საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები 2004 წელს და 2005-ის პროგნოზი

რედაქციისაგან

საქართველოს ეკონომიკისათვის გასული წელი მეტად რთული და მნიშვნელოვანი იყო. როგორც გასული წლის დასაწყისში ვწერდით, მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ფინანსური წესრიგის დამყარება და საგადასახადო შემოსავლების ლეგალიზაცია. იმთავითვე ჩანდა, რომ რევოლუციის პირველ წელს ვერ მოხერხდებოდა წარმოების ზრდაში და ინვესტიციებში, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის საქმეში გარღვევის განხორციელება.

2004 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2003-თან მიმართებაში 8.4% შეადგინა და 9800 მილიონ ლარს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში და მშენებლობაში.

1

უმნიშვნელო იყო ზრდა ვაჭრობაში. ზრდის ძირითადი დატვირთვა გადასახადების ამოღებაზე მოდიოდა – საშუალოდ თითქმის 80%. აქედან გამომდინარე, საერთო ეკონომიკური ზრდის ნახევარი მოდიოდა პროდუქციაზე დარიცხული გადასახადების ამოღებასა და საბიუჯეტო სექტორის შემოსავლების ზრდაზე (იხ. დიაგრამა #1). ამის გარდა, სერიოზული მაჩვენებლით გაიზარდა ექსპორტი, ძირითადად, ჯართის ლეგალიზაციის, სამთო მადნეული პროდუქციის და ღვინომასალების ხარჯზე. ასევე გაიზარდა წმინდა ტრანსფერტები უცხოეთიდან და კრედიტები გარედან.

მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია ინვესტიციებში და მშენებლობაში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობით. ამასთან, გაიზარდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. ცხრილი #1). ნათლად ჩანს, რომ საგადასახადო ლეგალიზაციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. აქედან გამომდინარე შემცირდა ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები (იხ. დიაგრამა #2).

2

საზღვარგარეთიდან მიღებული ტრანსფერტები 467.6 მილიონიდან 2004 წელს 726.4-მდე გაიზარდა. 2004 წელს ქვეყანა სუფთა მომხმარებელი იყო და მისმა სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1198.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. (იხ. დიაგრამა #3)

3

ექსპორტის მუხლებში, ძირითადად, გაიზარდა ჯართის ექსპორტი 36 მილიონი აშშ დოლარით, საფრენი აპარატები ანუ 31-ე ქარხნის პროდუქცია თურქმენეთში 60 მილიონით, ფეროშენადნობი – 18 მილიონით, სპილენძი და სასუქები – 10-10 მილიონით.

საქართველოში არსებულ 2 მლნ შრომისუნარიან მოსახლეობაში დაქირავებულია 750 ათასი და ეს ციფრი არ შეცვლილა. ასევე არ შეცვლილა ინფლაციის ზრდის ტემპი, ის საშუალოდ 5.5%-ია.

4

ნათელია, რომ 2004 წელს, ძირითადად, საგადასახადო ლეგალიზაციის კუთხით იქნა მიღწეული ბიუჯეტის შევსება და მომზადდა ნიადაგი 2005 წელს ეკონომიკური რეფორმისათვის, რომლის მთავარი მიზანი ბიზნეს-ლეგალიზაციის კურსის გაგრძელებასთან ერთად, უნდა იყოს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, დასაქმების გაზრდა და დასაბეგრი ობიექტების მატება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი წარმოების ზრდა უნდა იყოს.

2005 წელს გაგრძელდება დიდი პრივატიზაცია, რომელიც ბიუჯეტს 300-350 მილიონ დოლარს მოუტანს. ამ პრივატიზაციას, მოლაპარაკებების თანახმად, თან მოჰყვება 200 მილიონამდე ინვესტიციები;

საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის შემდგომ, რომელიც ამ ეტაპზე არის რთული, მაგრამ ოპტიმალური (თუ ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციებით არ დამძიმდა) ბიზნეს-ლეგალიზაციის პროცესი გაგრძელდება და 8-10%-ით ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების პირობებში ლეგალური ბრუნვა 200 მილიონით გაიზრდება;

2005 წელი დიდი დერეგულაციის ხანა უნდა იყოს და მაქსიმალურად განხორციელდეს პრინციპი “ლაისენს ფაიარ”, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას და კონკურენციას მისცემს ფართო ასპარეზს. ბიზნესი განთავისუფლდება სახელმწიფო პატრონაჟის მარწუხებისაგან და ნელ-ნელა ეკონომიკა ბაზრის კანონებით დაიწყებს ფუნქციონირებას;

2005 სახელმწიფო ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული აპარატის რიცხოვნების, კორუფციის შემცირებისა და სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურების წელი იქნება. ბუნებრივია, ეს მტკივნეული პროცესია და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი სტიმული შრომის დაბეგვრის სიმძიმის განახევრებაც იქნება და მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშეწყობაც. დღეს საქართველოში რეალურად ერთი დასაქმებული 5 დაუსაქმებელს ინახავს. ეს პროპორცია თუ არ შეიცვალა, 2006 წელს სოციალური ვალდებულებების მხოლოდ ბიუჯეტური ტრანსფერებით შესრულება გაძნელდება. ამასთან, დარგის რეფორმა უნდა გადაებას პრივატიზაციას. მაგალითად, ჯანდაცვაში დაიწყოს ობიექტების გაყიდვა და შეიქმნას ჯანდაცვის ფონდი, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილ (ხშირად კვალიფიციურ) კადრს მისცემს კერძო ინიციატივისათვის 30 წლიან 6%. წლიური განაკვეთით კრედიტს და ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებას, ისე სამედიცინო სფეროს განვითარებას. შიდა ინვესტირება მიზნობრივად უნდა მოხდეს პრივატიზაციიდან მიღებული სხვა სახსრებით, რომელიც შიდა ინვესტიციის გზით უნდა ჩაიდოს ბიზნესში. ეს სოციალური სამართლიანობის აღდგენაც იქნება და ეკონომიკური ინიექციაც;

რეალურად, ბანკებში კრედიტის აღება ძალზე ძნელია იმ მიზეზთა გამო, რომ ისინი დამწყებ ბიზნესს არ აფინანსებენ, მეორე, ძვირია რესურსი 16-20 პროცენტი წლიურად. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, ღარიბია და ბაზარი – მცირე, საქართველოში ლეგალურ ბიზნესში მოგების ნორმა 2004 წელს 12-17% იყო. აქედან გამომდინარე მთლიანად ეს თანხა ბანკს მიაქვს და ბიზნესს არაფერი რჩება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ნაციონალური ფონდები ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლებიც დააფინანსებენ ე.წ. სტარტაპებს და პროცენტი იქნება არაუმეტეს 6% წლიურისა. ამით შევქმნით სამუშაო ადგილებს, დაბეგვრის ობიექტებს და წარმოება განვითარდება;

მსგავსი რამ ბევრ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ევროპულ ქვეყანაში მოხდა, რადგან დასავლეთელი ინვესტორები ჯერჯერობით კარს არ გვიმტვრევენ;

2004 წელს არც ერთი მსხვილი ინვესტორი არ მოსულა და მუშაობა არ დაუწყია (პრივატიზაციის მოლაპარაკებები ჯერ მხედველობაში არა გვაქვს და მათგან ამ შემთხვევაში აბსტრაგირებას ვაკეთებთ).

უმთავრესი ახალი სასამართლო სისიტემის შექმნაა, რადგან ბიზნესი დაუცველად გრძნობს თავს და საერთოდ, ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, ისევე, როგორც მთლიანად სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა, აუცილებელი პირობაა 2006 წლიდან მაინც უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად.

და ბოლოს, საქართველოში 2005 წელი ინფრასტრუქტურული სისტემის მოწესრიგების წელი უნდა იყოს. სანამ შუქზე და გზებზე ასეთი ველური სიტუაცია იქნება, წარმოებას და ინვესტიციებს მომავალი არა აქვს.

2005 წელს უნდა გამოვიყენოთ 2004-ში შექმნილი საფინანსო რეზერვი, რათა 2006 წელს სრულმასშტაბიანი რეფორმებისათვის ნიადაგი მომზადდეს. დასავლელ ინვესტორებს ჩვენი ჯერ ბოლომდე არ სჯერათ. ამის შემდგომ დაიჯერებენ და ეს ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის შანსია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 2004 წლის ფისკალური ეფექტი გაქრება და საგარეო და საშინაო ვალები, მიმდინარე გაზრდილი ხარჯები ქვეყანას ისევ დეფიციტური ბიუჯეტის და მუდმივი სოციალური დაძაბულობის ხანაში დააბრუნებენ.