რა საიდუმლოს ინახავს თიბისის ახალი სათავო ოფისი

რედაქციისაგან

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის #7-ში მდებარე შენობა, რომელშიც 2005 წლის თებერვლის ბოლოს თიბისი ბანკის სათავო ოფისი განთავსდა, მოდერნის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

თავდაპირველად იგი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა იყო. 1910 წელს კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ კონკურსი გამოაცხადა შენობის ესკიზურ პროექტზე. კონკურსის პირობები სანქტ-პეტერბურგის არქიტექტორთა საზოგადოების ალმანახში გამოქვეყნდა. მშენებლობა წარიმართა, იმ დროს თბილისში მოღვაწე სახელმოხვეჭილი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტის მიხედვით.

ამ შენობის აშენება, ასევე, უკავშირდება თბილისში მოღვაწე ცნობილი იტალიელი ოსტატის, ანჟელო ანდრეოლეტის სახელს. მას თბილისში ქვის დამამუშავებელი ქარხანა ჰქონდა, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი ნედლი მარმარილო მუშავდებოდა იტალიიდანვე ჩამოყვანილი ხელოსნების მიერ.

მშენებლობა 1911-13 წლებში მიმდინარეობდა. 1912 წელს როგოისკი მძიმე ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა. 1913 წლის 30 ივნისს შენობა საზეიმოდ აკურთხეს.

საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 1920-იან წლებში კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა კოოპერატივად გადაკეთდა და “ერკოპი” ეწოდა, ხოლო 1934 წლიდან მასში თბილისის ცენტრალური უნივერმაღი განთავსდა. ამ სახელწოდებით შენობა 2002 წლამდე ფუნქციონირებდა. უკვე 1990 წლებში ეს უმშვენიერესი ნაგებობა საკმაოდ დაზიანებული და შელახული იყო.

შენობის რესტავრაცია

2002 წლიდან თიბისი ბანკმა შენობის რესტავრაცია დაიწყო. რესტავრაცია-ადაპტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტი თიბისის ბანკის დაკვეთით, არქიტექტორ გაგა კიკნაძის მიერ (სტუდია “არსი”) მომზადდა. პროექტის საინჟინრო ნაწილი “ქალაქპროექტმა” დაამუშავა. შენობა ოთხსართულიანია, სარდაფით და სამი გუმბათით. ფასადი უხვადაა შემკული ორნამენტებით. ხელოვნების იმ ნიმუშებმა, რომლებიც ნაგებობის არსებობის მანძილზე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია დღემდე. ესაა სამი დიდი სარკე ხის ჩარჩოებით, 120 სმ სიმაღლის ორი ჩინური ლარნაკი და ნადირობის ქალღმერთი დიანას ბრინჯაოს ქანდაკება. ამჟამად, ბანკის დაფინანსებით მათი რესტავრაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც თითოეული მათგანი ისევ შენობას დაუბრუნდება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობის ორივე ფლიგელის თავზე მოიხსნა ზედა სართულები, რომლებიც პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა და მხოლოდ 60-იან წლებში იქნა დაშენებული. სართულების მოხსნის შემდეგ გაკეთდა ახალი გადახურვა, რითაც აღდგა შენობის პირვანდელი სახე.

მოხდა შენობის გამაგრება კონსტრუქციული თვალსაზრისით. სამუშაოები განხორციელდა სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სრულიად გამოიცვალა სახურავის საფარი, მოხდა ძველი საფარის ზუსტი რეკონსტრუქცია, მათ შორის, გუმბათების საფარის ხელახლა დამზადება და დამონტაჟება იმ სახით და იმ მასალით, როგორც ეს თავდაპირველად იყო.

შიდა ცენტრალური კიბე, რომელიც შენობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რეკონსტრუქციამდე საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოხდა მისი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, როგორც კონსტრუქციული, ისე დეკორატიული თვალსაზრისით. იგი აბსოლუტურად პირვანდელი სახით არის წარმოდგენილი.

სართულის იატაკები ანდრეოლეტის მიერ სხმული მოზაიკით იყო მოპირკეთებული. მოზაიკამ იმდენად დაზიანებული სახით მოაღწია ამ დრომდე, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი რესტავრირება ტექნიკურად ვერ მოხერხდა – მოხდა მოზაიკის კონსერვაცია ლითონის ბადის ქვეშ, ხოლო ზემოდან თეთრი გრანიტის საფარი დაიგო.

თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ, ახალი სათავო ოფისის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უნიკალური შენობის აღდგენა ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს ერთგვარი სტიმული იქნება ბანკის თანამშრომლებისა და იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც თიბისი ემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი წელიწადში 30 პროცენტით იზრდება და ახალი შენობა ქართული საბანკო სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

უნიკალური არქიტექტურული ძეგლის, ძველი უნივერმაღის რესტავრაცია სამ წელს მიმდინარეობდა და მის აღსადგენად 10 მლნ ლარი დაიხარჯა. ძველი უნივერმაღის შენობაზე დამონტაჟებულია საათი, რომელიც სატელიტზე სწორდება. ასეთი ზუსტი საათი საქართველოში არ არსებობს.