ივნისის ბიზნეს კალენდარი
რედაქციისაგან
1 ივნისს საქართველოს პარლამენტში დაიწყო ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტით განისაზღვრა ლიცენზიის სახეები (სარგებლობის, საქმიანობის, გენერალური და სპეციალური ლიცენზიები) და დადგინდა ერთი ფანჯრის პრინციპი, რომლის თანახმად, ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ორგანოებიდან დადასტურებას. პროექტს მხარი დაუჭირა რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა კომიტეტმა.
2 ივნისს გაიმართა აუქციონი, სადაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გასაყიდად გამოტანილი 7 ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი – შპს “პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი” (205 ათასი აშშ დოლარი). დანარჩენ ექვს ობიექტზე, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებულ “ლილო 1”-ზე (საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარი), არც ერთი განაცხადი არ შესულა.
3 ივნისს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ძირითადი მიზანია ქართული ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა. მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრები, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
7 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კომერცციულ და ბიზნესის საკითხებში ფრენკ მერმუდი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შეეხო. გამოიკვეთა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმების შესახებ.
აღინიშნა, რომ აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება.
8 ივნისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართა კვების მრეწველობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, შემფუთავი, გადამამუშავებელი და ჩამომსხმელი ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა “Agro Food Drink Tech 2005”.
90 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური კომპანიები.
ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენა ხელს შეუწყობს საუკეთესო კომპანიების გამოვლენას, უცხოური კაპიტალის შემოდინებას საქართველოში.
9 ივნისს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ალექსი ალექსიშვილისა და შპს “საქართველოს რკინიგზის” გენ. დირექტორის, დავით ონოფრიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს კანონპროექტის “საქართველოს სარკინიგზო კოდედექსში ცვლილებების შესახებ”.
კანონპროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა, რკინიგზის დეპარტამენტის მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას ითვალისწინებს. ონოფრიშვილის განმარტებით, მოქმედი სარკინიგზო სატარიფო პოლიტიკა მოძველებულია და არ ეფუძნება ეკონომიკურ გათვლებს.
კანონპროექტი, პირველ რიგში, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებზე ფასების გაზრდას გულისხმობს.
9 ივნისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” “მილენიუმის კორპორაციის” ქართულმა წარმომადგენლობამ (ემ-სი-ჯი) ახალი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ოთხი ძირითადი მიმართულების პროექტს დააფინანსებს ამერიკული “ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამა.
პირველი პროექტი – მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია (გამოიყოფა 40 მილიონი აშშ დოლარი);
მეორე პროექტი – სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაცია (120 მილიონი აშშ დოლარი);
მესამე პროექტი – ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რეგიონებში (40 მილიონი აშშ დოლარი);
მეოთხე პროექტი – შეიქმნება “საქართველოს განვითარების ფონდი”, რომლის შემოსავლები სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს მოხმარდება.
9-10 ივნისს, ეკონომიკის განვითარების სამონისტროს სახელმწოფო ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (FC) ინიციატივით, გაიმართა შეხვედრები, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და შესაბამისი საინვესტიციო კლიმატის შექმნა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო FC-ის კვლევის ანგარიში, რომელიც საქართველოს 9 რეგიონში 900-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიის გამოკითხვის შედეგად დამუშავდა.
კვლევის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი ბიზნესმენები ძირითად პრობლემებად ასახელებენ ბიუროკრატიზმს, ლიცენზირებისა და ნებართვების სფეროში არსებულ სირთულეებს, საბაჟო მომსახურებას და ა.შ.
შეხვედრის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას მთავრობა გაითვალისწინებს და განახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებებს.
9 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა “გაკოტრებისა და რეაბილიტაციის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების დახმარებით.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ბიზნესისთვის სასურველი პირობების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, პრივატიზაციის პროცესის ხელშეწყობას., ვინაიდან საპრივატიზაციო ნუსხაში არის ბევრი საწარმო, რომელიც სწორედ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის რეჟიმშია.
კანონპროექტი, გარკვეული კორექტივებისა და დახვეწის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის (“ადმინისტრაციული ბარიერების მონიტორინგი მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში”, კვლევა მიმდინარეობდა USAID-GEGI-ის მხადრაჭერით) შედეგად, გამოიკითხა 500-მდე მცირე და საშუალო ბიზნესკომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
“მცირე და საშუალო ბიზნესი არ წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას, მეწარმეები ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი მათი ბიზნესის ზრდის თაობაზე – ასეთია ზოგადი დასკვნა.
აღინიშნა, რომ რეგიონებში მეწარმეობის განვითარებისთვის გაცილებით ნაკლები პირობები არსებობს, ვიდრე დედაქალაქში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD “თიბისი” ბანკს 10-მილიონიანი კრედიტი გამოუყო, რომელიც საშუალო ზომის სესხების თანადაფინანსებისათვისაა გათვალისწინებული (ქართველ მეწარმეებზე გაცემული სესხების 50%-ს EBRD გაიღებს).
“თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, კრედიტები გაიცემა მეწარმეებზე, რაც მათ მისცემს საშუალებას, გააუმჯობესონ საკუთარი საბრუნავი საშუალებები, ექსპორტისა და რეექსპორტის ხარჯები.
ანალოგიური პროგრამა EBRD-მ მოლდოვაშც განახორციელა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში იმყოფებოდნენ გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და კვების ორგანიზაციის – “ფაოს” წარმომადგენლები. შემუშავდება მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ.
15 ივნისს სასტუმრო თბილისი მარიოტში” შვეიცარიულმა გადამზიდავმა კომპანიამ “SWSS RE-მ” თავის ექსკლუზიურ პარტნიორ “ალდაგთან” ერთად შეხვედრა გამართა. შვეიცარიული კომპანიის მმართველი საბჭოს წევრების განცხადებით, მათი თბილისში ვიზიტის მიზანი “ალდაგის” კლიენტებთან შეხვედრა და იმის დემონსტრირებაა, რომ ქართველი სადაზღვევო კომპანიის უკან ძლიერი მხარდამჭერი დგას.
აღინიშნა, რომ “SWSS RE” სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენს კავკასიის რეგიონის მიმართ.
20 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 2005 წლის 19 იანვარს გამართულ ტენდერში გამარჯვებულმა “ევრაზჰოლდინგმა” უარი თქვა “ჭიათურმანგანუმისა” და “ვარციხჰესის” კასკადის შესყიდვასა და ნაკისრ ვალდებულებებზე (ევრაზჰოლდინგს 132 მილიონი აშშ დოლარი მაისის ბოლომდე უნდა დაეფარა).
ოფიციალურ საიტზე ინვესტორი მიზეზად ექსპერტების დასკვნებს ასახელებს: საწარმოები არარენტაბელურია, არამომგებიანია და ამდენად, მათში ინვესტიციების ჩადება არ ღირს – ასეთია ევრაზჰოლდინგის განმარტება. მთავრობის განცხადებით, ჭიათურმანგანუმისა და ვარციხჰესისთვის ახალი სატენდერო პირობები მომზადდება. მემარჯვენე ოპოზიციამ კი ჩათვალა, რომ საპრივატიზაციო პაკეტი არასწორად მომზადდა და მიიღო დადგენილება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთელი ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხია დასმული.
22 ივნისს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში გაიმართა ქართულენოვანი ჭინდოწს XP-ის პროგრამის პრეზენტაცია. ეს არის კომპანია Mიცროსოფტ-ის პირველი პროექტი, რომელიც ქართულ კომპანია UGთ-თან ერთად განხორციელდა. პირველ ეტაპზე 2700 სიტყვის თარგმნაა შესაძლებელი, რაც მთავარია, ქართული ვერსია ხელმისაწვდომი და უფასო იქნება ყველა მომხმარებლისთვის, ვინც Mიცროსოფტ ჭინდოწს XP-ით სარგებლობს.
23 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს 2005 წლის პრივატიზაციის ანგარიში წარუდგინა.
ალექსიშვილის განცხადებით, წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში შესულია 218 მილიონი ლარი. გაყიდული ობიექტებიდან ყველაზე მსხვილი საწარმოებია “საქტელეკომი” (5 მილიონი დოლარი) და “ქართული საოკეანო სანაოსნო კომპანია” (93 მილიონი დოლარი).
მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროცესშია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, სს “აზოტი”, სს “მადნეული”, ბათუმის ნავთობბაზა და ნავთობგადამამუშავებული ქარხანა და სხვ.
24 ივნისს საქართველოს პარლამენტში განიხილეს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებათა პაკეტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძემ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაიზრდება ვადა, რომლის განმავლობაში სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაიხადონ დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხა და თავიდან აიცილონ სისხლის სამართლებრივი დევნა.
ახალი ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება იმ შემთხვევაში, როცა გადაუხდელი გადასახადი 25 ათას ლარს გადააჭარბებს.
აღნიშბულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
28 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შედგენილმა კოალიციამ “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” ფარგლებში ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილა. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა კონტრაბანდის მასშტაბები და შემცირდა ადგილობრივი მრეწველობის მაჩვენებელი.
28 ივნისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველო-იტალიის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა სემინარი, რომელიც ემსახურებოდა ქართველი და იტალიელი მეწარმეების თანამშრომლობას.
სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ ქართველ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ პროგრამაში და თავიანთი ინტერესების მიხედვით მოიძიონ იტალიელი პარტნიორები. იტალიის სამრეწველო საქმიანობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა. პროექტი ხორციელდება იტალიის კაზერტას პროვინციის მეწარმეთა კავშირის მხარდაჭერით და საქართველოში იტალიის საელჩოს უშუალო მონაწილეობით.
“რამდენიმე წლის წინ იტალიელი მეწარმეებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა არასასურველი იყო, რადგან 90-იან წლებში ბევრი უცხოელი ინვესტორი იძულებული გახდა, წასულიყო საქართველოდან. ამიტომ, როცა ელჩად დავინიშნე, სანაძლეო დავდე, ბიზნესის სფეროში სიტუაციას გამოვასწორებდი”. – იტალიის ელჩი საქართველოში ფაბრიციო რომანო იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება და სასიკეთოდ წაადგება საქართველო-იტალიის ეკონომიკურ ურთიერთობებს.
საბოლოოდ, მომზადდება საინფორმაციო ბანკი, სადაც 200-მდე ქართველი ბიზნესკომპანიის შესახებ ინფორმაციები განთავსდება. სპეციალური ანკეტები უკვე 50-ზე მეტმა ბიზნესმენმა შეავსო. მათ შორისაა აგროკონსერციუმი “წეროვანი”, უძრავი ქონების სააგენტო “იბერია”, სამშენებლო კომპანია “დტს”, “თბილღვინო”, თბილისის საიუველირო ქარხანა და სხვა მცირე და საშუალო კომპანიები.
სექტემბერში დასრულდება პარტნიორების შერჩევის პროცესი, ხოლო ოქტომბერში საქართველოს ესტუმრებიან იტალიელი ინვესტორები, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების საქმიანობას.
ივლისის თვიდან სიახლეები იგეგმება კომუნიკაციების სფეროშიც. 1 ივლისიდან “ელექტროკავშირის” აბონენტებისთვის ტელეფონით სარგებლობა ფასიანი გახდება. მომხმარებლები სატელეფონო საუბრებისას ყოველ 1 წუთზე 2 თეთრს გადაიხდიან. “ელექტროკავშირში” აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათი კომპანიის ფინანსური გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.