საარსებო მინიმუმის კვეცა მოსახლეობის მკვლელობაა
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
სასურსათო პრობლემისადმი საქართველოში დამკვიდრებული დამოკიდებულება და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლების არსებული პარამეტრები, არა მარტო საფრთხეს უქმნის ფიზიოლოგიური ნორმებით მოსახლეობის გამოკვებას, არამედ პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის შემდგომ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში და მთლიანობაში საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების პერსპექტივას.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში უხეშად ირღვეოდა სასურსათო უსაფრთხოების პრინციპები, სურსათის მოხმარების ნორმები და აქედან გამომდინარე, წლიდან წლამდე უარესდებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სრულფასოვანია სურსათი, თუ იგი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება. კერძოდ, ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში – 350 გრამს, ხორცი – 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი – 960 გრამს, კარტოფილი – 170 გრამს, ბოსტნეული – 370 გრამს, ხილი – 210 გრამს, თევზი – 50 გრამს, ცხიმი – 30 გრამს, შაქარი – 100 გრამს.
ეს ნორმები ემყარება საერთაშორისო ნორმებს და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის 70 კგ, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკაცისათვის (იგივეა 60 კგ წონის ქალისათვის) და შეადგენს 2800 კკალ დღეში. ეს მონაცემები, მართალია, პერიოდულად იცვლება ასაკის, წონის, გეოგრაფიული გარემოს და სხვა ფაქტორების გავლენით, მაგრამ არა არსებითად.
დღეს საკვების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ძალზე უხეშადაა დარღვეული. განსაკუთრებით დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება (ხორცის მოხმარება შემცირებულია – 2,5-3-ჯერ, თევზის – 4-5-ჯერ, რძის პროდუქტების 2 3-ჯერ), ცილოვანი დეფიციტი კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვების, მოზარდებისა და ხანდაზმულებისთვის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ხორცის მოხმარება (საშუალოდ) მოსახლეობის კვების რაციონში, გამოხატული კალორიებში, 3-5%-ს არ აღემატება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის კი – 1%-ს.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც თვითონ იყო ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი, 2-3-ჯერ ნაკლებს მოიხმარს ამ პროდუქციას, ვიდრე განვითარებული (იტალია, გერმანია და სხვა) და ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნები (რუსეთი, უკრაინა), რაც ჩვენი მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მსყიდველობითი უნარით უნდა აიხსნას.
საყურადღებოა პურისა და პურპროდუქტების (ბურღულეულის ჩათვლით) მოხმარების მაღალი მაჩვენებელი: მაგალითად, პურისა და პურპროდუქტების მოხმარება 1,8-2,0-ჯერ მეტია ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით, რის გამოც საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 62% პურპროდუქტებზე მოდის.
ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ძირითადად პურით იკვებება და დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების კომპენსაციას პურით ახდენს (განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი საკვებ რაციონში 12-15%-ს არ აღემატება). ასეთი დისბალანსი საკვებ რაციონში ბუნებრივია, პათოლოგიურ ცვლილებებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და სავალალო შედეგებს იწვევს, რაც გამოიხატება კიდეც ბოლო წლების სტატისტიკაში (განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ზოგადად, ქვეყანაში აღინიშნება ფატალური შედეგებით ავადობის მკვეთრი მატება).
საჭიროა აღინიშნოს, რომ 2009 წლის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს მწირი ინფორმაციაც კი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მდგომარეობის შესახებ, რადგან 2010 წლიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაუქმებულ იქნა მასთან არსებული “სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია” და ფაქტობრივად არ მიმდინარეობს არანაირი კვლევა და სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე.
აღსანიშნავია ის, რომ 2004-2011 წლებში ადგილი ჰქონდა სასურსათო პროდუქციის მოხმარების არა თუ შემდგომ გაზრდას და მდგომარეობის რამდენადმე გამოსწორებას, არამედ მოხდა პირიქით და მოხმარების მაჩვენებლები კიდევ უფრო დაშორდა ფიზიოლოგიურ ნორმებს, კერძოდ: ხორცი და ხორცპროდუქტები – თითქმის 2,5-ჯერ, რძე და რძის პროდუქტები – 2,7-ჯერ, ბოსტნეული – 2,5-ჯერ, კვერცხი – 2,7-ჯერ.
საქართველოს მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2150 კკალორიაზე ნაკლებს იღებს, ხოლო 22% კი კრიტიკულზე – (1800 კკალ-ზე) გაცილებით ნაკლებს – 1600 კკალორიას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ თვით რაციონის ხარისხობრივ შემადგენლობას და იმ ფაქტს, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კომენტარს აღარ საჭიროებს.
ყოველივე ეს მიანიშნებს მასზედ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქმე გვქონდა სასურსათო გენოციდთან, რასაც ნებსით თუ უნებლიედ ახორციელებდა ყოფილი ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს NATO-ს სოფლის მეურნეობის დაგეგმვის კომიტეტმა (FAPC), საქართველოს მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მაჩვენებლები საგანგაშოდ ჩათვალა და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მდგომარეობა საგანგებოდ შეაფასა, მიუთითა შესაბამის სასწრაფო ღონისძიებებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაშინდელმა ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და NATO-ს მიერ საგანგაშოდ შეფასებული, სურსათის მოხმარების მაჩვენებლები იმავე 2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებით N111-ნ დაამტკიცა “ნორმად” (სადაც სურსათის კალორიულობა შეფასებულია 2300 კკალ). ამ ბრძანების თანახმად, ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80 გრ/დღ ჩაითვალა “ნორმად”, რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. ხოლო პურის მოხმარების ნორმა – 350 გრამიდან გაზრდილია 400 გრამამდე დღეში.
ამრიგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა და მოხმარების მაჩვენებელიც ახალ “ნორმებს” დაუახლოვდა, ზოგიერთი პროდუქტისთვის გადააჭარბა კიდეც (რძე და რძის ნაწარმი). ასე მარტივად “მოგვარდა” სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე და ამ ე.წ. “ნორმების” მიხედვით ჩვენი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების ვიზუალური სურათი “არც თუ ისე სავალალოდ” გამოჩნდა.
ასევე საინტერესოა 2011 წლის ივნისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ (www.choosemyplate.gov) გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდებული ნორმები. მათთან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული “ახალი ნორმების” შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წ.) განსაზღვრული ნორმა ბევრად ჩამორჩება არა მარტო იგივე კატეგორიის აშშ-ის მოქალაქისთვის რეკომენდებულ ნორმას (კერძოდ, ხორცზე – 2,3-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე – 3,2-ჯერ, ბოსტნეულზე – 3,2-ჯერ, ხილზე – 2,3-ჯერ რაც, ბუნებრივია, გაკვირვებას არ იწვევს, რადგან 2003 წლამდე ჩვენთან არსებულ ნორმებთან შედარებითაც იგივე სურათია), არამედ ნაკლებია 3,5-4 წლის ბავშვის ნორმაზეც კი (შ. ჩხეიძე).
როგორც აღნიშნული ბრძანების სათაურიდან (“საკვებ ნივთიერებათა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ”) ირკვევა, აღნიშნული ღონისძიების გატარება ძირითადად ე.წ. “სასურსათო კალათის” ღირებულების შემცირების მიზნით მოხდა, რათა შემცირებულიყო ე.წ. “საარსებო მინიმუმის” ღირებულება, როგორმე დაახლოებოდა მოსახლეობისთვის გაცემულ პენსიებსა თუ სხვა შემწეობებს. ამ მიზნით სასურსათო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირდა ძვირადღირებული პროდუქციის ჩამონათვალი და გაიზარდა შედარებით იაფი პროდუქციის რიცხვი.
სამწუხაროდ, ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვით და გამოსწორებით დღემდე არც ახალი მთავრობა დაინტერესებულა და სასურსათო კალათას და მისგან გამომდინარე საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობს (ზოგადად სასურველი იქნებოდა სურსათის მოხმარების ნორმები იცვლებოდეს არა მთავრობის ცვლასთან ერთად, არამედ ზაფხულ-შემოდგომის და ზამთარ-გაზაფხულის პერიოდების მიხედვით).
ეს “ახალი სასურსათო კალათა” 2014 წლის აპრილის მდგომარეობით 108.92 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს იძლევა, რაც მაინც მიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.
ჩვენს მიერ (პ. კოღუაშვილი, მედიცინის დოქტორი დ. კეზელი, ეკონომიკის დოქტორი გ. ზიბზიბაძე) პრობლემის სპეციალური შესწავლით (რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდიკას ეყრდნობა) დადგინდა, რომ საქართველოში საარსებოდ მიღებული მინიმალური ნორმის შესაბამისი სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 156 ლარია, რომელიც 30.2 პროცენტით აღემატება ოფიციალურად მიღებულ – 108.92 ლარს.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ხორციელდება ე.წ. ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე – მიჩნეულია, რომ სურსათის წილი ამ მაჩვენებელში უნდა შეადგენდეს 70 პროცენტს (რაც არასწორია, რადგან ადამიანს, როგორც გონიერ არსებას სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია. განვითარებული მსოფლიოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ ეს მაჩვენებელი საარსებო მინიმუმში 15-30% ფარგლებში უნდა მერყეობდეს), დანარჩენი 30 პროცენტით კი უნდა დაიფაროს ყველა სხვა ხარჯი, მათ შორის არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ღირებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულება – 222.85 (156+66.85) ლარი, 1,43-ჯერ მეტი იქნება დადგენილ – 155.6 (108.92+46.68) ლარზე თვეში. სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯების გათანაბრების (0.5/0.5) შემთხვევაში (რაც სწორი და სავსებით მისაღები გადაწყვეტილება იქნება), საარსებო მინიმუმის ღირებულება 312 (156+156) ლარს გაუტოლდება (ცნობისათვის, ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში – 328 ლარია, სომხეთში – 230 ლარი, რუსეთში – 390 ლარი, ესტონეთში – 520 ევრო, სლოვენიაში – 830 ევრო, აშშ-ში 902,5 დოლარი, ნორვეგიაში – 2100 ევრო).
2006 წლის შემდეგ საარსებო მინიმუმის ამჟამად მოქმედ მეთოდოლოგიაზე გადასვლისას მყისიერად, 30 პროცენტით შემცირდა მისი ღირებულება (დაბალანსებული კვების რაციონის ნაცვლად ნორმატიულ ბაზაში შეტანილ იქნა შედარებით ნაკლებად ღირებული კვების პროდუქტები, ანუ მაქსიმალურად შეიზღუდა ცხოველური წარმომავლობის კვების პროდუქტების წილი). აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის ახლანდელ კალათაში სურსათის კალორიულობა შეფასებულია 2300 კკალ-ის დონეზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ ნორმაზე (2450 კკალ) საგრძნობლად ნაკლებია. ჩვენს მირ შესრულებული გაანგარიშება ამ უკანასკვნელ ნორმას ემყარება.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საარსებო მინიმუმში სურსათისა და დანარჩენი სამომხმარებლო საქონლის თანაფარდობა პროპორციით 0.7/0.3. ეს პროპორცია სასწრაფოდაა შესაცვლელი – უნდა მკვეთრად შემცირდეს სასურსათო კომპონენტის წილი და გაიზარდოს არასასურსათო კომპონენტის წილი (ეს იმ დროს, როდესაც ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი წლიდან წლამდე მცირდება და ამჟამად 30 პროცენტს არ აღემატება). ამ შემთხვევაში, თვით ამჟამად მოქმედი მინიმალური სასურსათო ნორმისა და სადღეღამისო კალორიულობის შენარჩუნების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საარსებო მინიმუმის ღირებულება (108.92+108.92 =217.84 ლარი).
აღნიშნული ცვლილებით საარსებო მინიმუმის ღირებულება საგრძნობლად მიუახლოვდება მის ფაქტობრივ დონეს, ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება აგრეთვე ამჟამად კატასტროფულად დაშორებული „საარსებო მინიმუმისა“ და „სიღარიბის“ ცნებათა შინაარსობრივ დაახლოებისაკენ.
დასკვნის მაგიერ. მიმაჩნია, რომ მოსახლეობის საარსებო მინიმუმი (სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯები) რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის საარსებო მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთი მიდგომის განხორციელების შემდეგ შეიძლება საუბარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე, რაც კვების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების და, უპირველესად, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებაში უნდა გამოიხატოს.