“სამკვიდროს გულიდამ ამოღება ძნელია” – ილია ჭავჭავაძე
გია მურღულია
დიდი ადამიანები იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივებისაგან, რომ დრო კი არ აკნინებს, მხოლოდ აძლიერებს მათ მნიშვნელობას საზოგადოებისა და ისტორიისათვის. ისტორია, ადრე გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ძალზე პიროვნული რამ არის საიმისოდ, რომ მას ხალხი ქმნიდეს – ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ფაქტორი გადამწყვეტია.
თავის დროზე კორნელი კეკელიძემ არგუმენტირებულად ცხადყო, რომ ათონის ქართველთა მონასტრის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ისტორია შესაძლოა სხვაგვარიც ყოფილიყო სულ რამდენიმე ადამიანის ღვაწლი იმდენად დიდი აღმოჩნდა. ჩვენ, ქართველები ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს არსებობისა და განვითარების ბუნება და ლოგიკა “სტრატეგიულად მნიშვნელოვან”, საბედისწეროდ მთავარ ადამიანებს უკავშირდება. ფანავაზთან, ფარსმან I-თან, ფარსმან II-თან, მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, გუბაზ II-თან, დავით კურაპალატთან, დავით აღმაშენებელთან, თამართან, გიორგი ბრწყინვალესთან და ალექსანდრე დიდთან ერთად (რა სევდისმომგვრელია, რომ ახალ დროში მეტ დიდ მეფეს ვერ ვასახელებთ!) მათ რიცხვს აუცილებლად უნდა მივათვალოთ: ქუჯი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე მარუშისძე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი. ცხადია, ეს სუბიექტური ჩამონათვალია, მაგრამ რაგინდარა სუბიექტურობის გათვალისწინებითაც კი, ამ სიას ვერავინ მოაკლებს ილია ჭავჭავაძეს – ნებისმიერი განათლებული ქართველისთვის სამშობლოს ღირსება და ამ ადამიანის სახელი განუყოფელია. იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით, “იქნება არც ერთ მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისთვის, რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის”.
ეს ყველაფერი კარგად ცნობილია, მაგრამ ერთი კითხვა კი უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ქართველებმა – დღეს ვინ არის ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე ? მხოლოდ დიდებული წარსული ხომ არა? მავანი იტყვის: რა მოხდა მერე, ადამიანებთან ერთად მათი იდეებიცა და საქმეებიც ბერდებაო. ბევრმა შესაძლოა ასე იფიქროს. სხვანი იტყვიან, ილია უკვდავია და მისი ფიქრი თუ საქმეც ყოველთვის თანამედროვე და ღირებულიაო. პირველებმა უნდა დაასაბუთონ, რა “დაძველდა” ილიას ნააზრევში, ხოლო მეორეთ უნდა გაგვიმარტონ, ილიას შეხედულებების თანაზიარად რამდენად ვფიქრობთ და ვცხოვრობთ თანამედროვე ქართველები. ობიექტური ისტორიული ხედვა მოითხოვს მიკერძოებისა და ჩვენთვის ჩვეული “სათავისო აღფრთოვანების” გარეშე (როგორც ამას, მაგალითად, ჟამთაღმწერელი ან ახალ დროში არჩილ ჯორჯაძე აკეთებდნენ) გავაანალიზოთ და შევაფასოთ – რით არის ილია ჭავჭავაძე დღევანდელი საქართველოს გზისმკვლევი.
ამ ტიპის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან მცდელობად უნდა ჩაითვალოს აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ კონკრეტულ თემას – ილიას მიერ საქართველოს სოფლის მეურნეოგბის საკითხების გააზრებას ეხება, თუმცა უნდა ითქვას, რომ, შეფასების თვალსაზრისით, აქ გაცილებით ფართო სპექტრი ჩანს. ნაშრომიდან კარგად იკვეთება ის აზრი, რაზედაც ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდია ამახვილებდა ყურადღებას: “ილია ჭავჭავაძე მარტოოდენ დიდი მწერალი როდი იყო: ამგვარი ადამიანები შორეულ ეპოქებში ეროვნებებს აფუძნებდნენ, ალფაბეტებს ქმნიდნენ ხოლმე. ზოგს ერის ბელადი ერქვა, ზოგს – წინასწარმეტყველი “. პაატა კოღუაშვილი დამარწმუნებლად წარმოაჩენს, რამდენად თანამედროვე და გასათვალისწინებელია დღევანდელი საქართველოსთვის ილიას მოსაზრებები მიწის მნიშვნელობაზე ქართველთა ცნობიერებისთვის, ეკონომიკის განვითარებაზე ეროვნულ თვითმმართველობით ტრადიციაზე დაფუძნებით, ბაზრის მოთხოვნების ორიენტაციაზე, ევროპის კვალდაკვალ ამხანაგობათა ( კოოპერატივთა) ორგანიზებაზე, “ადგილის კაცის” (მკვიდრი მიწათმოქმედის) უფლებათა გაძლიერებაზე, ტექნიკური პროგრესის მიღწევათა გამოყენებაზე, სამიწათმოქმედო ბანკის დაფუძნების მნიშვნელობაზე, ეკოლოგიურად სუფთა, ილიას სიტყვით, “ბუნებურ” პროდუქტებსა და ფალსიფიცირების დაძლევაზე, გზების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ა.შ. მკლევარი კარგად ასაბუთებს, რომ ილიამ ამ მიმართულებითაც ფიქრის ახალი კულტურა შექმნა საქართველოში, რაც ისტორიისა და ტრადიციის შესანიშნავ ცოდნას ეფუძნებოდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია პაატა კოღუაშვილის დაკვირვება, რომ ილია ჭავჭავაძისათვის ქვეყნის ეკონომიკური და სულიერი განვითარება ეროვნული მეობის საერთო ფესვიდან ამოზრდილი ყლორტებია. ამ თვალსაზრისით, მიწის განცდა ქართველი კაცისთვის მისი საერთო მსოფლაღქმის გააზრებისა და მოწყობის ქართული მოდელის საწყისები სწორედ ქართველის ზოგად-კულტურულ ვინაობასა და რაობაში უნდა ვეძიოთ. სწორედ ამის გაცნობიერებამ მიიყვანა ილია და მისი შემდგომი მოღვაწენი “საერთო მოქმედების” იდეამდე – ეროვნული საზრისის მქონე ადამიანებისთვის დიდი თუ მცირე საქმე ყოველთვის ზემოხსებული საწყისების კონტექსტში განიხილება. ვფიქრობ, ეს განაპირობებს თაობათა კონცეპტუალურ ერთობასაც. ამ თვალსაზრისის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ არჩილ ჟორჯაძის სიტყვებიც: “ძველ და ახალ თაობას, ილია ჭავჭავაძის მეოხებით, გამორკვეული დარჩა საერთო მოქმედების ასპარეზი და ეს სწორედ ის ასპარეზია, რომელზეც თავისუფლად მოთავსდებიან ძველის, ახალის და მომავალი თაობის წარმომადგენელნი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საერთო შრომის საჭიროებას ილია ჭავჭავაძემ ჩაუგდო საფუძველი. . .”
ნაშრომის ბოლოს პაატა კოღუაშვილს მოტანილი აქვს ილია ჭავჭავაძის ნაშრომებიდან თემატურად ამოკრეფილი აფორისტული გამონათქვამები, რაც თავისებურ ხიბლს მატებს ავტორის ტექსტს, მითუმეტეს, რომ თავად ილია ახალგაზრდობიდანვე აგროვებდა აპოვთეგმატის მასალას, რაც შემდეგ გამოქვეყნებულიც იქნა.
ამ მარადიულად ცვალებად სამყაროში ცხოვრება, გარკვეული აზრით, ცვლილებების მართვაა. ის, ვინც განვითარების დინამიზმს (ილიასეული “მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა”!) კარგავს, წარმატებას ვერ მიაღწევს. მაგრამ ამ დაუმთავრებელ მდინარებაში როგორც მთლიანად ერს, ისე ყოველ ჩვენგანს გვმართებს ხანდახან შევჩერდეთ და გავიხსენოთ ის, რაც არ იცვლება, ურყევია, ღირსებას ბადებს და მარადიულ ღირებულებებთან წილნაყარია. ზნეობრივი ორიენტირების, ღირებული ტრადიციისა და გონივრული მიზანშეწონილების გარეშე ადამიანი სოცილური არსებიდან ოდენ ბიოლოგიურ არსებად იქცევა. ასეთი “ქართული მუდმივაა” ილია ჭავჭავაძე, რომლის საიუბილეო დღეებსაც ქართველი კაცი ყველაზე უკეთესად სწორედ მის ღვაწლზე ფიქრით იდღესასწაულებს.