მოსკოვი პეკინს საერთაშორისო სასამართლოთი ემუქრება
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც წლების მანძილზე ვერ შეთანხმდნენ გაზის მიწოდების მომავალ სქემასთან დაკავშირებით, ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ ნავთობის მიწოდების მიმდინარე კონტრაქტზე. რუსული მხარე ჩინეთს მოლაპარაკების დარღვევისთვის ადანაშაულებს და ითხოვს, ვალის, 100 მილიონი დოლარის დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი პეკინს საერთაშორისო სასამართლოთი ემუქრება.
“როსნეფტი” ნავთობს ჩინეთში ცისტერნებით იქამდე აგზავნიდა, ვიდრე 2004 წელს სახელმწიფო კომპანიამ “იუკოსის” ქვეგანყოფილება შეისყიდა. მაშინ ჩინეთმა “როსნეფტს” 6 მილიარდი დოლარი ასესხა 48,4 მილიონი ტონა ნავთობისთვის წინასწარი გადასახადის სახით (17 დოლარი ბარელზე). კონტრაქტის ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც “როსნეფტმა” იგი არ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ჩინეთი მისგან ნავთობს ძალიან იაფად ყიდულობდა.
შედეგად, მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთახნმდნენ: 2009 წელს ჩინეთის განვითარების ბანკმა რუსეთს 25 მილიარდი დოლარი გამოუყო შეღავათიან ფასში 300 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდების სანაცვლოდ, რომელიც ჩინეთს დაახლოებით 20 წლის მანძილზე უნდა მიეღო ნავთობსადენ აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკენის (ВСТО) განტოტებით. “როსნეფტმა” ამ თანხიდან 15 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო “ტრანსნეფტმა” – 10 მილიარდი (კრედიტი ჩინეთში ნავთობის მიწოდების ამონაგების ნაწილითაც დაიფარება).
2010 წლის ზაფხულში რუსეთმა დაასრულა ВСТО-ის განტოტების მშენებლობა, რომელსაც შეუძლია ყოველწლიურად 15 მილიონი ტონის მიწოდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთისთვის, სადაც კომპანია PetroChina-ს კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
“ტრანსნეფტმა” განტოტების რუსული მონაკვეთის მშენებლობისთვის (დაახლოებით 60 კილომეტრი) მთლიანობაში 430 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო რუსეთის საზღვრიდან დაცინამდე დაახლოებით 1000 კილომეტრის მილსადენი ჩინეთმა დამოუკიდებლად ააშენა.
ამ მილით ჩინეთში ნავთობის მიწოდება 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, მაგრამ უკვე მარტში გაზეთი “კომმერსანტი” თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჩინეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (CNPC) “როსნეფტს” იანვარში ბოლომდე არ გადაუხადა დაახლოებით 38 მილიონი დოლარი ნავთობის მიწოდებისთვის. გამოცემის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოსთვის ჩინეთის მხარეს “როსნეფტისთვის” კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2009 წელს გაფორმდა, ნედლეულის მიწოდებისთვის გადასახდელი ჰქონდა 555 მილიონი დოლარი, მაგრამ ნაკლები, დაახლოებით 517 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
ჩინეთმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთი მასთან იმ ტარიფს იყენებს, რომელიც განკუთვნილია მთელი ВСТО-ს მარშრუტისთვის – ირკუტსკის რეგიონიდან წყნარი ოკეანიის ტერმინალამდე კოზმინოში – 1815 რუბლი ტონაში, მაშინ, როცა ჩინეთის განტოტება სკოვოროდინოდან იწყება ამურის რეგიონში, ანუ თითქმის ВСТО-ს შუაწელიდან.
20 აპრილს სკანდალი საჯარო გახდა. რუსული “ტრანსნეფტი” ჩინურ CNPC-ს სასამართლოთი დაემუქრა იმის გამო, რომ კონტრაქტის პირობით გათვალისწინებული თანხა მთლიანად არ გადაუხადა.
“ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ ბარკოვმა ჩინეთის მხრიდან თანხის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზარალი 100 მილიონ დოლარად შეაფასა. “ისინი, ფაქტიურად გადავიდნენ მოლაპარაკების იმ დონეზე, რომელიც იყო კონტრაქტის გაფორმებამდე. მათ თავისებურად დაიწყეს კონტრაქტის ერთ-ერთი პოზიციის ტრაქტირება. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია”, – განაცხადა მან.
ბარკოვმა დასძინა, რომ “ტრანსნეფტი” არ გამორიცხავს, ლონდინის არბიტრაჟს მიმართოს. 2011 წლის მაისში მხარეები კიდევ ერთხელ აპირებენ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. თავის მხრივ, პეკინი რუსეთის პრეტენზიებს უარყოფს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი მეგობრული მოლაპარაკებით გადაწყდება.
ВСТО-ის ტარიფებთან დაკავშირებული კამათი გაზის მიწოდების საკითხში რუსულ-ჩინურ პარტ-ნიორობას დარტყმის ქვეშ აყენებს, რომლის კომერციული შეთანხმება მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაფორმდეს. “გაზპრომი” ჩინეთში წელიწადში 70 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას აპირებს, საიდანაც 30 მილიარდი კუბური მეტრის ტრანსპორტირება გაზსადენ “ალტაის” საშუალებით იგეგმება. ამ გაზსადენის მშენებლობის დაწყება, როგორც “გაზპრომში” იუწყებიან, 2011 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის 2009 წელს გაფორმდა, ჩინეთს რუსული გაზის უდიდეს მომხმარებლად აქცევს.
შეთანხმებული მოცულობის საწვავის ფასი არ ხმაურდება, მაგრამ რუსულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში არა ერთხელ დაწერილა, რომ ჩინეთს არ მოსწონს ის ფასი, რომლითაც რუსულ საწვავს ყიდულობს. მოლაპარაკებები რამდენიმე წელია გრძელდება, იმდენად, რამდენადაც, ჩინეთს გაზის მიღების სხვა გზაც გამოუჩნდა. გარდა ამისა, არსებობს საკუთარი ფიქლის გაზის მოპოვების დაწყების შესაძლებლობაც.
მიმდინარე წლის აპრილში ღეუტერს ამტკიცებდა, რომ “გაზპრომმა” და CNPC-მ შეძლეს ტარიფებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება და კომერციული ხელშეკრულების გაფორმება უკვე ივნისისთვის იგეგმება. თუმცა, მიუხედავად ამისა, აპრილის შუა რიცხვებში მოლაპარაკებების მორიგმა რაუნდმა “გაზპრომსა” დაCNPC-ს შორის პრაქტიკულად შედეგი არ გამოიღო. როგორც ამბობენ, მთავარი დაბრკოლება ისევ გაზის ტარიფია, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მაისში იგეგმება.
რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთმა უნდა იჩქაროს ჩინეთთან შეთანხმების გაფორმება, რადგან ევროპის საკვანძო ბაზარზე სუსტი მოთხოვნა და ფასების კლება შეიმჩნევა. ჩინეთის ხელისუფლება 2015 წლის ბოლოს ქვეყნის ტერიტორიაზე ფიქლის გაზის მოპოვების დაწყებას აპირებს, ხოლო 2020 წლიდან ენერგომოხმარებაში გაზის წილის გაზრდას 10%-მდე გეგმავს. ადრე აშშ-ში ფიქლის გაზის მასობრივმა მოპოვებამ რუსეთის გეგმები ჩაშალა, რომელიც ქვეყანაში გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტირებას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, იმედნად, რამდენადაც რუსეთმა ვერ შეძლო ჩინეთში გაზის გაყიდვის შესახებ გრძელვადიანი შეთახმებისთვის მოეწერა ხელი, “გაზპრომის” მიერ კონტროლირებადი კოვიკტინის გიგანტური გაზის საბადოს დამუშავების პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. ამიტომაც ცალსახაა, რომ “ტრანსნეფტი” CNPC-თან ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეეცდება შეთანხმებას, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინელების ნევროზულობა რუსეთს არ სჭირდება.