ქართველმა ბიზნესმენებმა აზერბაიჯანში ახალი საძიებო საქმიანობა დაიწყეს
სოფიკო სიჭინავა
ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ნავთობის მარაგის 0.8%-ს ფლობს და XXI საუკუნის გახმაურებული პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, აკვანია, უკვე ფიქრობს 20 წლის შემდგომ პერსპექტივებზე, როცა მარაგები ამოიწურება და ეკონომიკის განვითარება ნავთობზე აღარ იქნება დამოკიდებული.
ქვეყანა 8 მილიონიანი მოსახლეობით, საინტერესოა გეოპოლიტიკური მდებარეობით და მეტად მნიშვნელოვანი ნოემბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის ფარგლებში, 19 ივლისს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აზერბაიჯანში, ბაქოს ბიზნესცენტრში ჩაატარა ბიზნესფორუმი და ქართული პროდუქციის გამოფენა – “საქართველო – ღვინის აკვანი”.
საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესის წარმომადგენლებს, შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მიუხედავად ამისა, მსგავსი შეკრებების ორგანიზება აუცილებელია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნების დინამიკური განვითარების სწრაფ ტემპებს.
უნდა ითქვას, რომ ახლო მეზობლობის და პარტნიორობის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანში ქართულ პროდუქციას ნაკლებად იცნობენ. არ იცნობენ აგრეთვე ქართულ ღვინოებსაც და, შეიძლება ითქვას, ეს პროდუქცია მათთვის აღმოჩენა გახდა. გამოფენის შედეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა ბაქოში ღვინის სახლის გახსნის იდეა. გამოფენა წარმატებული აღმოჩნდა არა მარტო მეღვინეების, არამედ ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” და “თიბისისთვისაც”, რომელიც სავარაუდოდ” ბაქოში ფილიალს გახსნის.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: “ვაზიანი”, “თბილღვინო”, “თელავის ღვინის მარანი”, “ძმები ასკანელები”, “მარანი”. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიები: “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია”, “წყალი მარგებელი”, “ყაზბეგი”. ნავთობკომპანიებმა: “იბერკომპანი”, “ნუკოილი” და “კანარგო სტანდარტ ოილი”. ასევე გადამზიდავი კომპანიები: “პეის ჯორჯია”, “ჩენელ ენერჯი”, “ბარვილ ჯორჯია”, “ინტერტრანსი”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შაქრის წარმოება – “ქართული შაქრის”, ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტ-იმპორტი “ფრანკე კავკასუსის” სახით.
გარდა ამისა, გამოფენაში მონაწილეობდა “მარიონელა” – საქორწინო კაბების და აქსესუარების წარმოება, “ტერო” – საზღვაო და ექსპედიტორული სააგენტო, “არტ სტუდია” – სასურსათო პროდუქტების შეფუთვა. ასევე, “გრები” – საკონსერვო წარმოება და კომპანია “გორის ხილის ექსპორტი”.
ქალაქ განჯაში საქართელო-აზებაიჯანის სამთავრობოთშორისო ეკონომიკურ სხდომაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
ბიზნესფორუმზე საქართველოს პრმიერ-მინისტრი შეეხო იმ ცვლილებებს, რაც ბოლო თვეებში საქართველოში განხორციელდა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა დერეგულაციას ლიცენზირების, სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის სფეროში. აღნიშნა, რომ არსებული ნებართვების 55% უქმდება და ხდება დარჩენილი 30%-ის გამსხვილება.
ზურაბ ნოღაიდელი: “ყველა ნებართვის გაცემა მოხდება ერთი სარკმლის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს აღარ მოუწევთ სიარული ერთი უწყებიდან მეორეში და პასუხის ლოდინი. ჩინოვნიკი კანონით ვალდებული იქნება, განსაზღვრულ მოკლე დროში გასცეს თანხმობა, ან უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუცემელი პასუხი თანხმობად ჩაითვლება.
ეს რეფორმა, შეიძლება ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება საგადასახადო რეფორმას, რომელიც უკვე გატარდა. თუ წინა რეფორმის შედეგად სახელმწიფომ ყოველწლიურად 400-500 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა კერძო სექტორში, ამჟამინდელი რეფორმით ხდება ბიუროკრატიული ბარიერების სრულიად მოშლა.
სწორედ ასეთი რეფორმების ფონზე მიმდინარეობს ჩვენთან პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ნამდვილად წარმატებულია”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ამ მიზნით მან ბაქოში საქართველოს საელჩოს დაავალა, მუდმივად ჰქონდეთ განახლებული ინფორმაცია საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ.
პრივატიზაციის გარდა, ზურაბ ნოღაიდელმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყანის კოოპერაციულ ურთიერთობაზე სამომავლოდ, რაც აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენი კომპანიები საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანები გახდნენ.
ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანულ და ქართულ კომპანიებს შორის ტრანსპორტის სფეროში არსებულ მჭიდრო კონტაქტებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ის დარგია, სადაც ჩვენს ქვეყნებს ბუნებრივი უპირატესობა გააჩნიათ.