საქმე მეორე პასუხისმგებლობა ქონების, წილის, სახლის ან მანქანის გაყიდვის დროს საგადასახადო ვალდებულებების ზუსტად არ შესრულებაზე

რედაქციისაგან

წინა ნომერში ჩვენ განვიხილეთ ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ქონების, წილის რეალიზაციის დაბეგვრა და აქედან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. ამჟამად, განვიხილავთ თუ რა სასჯელია ამ ვალდებულებების არშესრულებისთვის.

ახალი კოდექსის მე-4 კარის 59-ე მუხლის თანახმად, პუნქტი 6:
“გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი (მათ შორის ფიზიკური პირი) ან სხვა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით”.
ეს ნიშნავს, რომ თუ ფირმამ ან ფიზიკურმა პირმა ქონების რეალიზაციის, ან სხვა ქმედების შემდეგ არ გადაიხადა გადასახადი, ის ისჯება და დაეწესება საურავი.Aმის დასაფარავად მიქცეული იქნება მთელი მისი ქონება, გარდა მისი ოჯახის წევრების 4 დღის საკვების მარაგისა. ამ მუხლის დასაზუსტებლად გამოცემულია მთავრობის 2005 წლის #10,11,14 დადგენილებები, რომლებიც არეგულირებენ საგადასახადო დავების წესებს.
საგადასახადო დავის რეგულაციის სამი გზა არსებობს: 1. ფინანსთა სამინისტროს საერთო სასამართლო; 2. დავების განხილვის საბჭო; 3. კერძო არბიტრაჟი. მაგრამ, დავების განხილვამდე ფინანსთა სამინისტრო სასამართლოს გარეშე ყადაღას ადებს თქვენს ქონებას.
შემდეგ თქვენ მიდიხართ საგადასახადოში, სადაც 5 დღეში იხილავენ თქვენს დავას. თუ ვერ დაგაკმაყოფილეს, მიდიხართ ფინანსთა სამინისტროს საბჭოში, სადაც პროცესი 2.5 თვემდე შეიძლება გაიჭიმოს, მაგრამ სრულიად უფასოდ. ამ დროის განმავლობაში თქვენ გერიცხებათ საურავები. თუ აქ სამართალს ვერ იპოვით, მერე ირჩევთ ან სასამართლოს, ან კერძო არბიტრაჟს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ საქართველოში არბიტრაჟი თითქმის არ ფუნქციონირებს, არჩევანი ჯერჯერობით თანაბარია. არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ისევე როგორც სასამართლოსი, არ საჩივრდება. თუ გამართლდით, საურავს არ გადაგახდევინებენ და ზედმეტად გადახდილ თანხას 6 თვეში დაგიბრუნებენ. თქვენ შეგიძლიათ ამ პერიოდის ანაზღაურება ცალკე მოითხოვოთ სასამართლოში. თუ გაგამტყუნებენ საურავიანად გადაიხდით და თუ ფული არ გაქვთ, ქონებას დაგიყადაღებენ, რომელსაც, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის #10 დადგენილების “გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” მიხედვით გაყიდიან (იხ. ამონარიდი)
კიდევ ერთი, თუ თქვენ იქირავეთ ანუ დროებით სარგებლობაში მიიღეთ ფართი, ქონება გაარემონტეთ, რადგან 5 წლის ვადით აიღეთ და მის პატრონს საგადასახადო დავის გამო, რომელშიც თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, დავა წარმოექმნა გამქირავებელთან, ისინი ამ თქვენს დაქირავებულ და გარემონტებულ ფართს (86-ე მუხლის თანახმად) ყადაღას ადებენ, ხოლო იჯარას ბიუჯეტი მიიღებს. ყოველ დაგვიანებაზე შესაბამისი საურავები იქნება, ან ფართს სულაც საჯაროდ აუქციონზე გაყიდიან. ეს ადვილად შეიძლება მოხდეს, თუ თქვენ ფართი იქირავეთ, პატიოსნად იხდით ქირას, მაგრამ მეპატრონე ბიუჯეტში აქედან განკუთვნილ თანხას არ იხდის (რაც თითქმის ყველგან ხდება დღეს საქართველოში).
*; *; *;
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #10
საქართველოს მთავრობის დადგენილება #10
2005 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი
103. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თანდართული წესი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის პროცედურებს.
2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით.
3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად საგადასახადო ინსპექცია მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციას.
5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის მოწყობამდე მოახდენს საგადასახადო ვალდებულებებისა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზაციისათვის უკვე გაწეული ხარჯის დაფარვას, ან საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო დავალიანების გადავადების შესახებ წერილობითი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
6. საჭიროებისას, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, აუქციონის პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას და კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
მუხლი 2. აუქციონის გამოცხადება
1. აუქციონის გამართვის დროსა და ადგილს ადგენს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის მოწყობის დროსა და ადგილს;
ბ) ქონების მესაკუთრის დასახელებას და მისამართს;
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);
დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც დაყადაღების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
ე) განცხადებას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც უფლებები აქვთ ამ ქონებაზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ვ) აუქციონის პირობებს.
2. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ქონებას.
3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს აცხადებს საგადასახადო ორგანო გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2 პროცენტი, რომლის შეძენასაც იგი აპირებს, რაც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება გადახდილი თანხის ანგარიშში.
მუხლი 3. აუქციონის მოწყობის წესი
1. აუქციონს ატარებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2.Aაუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი, რის შემდგომ აუქციონი ცხადდება დასრულებულად.
3. პირებმა, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, გადასახდელი თანხა უბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.
4. პირველ აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები.
5. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი ფასის შემოთავაზება, საგადასახადო ორგანო პირველი აუქციონისთვის დადგენილი ფორმით აცხადებს განმეორებით აუქციონს, სადაც საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 50%-ზე ნაკლები.
6. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები.
7. ნებისმიერი მყიდველი, რომელიც აუქციონზე შეისყიდის ჩამორთმეულ ქონებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს მის მიერ შემოთავაზებული ფასის, სულ ცოტა, ნახევარი ან 5 ათასი ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით. თუ აუქციონზე მიღებული იქნა მის მიერ შემოთავაზებული ფასი, თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.
8. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე. მათ შორის, დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი თანხით დაიფარება ის გადასახადები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა.
9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების გადახდას დადგენილი წესით, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:
ა. აუქციონის ჩატარების შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად განმეორებით აუქციონზე ან
ბ. მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს ის გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.
მუხლი 4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია
1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ.
2. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადიდან 10 დღეზე ნაკლებია დარჩენილი.
3. მალეფუჭებადი საქონლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს, აუქციონის გამართვის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში, შეუძლიათ მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სარჩელით, რომ მათაც ჰქონდათ დარეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე, საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი სარჩელის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს სარჩელი 30 დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ საჩივრის მოსარჩლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადაუხდის მოსარჩლეს მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის მთლიან რაოდენობას ან მოთხოვნილ თანხას უმცირესი თანხის მიხედვით.
მუხლი 5. დავალიანების დაფარვის წესი
1. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში იფარება:
ა. ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ. გადასახადის თანხები;
გ. ჯარიმისა და საურავის თანხები.
2. აუქციონზე ქონების შესყიდვისთვის გადახდილი თანხები შეიტანება ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ექვივალენტური თანხებით ხდება აღნიშნული ხარჯების დაფარვა, ხოლო დანარჩენი თანხები ირიცხება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით, პირველ რიგში, დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის განმავლობაში.
4. ხარჯების სახით ამოღება:
ა. იმ პირებისთვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისთვის;
ბ. ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;
გ. მოწვეული ექსპერტის ან/და აუდიტის ხარჯები;
დ. ხარჯები, რომელიც წარმოიშვა საჯარო გამოცხადების დროს;
ე. აუქციონის ორგანიზებასა და მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები;
მუხლი 6. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა. აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ. შეძენილი ქონების დასახელება;
გ. მყიდველის ვინაობა (დასახელება);
დ. გადახდილი თანხის რაოდენობა.
2. სერთიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3. სერთიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.
4. გაყიდვის სერთიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და რომელიც აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან, ან საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსთვის სრულად გადახდისთანავე.
5. ღია აუქციონზე საქონლის რეალიზაცია იბეგრება საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერთიფიკატის (მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაარეგისტრიროს ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება #11
2005 წ. 25 იანვარი, ქ. თბილისი
104 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, #41, მუხლი 200) 153-ე მუხლის, მე-3 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების თანდართული წესი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი:
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი:
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ. ქვეპუნქტისა და 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) ფუნქციონირების წესსა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.
2. საბჭოში საგადასახადო დავების განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე მისი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა.
3. საბჭოში საგადასახადო დავის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის საფუძველზე.
4. საბჭო თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს უარის გასაჩივრება საბჭოში.
1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოში (თუ მის საჩივარში ასე იყო აღნიშნული):
ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მან გააუქმა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი (ამ გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღეში);
ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ (ამ გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღეში).
გ. საგადასახადო ორგანოს უარი, თუ მან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღეში);
2. საჩივარს თან უნდა ერთვოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისთვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები მათი არსებობის შემთხვევაში. საჩივარში უნდა აღინიშნოს, დავის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის რომელ ფორმას ირჩევს მომჩივანი.
მუხლი 3. საბჭოს სხდომა
1. საბჭო დავას იხილავს საჩივრის მიღებიდან 15 დღის ვადაში თავის სხდომაზე.
2. სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი.
3. სხდომის რეგლამენტს განსაზღვრავს საბჭო.
4. საბჭოში დავის განხილვა ხდება მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლობის მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება მის გარეშე.
5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომის დამსწრეთა უმრავლესობით, დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავშეკავება.
მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილებები
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა. გააუქმოს საგადასახადო ორგანოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება;
ბ. გააუქმოს საგადასახადო ორგანოს, ან/და საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება;
გ. არ დააკმაყოფილოს საჩივარი.
2. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა. გადაწყვეტილების დრო და ადგილი, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივანისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული და დავის საგანი;
ბ. საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზე მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლითაც ხელმძღვანელობდა იგი;
გ. საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივი დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.
3. საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს) უფლება აქვს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება.
4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება წერილობითი ფორმით, რომლის დამოწმებული ასლი, არა უგვიანეს 5 დღისა, ეგზავნება ან პირადად ბარდება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს.
5. თუ საბჭო ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ან ამ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მუხლი 5. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მისი გასაჩივრება
1. გადაწყვეტილება ძალაში შედის:
ა. მომჩივანის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი;
ბ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მე-10 დღეს, თუ მომჩივანმა ამ ვადაში არ მიიღო საბჭოს გადაწყვეტილება და ამავე ვადაში არ გაასაჩივრა საბჭოს უარი.
2. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს არბიტრაჟში ან სასამართლოში (როგორც აქვს აღნიშნული თავის საჩივარში).
მუხლი 6. დასკვნითი დებულება
საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება Nო 14
2005 წ. იანვარი, ქ. თბილისი
107 საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის თანდართული წესები.
პრემიერ-მინისტრი ზ.ჟვანია საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-17 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღების და შენახვის წესებსა და პირობებს.
მუხლი 2. ქონებაზე ყადაღის დადების ცნება
1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის ქონება საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, მათ შორის, მოძრავი, უძრავი, არამატერიალური ქონება.
2. აღიარებული საგადასახადო ვალდებულება არის გადასახადი, შესაბამისი სანქციების ჩათვლით, რომელიც წარმოიშვა:
ა. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;
ბ. საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან გასულია მისი გასაჩივრების ვადა;
გ. არბიტრაჟის ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.
4. საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერას (მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფარგლებში), ამ ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის); აკრძალვის, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენების (გარდა რეალიზაციისათვის გათვალისწინებული საქონლისა) გამოცხადებას და რეალიზაციისთვის გათვალისწინებული საქონლის შესანახად გადაცემას. ქონების დაყადაღების შემთხვევაში გადასახადების გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ქონების გადაცემის, გაყიდვის, გაქირავების, იჯარით გადაცემის ან სხვა გზით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე. ესეც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
5. ქონებაზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
6. ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება.
7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დაყადაღების პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
მუხლი 3. შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
1. ქონების დაყადაღების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ დაყადაღებამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე წერილობით უნდა შეატყობინოს მოვალეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადასახადების გადახდევინებას საფრთხე ემუქრება.
2. ეტყობინება ქონების დაყადაღების შესახებ (დანართი ნომერი 1) უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა. მოვალის ვინაობას (გვარს ან სახელს, ან დასახელებას; მისამართს), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ. შეტყობინების თარიღს;
გ. გადაუხდელი აღიარებული გადასახადების სახეებს, პერიოდს და რაოდენობას;
დ. აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ჯამურ ოდენობას 30-დღიანი პერიოდის დასრულებისთვის (დარიცხული სანქციების ჩათვლით) და საგადასახადო დავალიანების მოცულობას.
3. შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იგზავნება დაზღვეული ფოსტით ან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაბარდეს დოკუმენტის ორიგინალი, რომელიც დამოწმებულია ბეჭდით.
4. ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი შეტყობინება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, შეტყობინების მეორე პირზე მისი ხელმოწერით, ხოლო საწარმოსა ან ორგანიზაციისთვის გაგზავნილი შეტყობინება ბარდება სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს შეტყობინებას მეორე პირზე.
5. თუ ადრესატმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას შეტყობინებაზე, რომელიც უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად.
6. დაზღვეული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალეს შეტყობინება არ მიუღია.
7. საჭიროების შემთხვევაში, თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, საქმე რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას.
მუხლი 4. ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით, ძალაში შედის მოვალისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს:
ა. ბრძანების (ადმინისტრაციული აქტის) სახეს;
ბ. ბრძანების გამომცემ საგადასახადო ორგანოს;
გ. ბრძანების სათაურს;
დ. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გვარს, სახელს და ხელმოწერას;
ე. გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ. ბრძანების გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.
2. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ბრძანების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წაედგენის ვადა.
3. ბრძანება ქონების დაყადაღების შესახებ უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილს და მასში მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ბრძანება.
4. ბრძანების გადამხდელისთვის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ბრძანების მისთვის გადაცემას ან დაზღვეული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
5. ფიზიკური პირისთვის გაგზავნილი ბრძანება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, შეტყობინების მეორე პირზე მისი ხელმოწერით, ხოლო საწარმოს ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი ბრძანება ბარდება სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ხელს აწერს ბრძანების მეორე პირზე.
6. თუ ადრესატმა უარი განაცხადა ბრძანების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას ბრძანებაზე, რომელიც უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ასეთ შემთხვევაში ბრძანება ითვლება ჩაბარებულად.
7. დაზღვეული ფოსტით გაგზავნილი ბრძანება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმშემთხვევებისა, როდესაც მოვალეს ბრძანება არ მიუღია.
8. საჭიროების შემთხვევაში, თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, საქმე რეაგირებისთვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას.
9. ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს.
მუხლი 5. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი
1 საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დავალიანების ფარგლებში ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში.
2 ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში უნდა აღინიშნოს:
ა. აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ. დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას;
გ. მოვალის რეკვიზიტები – სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება; მისამართი; გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ. აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა);
ე. აქტში შეტანილი თითოეული საგნის შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;
ვ. თუ საგანი ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა;
ზ. იმ პირის დასახელება, ვისაც შესანახად გადაეცა ქონება და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;
თ. რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვისთვის და პასუხიმგებლობის საკითხი გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისთვის;
ი. რომ მოვალეს და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ორგანოს მოქმედებათა გასაჩივრების წესი;
კ. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის, მოვალის შენიშვნები.
3. ქონების დაყადაღების ( აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის.
4. ფასიანი ქაღალდები და/ან ფასიანი ნივთები შესანახად ამოიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთები, რომლებიც რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.
5. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ დაყადაღებას. ზემოთ ხსენებული პირების მიერ აქტის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
6. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებებს, ქონება მაინც შეიტანება აღწერის სიაში და კეთდება სათანადო აღნიშვნა.
7. ქონებაზე ყადაღის აქტი დაუყოვნებლივ იგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოში.
მუხლი 6. ყადაღადადებული ქონების შეფასება
1. ყადაღადადებული ნივთები ფასდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საბაზრო ფასებით.
2. თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
3. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვისა, საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.
4. მოწვეული ექსპერტი/აუდიტი თავისი სახელით იძლევა დასკვნას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი, ასევე მთელი ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება.
5. საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის დასკვნა მოვალის ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარემოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
6. თუ ექსპერტის/აუდიტის დასკვნა დაუსაბუთებელია, ან მისი სისწორე საეჭვოა, ქონების შეფასება უნდა განხორციელდეს განმეორებით სხვა ექსპერტის ან აუდიტის მიერ.
7. ექსპერტის/აუდიტის მოწვევასა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ამოიღება აუქციონზე ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგად ან ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 7. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას
ყადაღას არ ექვემდებარება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის ქონება:
ა. პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალის პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის;
ბ. მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი სანათი საშუალებები ან, თუ დროის ამ მონაკვეთისთვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მის შესაძენად საჭირო თანხა;
გ. წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, თუ იგი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვებისა და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა ამ დროისთვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მის შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ. პირებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე, ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისთვის;
ე. პირებისთვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.
მუხლი 8. ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღება
1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას, თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას ამ წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მე-3 მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ასეთ შემთხვევაში მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის სრულიად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება აღიარებული არ არის და თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში არსებული გირავნობის/იპოთეკის უფლების ფარგლებში, ამ წესების მე-4 მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ასეთ შემთხვევაში, მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვის შესახებ (თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება), ან/და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ (თუ მოვალეს არა აქვს გირავნობით/იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის სრულიად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას, ან სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.
3. ბრძანება და აქტი ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ფორმდება მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ბრძანება მოვალის ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე.
4. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ:
ა. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად;
ბ. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ მოლაპარაკებას ვალის დაფარვის მიზნით;
გ. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ცდილობს თავი გამოაცხადოს გაკოტრებულად;
დ. არსებობს რეალური საშიშროება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისებისა, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფას;
ე. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუ 10000 ლარზე მეტი აქვს საკუთრებაში და არ ფარავს დავალიანებას.
მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა
საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა მოხსნილად ითვლება აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე.
საგადასახადო ორგანომ ყადაღის დადებისთანავე უნდა აცნობოს რეესტრს ამის შესახებ. მაგრამ, ვინიცობაა, თქვენ რაღაც მანქანებით იყიდეთ ქონება და პატრონმა გადმოგიფორმათ ისე, რომ თქვენ საქმის კურსში არ ხართ, კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეს ვალდებულება თქვენს ახალ შეძენილ ქონებაზე გადმოდის. ასე რომ, ქონების შეძენისას ძალიან ფრთხილად იყავით, ის შეიძლება დაყადაღებული აღმოჩნდეს.