როდის მოიტანს ფულს ქართული მოდის ინდუსტრია
მაკა ღანიაშვილი
2010 წლის მარტს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, პირველი “ქართული მოდის კვირეული 2010″ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა, უკრაინელმა, ფრანგმა და იტალიელმა მოდელებმა 18 დიზაინერის ნამუშევრები წარადგინეს. გარდა ქართველი დიზაინერებისა, საქართველოში საკუთარი კოლექციები ჩამოიტანეს ესპანელმა და ფრანგმა დიზაინერებმა. ეს იყო პირველი მასშტაბური მოვლენა ქართული მოდის სამყაროში. მისი გამართვის ინიციატივა სამოდელო სააგანტო ნატალის” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ფეშენ გრუპის” პრეზიდენტს, ნატა სამადაშვილს ეკუთვნის. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, ღონისძიების ორგანიზებაში მათ დიდი დახმარება აღმოუჩინა მთავრობამ და განსაკუთრებით კულტურის სამინისტრომ, ასევე, ბიზნეს-ორგანიზაციებმაც. ქართული მოდის მეორე კვირეული გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.
სამოდელო სახლ ნატალის” ხელმძღვანელი, ნატა სამადაშვილი ქართული ბაზრის სიმცირეზე საუბრობს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი მოდის ამიერკავკასიის ცენტრად იქცეს. აზერბაიჯანსა და სომხეთში სამოდელო ბიზნესი ვერ განვითარდა. ჩვენთან კი ამ სფეროსადმი დამოკიდებულება შეიცვალა და პერსპექტივებიც მეტია… ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ეს ბიზნესი მომიჯნავე ბიზნესების – ბუტიკების, აქსესუარების მაღაზიების გახსნით უნდა განვითარდეს. ვცდილობ, გამოვაფხიზლო” ეს სფერო და სწორედ ამას ემსახურება ფეშენ ვიქები” – აცხადებს ნატა სამადაშვილი.
საინტერესოა, რა ხდება რეალურად ქართული მოდის ინდუსტრიაში? რითი არსებობს ის “ივენთიდან” “ივენთამდე”? რა პირობებში უწევთ ქართველ დიზაინერებს მუშაობა და რას უჩივიან ისინი განსაკუთრებით. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “საქართველოს ეკონომიკა” ცნობილი მოდის სახლების წარმომადგენლებს ესტუმრა. ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუებს მოდის სახლ “ავთანდილის” მენეჯერ ზურაბ მგალობლიშვილთან და დიზაინერ თამუნა ინგოროყვასთან.
ზურაბ მგალობლიშვილი, მოდის სახლ “ავთანდილის” მენეჯერი: შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრია საქართველოში ახლა იწყებს განვითარებას და, იმედია, სწორი მიმართულებით განვითარდება. პირველ რიგში, აუცილებელია დიდი სამომხმარებლო ბაზარი, ამისათვის კი საჭიროა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ამაღლება, რაც დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში დაბალია. საქართველოში მოდის სექტორში დაწყებული პროცესები თუ სწორად განვითარდება, შესაძლებელია, რომ მოდის ინდუსტრია, როგორც ბიზნესი განვითარდეს.
ს.ე. – რამდენად არიან ინვესტორები დაინტერესებული ამ სფეროში ფულის ჩადებით?
ზ.მ. – საქართველოს საკმაოდ დიდი ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსები აქვს იმისათვის, რომ აქ უცხოელი ინვესტორები შემოვიდნენ და აწარმოონ თავიანთი პროდუქცია. ასევე, ქართველმა დიზაინერებმა გაიტანონ საქონელი საერთაშორისო ბაზარზე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ეს სეგმენტი ძალიან კარგად იყო განვითარებული საბჭოთა კავშირის დროსაც. არსებობდა სხვადასხვა სახის ფაბრიკა-ქარხნები, რომელთა უმრავლესობაც დღეს გაჩერებულია ან სხვა ტიპის შეკვეთებს ასრულებს. მართალია, დღეს უკვე ბევრი უცხოელი კომპანია შემოდის და კერავს საქართველოში ტანსაცმელს (მაგალითად, ქუთაისის ფაბრიკაში, აჭარაში), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით საქართველოში მოდის ბიზნესი ვითარდება. უბრალოდ, შემოდის უცხოური კომპანია, რომელიც თავისივე დიზაინით, თავისივე ქსოვილებით და თარგებით კერავს ტანსაცმელს ქართულ ფაბრიკებში. ის თანხები კი, და უნდა ითქვას რომ ეს ძალიან მიზერული თანხებია, რომელსაც ეს უცხოური კომპანიები ქართულ ფაბრიკებს უხდიან, ვერ ავითარებს ქართული მოდის სექტორს. ინვესტორები რომ იყენებდნენ ქართველი დიზაინერების შრომას ან რაიმე სახის მომსახურებას ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გვეთქვა, რომ უცხოელ ინვესტორებს შეაქვთ თავის წვლილი ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
მსგავს ტენდენციებზე საუბრობს დიზაინერი თამუნა ინგოროყვაც: “დღეს საქართველოში მოდის ინდუსტრია, როგორც ბიზნესი, არ არის განვითარებული. ჯერ ხალხიც არ არის ამისთვის მზად, საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ყველაფერს ნულიდან სჭირდება დაწყება, დღეს კი ამისთვის არავის სცლია. ფაბრიკები და დიდი საწარმოები გადასულები არიან ტენდერულ უნიფორმებზე და ნაკლებად ფიქრობენ, რომ რაღაც მოდური გააკეთონ. იმიტომ, რომ ეს რეალურად რისკის შემცველია. მეორე მხრივ კი, თუ არ გარისკე და რაღაც არ გააკეთე, სულ ასე ვიქნებით და ადგილიდან ვერასოდეს დავიძვრებით. მართალია, საქართველოში ძალიან ბევრი მოქმედი ფაბრიკაა (მაგალითად, ჩვენთან იკერება პუმაც), რომელთაც უცხოელები ამუშავებენ, ისინი ქართულ მუშახელს ქირაობენ და შემდეგ პროდუქცია გააქვთ საქართველოდან, მაგრამ ეს ქართული მოდის ბიზნესის განვითარებისათვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, ვინაიდან უცხოელი ინვესტორები არ იყენებენ ქართველი დიზაინერებისა და მოდის სახლების რესურსს, ისინი ქართველი დიზაინერებით არ ინტერესდებიან, არ დებენ ფულს ადგილობრივი მოდის ინდუსტრიაში. რეალურად ჩვენ ისევ განვითარებადი ქვეყნების დონეზე ვართ, ინვესტორს აქ ჯერჯერობით მხოლოდ იაფი მუშახელი აინტერესებს. მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წარმოება თვითონ განვავითაროთ და არ “გამოვაყენებინოთ” მათ თავი”.
ქართული მოდის სახლების წარმომადგენლებს ჩვენ ბოლო დროს თბილისში მომრავლებული ფრენჩიზული მაღაზიების შესახებაც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. საინტერესოა, განიხილავენ თუ არა მათ ქართველი დიზაინერები კონკურენტებად?
ზურაბ მგალობლიშვილი: “ეგ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში. ჩვენთან ხშირ შემთხვევაში იყიდება არა ლიცენზირებული საქონელი, არამედ ყალბი პროდუქცია. ყოველგვარი ფრენჩიზისა და ლიცენზიების გარეშე ქალაქის ცენტრში იყიდება ეს პროდუქცია ისე, რომ არავინ კითხულობს წარმოშობის სერტიფიკატებს, ლიცენზიებს, არავის აინტერესებს, თუ რა ტიპის პროდუქციასთან გვაქვს საქმე. ეს ეხება ტანსაცმელს, ჩანთებს და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ვიტრინებში ვხედავთ უამრავ ყალბ პროდუქციას. ამით ხომ ის უცხოური კომპანიებიც ზარალდებიან, რომელთა პროდუქციის გაყალბებას ვუწყობთ ხელს. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ამ განუკითხაობას ვინმემ უნდა მიხედოს და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს საქმეა.არც ერთ წესიერ ქვეყანაში არ ხდება ასე თამამად ამ ტიპის პროდუქციის გაყიდვა. ყოველივე ეს ქართველ დიზაინერებზე სასიკეთოდ ნამდვილად არ მოქმედებს”.
თამუნა ინგოროყვა: “ფრენჩიზული მაღაზიები არ არის კონკურენტული ჩვენთვის. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში დღეს თითქმის საერთოდ არ არსებობს მოდის ბაზარი. არის ლუქს მაღაზიები, რომლებშიც ნამდვლად შეიძლება მოდური ტანსაცმლის ყიდვა, მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა. ძირითადად კი გავრცელებულია დაბალფასიანი ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებშიც კოლექციები ისეა შერჩეული, რომ ვერაფერს ნორმალურს ვერ გადააწყდები, ამ დროს კი, იმავე ბრენდის მაღაზიებში ევროპაში ბევრად ლამაზი ტანსაცმელი შეიძლება შეიძინო. თანაც, ვფიქრობ, რომ ეს ქსელური მაღაზიები რეალურად ნამდვილი ქსელიც არ არის. ისინი უფრო თურქეთიდან შემოდის. ქართველი მომხმარებელი კი ყოველთვის უფრო მომთხოვნი და პრეტენზიული იყო, ვიდრე თუნდაც თურქეთისა და კავკასიის სხვა ქვეყნების. ქართველებს უფრო მეტი არჩევანის საშუალება სჭირდებათ იგივე ქსელურ მაღაზიებში, რისი საშუალებაც დღეს, ვფიქრობ, რომ ქართულ ბაზარზე არ არის. ამიტომაც ამ მაღაზიებს მე ვერ განვიხილავ კონკურენტებად”.
როგორც ქართული მოდის სახლებში აღნიშნავენ, ქართველი და უცხოელი დიზაინერების სამუშაო პირობების შედარებაც კი არ შეიძლება. ეს ორი სხვადასხვა რამაა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების მოდის ინდუსტრიები ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან. უდიდესი პრობლემაა ის, რომ ადგილობრივ დონეზე საერთოდ არ იწარმოება ტექსტილი და ქართველი დიზაინერები მთლიანად შემოტანილ ნედლეულზე არიან დამოკიდებულნი, რაც მათი პროდუქციის თვითღირებულებას, იგივე ევროპელ დიზაინერებთან შედარებით უფრო ზრდის. დიზაინერი თამუნა ინგოროყვა: “უცხოელი დიზაინერი წელიადში 2-ჯერ აკეთებს კოლექციას, შემდეგ იქიდან ირჩევა, ვთქვათ, 10 მოდელი, რომელიც წარმოებაში ეშვება და შემდეგ იყიდება, ქართველი დიზაინერები კი, ფაქტობრივად, ყოველდიურად ახალს ვკერავთ, გამუდმებით იდეების რეალიზაციაში ვართ, ყველა კლიენტს ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ვემსახურებით. ეს ყველაფერი ძალიან დამღელი და დამთრგუნველია. გარდა ამისა, ქართველი და ევროპელი დიზაინერების ყოფა ერთმანეთს რომ შევადაროთ, პირველ რიგში, ჩვენი ინდუსტრია უნდა განვითარდეს. ჩვენ ელემენტარულად არ გვაქვს ადგილობრივი წარმოების მასალა. უნდა განვითარდეს ფაბრიკა-ქარხნები, ადგილობრივი ნაჭრის წარმოების ინდუსტრია იმისათვის, რომ საბოლოოდ დარგის მუშაობა აეწყოს. დღეს კი, როცა ქართველ დიზაინერს შემოაქვს ნაჭერი იტალიიდან, უწევს მისი განბაჟება, შემდეგ აქ კერავს ტანსაცმელს და თუ საექსპორტოდ სჭირდება, კვლავ უწევს მისი განბაჟება, ეს ყველაფერი კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ლოგიკურად პროდუქციის ფასზეც აისახება. ყოველივე ამის გამო, ქართველი დიზაინერის ნაწარმი უკვე საზღვარგარეთის მაღაზიებში თვითღირებულების გამო ბევრად უფრო ძვირი შეიძლება იყოს, ვიდრე ევროპელი დიზაინერის. ვის რად უნდა ამ შემთხვევაში ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი, თუ, ვთქვათ, იგივე იტალიაში ნაჭერი უბრალოდ ერთი ფაბრიკიდან მეორეში გადადს, სადაც იკერება ტანსაცმელი და ევროპის ნებისნიერ ქვეყანაში ყოველგვარი საბაჟო პროცედურებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე მიდის მომხმარებლამდე”.
ვინაიდან ქართული მოდის სახლები ექსპორტირებულ ტექსტილზე არიან დამოკიდებულნი, მსოფლიო ტენდენციები კი გვიჩვენებს, რომ ტექსტილი გაძვირდა, ბუნებრივია, ეს ტანსაცმლის ფასებზეც პირდაპირ აისახება. თუმცა, მეორე მხრივ, ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ფასები შეიძლება შემცირდეს კიდეც გაძვირებული სურსათის გამო, ვინაიდან ხალხს ნაკლები თანხა დარჩება ტანსაცმლის შესაძენად.
ზურაბ მგალობლიშვილი: ეს შეფასება სიმართლესთან ახლოსაა იმიტომ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო ხალხს ნაკლები თანხები რჩება იმისათვის, რომ იზრუნონ ტანსაცმელზე და ეს ტენდენცია აისახება ჩვენს მოდის სეგმენტზეც. მაგრამ ამის წინასწარ გათვლა ცოტა რთულია – შეიძლება უფრო ძვირადღირებულ პროდუქციას გაუჭირდეს ან პირიქით, შეიძლება ძვირადღირებული პროდუქციის მომხმარებელთა ჯიბეებს ეს ცვლილებები ნაკლებად შეეხოს, ვინაიდან ინფლაციური პროცესები, ძირითადად, ფართო მასების შესაძლებლობებზე აისახება. თუმცა, საქართველოში ჩაცმას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ხშირად “მშიერი კუჭითაც” ბევრს ახერხებდნენ. ჩვენთან, მაგალითად, ვერ ვიტყვით, რომ კრიზისის პარალელურად გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხს აღარ აქვს ევროპული ბრენდების ძალიან ძვირადღირებული ტანსაცმლის ყიდვის საშუალება. იგივე კლასის ტანსაცმელი, რომელსაც დიზაინერის ნამუშევარი ჰქვია, შეუძლიათ ჩვენთან გაცილებით იაფად იყიდონ და ევროპაში კოლოსალური თანხა არ გადაიხადონ. ქართველები დღეს სიამოვნებით ატარებენ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს.
თამუნა ინგოროყვა: “იმის გამო, რომ ტექსტილი შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან (საფრანგეთი, იტალია ესპანეთი) და იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტექსტილი საკამოდ გაძვირებულია, დღეს ჩვენ ფასები “კბილებით გვიჭირავს” და მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით პროდუქცია არ გაგვიძვირებია, მაგრამ ტექსტილის ახალი პარტიის შემოტანის შემდეგ, ეს ალბათ უკვე გარდაუვალი იქნება”.
საუბარი მოდის კვირეულებით დავიწყეთ და, ბუნებრივია, ამის შესახებ აზრის გამოთქმა ჩვენს რესპოდენტებსაც ვთხოვეთ. რამდენად დროულია ეს ღონისძიებები ქართული მოდის ინდუსტრიისათვის? ამის შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს მოდის სახლ “ავთანდილის” მენეჯერს ზურაბ მგალობლიშვილს: “ჩემი სუბიექტური აზრით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ჯერჯერობით ნაადრევია. ვინაიდან მათ ჩატარებას აუცილებლად სჭირდება ინდუსტრიული ფონი. როდესაც კვირეულების ფარგლებში უცხოელი ბაერები ჩამოდიან და ხედავენ, თუ რა სიტუაციაა ქართულ სახელოსნოებში და დიზაინერების სახლებში და რეალურად ეცნობიან აქ არსებულ სიტუაციას, უჭირთ შემდეგ შეკვეთების მიცემა. ვფიქრობ, რომ, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ არაფერი გვაქვს შექმნილი, რითაც უცხოელები შეიძლება საფუძვლიანად დავაინტერესოთ”.
ინფრასტრუქტურის შექმნა კი მხოლოდ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელთა საზრუნავი არ არის. ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, საქართვლოში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი ლაიტმოტივად გასდევს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებსაც.