ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში

რუსუდან პაჭკორია

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა განპირობებული იყო იმ ღრმა კრიზისით, რომელმაც მოიცვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლის და ამ პროცესის თანმდევი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 1992-1994 წლებში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და 1995 წელს ოფიციალურად განაცხადა ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესის დაწყების შესახებ.

ეს პროცესი მხარდაჭერილი იყო მსოფლიო ბანკის მიერ, რომელმაც საქართველოს მთავრობას გამოუყო 15 მილიონი აშშ დოლარი, სესხი ჯანდაცვის სექტორში სტრუქტურული და ხარისხობრივი გარდაქმნების განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისთვის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1995 წლის 7 ივნისის ბრძანებით, შეიქმნა ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდი. განისაზღვრა ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფოს მინიმალური გარანტიები, მისი უზრუნველყოფის დაფინანსების წყაროები – მიზნობრივი გადასახადების სახით, აკუმულირების მექანიზმები და ფინანსების მმართველი დაწესებულება.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 23 იანვრის #24/ო ბრძანებით შეიქმნა საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, რომელიც აწარმოებდა შემდეგი სახეობის დაზღვევებს: 1) 0-3 წლამდე ასაკის ბავშვები; 2) ინვალიდები; 3) იმ მოქალაქეების დაზღვევას, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სპეციალური სამედიცინო პროგრამები (ტუბერკულოზით, ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადების მქონე ადამიანები).

3

ჯანდაცვაში სახელმწიფო გარანტიები გარკვეულ ჩარჩოში მოექცა, ჩამოყალიბდა სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა. მაგრამ 2002 წელს გაუქმდა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია და მოხდა მისი შერწყმა “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან”. ახლადშექმნილი “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი” გამოცხადდა მის უფლებამონაცვლედ.

1995-2003 წლებისთვის, იმ მიზეზით, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო შემოსავლების სათანადო მიღება, შეკვეცილ იქნა როგორც ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო დანახარჯები, ასევე ჯანდაცვის სფეროს საჭიროებისთვის გათვალისწინებული დანახარჯებიც. ჯანდაცვის სფერო განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. (იხ. ცხრილი 1)

ჯანდაცვის ხარჯების შესრულება მხოლოდ 1996 და 2001 წელს იყო 90%-ზე მეტი. 1997 წელს, საქართველოს ეკონომიკის საუკეთესო წელს და 1999 წელს ჯანდაცვის ხარჯების შესრულება 1998 წელზე უარესი იყო. 2000 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა – დაფინანსებამ 80% მიაღწია. გაუმჯობესების ტენდენცია გრძელდებოდა 2001 წლამდე (გეგმიურის 90%). 2003 წელს სეკვესტრირებული ბიუჯეტის მაჩვენებლებიც კი დაფინანსდა 62 %-ით.

საკმაოდ მწირი იყო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დაფინანსებაც. ეს საკითხები აისახა გაეროს ჰუმანური განვითარების ანგარიშში. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ხარჯვითი ნაწილი საბიუჯეტო შეკვეცას დაექვემდებარა, ზოგ პროგრამაში ეს შეკვეცა საკმაოდ მწვავე იყო. მაგალითად, განსაკუთრებით შემცირდა ბავშვთა და სოფლის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ბიუჯეტი2.

სახელმწიფოს ვალდებულება მოსახლეობის წინაშე განისაზღვრება როგორც ჯანდაცვის ფედერალური პროგრამების ფუნქციონირებით, ასევე ადგილობრივი, მუნიციპალური ორგანოების ზრუნვით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტებიდან სოციალური სფეროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე იხ. ცხრილი #2).

4

2003 წელს მუნი&სჰყ;ციპალური პროგრამების საერთო დაფინანსების მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე 5,2 ლარს მიაღწია (2002 წელს – 5,1ლარი), ცენტრალური პროგრა&სჰყ;მების დანა&სჰყ;ხარჯებმა კი 13,5 ლარს (2002 წელს – 12,31 ლარი), სულ 18,7 ლარი, რაც 2002 წლის ანალოგიურ მონაცემებზე (17,36 ლარი) მხოლოდ 1,34 ლარით ანუ 7,7% ით მეტია. თუ ამას დავუმატებთ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ხარჯებს და პარალელური სამსახურების მიერ გაწეულ ხარჯებს, 2003 წელს სახელმწიფო ჯანდაცვაზე ხარჯავდა 19,74 ლარს ერთ სულ მოსახლეზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოსახლეობის მინიმალურად აუცილებელი სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობისათვის საჭირო ხარჯები წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 34 დოლარი, ანუ სახელმწიფო დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე სულ მცირე 70 ლარი მაინც უნდა იყოს3.

პარალელურად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯანმრთელობის დაცვის სისტემები უშიშროების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებსა და სამთავრობო დაცვაში. ამ ხარჯების საშუალო წლიური მოცულობა არ ცვალებადობს 5-8 მილიონის ფარგლებში.

2004-2005 წწ. ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გაუმჯობესებამ სახელმწიფოს საშუალება მისცა მთლიანად დაეფინანსებინა ჯანდაცვისთვის დაგეგმილი ხარჯები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სისტემის ფინანსურმა რეფორმამ აქამდე ვერ შეძლო სწორად ემართა ჯიბიდან გადახდილი მზარდი თანხები, რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის მოსახლეობას და განსაკუთრებით ღარიბებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი აღურიცხავია და წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის შემოსავალს. ჯანდაცვაზე გაუთვალისწინებელი ხარჯები ქვეყანაში მრავალი ოჯახისთვის სიღარიბის მნიშვნელოვან რისკს უკავშირდება. საქართველოს შინამეურნეობათა 2001 წლის კვლევის მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ოჯახთა 33% იძულებულია გასწიოს დანახარჯები, რომლებიც 20%-ით აღემატება მათ შემოსავალს. სტაციონარული დახმარების მიმღებ ოჯახთა 55% აფიქსირებს ჯანდაცვაზე დანახარჯებს, რომლებიც 20%-ით აღემატება მათ შემოსავალს, რაც 10%-ით ზრდის ღარიბების რაოდენობას. 2001-2002 წწ. შინამეურნეობების კვლევათა მიხედვით, ავად გამხდარი მოსახლეობის 40%-მა თბილისში და 30%-მა დანარჩენ სოფლებსა და ქალაქებში უარი თქვა სამედიცინო დახმარების მიმართვაზე. ბოლო შეფასებების მიხედვით საქართველოში ჯიბიდან დაფარული ჯანდაცვის გადასახადების საერთო დანახარჯიდან პროცენტული წილი 66%-დან 87%-მდე მერყეობს. პოლიკლინიკებში ერთ სულ მოსახლეზე წლიური მიმართვის დონე 2003 წელს 6,5-დან 1,2% მდე დაეცა4.

ძნელია შეფასდეს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. სახელმწიფოს მიერ, მოსახლეობისთვის შეთავაზებული სახელმწიფო/საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებული, სტანდარტული პაკეტი მოცულობით ძალზე მცირეა. ამასთან, დღეს საქართველოში ეკონომიკური განვითარების დონე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ფინანსდებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს (ბიუჯეტი, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი) ან მხოლოდ საზოგადოების (სოციალური გადასახადები) მიერ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უნდა შეიქმნას დაბალანსებული სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პაკეტი, რომელიც, საშუალებას მისცემს მოსახლეობის ღარიბ ნაწილს ისარგებლოს სამედიცინო დახმარებით. მნიშვნელოვანი დანაზოგების მიღება შეიძლება ჯანდაცვის სექტორის კონსოლიდირებით და ჯანდაცვაში არაფორმალური დაფინანსების სექტორის შემცირებით.