განვითარებული ქვეყნების ჩიხი განვითარებადი ქვყნების მომავალია?

მაკა ღანიაშვილი

2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. სააგენტოს მიზანი საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირება, სხვადასხვა სექტორებში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ინოვაციური მეწარმეობის, კვლევების და გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა იქნება.
სააგენტო ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების ქვეყნის ინდუსტრიაში დანერგვის ხელშეწყობისათვის სპეციალურ ხელშემწყობ პროექტებს და პროგრამებს განახორციელებს. ასევე, ხელს შეუწყობს კვლევების შედეგების კომერციალიზაციის, IT ბიზნესის, დისტანციური დასაქმების, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და დანერგვას. განახორციელებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას. სააგენტოს მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის ფორმირებას, ასევე ინოვაციური Start-up-ების და ტექნოლოგიური კომპანიების გაჩენის ხელშეწყობას, ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენების ეფექტურობის ზრდას.

სააგენტოს დასახული მიზნების მიღწევისათვის, როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური ინსტრუმენტები ექნება. სააგენტო განახორციელებს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფორმირებას, მათ შორის ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, აქსელერატორების, ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას.

სააგენტოს შექმნის დაანონსებიდან ცოტა ხანში, თბილისში „საქართველოს ინოვაციების კვირეული“ ჩატარდა.

საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ორგანიზებით, „საქართველოს ინოვაციების კვირეული“ 24 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
„საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2013 წლიდან დაიწყო აქტიური მუშაობა რეფორმების პაკეტზე, რომელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს საქართველოში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის ხელშეწყობა. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, მეცნიერთა და გამომგონებელთა მნიშვნელოვანი ბაზა. ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალია კრეატიული ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.

„ინოვაციების კვირეული“ იმის ერთ-ერთი დასტურია, თუ რამდენად საინტერესო საკითხებზე ხდება საქართველოში მუშაობა, რა პერსექტივები აქვს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით“ – აღნიშნა მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

inovacia-0

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ორი რამ მოქმედებს საქართველოში – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და პროდუქტიულობის ზრდა. „ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს წარმოებაში და ადგილობრივ ეკონომიკაში გაიზარდოს პროდუქტიულობა.

ბევრი საინტერესო გამომგონებელი და მეცნიერი ჰყავს საქართველოს, რომელიც ახალ, ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს ინიციატივები დღემდე კვდებოდა კაბინეტებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების ლაბორატორიებში და ჩვენ ვართ ზუსტად იმისთვის, რომ ეს გამოგონებები და ახალი ინიციატივები კომერციულ იდეებად ვაქციოთ, შემდგომში კი მათი გაყიდვა და დანერგვა შესაძლებელი გახდეს დღეს არსებულ საწარმოებში არამარტოსაქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“

– განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინოვაციური მსოფლიო და ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები

თეორია იმის შესახებ, რომ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს აღარ აქვთ ძველებური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა მეცნიერები ამაზე ჯერ ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულნი, ეს იდეა, ჯერჯერობით, არ არის კარგად დასაბუთებული. მიუხედავად ამისა, ე.წ. „ტექნოლოგიურ პესიმისტებს“ ბევრი არგუმენტი აქვთ.

სილიკონის ველის ბუმის პერიოდი უკვე დამთავრებულია. აქ მომხდარი სასწაულებით დღეს მსოფლიო სარგებლობს – „თაჩ სკრინ“ ეკრანებიანი მობილურიებით, პლამშეტებითა და სხვა მსგავსი მოწყობილობებით. 2010 წლიდან საქმიანობა კვალავ აღორძინებულია, ფართების ქირა სულ უფრო იზრდება, მსოფლიო ახალი ინოვაციების მოლოდინშია.

Technology in the hands

მაგრამ ამ ოპტიმიზმს ბევრი არ იზიარებს, ისინი ფიქრობენ, რომ სილიკონის ველი ინერტული ადგილი გახდა და რომ ინოვაციებსაც ისეთი მაშტაბებით არ უნდა ველოდოთ, როგორც ეს ათწლეულის წინ იყო. ამ შეხედულებას თვითონ სილიკონის ველის წარმომადგენლებიც იზიარებენ. პეტერ სეილი, PayPal-ის დამფუძნებელი და Facebook-ის პირველი გარე ინვესტორი, ამბობს, რომ ინოვაციები ამერიკაში „ნელ-ნელა იკვეცება და დასასრულს უახლოვდება“. მაღალტექნოლოგიური ინჟინრები სხვადასხვა სფეროდან იგივე იმედგაცრუებას იზიარებენ. ეკონომისტების სულ უფრო მზარდი რიცხვი მიიჩნევს, რომ ინოვაციებს გაცილებით ნაკლები და „ფერმკრთალი“ გავლენა აქვს ახლა ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს წარსულში იყო.

ბევრი ეკონომისტი ეჭვობს, რომ მსოფლიოს ეკონომიკურმა სირთულეებმა ახლა უკვე ტექნოლოგიურ სტაგნაციაში შეიძლება ჰპოვოს გამოხატულება.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეკონომისტი ტეილორ ქოუენი, თავის წიგნში 2011 წელს წერდა, რომ ფინანსურ კრიზისს მსოფლიო უფრო ღრმა და დიდ სტაგნაციამდე მიჰყავდა. მისი შეფასებით, 2000 წლიდან მოყოლებული განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებულთა შემოსავლების შემცირებისა და უმუშევრობის სტაბილური ზრდის მიზეზი დიდწილად ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხებაა.

მე-20-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორებიდან – ნაწილობრივ ტექნოლოგიური, ნაწილობრივ კი სხვა ფაქტორები – ახლა აღარ მუშაობს, შედეგად, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა ძალიან შესუსტებულია ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე.

„ტექნოლოგიურ პესიმისტთა“ არგუმენტები

თითქოს მსოფლიო ახალი იდეებისგან დაიცალა. რეალურად, ინოვაციური და ეკონომიკაში გადატრიალების მომხდენი ვეღარაფერი იქმნება. ეს მოსაზრება სამ ძირითად პოსტულატს ეყრდნობა. პირველი მათგანი სტატისტიკურ მაჩვენებლებს ემყარება.

ეკონომისტები ზრდას ორ განსხვავებულ ტიპად ყოფენ: ექსტენსიური და ინტენსიური. ექსტენსიური ზრდა უკავშირდება ახალი ან უფრო კვალიფიციური სამუშაო კადრების, კაპიტალისა და რესურსების ზრდას ეკონომიკაში. მაგალითად, ისეთი ეპოქის შემთხვევები, როდესაც სამუშაო ძალას ქალების დიდი რაოდენობა დაემატა, ანდაც უფრო მეტად ხარისხიანი განათლების მიღების შემდეგ სამუშაო ძალა უფრო კვალიფიციური და ეფექტიანი ხდება. თუმცა ეკონომისტთა შეფასებით, თვითონ დასაქმებულებისთვის ასეთ ზრდას შემოსავლის იმავე ტემპებით ზრდა არ მოჰყვება. ეკონომიკის ზრდის ტემპები მხოლოდ ზრდის ამ ფაქტორებზე რომ იყოს დამოკიდებული, დასაქმებულების ხელფასები მხოლოდ მცირედით გადააჭარბებდა საარსებო მინიმუმის თანხას.

ინტენსიური ზრდა კი გულისხმობს სამუშაო ძალისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების ყველა შესაძლოს გზის მიგნებას და ათვისებას. ეს ეკონომიკური ზრდის ისეთი სახეა, რომლის დროსაც შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდა გარანტირებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობა და, შესაბამისად, სამუშაო ძალა მცირდება. ინტენსიური ზრდის მთავარი მიზეზი კი „ტექნოლოგიებია“, რომელშიც ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და სიტუაციისადმი ადაპტირებაც იგულისხმება. ზრდის ამ ფაქტორის წილი იმდენად დიდია მშპ-ში, რომ ზრდისას შედარებით მცირე ფაქტორი მოდის სამუშაო ძალაზე, კაპიტალსა და განათლებაზე.

მაგრამ განვითარებულმა ქვეყნებმა „ტექნოლოგიური“ ზრდის რესურსი თითქმის ამოწურეს, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებად ქვეყნებზე. მათ ისევ შეუძლიათ ზრდის სწრაფი ტემპების მიღწევა ყველა იმ ტექნოლოგიური მიღწევების გადმოღება-დანერგვით, რაც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებმა განვლეს. ამ გზაზე გამონაკლისი არც საქართველო უნდა გახდეს.

innovacia2

კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური გამოშვებისა და კეთილდღეობის ზრდა არასტაბილურია. გასული ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპები შეინიშნება. მე-19-ე საუკუნეში გამოშვება ერთ სულ მოსახლეზე განსაკუთრებით გაიზრდა დიდ ბრიტანეთში, 1906 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1% იყო წელიწადში. მე-20-ე საუკუნის შუა პერიოდში აშშ-ში ეს მაჩვენებელი წელიწადში 2.5% იყო. ამის მთავარი მიზეზი წიაღისეულზე მზარდი ხელმისაწვდომობა და მანქანა-დანადდგარების პროგრესი იყო.

მაგრამ 1970-იან წლებში აშშ-ში რეალური გამოშვება ერთ სულ მოსახლეზე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არსებული პიკური 3%-იანი მაჩვენებლიდან 2%-მდე შემცირდა წელიწადში. 2000 წელს სულაც 1%-მდე დავიდა. ამავე ტენდენციებით ხასიათდება დასაქმებულთა გამოშვების საათობრივი მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი იზრდებოდა მე-20-ე საუკუნის პირველ ნახევარში, 1970-იანი წლებიდან შემცირება დაიწყო, 1996-2004 წლებში გაიზრდა, მაგრამ 2004 წლიდან მაჩვენებელი 1.33%-მდე შეცირდა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამიტომაც დასავლელი ეკონომისტები შიშობენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა ისევ უბრუნდება ექსტენსიური ზრდის ხანას, რომელშიც ინოვაციების როლი მცირეა.

ნორზვესტერნის უნივერსიტეტის ეკონომისტის რობერტ გორდონის აზრით, ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი რამდენიმე ინოვაციური ფაქტორი არსებობს – ენერგიის ეფექტიანად და ფართო მასშტაბებით გამოყენება, სახლებში კომფორტისა და ენერგოეფეტურობის მიღწევა, ნებისმიერი ა პუნქტიდან ნებისმიერ ბ ბუნქტამდე მისვლის საშუალება და ნებისმიერ ადამიანთან საუბარი, ვისთანაც მოგესურვება – და ეს ყველა შესაძლებლობა უკვე ათვისებულია. „რა თქმა უნდა, ინოვაციები კიდევ იქნება, მაგრამ ისინი ვერ შეცვლიან მუშაობის იმ ტექნოლოგიებს და სტილს, რაც დღეს მსოფლიოშია“, – მიიჩნევს გორდონი. ქოუენი ტექნოლოგიური სიახლეებისადმი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ ეკონომიკის ზრდაზე მათ ფუნდამენტალურ გავლენას არც ეს ეკონომისტი ელის.

პესიმისტების არგუმენტების მეორე პოსტულატი თვითონ ინოვაცირი სიახლეების შენელებული ტემპებია. სტანფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტის ჩარლზ ჯონსონის კვლევების მიხედვით, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც შეჯამებული იყო აშშ-ში ეკონომიკური ზრდა 1950-93 წლებში, აღნიშნულია, რომ ერთ სულ მოსახლეზე გამოშვების ზრდის 80% განათლების ხარისხის ამაღლებასა და „კვლევების ინდუსტრიაზე“ მოდის. ამ ფაქტორებიდან არც ერთი მათგანის განსაკუთრებული ზრდა აღარაა მოსალოდენლი მომავალში.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევებში სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, მათი პროდუქტიულობა ძალიან შემცირებულია. მაგალითისათვის, 1950-იან წლებში ინოვაციებისა და კველევების სფეროში დასაქმებულთა პროდუქტიულობა 7-ჯერ მაღალი იყო 2000 წელს მათი კოლეგების პროდუქტიულობასთან შედარებით.
„ტექნოლოგიურ პესიმისტთა“ მესამე არგუმენტი ყველაზე მარტივია: ის ხილული რამ, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. პროგრესის მიმდინარე ტემპები ბევრად ჩამორჩება მე-20-ე საუკუნის შუახანების მიღწევებს. ავიღოთ სამზარეულოები. 1900 და 1970-იანი წლების სამზარეულოები რომ შევადაროთ ერთმანეთს, მათ შორის ბევრი სხვაობაა, დიასახლისებს საქმის კეთება ბევრმა ინოვაციამ გაუადვილა, გაზქურებიდან დაწყებული აირკონდიციონერებით დამთავრებული, საკვების მომზადება სულ სხვა ტექნოლოგიაზე გადავიდა. რა ხდება კიდევ 40 წლის შემდეგ? ციფრულმა ტექნოლოგიებმა სამზარეულოებშიც შეაღწია, მაგრამ საკვების მომზადების ტექნოლოგიებში 1970-იანი წლებიდან მოყოლებული არაფერი შეცვლილა.

ან ავიღოთ სიჩქარე. მე-19-ე საუკუნეში ეტლები და ცხენები მატარებლებმა და რკინიგზამ ჩაანაცვლა. სულ უფრო იხვეწებოდა ძრავები და ადამიანთა გადაადგილებაც სულ უფრო სწრაფი ხდებოდა. მაგრამ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. სწრაფმავალი მატარებლები ახლა სულ მცირედით სწრაფია 50 წლის წინანდელთან შედარებით.
მედიცინა კიდევ ერთი კარგი მაგალითია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებამდე 49 წლიდან 74 წლამდე გაიზრდა. 80-იანი წლებიდან მოყოლებული მედიცინაში თითქოს ბევრი ინოვაცია დაინერგა, მიუხედავად ამისა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 78.7 წლამდე გაიზრდა 2011 წლისთვის. კვლევებში დახარჯული მილიარდობით დოლარის მიუხედავად, ადამიანები ისევ იღუპებიან კიბოსგან, გულის დაავადებების, ინსულტისა და სხვადასხვა ორგანოების უკმარისობისგან.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიომ პრაქტიკაში უკვე სრულად აითვისა ის სარგებელი, რაც ინოვაციების მიღებით შეიძლებოდა. ბოლო წლებში პროგრესის შედეგები ნელი ტემპებით იცვლება. როგორც ამ თეორიის მომხრე ეკონომისტები თავის კვლევებში აღნიშნავენ: „დღევანდელი მსოფლიოს ინოვაციები სოციალური ქსელების ეფექტს არ ცდება. მისი შედეგები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამას წარსულში მოელოდნენ“.

გორდონი და ქოუენი ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ საჰაერო ტრანსპორტის განვითარებამ უფრო მეტი გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდაზე, ვიდრე კომპიუტერმა და ინტერნეტმა. ისინი კარგია ინტელექტუალური და კულტურული დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ სტატისტიკურად მათი როლი მშპ-ს ზრდაში არცთუ მაღალია.

ჯერ კიდევ 1987 წელს, რობერტ სოლო, თავისი ეკონომიკური ზრდის თეორიებში სვამდა კითხვას: „რატომ ვხედავთ კომპიუტერულ ხანას ყველა სფეროში, მაგრამ არა სტატისტიკურ მოანცემების ზრდაში?“ გორდონი აღნიშნავს, რომ „გუგლინგი“ და „სკაიპინგი“ ვერაფრით ეხმარება დასაქმებულებს პროდუქტიულობის გაზრდაში. 2004 წლიდან მოყოლებული ამერიკელების პროდუქტიულობა (ერთ საათში გამოშვებული პროდუქციის საშუალო მაჩვენებელი) უარესდება, 1970-იან და 1990-იანი წლებისგან განსხვავებით.

არსებობს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი

ზოგიერთი სექტორის სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს მაინც ტოვებს. მთლიანად აშშ-ის ეკონომიკის პროდუქტიულობა შემცირდა 2005 და 2006 წლებში, მაგრამ საწარმოო სფეროს პროდუქტიულობა გაიზრდა. თუმცა ფინანსური კრიზისი და მისი შედეგები ღრმა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას და ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის სფეროების ერთმანეთისგან გარჩევას ართულებს.

1990-იანი წლების დასაწყისის პროდუქტიულობის ზრდაში ეჭვგარეშეა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროგრესის როლი. კომპანიების პროდუქტიულობის ზრდაში ეჭვგარეშეა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების როლი, მაგრამ მათ თავის თავი ამოწურეს, როგორც ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს. უდაოა, რომ კომპიუტერებისა და მობილურების გაყიდვებმა გაზარდეს კომპანიების შემოსავლიანობაც, მაგრამ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? არის თუ არა ბაზარი უკვე გაჯერებული?

ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ინვესტირებასა და მათი შედეგების მიღებას შორის 5-15 წელია შუალედი. 2004 წლის პროდუქტიულობის ვარდნა ამითაც შეიძლება აიხსნას, ეს იყო პერიოდი „გუგლამდე“ და ვების განვითარებამდე.

ტექნოლოგიური სიახლეების სრულად ექსპლუატაციას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები, რამდენად ახლოსაც არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან, არ არის ერთი და იგივე. ინოვაცია არის ის როცა ხალხმა იცის, თუ როგორ გააკეთოს რაღაც განსხვავებულად. ტექნოლოგიები კი ისაა, რასაც ისინი ჩვეულებრივ აკეთებენ. ეკონომიკისთვის ამ განსხვავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფოლადის ყუთები და დიზელის ძრავები 1990-იანი წლებიდან გავრცელდა ფართოდ, მართალია, ისინი მსოფლიო ვაჭრობის ხერხემალს წარმოადგენენ, მაგრამ ასე იყო რამდენიმე ათწლეულის წინაც. როგორც რობერტ გორდონი აღნიშნავს,

მე-19-ე საუკუნის ბოლოს დიდი ბრიტანეთის სამრეწველო რევოლუციით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა 1970-იან წლებამდე გაგრძელდა. 2004 წლისთვის სტატისტიკა და კვლევები კი გვიჩვენებს, რომ ამ სასწაულის გამეორება საინფორმაციო ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ, რადგან მას ფუნდამენტალური ინოვაცია არ შემოუტანია ეკონომიკის ფუნქციონირებაში.

ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ ოპტიმისტ ეკონომისტებს სხვა სტატისტიკაც მოჰყავთ. ისევე როგორც 2004 წელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკუ ზრდაზე შემცირებული იყო. ელექტრონული ინოვაციების როლიც არ ყოფილა ყოველთვის მზარდი. მე-19-ე საუკუნის ბოლოსა და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში, ელექტრონული ინოვაციების როლი ეკონომიკურ ზრდაზე შემცირდა. თუმცა შემდეგ ისევ გაიზარდა. შეიძლება თუ არა იგივე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემთხვევაშიც მოხდეს?

inovacia3

ეკონომისტთა ნაწილი ამ შეკითხვას უარყოფითად პასუხობს. ისინი მიიჩნევენ, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპების შემცირება დროებითი მოვლენა არაა. მათი შეფასებით, კომპიუტერებს, ბიოტექნოლოგიებს, პერსონალურ კომუნიკაციებს და ტექნოლოგიის სხვა დღევანდელ და ხვალინდელ ინოვაციებს, ეკონომიკის ზრდაზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზები ასევე შეიძლება ვეძებოთ გამკაცრებულ რეგულირებებში, რაც ასევე არ არის კარგი სიგნალი მომავლისთვის. რადგან მომავალშიც იგივეა მოსალოდნელი. გამკაცრებულმა რეგულაციებმა შეიძლება ახალი კვლევების ღირებულებაც გაზარდოს და ახალი აღმოჩენები დაამუხრუჭოს.
ამიტომაც მთავრობის როლი არსებული სიტუაციის შეცვლაში ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ბიზნესი, რომლის მთავრი ინტერესიც უნდა იყოს ინოვაციები, კონცნეტრირებულია მოგებაზე არსებული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და არ არის წახალისებული ახალ კვლევებზე.

ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების სხვა მიზეზები

შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერების შემცირებაში მხოლოდ ნაკლებეფექტიანი ინოვაციური ტექნოლოგიები არაა დამნაშავე. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც 1970-იანი წლების შემდეგ ზრდის ტემპები შეანელა, ენერგო მატარებლები და მათი გაზრდილი ფასებია. უფრო ძვირი ენერგიით ნაწილობრივ აიხსნება 2000 წლის პროდუქტიულობის შემცირებაც, მაგრამ ეს არის ის ტრენდი, რომლის შეცვლაც ნამდვილად შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიებით.

აშშ-ში ნაწილობრივ უკვე შეძლეს ტექნოლოგიების წყალობით ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების გამო მოღებული დანაკარგების დაბალანსება.
ეკონომისტთა ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელთა შეფასებით კი, 1970-იანი წლების შემდეგ, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემოების შემცირების მიზეზი გლობალიზაციაა. განვითარებად ქვეყნებში უფრო დაბალი კვალიფიკაციისა და დაბალანაზღაურებადი მუშახელის გაჩენამ განვითარებულ ქვეყნებში მათზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც, საბოლოოდ, უმუშევრობა გაზარდა და ეკონომიკის ზრდის ტემპები შეამცირა. შემცირდა საინვესტიციო პროდუქტიულობა.

თუმცა, ამ თეორიას ბევრი მაკროეკონომისტი სიფრთხილით ეკიდება. განვითარებულ ქვეყნებში გლობალიზაციამ და წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანის პრაქტიკამ, გამოიწვია მოთხოვნა უფრო მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ მუშახელზე, რამაც განათლების დონე გაზარდა, ხელფასებს შორის უთანასწორობა კი შეამცირა. განვითარებად ქვყენებში წარმოებების გადატანამ, თავის მხრივ, ამ ქვეყნების განვითარებასაც შეუწყო ხელი. განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. რაც უფრო ღრამვდება გლობალიზაცია, მით უფრო მეტად აღწევს ინოვაციური ტექნოლოგიები განვითარებად მსოფლიომდე, რაც ამ ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობის ცხოვრების დონესა და კეთილდღეობის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს ქვეყნები კი, თავის მხრივ, შეიძლება გახდნეს ახალი ინოვაციების ადგილი, რომელიც მერე კვლავ განვითარებულ ქვეყნებს დაუბრუნდება.

ინოვავიციური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები საქართველოსთვის

„ტექნოლოგიური პროგრესის“ ცნება მნიშვნელოვან აღმოჩენებს გვახსენებს: მოკროსქემების გამოგონება, დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენა და ა.შ. ეს

აღმოჩენები გვთავაზობს პროცესებს, რომლებიც უფრო მეტად სამეცნიერო კვლევებითა და შემთხვევებითაა განპირობებული, ვიდრე ეკონომიკური ძალებით. მაგრამ თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში ტექნოლოგიური პროგრესი ბანალური პროცესის, ფირმების კვლევებსა და შემუშავებაზე დანახარჯების შედეგია. ინდუსტრიულ კვლევებსა და შემუშავებაზე დანახარჯები, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მშპ-ის 2-3%-ს ითვლის. აშშ-ში კვლევებსა და შემუშავებაზე დასაქმებული 1 მილიონი მეცნიერ-მკვლევარის დაახლოებით 75% ფირმების მიერაა დასაქმებული. ფირმების დანახარჯები კვლებეზე მათი მთლიანი საინვესტიციო დანახარჯების 20%-ს შეადგენს.

ფირმები კველებში ინვესტიციებს ახორციელებენ იმავე მიზნით, რა მიზნითაც ყიდულობენ, დავუშვათ, მანქანა-დანადგარებს და აშენებენ ახალ ფაბრიკა-ქარხნებს: ესაა მოგების ზრდა. კვლევებზე დანახარჯების ზრდით ფირმა იმედოვნებს, რომ ის აღმოაჩენს და შემდგომ განავითარებს ახალ პროდუქტებს. თუ ახალი პროდუქტი წარმატებულია, ფირმის მოგება გაიზრდება. თუმცა ძალიან დიდი სხვაობაა კვლევებზე გაწეულ დანახარჯებსა და მანქანა-დანადგარების შეძენას შორის. კვლევების შედეგად მიღებული შედეგები ფუნდამენტური იდეებია. მანქანა-დანადგარებისგან განსხვავებით, იდეები პოტენციურად ერთდროულად რამდენიმე ფირმის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული. კომპანიას, რომელმაც ახლახან შეიძინა ახალი მანქანა დანადგარები, არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ამას სხვაც გამოიყენებს, ახალი იდეების გენერირებისას კი, ამგვარი ვარაუდის საფუძველი კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ნაკლებად აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევით საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები დამოკიდებულია არა მხოლოდ კვლევითი პროცესის ნაყოფიერებაზე, არამედ კვლევითი შედეგების გამოყენებადობაზეც. ფირმების მიერ კვლევებზე გაწეული საქმიანობიდან მიღებულ უპირატესობებსა და სარგებლიანობაზე.

ზოგიერთი ქვეყანა ფუნდამენტალურ კვლევებში სხვა ქვეყნებზე უფრო წარმატებულია. ამის მიზეზი განათლების სისტემის განსხვავებულობაა სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, საფრანგეთი, რომლის განათლების სისტემა დიდ ყურადღებას უთმობს აბსტრაქტულ აზროვნებას, ხელს უწყობს ისეთ მკვლევართა ჩამოყალიბებას, რომლებიც უფრო ძლიერნი არიან ფუნდამენტურ კვლევებში, ვიდრე მის გამოყენებაში. ანალიზმა ასევე აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია „სამეწარმეო კულტურა“, რადგან ტექნოლოგიური პროგრესის დონე მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მეწარმეთა უნარით, ორგანიზება გაუკეთონ ახალი პროდუქტების წარმატებულ განვითარებასა და მარკეტინგს, ასპექტს, რომელშიც აშშ ყველაზე უფრო წარმატებულია.

კვლევებისა და შემუშავების დონის, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის მეორე დეტერმინანტი კვლევის შედეგების გამოყენებადობაა. თუ ფირმებს ახალი პროდუქტების განვითარების შედეგად მოგების მიღება არ შეუძლიათ, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კვლევებსა და შემუშავებაში და შედეგად, ტექნოლოგიური პროგრესი დაბალი იქნება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტების კანონიერი დაცვა. სამართლებრივი დაცვის გარეშე ახალი პროდუქტებისაგან მიღებული შემოსავალი დაბალი იქნება იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც პროდუქტი დაფუძნებულია კომერციულ საიდუმლოებაზე (მაგალითად, კოკა-კოლის შემთხვევა). სხვა ფირმებს იმავე პროდუქტის საწარმოებლად დიდი დრო არ დასჭირდება. ამით სხვა კომპანიები იმ უპირატესობის მინიმიზებას მოახდენენ, რომელსაც ნოვატორი ფირმა თავდაპირველად ფლობდა. სწორედ ამის გამო აქვთ ქვეყნებს საპატენტო კანონები. პატენტი იმ ფირმას, რომელმაც ახალი პროდუქტი შექმნა, სთავაზობს უფლებას, ახალი პროდუქტის წარმოებიდან ან გამოყენებიდან გარკვეული დროით სხვა პირი გამორიცხოს.

როგორ უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფომ საპატენტო უფლება? ერთი მხრივ, ეს კანონი საჭიროა, რომ უზრუნველყოს ფირმების სტიმული -დააბანდონ კაპიტალი კვლევებსა და განვითარებაში. მეორე მხრივ, როცა ფირმები აღმოაჩენენ ახალ პროდუქტებს, საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუკი ცოდნა, რომელიც განხორციელებულია ახალ პროდუქტებში, ხელმისაწვდომი გახდება სხვა ფირმებისა და ადამიანებისთვისაც შეზღუდვების გარეშე. მაგალითად, ბიოტექნიკური კვლევა.

მხოლოდ მაღალი მოგების პერსპექტივა აიძულებს ბიოინჟინერიის ფირმებს, გამოიყენონ ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. როგორც კი ფირმა აღმოაჩენს ახალ პროდუქტს და თუ ამ პროდუქტს შეუძლია მრავალი სიცოცხლის გადარჩენა, უკეთესი იქნება, თუ ეს პროდუქტი ფასით ხელმისაწვდომი იქნება ყველა პოტენციური მომხმარებლისთვის. მაგრამ ასეთი პოლიტიკა სისტემატიურად რომ მიმდინარეობდეს, მაშინ ის საერთოდ მოსპობდა ფირმების მიერ კვლევების ჩატარების სტიმულს. ამგვარად, საპატენტო უფლებებისათვის რთულია ბალანსის მოძებნა. ძალიან დაბალი დაცვა გამოიწვევს კვლევების შემცირებას. ძალიან დიდი დაცვა ახალ კვლევებს ხელს შეუშლის ბოლო კვლევების შედეგებს დაემყაროს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს კვლევების შემცირება.

inovacia4

ქვეყნებს, რომლებიც სხვებთან შედარებით ტექნოლოგიურად ნაკლებ განვითარებულია, სუსტი საპატენტო დაცვა აქვს. ეს ქვეყნები ახალი ტექნოლოგიების მომხმარებლები უფრო არიან, ვიდრე მწარმოებლები. მათი მწარმოებლურობის დონის გაუმჯობესება ძირითადად განპირობებულია არა ქვეყნის შიდა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ უცხოური ტექნოლოგიების ათვისებით. ამ შემთხვევაში, სუსტი საპატენტო დაცვის უარყოფითი მხარე ნაკლებია, რადგან განვითარებად ქვეყნებში შიდა გამოგონებები მცირეა, მაგრამ დაბალი საპატენტო დაცვის სარგებელი აშკარაა: სამამულო ფირმებს ურჩევნიათ უცხოური ფირმებისთვის სალიცენზიო გადასახადების გარეშე გამოიყენონ და აითვისონ უცხოური ტექნოლოგიები, ვიდრე თავად განავითარონ ტექნოლოგია, რომელიც ასე კარგია ქვეყნისთვის.

მართალია, ახლა განვითარებული ქვყენები „ინოვაციური უძრაობის“ ხანაში არიან, მაგრამ ამ წერტილამდე მისასვლელად განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც ბევრი აკლია. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გავლენა ეკონომიკის ზრდაზე კვლავ ძალიან მაღალი შეიძლება იყოს. ინოვაციური ეკონომიკის წასახალისებლად კი, მხოლოდ სააგენტოს შექმნა საკმარისი არ არის.

მაშინ

რატომაა ასეთი დაბალი ტექნოლოგიის მდგომარეობა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში და მათ შორის, საქართველოში? ნებისმიერ ღარიბ და განვითარებად ქვეყანას, მსოფლიოს ტექნოლოგიური ცოდნის დიდ ნაწილზე მიუწვდება ხელი. რა უშლის ამ ქვეყნებს ხელს იმაში, რომ უბრალოდ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიები დანერგონ და ბოლო მოუღონ ღრმა ტექნოლოგიურ ჩამორჩენას განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით?

ეკონომისტთა უმრავლესობის აზრით, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყნების მთავარი პრობლემა მათი ცუდი ინსტიტუციური მოწყობაა. მთავარი – საკუთრების უფლების დაცვაა. ძალზე ცოტა თუ მოინდომებს შექმნას ფირმები, შემოიტანის ახალი ტექნოლოგია და განახორციელოს ინვესტირება იმ პირობებში, როცა მოსალოდნელია, რომ ან მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნება მითვისებული ან კორუმპირებულის მოსყიდვა დასჭირდება ან ეკონომიკის სხვა სუბიექტები მოპარავენ.
საკუთრების უფლების დაცვა ნიშნავს კარგი პოლიტიკური სისტემის არსებობას, როდესაც თანამდებობის პირს არ შეუძლია მოქალაქეთა საკუთრების კონფისკაცია ან მიტაცება. ეს ნიშნავს კარგ სასამართლო სისტემას, სადაც დავა ეფექტიანად და სწრაფად წყდება. საკუთრების უფლების დაცვა ნიშნავს ისეთი კანონების შემოღებას, რომელიც მიმართულია საფონდო ბაზრაზე ინსაიდერული ვაჭრობის წინააღმდეგ, რათა ადამიანებმა იყიდონ აქციები და ამით ფირმების დაფინანსება უზრუნველყონ.; ეს ნიშნავს გასაგებ ენაზე დაწერილ და კარგად გატარებულ საპატენტო კანონებს, ისე რომ ფირმებს ჰქონდეთ სტიმული – შექმნან და აწარმოონ ახალი პროდუქცია; ეს ნიშნავს კარგი ანტიმონოპოლიური კანონის არსებობას, რათა კონკურენტუნარიანი ბაზარი არ გადაიქცეს მონოპოლიად, რომელსაც ძალზე მცირე სტიმული აქვს იმისთვის, რომ წარმოების ახალი მეთოდები დანერგოს და ახალი პროდუქცია გამოუშვას.