ის რაც არ უთქვამთ ბუშის ვიზიტის დროს

რედაქციისაგან

მიუხედავად ამისა, რუსეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათგან უმთავრესია: ა) რეგიონალური – უმართავია ბევრი რეგიონი, არ მთავრდება ომი ჩეჩნეთში; ბ) განვითარების რეგიონალური დისბალანსი – მთელ ციმბირში სულ ცხოვრობს 20 მილიონი ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის 12%-ია. ძირითადად ვითარდება მოსკოვი და მოსკოვის ოლქი პლუს პეტერბურგი.

რეგიონებში წარმოება, გარდა რესურსების მოპოვებისა, გაჩერებულია და მოსახლეობა დაუსაქმებელი. გ) კატასტროფულია დემოგრაფიული სიტუაციაც – აბორიგენ მოსახლეობაში აშკარა კლებაა, მაშინ, როცა ემიგრანტთა ნაკადი იზრდება, განსაკუთრებით ჩინეთიდან; დ) საერთოდ არ ვითარდება მაღალტექნოლოგიური დარგები და, ამ მხრივ, ის ბევრად არ განსხვავდება სსრ კავშირისგან; ე) ჯარის რეფორმირების შემდგომ დაუსაქმებელი დარჩა საკმაოდ დიდი კონტინგენტი სამხედროებისა. ვინც დასაქმებულია, ისიც ელემენტარულ ანაზღაურებას იღებს; ვ) ინფლაციის ტემპი მაღალია და ბოლო ხანებში საწვავზე ფასიც საგრძნობლად გაიზარდა. არ შედგა პუტინის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სასწაული, არ გაორმაგდა მშპ-ი. დაძაბულ სოციალურ სიტუაციას დაემატა პოლიტიკურიც. Pპუტინის დასაყრდენი “ედინაია როსია” კრიზისშია ის – იშლება მემარცხენეებად და მემარჯვენეებად. ცენტრისტებმაც გამოყვეს თავი, და თუ პარტია ბოლომდე არ დაიშალა, იმიტომ რომ კიდევ ფსბ-უჭირავს. ბოლო გამოკითხვის მონაცემებით, მოსახლეობის 80 პროცენტი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული რეფორმების წინააღმდეგია. მემარჯვენეებს მხარს უჭერს მოსახლეობის 8-9 პროცენტი. არჩევნებამდე 1.5 წლით ადრე ასეთი ძალთა განლაგება პოლიტიკოსებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თანაც, აქტიურად იხილავენ საკითხს – პუტინი მესამე ვადით და ჯანდაბას მსოფლიო აზრი – მემკვიდრის მიერ პრეზიდენტის ტატამზე მოგვერდით დაგდება, როგორც ეს თავის დროზე ელცინმა გააკეთა.

ამ სიტუაციაში პუტინს სჭირდება უაღრესად დაცემული რეიტინგის აწევა, ან 1) ეკონომიკური ბუმის ბაზაზე, რაც მიუხედავად ნავთობფასებით გამოწვეული დოლარცვენისა ვერ ხერხდება, ან 2) რეგიონალური პოლიტიკის გადაჭრით, როგორც თავის დროზე ჩეჩნეთის ომი იყო, ან 3) აგრესიული საგარეო პოლიტიკით, რომელიც გულს მოჰფხანს დერჟავულად განწყობილ ელექტორატს. არჩევანის სიმწირის გამო პუტინის კაბინეტი ცდილობს საგარეო პოლიტიკის კოზირის გათამაშებას ხან ჩინეთ-იაპონიის საკითხს წამოწევს წინ, მაგრამ ტერიტორიულ პრობლემებში “იჭედება”, ხან ევროპა-ამერიკას შორის დაბალანსებას ებღაუჭება და აქაც აშშ უშლის – თვითონ აბალანსებს. რუსეთის როლი ისრაელ-არაბთა კონფლიქტში შესუსტდა არაფატის – მისი მოკავშირის სიკვდილის შემდგომ და ახლა ყოფილი სსრ კავშირის წევრ ქვეყნებთან დომინანტის როლის თამაშით ცდილობს თავისი რეიტინგის აწევას.

მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ბალტიისპირეთი, საქართველო და უკრაინა მოლდავეთთან და ყირგიზეთთან ერთად, მას ჯერ კიდევ ბევრი კოზირი აქვს. ეს არის 1. სამხედრო ბაზები ამ ქვეყნებში; 2.სამშვიდობო ოპერაციები აქვე ცხელ ზონებში და 3.ეკონომიკური ბერკეტები, როცა ამ კატეგორიის ბევრი ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა და საქართველო მიბმულია მის ენერგობაზარზე და საგარეო ვაჭრობის დიდი ნაწილი ამ ქვეყნებისა რუსეთზე მოდის (საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60%, უკრაინის 70%).

რუსეთს ამ ასპარეზზე სურს, და სრულიად ბუნებრივად, კაპიტალის დაგროვება და რეიტინგის ამაღლება. პუტინს მარტო გამარჯვების 60 წლისთავის ზეიმი და სტალინის დაფნის გვირგვინის მორგება არ შველის – ამით რუსეთს ვერც დააპურებს და ვერც დერჟავულ ელექტორატს გაახარებს ძალიან. პირიქით, უღვიძებს ნოსტალგიას დერჟავაზე, რომელიც აღარასოდეს არ დაბრუნდება და თვითონ უფრო უსუსურად გამოიყურება ამ ფონზე. ამიტომ, პუტინის კაბინეტი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ამ ქვეყნებს და ე.წ. ახლო საზღვარგარეთს. ამასთან, ამ ქვეყნებში ლიდერებად რჩებიან ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წევრები, რომლებიც ცეკას მდივნებიდან ბელადებად და პუტინის დასაყრდენებად იქცნენ. აქ ერთი კითხვის ნიშანი – აშშ-ის აქტიური პოლიტიკაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს: 1. ეკონომიკურად ეს ქვეყნები არ იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულები, 2. გააყვანინოს რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ჯარები და 3. შეცვალოს ბელადების ხელისუფლება ახალი პროამერიკული, დემოკრატიული მმართველობით, რომელთა მიზანი ნატოსთან ინტეგრაცია იქნება.

ამ ფონზე, პუტინისათვის ძალზე მტკივნეული იყო აშშ შტატების პრეზიდენტის უპრეცედენტო ვიზიტი ბალტიისპირეთში და განსაკუთრებით საქართველოში. ბუნებრივია, მათთვის სრულიად მიუღებელი იყო თვით ფორმაც – ძალზე მეგობრული და ამაღლებული, როცა მთელ მსოფლიოში იყო ქართული კულტურის ზეობა, მსოფლიომ ნახა რა არის ეს ქვეყანა და ვინ არიან საქართველოს მოქალაქეები. Mმსგავსი რეკლამის გაკეთებას ქვეყნისათვის ასეულობით მილიონები არ ეყოფოდა, თანაც დიდი მესიჯი იყო ინვესტორებისთვის – ეს ის საქართველო არ არის, მიუხედავად პრობლემებისა უკვე სტაბილური ქვეყანაა და თვით აშშ პრეზიდენტიც ათევს ღამეს და არ ერიდება აქ ყოფნას.

ბუშის გამოსვლაში მთავარია აშკარა აქცენტები საქართველოს მხარდაჭერაზე და მის როლზე არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო დემოკრატიის გამარჯვებაში. სააკაშვილის სიტყვა ღია ტექსტით, დასმული აქცენტებით და საქართველოზე, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ნაწილის როლზე – უზარმაზარი ინვესტიციაა. თუ შევაფასებთ ამ მოვლენის მარგი ქმედების კოეფიციენტს, ის ასობით მილიონ დოლარ ინვესტიციას აღემატება თავისი ეკონომიკური ეფექტით, ხოლო პოლიტიკურით – ახალი ერის დასაწყისია. საქართველო, რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიო მასშტაბით უკვე სხვა ქვეყანაა.

ბუნებრივია, რუსეთი კონტრილეთებს აამუშავებს, რათა პუტინის ხელისუფლების “რეიტინგმეიქერი” – ბოლო კოზირი, ახლო საზღვარგარეთის კარტი, ბოლომდე გაათამაშოს, სანამ სხვა რამეს არ ნახავს თავისი პოლიტიკური რეიტინგის გადასარჩენად. ყველაზე რთული და გადამწყვეტი ახლა იწყება. ეს არის დაჭრილ დათვთან საბოლოო შერკინების ფასი. როგორი იქნება ეს ფასი – მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ფინალი რომ ახლოს არის ეს უეჭველია.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველოს შიდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია დამოკიდებულია მსოფლიო პოლიტიკის კონიუნქტურაზე. ამ კონიუნქტურას განსაზღვრავს: ა) ენერგო ბაზარზე არსებული რესურსთა გადანაწილების საკითხი, ბ) რუსეთის სამხედრო პოლიტიკური მანქანის (რომელიც ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მსოფლიოს) დამსხვრევის პრობლემა, გ) ურთიერთობა ჩინეთთან და აზიის მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებთან მათი პოტენციალის გამოყენების და კონტროლის კუთხით, დ) ეკოლოგიური უსაფრთხოების და ე) ისრაელ-არაბულ სახელმწიფოთა ჭიდილის გარდა დიქტატურის ქვეყნებში დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის დარეგულირების თემა. ამ პროცესების ავანგარდი – აშშ აშკარად გამოხატავს თავის დაინტერესებას საქართველოს მიმართ და ბუნებრივია ამ საკითხში კონფლიქტში მოდის რუსეთთან, რომელიც საქართველოს, ჯერ კიდევ, თავისი გავლენის სფეროდ თვლის. დღეს რუსეთი, ნავთობდოლარების გამო, ეკონომიკურად აღმავლობას განიცდის – სავალუტო რეზერვები უახლოვდება 150 მილიარდს, ბიუჯეტი პროფიციტური აქვს და საგარეო ვალებს, მათ შორის პარიზის კლუბისას, ვადამდე იხდის; ახორციელებს სოციალურ რეფორმებს და ახდენს საბაზრო ეკონომიკის მრავალი ბერკეტის ინპლანტაციას თავის ეკონომიკაში. ამასთან, რუსეთი ცდილობს ელცინის დროს სხვადასხვა კლანების მიერ დარიგებული სტრატეგიული ბიზნესი და, მათ შორის ნავთობი, დაიბრუნოს უკან. თუმცა, გაურბის პირდაპირ ნაციონალიზაციას, რადგან პრეტენზია აქვს დემოკრატიის მშენებელი ქვეყნის იმიჯზე, მაგრამ არ ერიდება “იუკოსის” გაკოტრებას, “როსნეფტის” და “გაზპრომის” შერწყმას და ამ უკანასკნელში სახელმწიფოს წილის გაზრდას.