – წადი შე პროფესორო და ა.შ.
ხომ იყო მსუბუქი? ხოდა, ჩემო პროფესორების ქვეყნის შვილებო, ამ პათოსით გილოცავთ შობა-ახალ წელს, იმედია, 2005 წელს განგება პროფესორის მძიმე ხვედრს აგარიდებთ.