არასატარიფო ბარიერების ტყვეობაში – ევროპასთან ურთიერთობის პრობლემები
ნინო არველაძე
ევროკავშირისკენ მივისწრაფით, მხოლოდ არსებული პრობლემების გამო ამ სვლას “სწრაფვას” ნამდვილად ვერ დავარქმევთ. უკვე მერამდენე წელია, საქართველო თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარონიზების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროკავშირიდან მოვლენილი წარმომადგენლები კი მუდმივად მიგვითითებენ ხარვეზებზე, რომლებიც თითქმის უცვლელია: სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი, სტანდარტიზაცია, შრომის კოდექსი, კონკურენცია, ხარისხის დამადასტურებელი სისტემის გამართვა და ა.შ.
რა არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი?
ოც ნოემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ფორუმი, რომლის მიზანია, განისაზღვროს, თუ რამდენად მზად არის საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად.
ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში საქართველო ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც საზოგადოებაში პრაღის დოკუმენტის სახელით არის ცნობილი. 2009 წლის 7 მაისს პრაღაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დამფუძნებელი სამიტი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინიციატივაში მონაწილე აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი) წარმომადგენლები. სამიტზე მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს ინიციატივის განხორციელების ძირითად პრიციპებსა და პირობებს. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სპეციფიკური, აღმოსავლეთ თანამშრომლობის განვითარებით. “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების ერთგულებას, როგორიც არის სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, საბაზრო ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და კარგი მმართველობა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საგანს არა მარტო საბაჟო ტარიფები, არამედ ევროკავშირთან ვაჭრობაში მთელი რიგი არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრა წარმოადგენს. შეთანხმება ისეთ საკითხებს შეეხება, როგორი არის ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სურსათის უვნებლობის, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები, საბაჟო, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა და ა.შ
საქართველოში ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ფრანსუა მასულიე ქართულ მხარეს კიდევ ახსენებს, რომ ევროპის კავშირის მკაცრ ბაზარზე დასამკვიდრებლად მისი მკაცრი წესების დაცვა აუცილებელია.
ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლაუდიოს მანიოკასმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტექნიკური რეგულაციების რეგლამენტის შესახებ ისაუბრა:
ტექნიკური რეგულაციები ეხება სხვადასხვა პროდუქტებსა და მომსახურების სტანდარტებს/მახასიათებლებს, რომლებიც სავალდებულოა და საზოგადოების ინტერესების, მომხმარებლის ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.
1985 წლის 7 მაისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეზოლუცია “ტექნიკური ჰარმონიზაციისა და სტანდარტებისადმი “ახალი მიდგომის”” შესახებ, მან დასაბამი დაუდო ახალ ევროპულ პოლიტიკას, რომელიც იყენებს სტანდარტიზაციას კანონმდებლობის მხარდასაჭერად და ქმნის სისტემურ მიდგომას ტექნიკური კანონმდებლობის დასაპროექტებლად. ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ დადგენილი ჰარმონიზებული სტანდარტები საზღვრავენ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ემორჩილება რეზოლუციაში ჩადებულ აუცილებელ მოთხოვნებს.
ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, აღმოსავლეთ ქვეყნების პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ თვითონ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში შემავალ ქვეყნებს ექნებათ ურთიერთკავშირის განსაკუთრებული პოლიტიკა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის კავშირის წარმომადგენლები სწორედ ამ ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას.
ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას აზრით, დიდი შეცდომაა ის ფაქტი, რომ სამი წლის წინ მიღებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი საქართველოს ვალდებულებები, ჯეროვნად არ გაანალიზდა. “სამოქმედო გეგმაში იყო საკითხები, რომელთა გადაჭრაც არსებულ ხელისუფლებას შეეძლო, რადგან მაშინ ამის რესურსი არსებობდა. მიუხედავად ამისა, სამოქმედო გეგმა გადაიფარა პრაღის დოკუმენტით, ეს იგივეა საშემოდგომო გამოყოლილ მოსწავლებს ახალი და რთული დავალებები რომ მისცე”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია. მისი აზრით, საქართველოსთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ბიზნესის გეოგრაფიის რთული ცვლილება, რომელიც გამოწვეულია უმწვავესი პრობლემით – არასატარიფო ბარიერებით, რაც ქართული ბიზნესისათვის უზარმაზარი ტვირთია. ექსპერტი მიუთითებს სურსათის უვნებლობის კანონზე, რომელიც გადავადებულია. საქართველოში კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემის (HACCIP) არარსებობის გამო საქართველოში ნაწარმ პროდუქტს ევროპის ბაზრის ხილვა არ უწერია. საქართველომ მსო-სთან ხელმოწერილი შეთანხმებით “უარყო”” ჩაის სექტორის დახმარება, მსოფლიოში კი 1კგ ჩაის ფასმა 4 აშშ დოლარს მიაღწია. ლიბერალიზაციის დროში საქართველომ ბაზრის დაცვას საერთოდ თავი დაანება და შედეგად ქართული ბაზარი უხარისხო ჩაიმ დაიპყრო, თუმცა ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ სატარიფო ბარიერის შემოღების მომხრე არ არის და საქართველომ ზომები არასატარიფო ბარიერით უნდა მიიღოს. არასატარიფო ბარიერის თემა ეკონომიკის ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უშლის ქართული ბიზნესის განვითარებას. ექსპერტი საქართველოსადმი ევროკავშირის დამოკიდებულებასაც ეხება და იმ ფაქტს იხსენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საფუძვლიანად მომზადდა, ევროპელები ქვეყნის ტექნოპარკებს აფინანსებდნენ.
საქართველოს არც გამოცდილება აქვს და არც თანხა, მაგრამ ევროკავშირს შეუძლია საქართველოში შექმნას ტექნიკური პარკები, ბიზნესინკუბატორები, რაც ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გაუადვილებდა.
ევროპის კავშირში საქართველოს ნაწარმის ექსპორტის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. საკუთრებითი რისკების მართვის და კონკურენტუნარიანი, ღია ბაზრის ჩამოყალიბების კუთხით თითქმის არაფერი კეთდება, რასაც მოწმობს ბაზრის მონოპოლიზმის და სახელმწიფო ჩარევის მაღალი დონე, მოიკოჭლებს სასამართლო სისტემა, რასაც ადასტურებს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავებზე გრძელი რიგები. კანონმდებლობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპას ბევრ ასპექტში შეესაბამება, მაგრამ შეუსრულებელი კანონი აზრს კარგავს. მაგალითად, არ შეიძლება მაღაზიის დალუქვა ერთ კვირაზე მეტ ხანს, თბილისში ვნახავთ, რომ ბევრი მაღაზია ფინანსური პოლიციის მიერ თითქმის თვეების განმავლობაშია დალუქული, აცხადებს ემზარ ჯგერენაია. “ეს უკვე კანონის არეშესრულების ნებაა, რომელიც უშუალოდ მიბმულია არბიტრაჟის საკითხზე, რასაც ევროკავშირი მოითხოვს””, – აცხადებს ექსპერტი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ემზარ ჯგერენაია ამახვილებს ყურადღებას, საგადასახადო სამსახურის მხრიდან საკუთრების დაცვის პრობლემაა, რაც ყველა ინვესტორს განსაკუთრებულად აინტერესებს. სასამართლოში კომერციული დავების პრობლემები, კომერციული დასჯადობა, სამოქალაქო კოდექსის ნაწილი (შრომის კოდექსი) არ იხილება. შრომის კოდექსში აუცილებელი ცვლილებები არ ხორციელდება.
“კარგი იქნებოდა, მომხდარიყო წინა სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი, განხილულიყო – რა შესრულდა, რა არა და რა იყო ამის მიზეზი. აფრიკელ ინვესტორს საქართველოს ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ. მთავარია, აღმოიფხვრას სიმბოლიზმი, საქართველოში თითქმის ყველა რეფორმაზე მიიღებთ პასუხს, რომ ევროპული სტანდარტებით ხორციელდება, მაგრამ ხშირად ეს იმდენად უხარისხო, სიმბოლურია, რომ შედეგი არ მოაქვს. საერთოდ, იქნებ გაწერილი დავალებები საქართველოსთვის შეუსრულებელი მისიაა და ევროპამ სხვანაირი მიდგომა უნდა გამონახოს – საქართველოში ინსტუტციონალურ-პროგრამულ რეფორმირებაში ისევე ჩადოს ფული, როგორც ეს პოლონეთის მაგალითზე მოხდა””, – დასძენს ემზარ ჯგერენაია.
ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგია. გამოიკვეთა საჭიროება, გაიყოს მიდგომები ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ მეზობლებისადმი. შვედურ-პოლონური ერთობლივი ინიციატივით შემოიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. პოლიტიკა ორიენტებულია ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებაზე. მიმდინარეობს თანამშრომლობა შემდეგ საკითხებზე: სტაბილურობა, კარგი მმართველობა, უსაფრთხოების ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტაკასთან დაახლოება, ადამიანებს შორის კონტაქტები და ენერგეტიკია. აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის ფარგლებში, ორმხრივ ფორმატში, გათვალისწინებულია ასოცირებული ხელშეკრულებების გაფორმება ყოფილი საბჭოთა კავშირის 6 ქვეყანასთან: საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა. შექმილია ოთხი თემატური პლატფორმა, სადაც მონაწილეობს ყველა პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და 6 პარტნიორი სახელმწიფო ანუ მიმდინარეობს თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებს შორის. ეკონომიკური ინტეგრაციის და ენერგეტიკის პლატფორმის ფარგლებში შეხვედრები უკვე ჩატარდა. მთავრობებმა უკვე შეიმუშავეს რეკომენდაციები და დასახეს თანამშრომლობის მიმართულებები. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით თანამეგობრობის ქვეყნები განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვას აპირებენ. ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა ფორუმი, სადაც მიწვეულია სამოქალაქო საზოგადოება. გამოკვეთილია ოთხი თემატური პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების არასავალდებულო რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომლებიც მთავრობებსა და ოფიციალურ მხარეებს მიეწოდებათ. სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია, კარგად წარმოადგინოს ის საჭიროებები, რაც რეალურად აწუხებს ქვეყანას. კახა გოგოლაშვილი ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების პლატფორმას წარმოადგენს. პლატფორმასთან თანამშრომლობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროში, ვაჭრობის საკითხებზე მუშაობენ, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, მეწარმეთა კავშირის წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ა.შ. მათ მიერ შემუშავებულ სამგვერდიან რეკომენდაციებს, რომლებიც ფორუმმა დაამტკიცა, 8 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე წარადგენენ.
საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკას განვითარებაში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ხელს უშლის არასატარიფო ბარიერები. სახელმწიფოს ნების გარეშე ქართულ ბიზნესს განვითარება არ უწერია. ევროპის კავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხშირად უწერენ მაღალ ქულებს, მაგრამ პრობლემები კვლავ უცვლელია. იქნებ, სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს, ჯეროვნად წარმოადგინოს საქართველოს წინაშე მდგარი რეალური პრობლემები და ევროპას შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმაროს.