პუტინი WTO-ს აძაგებს და აკრიტიკებს
ნინო არველაძე
ათეულ წელზე მეტია რუსეთი WTO-ის კარებს იმედით სავსე თვალებით შეჰყურებს და ორგანიზაციაში შესვლისთვის, ზღაპრის პერსონაჟის მსგავსად, დაბრკოლებების გადალახვას დათმობებზე წასვლის გარეშე ცდილობს. 2004 წელს საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა 2007 წელს ეს თანხმობა გააუქმა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის უფლება მოითხოვა.
ვითარებას რუსეთის მიერ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოც ართულებს, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონებს ეწინააღმდეგება. თეთრ სახლთან მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემდეგ მოსკოვი ორგანიზაციაში გაწევრიანებას ოპტიმისტურად უყურებს და საქართველოსა და მოლდოვეთის წინააღმდეგობას მნიშვნელოვან დაბრკოლებად არ მიიჩნევს. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გერმან გრეფმა აშშ-სთან ორმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ამ ფაქტს ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ გადადგმული უკანასკნელი და გადამწყვეტი ნაბიჯი უწოდა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან პრობლემები 2007 წლის პირველ ნახევარში მოგვარდება. ქართველი ექსპერტები რუსეთის სურვილს უნიკალურ შანსს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ გზით შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკური საზღვრების აღდგენაა. ფაქტია, რომ დიდი რუსეთი საქართველოს უახლოესი მეზობელია და პატარა საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან “ცივი” დამოკიდებულება კარგს არაფერს უქადის. ურთიერთობების დათბობისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად მიიჩნიეს რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ევგენი პრიმაკოვის ვიზიტი თბილისში. მაგრამ, ევგენი პრიმაკოვმა თავმდაბლობა გამოიჩინა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას წარმოადგენს და არა მის მთავრობას. როგორც მან აღნიშნა, ეს შეხვედრა სასარგებლო, მეგობრული და ძალიან საინტერესო იყო, “ნათელია, რომ ორივე მხარეს ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ”, – განაცხადა ევგენი პრიმაკოვმა შეხვედრის შემდეგ.
15 ივნისს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დსთ-ს ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭოს მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა. ამ შეხვედრის დიდი ინტერესი და მნიშვნელობა განაპირობა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ დაწესებულმა ემბარგომ. ევგენი პრომაკოვმა მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიებაში და მისმა ვარაუდმა, რომ დაწესებული სანქციები თანდათანობით მოიხსნება, საქართველოს წარმომადგენლებს იმედი მისცა.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ესტუმრნენ: ევგენი პრიმაკოვი (რუსეთის სსპ-ის პრეზიდენტი), სერგეი სკრიპჩენკო (უკრაინის სსპ-ის პრეზიდენტი), ბორის პორფილევი (ყირგიზეთის სსპ-ის პრეზიდენტი), ვლადიმირ ბობროვი (ბელორუსიის სსპ-ის პრეზიდენტი), გეორგი კუკუ (მოლდოვეთის სსპ-ის პრეზიდენტი), ადილ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანის სსპ-ის ვიცე-პრეზიდენტი), შარიფ საიდოვი (ტაჯიკეთის სსპ-ის თავმჯდომარე), ერლან კოჟასბაი (ყაზახეთის სსპ-ის პრეზიდენტი), გაგიკ ვარდანიანი (სომხეთის სსპ-ის აღმასრულებელი დირექტორი) ილმურად მირზაკარიმოვი (უზბეკეთის სსპ-ის ვიცე-პრეზიდენტი) და დსთ-ის ქვეყნების სავაჭრო პალატების სხვა ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე ისაუბრეს ექსპორტზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საკითხებზე; მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებასა და ღვინის ექსპორტის გაფართოებაზე, ასევე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და სამედიატორი განხილვის სფეროში დსთ-ის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე. მიიღეს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სფეროში მუდმივად მოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს შესახებ დებულება. ასევე სხდომამ მიიღო მიმართვა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვეთისა და საქართველოს მთავრობებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისა და დამოწმების სრული უფლება მიენიჭოთ. ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას და დადგენილებას გამოფენა-ბაზრობების, საქმიანი ინფორმაციის, ექსპერტიზისა და ექსპერტების ატესტაციის შესახებ.
სხდომაზე თანამეგობრობის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემები განიხილეს. რა თქმა უნდა, სამსჯავროზე გამოიტანეს საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა – საქართველოში წარმოებული ღვინის რუსეთში ექსპორტირების საკითხი. მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტის ბატონ შოთა მაქაცარიას გამოსვლა. მან ქართული ღვინის ექსპორტში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წვლილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პალატის მეშვეობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – “ქართული ღვინის ექსპორტი, შესაძლებლობები, პერსპექტივები,” რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის და ჰოლანდიის ავტორიტეტული ექსპერტები. მათ ქართულ ღვინოს მაღალი შეფასება, მეღვინეებს კი მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს და მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებაში დახმარება აღუთქვეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა საქართველოს #1 ეროვნული პროდუქცია ძველ ბაზრებზე გაფართოვდეს და, რაც მთავარია, გაიზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა.
2005 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და საექსპორტო საქონელს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 1995 წლის იგივე მონაცემებთან შედარებით ღვინის ექსპორტი მხოლოდ 3.5 მლნ დოლარი იყო. რუსეთის ემბარგომ ქართული ღვინის წარმოებასა და მთლიანად ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა, რადგან ღვინის ექსპორტის 74% რუსეთის ფედერაციაზე, 10% – უკრაინაზე, 5% – ყაზახეთზე, 3% კი ბელორუსიაზე მოდიოდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეძლო პოტენციურად დაინტერესებულ ქვეყნებთან დაკავშირება და ვარშავაში, ასტანაში, რიგაში, ბაქოში, კიევში, დონეცკში, ვენაში, პეკინში, შანხაისა და სტამბულში ღვინის გამოფენების ორგანიზება. პალატამ უფრო მკაცრი სერტიფიკატების კრიტერიუმები დააწესა ღვინის პროდუქტებზე. საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ყოველი 6 ბოთლი “ქართული” ღვინიდან, რომელიც მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზარზე იყო წარდგენილი, მხოლოდ 1 იყო საქართველოში ჩამოსხმული, დანარჩენი კი – მის საზღვრებს გარეთ, ანუ პრობლემა ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ღვინის ფალსიფიკაცია არ იყო.
2006 წელმა ქართული ღვინის ექსპორტის 54%-ით შემცირება გამოიწვია, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია, თუ მას რუსეთის 74%-იან წილთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ მისი სხვა ბაზრებზე რეორიენტაცია მხოლოდ 20%-ით მოხერხდა. 40%-ით გაიზარდა უკრაინის ქართული ღვინით მომარაგება, ბელორუსიის – 106%-ით, პოლონეთის – 136%-ით, ყაზახეთის – 509%-ით. ქართული ღვინო გამოჩნდა ჩინეთსა და იაპონიაში, მიწოდება გაიზარდა ინგლისში, აშშ-ში, ბელგიაში, შვეიცარიასა და იტალიაშიც კი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის ბაზრისადმი ინტერესი გაუქრება (არსებობს კი ქვეყანა, რომელსაც ეს ბაზარი არ აინტერესებს?), ისევე როგორც რუს მომხმარებელს არ დაეკარგება ქართული ღვინისადმი ინტერესი.
შოთა მაქაცარიამ ხაზი გაუსვა რუსული ბიზნესის ინტერესს ქართული ღვინის წარმოებისა და მევენახეობის მიმართ, მან აღნიშნა, რომ “ქინძმარაული”, “ბადაგონი” და სხვა ცნობილი ბრენდები რუსული ფულით კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ რუსეთში ვერ აგემოვნებენ.
დსთ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტების საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ყაზახეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ერლან კოჟასბაი აირჩიეს. მანამდე მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2006 წელს მინსკში აირჩიეს. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2006 წელს დსთ-ს ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ტვირთბრუნვამ 147 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპერტი: პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრაზე ჭთO-ის მოლაპარაკებების ვადები დიდ გავლენას მოახდენს
WTO-ში რუსეთის გაწევრიანების მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების პეტერბურგში შეხვედრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, – განაცხადასაქართველოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, თსუ-ის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ REGNUM-ის კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის გერმან გრეფის განხადებაზე, რომ რუსეთის მსო-შო გაწევრიანება ზაფხული-შემოდგომის მონაკვეთში გადაწყდება.
ემზარ ჯგერენაიას აზრით, ეჭვსგარეშეა, რომ ვადების გადატანა საქართველოს თანხმობის არ არსებობის გამო მოხდა. რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი შეუთანხმებელი საკითხი არსებობს, მათ შორის, ორი არაკანონიერი საბაჟო გამშვები პუნქტის ლეგალიზებაა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს და რუსეთის მიერ ცალმხრივად შემორებული სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა.
“თუმცა, რუსეთს WTO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩილედანაც აქვს პრობლემები,” – აცხადებს ექსპერტი.
“პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის შედეგებზე ბევრი რამ იმ შემთხვევაში იქნება დამოკიდებული, თუ შეხვედრა კონკრეტულ შეთანხმებებს მოიტანს, რაც ეკონომიკურ საკითხებში ქვეყნების კონსტრუქციული დაახლოების და დაგროვილი პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის სტიმული იქნება. ჯერ ვარაუდების გამოთქმა თუ რა პირობებზე დათანხმდება საქართველო რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ ნაადრევია. ამ საკითხებზე ადგილობრივმა მუშა ჯგუფებმა უნდა იმუშაონ. მაგრამ თუ გადაწყვეტილება წმინდა ეკონომიკურ ხასიათს მიიღებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მხრიდან დათმობები არ იქნება. თუ ყველაფერს პოლიტიკური საკითხები დაემატება, მაშინ საქართველო კომპრომისებისთვის მზად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხზე მთელ ზაფხულს, ან 2007 წლის დარჩენილ პერიოდს გასტანს. ამრიგად რუსეთის ფედერაციის WTO-ში გაწევრიანება – თუ ამ ფაქტს ადგილი ექნება, 2008 წლამდე არ უნდა ვივარაუდოთ,” – აცხადებს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
სააგენტო REGNUM-ი
2007 წელი 9 ივნისი