სამშენებლო კოდექსის მოთხოვნები

ქრისტინე გამთენაძე
ლიკა ამირაშვილი

2014 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი განიხილავს საქართელოს სივრცითი დაგეგმარებისა და მშენებლობის კოდექსს, რომელიც მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით. აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალი სამშენებლო კოდექსი მოიცავს მშენებლობაზე ზედამხედველობისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის წესს, სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების იერარქიას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ახალი კოდექსით გამარტივდება სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურები, რაც უზრუნველყოფს პროგნოზირებად და მდგრად გარემოს როგორც ბიზნესისთვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის.

mshenebloba, mixeil janelidze

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, დავით გიგინეიშვილმა ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკასთან“ საუბარში ვრცლად მიმოიხილა კოდექსში შემავალი სიახლეები და აღნიშნა: „ზოგადად მშენებლობა ძალიან რთული დარგია და ის პრობლემატურ სფეროდ ითვლება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, საქართელოში სხვადასხვა დროს შემუშავდა რამდენიმე კანონი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებდა მშენებლობის სექტორს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებსაც კი შეიცავდა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ის რომ ახალი კოდექსი გააერთიანებს, სრულფასოვნად ჩაანაცვლებს ყველა არსებულ კანონს, უფრო დახვეწილსა და მოქნილს გახდის სფეროს. კოდექსი ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. მასში ჩართული იყო გერმანული მხარე, GIZ-ის გამოცდილ ექსპერტებთან, იურისტებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა, შეგვესწავლა არსებული კანონმდებლობა და დაგვემუშავებინა ახალი კოდექსი, რომელშიც ბევრი სიახლეა“.

დავით გიგინეიშვილის თქმით, ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციას ემატება მუნიციპალური და დეტალური განაშენიანების დაგეგმვის რუკები. მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი გეგმის ტიპი არსებობს, მით უფრო დაზუსტებულია ამა თუ იმ ტერიტორიის სარგებლიანობის პრინციპი.

ასევე, ახალი კანონმდებლობით, სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირება. მათ მოუწევთ შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, რის შემდეგაც სახელმწიფო სერტიფიკაციის გზით აღიარებს ამ ადამიანების კვალიფიკაციას.

„მშენებლობაზე ნებართვის გამცემ უწყებას არ ექნება უფლება დაამტკიცოს არასერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ მომზადებული პროექტი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომაც წინასწარ უნდა განისაზღვროს არქიტექტორთა პროფესიონალიზმი, რათა მათ მიერ დაპროექტებული შენობა-ნაგებობები სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს“. – განაცხადა სამშენებლო დეპარტამენტის უფროსმა.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც კოდექსი ითვალისწინებს, არის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა. „ჩვენ ვაიძულებთ მენაშენეებს აწარმოონ ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც გააკონტროლებს პროექტთან შესაბამისობაში, რამდენად ზუსტად შენდება შენობა. ასევე მნიშვლელოვანია, შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა. მოთხოვნები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს, მაგრამ ეს მომავალი კვლევებისა და დაკვირვებების საგანია.

მშენებლობის ხარისხი რომ უნდა გაუმჯობესდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ვფიქრობ, უკეთესია, პროექტის საწყის ეტაპზე მეტი დაიხარჯოს და სანაცვლოდ ხარისხი ამაღლდეს. დღეს, სამწუხაროდ, მომხმარებელი მინდობილია არქიტექტორისა და ინჟინრების კეთილ ნებას, მათ სინდის-ნამუსს. ამ კოდექსის მიღების შემდეგ, შეცდომები, რომლებიც აქამდე არსებობდა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.

– აღნიშნა დავით გიგინეიშვილმა.

mshenebloba, davit gigineiwshvili

საბაზრო ურთიერთობების პირობებში ხარისხის თანამედროვე სტანდარტების მიღწევა უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ნებისმიერი სიმძლავრისა და პროფილის სამშენებლო კომპანიისთვის. სამშენებლო კომპანიაში განიხილება სამშენებლო პროდუქციის ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის, კონსტრუქციისა და ფუნქციონალური ხარისხის უზრუნველყოფის ასპექტები.

საქართველოში მიმდინარე მშენებლობას, კომპანიის სურვილის შემთხვევაში მონიტორინგს უწევს და ანალიზს უკეთებს შესაბამისი პროფილის ფირმები, რომლებიც მშენებლობის საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე უზრუნველყოფენ პროცესის მიზანმიმართულ დაგეგმვას. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო დროს მათი სერვისის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა.

„ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში სამშენებლო მასალის ხარისხსა და შენობა-ნაგებობების სტანდარტებთან შესაბამისობას ყურადღება არ ექცეოდა. ბოლო 2 წელია, ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდა. სამშენებლო კომპანიები დაინტერესდნენ, მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ. ქვეყანას ევროკავშირისაკენ უჭირავს გეზი, რაც თავისთავად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს. სახელმწიფოს მხრიდანაც მკაცრდება კონტროლის მექანიზმები. მოგეხსენებათ, საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მშენებლობის დაწყებამდე მიწის ნაკვეთის გეოლოგიური გამოკვლევა მოხდეს, რაც შემდგომში შენობა-ნაგებობის მდგრადობას განაპირობებს“, – განაცხადა კომპანია ,,ბაუტეხის” საქმეთა მწაროებელმა, გივი შენგელიამ.

მთელ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ფონზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პარალელურად ფართოვდება მშნებლობის მასშტაბები, ინერგებნა ახალი ტექნოლოგიები, აქტიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის შესაქმნელად.

სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვისაც ერთ-ერთი უმსხვილესი დარგია. აღსანიშნავია, რომ მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, მაღალია სფეროში დასაქმებულთა რიცხვი. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ სამშენებლო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა 50537 ადამიანს შეადგენდა.