როდრიგო დე რატო: “სამეურნეო გამოცოცხლება საჭირო მიმართულებით უნდა წარვმართოთ”
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ამ მცირე ხნის წინ მსოფლიოში უაღრესად პოპულარულ გამოცემაში, Project Syndicate, დაიბეჭდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი დირექტორის – როდრიგო დე რატოს სტატია, რომელშიც ცნობილი ეკონომისტი იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა მოხდეს 2004 წელს მსოფლიო ეკონომიკაში დაფიქსირებული საგრძნობი გამოცოცხლების წარმართვა გარდაქმნებისკენ, რაც ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ რესურსების უკმარისობის გამო ვერ ფინანსდებოდა.
დღევანდელი მსოფლიო წინააღმდეგობებით არის აღსავსე. ერთი მხრივ, მას მოსვენებას არ აძლევს თანდათან მოძლიერებული ტერორისტული მოძრაობები და ლოკალური სისხლიანი კონფლიქტები, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების ტემპები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ ასე სწრაფად იზრდება ნავთობის ფასი, მისაღებ დონეზეა შენარჩუნებული, ნორმალური ვითარებაა ფინანსურ ბაზრებზეც. საგრძნობია ეკონომიკური გამოცოცხლება იმ რამდენიმე ქვეყანაშიც, რომლებსაც არც ისე დიდი ხნის წინ ფინანსური კრიზისი შეეხო. ამასთან, ცხადია, კვლავაც ბევრი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კრიზისი და შევამციროთ მსოფლიოში არსებული სიღარიბის მასშტაბები.
რაზე მიანიშნებს აღნიშნული კონტრასტები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნების და მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიდგომის შეცვლა ამჟამად არსებული მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისადმი. საქმე ეხება წონასწორობის დარღვევას გლობალურ ეკონომიკაში, რისი აღდგენაც მოითხოვს შესაბამისი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამოყენებას და შეფერხებული რეფორმების გაგრძელებას. ამ ღონისძიებების მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება და, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სიღარიბის არეალის შემცირება.
დადგა რეალური საქმის კეთების დრო
ამ მცირე ხნის წინ სსფ-ს და მსოფლიო ბანკის წევრი 184 ქვეყნის წარმომადგენელი ვაშინგტონში ტრადიციულ ყოველწლიურ სესიაზე შეიკრიბა. წლევანდელი შეხვედრა გარკვეული თვალსაზრისით გამორჩეული იყო. წელს შესრულდა ამ დაწესებულებების დაარსებიდან სამოცი წლისთავი. ზუსტად 60 წლის წინ ბრეტონ ვუდსში გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა, შექმნილიყო სსფ და მსოფლიო ბანკი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი საყრდენები. ამ ღონისძიებაზე გამოსვლისას განსაკუთრებით ორ ძირითად პრობლემაზე გავამახვილე ყურადღება. ისინი, მარტივად, ასე შეიძლება გამოიხატოს: საჭიროა ყურადღების გამძაფრება და აუცილებელია რეალური საქმიანობის დაწყება. უბრალოდ რომ ვთქვათ, საქმე ეხება იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ამჟამად მთელ მსოფლიოში დაწყებული სამეურნეო გამოცოცხლება და იგი ეკონომიკური სტაბილიზაციისკენ მიმართოს. ის, ასევე, უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც განვითარების შეზღუდული პერსპექტივა აქვთ.
სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შექმნან ისეთი დაცვითი მექანიზმი, რომელიც მათ დაეხმარებოდა მოსალოდნელი ეკონომიკური კატაკლიზმების დროს თავის გადარჩენაში. ამასთან, მათი მხრიდან ძალზე დიდი მონდომების გამოჩენაა ამ მიზნით საჭირო, რამეთუ შესაძლებელია, ეს შანსი იოლად დაუსხლტეთ ხელიდან. ჩვენ გლობალური ფინანსური ბაზრების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთი ქვეყანა ჩავარდება უაღრესად მძიმე სიტუაციაში ტრანსეროვნული ფინანსური ყოვლისწამლეკავი ტალღების გამო, ასეთ დროს სხვა ქვეყნებსაც გაუჭირდებათ მშვიდად ყოფნა. 90-იანი წლების გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რომ აუცილებელია, აღმოვფხვრათ სუსტი წერტილები ეკონომიკაში, ვიდრე ისინი კრიზისში გადაიზრდებოდეს.
სწრაფი სამეურნეო ზრდა 2004 წელს ნამდვილად წარმოადგენს 90-იან წლებში ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგს. სახელდობრ, მაშინ დაიწყო კრიზისული სიტუაციებიდან თავის დასაღწევი მექანიზმების შემუშავების პროცესი. ამასთან, 2004 წელს შემჩნეული ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის თანასწორი როდი იყო: ევროპა და იაპონია ჯერაც ვერ იყენებენ სრულად მათ ხელთ არსებულ მთელ პოტენციალს. მთელი მსოფლიო ეკონომიკის ძირითად გამწევ “ლომა ხარებად” კვლავაც შეერთებული შტატები და ჩინეთი გვევლინება.
რა არის უმნიშვნელოვანესი?
დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ პრიორიტეტს გლობალური საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით ეხება შეერთებულ შტატებს, რომელმაც მოკლევადიან პერიოდში უნდა მოახერხოს თავისი ბიუჯეტის დეფიციტიდან თავის დაღწევა. რაც შეეხება ევროპასა და იაპონიას, მათ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გზით უნდა მიაღწიონ ეკონომიკური წინსვლის ტემპის დაჩქარებას.
ეკონომიკურ სარგებლობას – როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე გლობალური მასშტაბით – მოიტანდა ასევე ჩინეთსა და აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში უფრო ელასტიკური სავალუტო კურსის პოლიტიკის გატარება. ამ ქვეყნებში აღნიშნულის პარალელურად აუცილებელია, ასევე, საფინანსო სექტორის რეფორმირებაც. განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო წლებში ეკონომიკის მრავალ სექტორში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, არ უნდა დაკარგონ რეფორმების ტემპი, რათა შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა როგორც შიდა, ისე გარე საფრთხისადმი.
დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დგება სხვა პრობლემებიც. ისინი არც ისე დიდი ხნის წინ “საშუალოვადიან” პრობლემებად მიგვაჩნდა, მაგრამ მოსახლეობის დაბერების პროცესი მრავალი ქვეყნის მთავრობას აიძულებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს საბიუჯეტო პროცესების დაგეგმვას და მიმდინარეობას და ასევე სრულყოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემები. ლათინური ამერიკის, ევროს სფეროს ქვეყნების და ასევე იაპონიისთვის სწორედ აღნიშნულმა პრობლემებმა შეიძინა დღეისთვის მეტად მწვავე ხასიათი. თუმცა არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება ასევე მრავალი განვითარებადი ღარიბი ქვეყანაც, რომელთაც ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სახსრები არ აღმოაჩნდებათ.
მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ენერგია და მისი რაციონალური ხარჯვაც. ნავთობზე მეტად მაღალმა ფასებმა სააშკარაოზე გამოიტანა ამ პრობლემასთან დაკავშირებული და ადრე, ასე თუ ისე, დაფარული სუსტი ადგილები. ამის გამო მრავალ ქვეყანას მოუწევს, ხელახლა დაამუშაოს თავისი პოლიტიკა ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც ნავთობის მოპოვებას, ისე მის მომჭირნეობით გამოყენებას. ამ ძვირფასი პროდუქციის მოპოვების და გადამუშავების პრობლემების დარეგულირება თავიდან აგვაცილებს მასზე ფასების ასეთ მოულოდნელ ცვლილებებს.
სავალუტო ფონდისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს კრიზისის თავიდან აცილება. ბოლო ათწლედი ამ მხრივ შედარებით წარმატებული იყო, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება გამჭვირვალობას საფინანსო სისტემაში. ასევე, ფონდის მუდმივი ყურადღების არეშია ცვლილებები ამ სისტემაში და სხვადასხვა ქვეყნის დავალიანების მდგომარეობა.
ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, სერიოზულად შევცვალოთ საქმიანობის მეთოდები, რათა ჩვენს წევრ ქვეყნებს მივაწოდოთ ნათლად ფორმულირებული რჩევები, რომელიც ემყარება ღრმა ანალიზსა და მათი პრობლემების არსის წარმოჩენას. ამ ქვეყნებში სამეურნეო მდგომარეობის გამოსწორება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ჩვენს მცდელობაზე, არამედ თავად ამ ქვეყნების და მათი ხელისუფლების ძალისხმევაზე, გამოასწორონ შექმნილი მდგომარეობა.
როგორ შევამციროთ სიღატაკის მასშტაბები
მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურ სტაბილიზაციას სიღატაკე ემუქრება. ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა რეალობაა ისიც, რომ ჩვენი პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანი სწორედ სიღატაკეში ცხოვრობს. იგი დღეში ერთი დოლარით კმაყოფილდება. ამის პარალელურად შიდსი და სხვა არანაკლებ საშიში ავადმყოფობები მრავალი ქვეყნის მოსახლეობას პირდაპირ მუსრს ავლებს. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელთა განხორციელებასაც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოებრიობა, 2005 წლისთვის სიღატაკის მასშტაბები უნდა განახევრდეს. თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ყველა ქვეყანას ეს თანაბრად როდი შეეხება. ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს გახდის 2002 წელს მონტერეიში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ მიღებული პროგრამა, რომლის მიხედვით, განვითარებადმა ქვეყანამ უნდა გაატაროს ისეთი სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება სწორ პრინციპებსა და რაციონალურ მართვაზე. ინდუსტრიულმა ქვეყნებმა კი უნდა გაზარდონ მათთვის დახმარების აღმოჩენის მასშტაბები და შეამცირონ ის ბარიერები, რომლებიც აღმართულია მათ ბაზარზე საქონლის შეტანის გზაზე. ამის პარალელურად სსფ-მ და მსოფლიო ბანკმა უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყნებისთვის შესაბამისი კონსულტაციები, ექსპერტიზა და ასევე ფინანსური დახმარება. თავად სსფ უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეს ცალკეულ ქვეყნებში მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების და სიღატაკის მასშტაბების შემცირებაში.
“მონტერეის კონსენსუსის” ცხოვრებაში განხორციელების საქმეში უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები. თუმცა, არც იმის დავიწყება ეგების, რომ საერთაშორისო დახმარების აღმოჩენას ღატაკი ქვეყნებისთვის ჯერაც ნაკლები მასშტაბები აქვს, ვიდრე ეს ადრე იყო დაპირებული. ამიტომ, აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება ამ ქვეყნებისთვის დახმარების გასაწევად, რათა მათ გააგრძელონ და დააჩქარონ ეკონომიკური განვითარება. დიდი როლი ენიჭება ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ წარმატებულ მოლაპარაკებებსაც, რადგან სწორედ მათ შედეგებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ღარიბი ქვეყნების განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში.
მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელი მდგრადობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შოკის მიმართ, ჩვენ გვარწმუნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეფორმების მომავალში გაგრძელება. ეს გამუდმებით უნდა ახსოვდეთ ცალკეული ქვეყნების მთავრობებსაც და ასევე ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა სსფ. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა შეუფერხებელი ეკონომიკური წინსვლისა, რომლიდანაც სარგებელს თანაბრად ნახავდა მსოფლიოს ყველა მოქალაქე.