რა ხდება უკრაინაში?

რედაქციისაგან

უკრაინას ახალი კაბინეტი ჰყავს, რომელსაც საკმაოდ ცნობილი, გარკვეულწილად, სკანდალური (ნავთობ-ბიზნესის გამო), მაგრამ საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ქალბატონი ხელმძღვანელობს.კაბინეტში წარმოშობით ქართველი ჟვანიაც ეუფლება პორტფელს და საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ხდება. რა დახვდა კაბინეტს? – ბიუჯეტის დეფიციტი 23%; ინფლაცია 12%; პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი კლანური მაფიოზური ეკონომიკა, საკმაოდ მდიდარი სახელმწიფო ბიუროკრატია და ნახევრად სოციალისტური ეკონომიკა.

რით დაიწყეს? – ნაციონალიზაციით, რომელიც არა მხოლოდ უზარმაზარ ფოლადის კომბინატებს შეეხო, არამედ “დინამო კიევსაც”. ძნელად, მაგრამ მტკიცედ დაიწყო ქონების ე.წ. სახელმწიფოსთვის დაბრუნება. პირველ რიგში, კუჩმას სიძეს (რომელსაც ახლახან ჭიათურის შეძენა უნდოდა) მეტალურგიული კომბინატი ჩამოართვეს. დათხოვნილი სახელმწიფო მოხელეები კაბინეტიდან არ გადიან, ხოლო, ვინც ჯერ არ დაუთხოვიათ ან ბიულეტენზეა, ან შვებულებაში.

ყველაზე “ცნობილი” უკრაინის საბაჟო იყო, სადაც ტვირთის ღირებულების 50% უნდა გადაგეხადათ. არაოფიციალურად 23-28 თებერვალს დაიკეტა საზღვრები და ტვირთების განბაჟება არ ხდებოდა. წესრიგის დამყარება აქედან დაიწყეს, რასაც ბუნტი მოჰყვა, თუმცა, ტიმოშენკო უკან არ იხევს.

მეორე პრობლემა ურჩი რეგიონებია, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტში ფულს არ რიცხავენ და ბიუჯეტში დეფიციტი იზრდება. ვალუტის კურსი ჯერჯერობით უცვლელი რჩება 5.34 გრივნი ერთ დოლარზე. ახალ მთავრობაში ერთი ახალი მიმართულებაცაა – ხელისუფლების წევრების მოშორება ბიზნესიდან. ბიზნესი, ან მინისტრის სავარძელი – ასე განუცხადა მინისტრებს ტიმოშენკომ.

უკრაინა დიდი რევოლუციური ცვლილებებისათვის ემზადება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რევოლუცია მხოლოდ ახლა იწყება.

უკრაინა ცდილობს დაუახლოვდეს ევროპას, ამასთან ერაყიდან ჯარები გამოყავს და აშშ-ს შორდება.