“საუნა ბელთი” თუ საუნა ბლეფი

რედაქციისგან

საქართველოს ცხოვრებაში ბევრია სიახლე და მათ შორის მნიშვნელოვანია ახალი ვაჭრობის სტილი, ანუ საქონლის შეძენა ტელეეთერის და ინტერნეტის არხით. მოქალაქეებს თავისუფლებასთან ერთად მიართვეს პასუხისმგებლობის ხურჯინი, როცა მან თვითონ უნდა გაარკვიოს – რა არის ცუდი და კარგი და პასუხი აგოს თავის არჩევანზე. Mმაგრამ რა ქნას მოქალაქემ, როცა მას მუდმივად დიდი დოზით ტელეეთერით და ინტერნეტ საიტებით “ბომბავენ” იმის თაობაზე, რომ: აი სასწაული აღმოაჩინეს, რომ საღეჭი რეზინა ორბიტი საერთოდ აშორებს კარიესს.

უფრო მეტიც, ეგრევე შეაბამს ქალებს, რომ კბილის პასტა ისე ათეთრებს კბილებს, რომ მისმა სიკაშკაშემ შეიძლება დაგაბრმავოს და შეიძლება ისეთი მინიატურული ფოტოაპარატი იყიდო 76 ლარად, რომელიც ჯობია 3.2, 5.2, 7.1 მეგაპიქსელიან ფოტოაპარატებს, რომ შეიძლება ერთ თვეში დიეტის და შიმშილის გარეშე შვარცენეგერის და კლაუდია შიფერის ტანი დაიყენო, რისი მიღწევაც 12 დღეში ძნელია, როცა მთელი ცხოვრება ცდილობ და იტანჯები დიეტებით, შვებას იგრძნობ, როცა ვიღაცამ საოცრება გამოიგონა, “ფიტნეს ფამფი” ან რაღაც ქამარი და მორჩა – თქვენი ოცნება ახდა. არადა, კაცობრიობას რაციონალური კვების, ფიზიკური დატვირთვის და რეჟიმული ცხოვრების გარდა ფიგურის დასაყენებლად ჯერ არ გამოუგონია სხვა რამ. ვიცით, ბატონო, ყველამ, მაგრამ რა ვქნათ, როცა გვაბრუებენ ზომბირებას გვიკეთებენ, ჩვენს ემოციებზე თამაშობენ და ჩვენც გვინდა გვჯეროდეს და ამიტომაც ვიტყუებთ თავს.

მერე? მერე ყველაფერი თავიდან იწყება, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური საჩივრებით გაივსო – რომ საუნა ბელთი სისულელეა და მაშინვე Fფუჭდება, რომ ძვრება ყველაფერი და თითქმის არანაირი ეფექტი არა აქვს, რომ მინი ფოტოაპარატი უვარგისია… მოტყუებულ ხალხს ამ ფირმაში, რომლის ოფისი თვალით არავის უნახავს, არც ელაპარაკებიან, მარტო მათი ტელეფონია ცნობილი და როგორც ეტყვი, რომ პრეტენზია გაქვს – უფროსს დაგალაპარაკებთო, – გეუბნებიან და მაშინვე გითიშავენ ტელეფონს. დადის ასე მოტყუებული ხალხი და ჩივის, არის თუ არა ეს მართებული რეკლამა? ასევე შეიძლება ითქვას კბილის პასტების, საღეჭი რეზინების და ა.შ. რეკლამებზე, სადაც ფანტასტიკური რამეებია ჩადებული, რომ თორმეტი ექიმი თქვენს კბილზე ზრუნავს. იგივე ითქმის “ორბიტზე,” რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ეს მთელ ევროპაში მიღებული მარკეტინგული მეთოდია, არადა ხალხი ხომ ტყუვდება?.. და მაინც, “საუნა ბელთია” თუ “საუნა ბლეფი” – თქვენ როგორ ფიქრობთ?