ივლისის ბიზნეს კალენდარი
ლალი ჩაგელიშვილი
ცხელი ივლისის თვე ბიზნესსექტორისთვის გაცილებით “გრილი” აღმოჩნდა; ბიზნესსიახლეებით დატვირთული ივნისის ფონზე, ივლისის ბიზნესკალენდარი, ცოტა არ იყოს, მოკრძალებულად გამოიყურება.
მიმდინარე თვე ელექტროკავშირის აბონენტებისთვის არცთუ სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო: საქართველოს ელექტროკავშირმა მომხმარებლისთვის ახალი სატარიფო პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 ივლისიდან ელექტროკავშირის აბონენტები სხვა სატელეფონო ოპერატორების აბონენტებს კოდით – 8 22 დაუკავშირდებიან და ყოველ სასაუბრო წუთზე 2 თეთრს გადაიხდიან. ახალი ტარიფები არ ვრცელდება ელექტროკავშირის აბონენტებს შორის სატელეფონო საუბრებზე..
1 ივლისიდან საქართველოში დამატებითი ღირებულების გადასახადი 20%-დან 18%-მდე შემცირდა.
ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, დღგ-ს 2%-იან შემცირებას 1 იანვრიდანვე ითვალისწინებდა, მაგრამ მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იმ პერიოდში საქართველოს მთავრობას ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი, რისთვისაც დამატებითი სახსრები იყო საჭირო, რაც, დღგ-ს 18%-მდე შემცირების პირობებში, შეუძლებელი იქნებოდა.
ბიზნესმენები ამბობენ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის 2%-ით შემცირება მეწარმეებს შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, მაგრამ არ გააიაფებს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.
1 ივლისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა რუსული კომპანია “გაზექსპორტის” საქართველოს წარმომადგენლობა (ბროსეს ქუჩა, #6). ცნობისთვის, “გაზექსპორტი” “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა. მისი წარმომადგენლობის გახსნა, თბილგაზის ყოფილი დირექტორის – დავით მორჩილაძის განცხადებით, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ბუნებრივი აირით უწყვეტ მომარაგებას და უფრო ოპერატიულს გახდის მომხმარებლებთან ურთიერთობას.
1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საპრივატიზაციო ობიექტების აუქციონზე გატანილი 9 ობიექტიდან სამი გაიყიდა. ესენია:
თბილისში, კოსტავას 59-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი. შეიძინა შპს “ლიზინგი 21”-მა (1 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი);
შპს “შულავერის” არამადნეული ,მასალების ქარხანა (100% სახელმწიფო წილი) შეიძინა შპს “ლოლამ” და სს “საგზაო კომპანია თბილისმა” (280 500 აშშ დოლარი);
შპს “მითილი” (100% სახელმწიფო წილი) შეიძინა ფიზიკურმა პირმა ნ. ერაძემ (250 500 აშშ დოლარი).
დანარჩენ 6 ობიექტზე განაცხადება არ ყოფილა.
5 ივლისს ნავთობრპოდუქტების მწარმოებელთა, იმპორტისა და მომხმარებელთა კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა. კავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება მეწარმეებს არარსებულ გადასახადს ახდევინებს. მათი განმარტებით, საქართველოში არ მოქმედებს შესაბამისი ნორმები ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის (აორთქლების) შესახებ.
როგორც პრესკონფრენციაზე ითქვა, 500 ტონა ბენზინის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემისას აორთქლების მაჩვენებელი 0,8%-ია, ანუ თვეში იკარგება დაახლოებით 4 ტონა ბენზინი, რასაც საგადასახადო ინსპექცია რეალიზებულად მიიჩნევს, ანუ არარსებულ საქონელზე გადასახადს აწესებს – ასეთია ნავთობმწარმოებელთა მოსაზრება. ისინი მთავრობისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.
6 ივლისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დასაქმების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მემორანდუმის ორგანიზატორების – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, დამსაქმებელთა ასოციაციის – მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემების მოგვარებას.
წინასწარი ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო საერთაშორისო დონორორგნიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით აპირებს საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მეტი წილი ჯართზე მოდის.
2005 წლის იანვარ-მაისში გატანილი იქნა 483 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯართი, რაც მთლიანი ექსპორტის 15,9%-ია. აქედან, 10,7% შეადგინა ფეროშენადნობთა ექსპორტმა (საანგარიშო პერიოდში გატანილია 326 მილიონი აშშ დოლარის ფეროშენადნობი).
მთლიანი ექსპორტის 10,7% შეადგინა ნატურალურმა ღვინოებმა.
7 ივლისს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამმართველომ გარესაბანკო ზედამხედველობისა და ანალიზის სისტემით (CAEL) საქართველოს 15 კომერციული ბანკი შეამოწმა.
შემოწმებული ბანკების ფინანსური მდგომარეობა ასეთია:
3 ბანკი – “არაადეკვატური”.
5 ბანკი – “ადეკვატური”,
7 ბანკი – “ნაკლებად ადეკვატური,”
ეროვნული ბანკი არაადეკვატურ ბანკებს საჯაროდ არ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ თუ ისინი თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას არ გამოასწორებენ, საბანკო ბაზრის დატოვება მოუწევთ.
ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 500 ლარის ღირსების ბანკნოტები ხელახლა დაიბეჭდება, რადგან ათი წლის წინ დაბეჭდილი 500-ლარიანი კუპიურები მორალურად მოძველებულია. ახალი კუპიურები კი გაუმჯობესებული დიზაინით დაიბეჭდება და დაცვის უმაღლესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ეროვნული ბანკი სამომავლოდ 200-ლარიანი ბანკნოტების დაბეჭდვასაც გეგმავს და მალე დიზაინისთვის კონკურსი გამოცხადდება. მანამდე კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინტენსიურად ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას იმის თაობაზე, ვინ უნდა იყოს გამოსახული 200-ლარიან კუპიურაზე: ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონი, დიმიტრი ყიფიანი, ერეკლე მეორე თუ ილია ვეკუა.
7 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “ლიცენზირებისა და სერთიფიცირების შესახებ” ახალ კანონს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ლიცენზირებისა და ნებართვის ახალი პირობები განიხილა.
თუ აქამდე ლიცენზიები და ნებართვა 377 სახის საქმიანობაზე გაიცემოდა, ამიერიდან სამინისტრო მხოლოდ 23 სახის დოკუმენტს გასცემს. მათ შორის, 6 – სარგებლობის ლიცენზია, 7 – საქმიანობაზე ლიცენზია, 9 სახის ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “ლიცენზირებისა და სერთიფიცირების შესახებ” კანონი დახვეწას საჭიროებს.
მასში ცვლილებები, სავარაუდოდ, ნოემბერში შევა.
ცნობისთვის, “ლიცენზირებისა და სერთიფიცირების შესახებ” კანონზე, რომელიც ივნისის თვეში იქნა მიღებული, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია.
8 ივლისს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში პირველი “გარდენ ფართი” გაიმართა.
სპეციალური “ხარისხის ნიშნით” დაჯილდოვნდენ თბილისის საიუველირო ქარხანა, კომპანია “რექტიფიკატი” (“გომი”) და “ჯორჯიან პეტროლიუმი”. იმავე დღეს გაიმართა საიუველირო ქარხნის ექსკლუზიური მოდელების გამოფენა-გაყიდვა. როგორც “გარდენ ფართის” ორგანიზატორებმა განაცხადეს, ასეთი ტიპის საღამოები ყოველკვირეულად გაიმართება და თემატურ ხასიათს მიიღებს.
თბილისის საიუველირო ქარხანამ პროდუქციაზე შეკვეთა ყაზახეთიდან მიიღო. 700 ათასი აშშ დოლარის ღირებულების შეკვეთიდან უკვე გაგზავნილია 107 ათასი აშშ დოლარის ნაწარმი. ქარხნის დირექტორის – აკაკი რამიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, საწარმოს მიერ რეალიზებულია 74 ათასი ლარის პროდუქცია.
8 ივლისს ამერიკის სავაჭრო პალატის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა მობილური ტელეფონების ბაზრის რეგულირების თაობაზე. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, აგრეთვე, ნოკიას, მოტოროლასა და ერიქსონის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს მობილური სატელეფონო კომპანიების ავტორიტეტული წარმომადგენლობები.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტექნიკური დახმარების გრძელვადიანი პროგრამა (შესაბამისობის ნებაყოფლობითი დეკლარირება) 2005 წლის მარტში დაიწყო. პროექტის განხორციელება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს თანამედროვე და ლიცენზირებული მობილური ტელეფონების ყველა უპირატესობით – ერთწლიანი გარანტიით, უახლესი ტექნოლოგიებით, ქართული შრიფტით.
შემოვა თუ არა საქართველოს ბაზარზე ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიცაა, მაგალითად. ნოკია? – ჟურნალისტების ასეთ შეკითხვას ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივი ბაზრის რეგულირებასა და ლეგალიზაციაზე, მომხმარებლის მოთხოვნასა და “ტენიკური დახმარების პროგრამის” განხორციელებაზე.
გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვანმა მობილურმა სატელეფონო კომპანიებმა უკვე ჩაატარეს საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის წინასწარი კვლევა, რომელიც დაეყრდნო ორი GშM ოპერატორის – მაგთისა და ჯეოსელის აბონენტების მიერ შესყიდული მონო და ლაი-ლაი ბარათების რეალიზაციის დინამიკას, რაც უცხოელ ექსპერტებს აძლევს საფუძველს, დაასკვნან: “საქართველოში მობილური ტელეფონების ბაზარი არის მზარდი.”
საქართველოში ბენზინის ახალი სტანდარტების ამოქმედება მომავალი წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აზერბაიჯანული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მოთხოვნის საფუძველზე. როგორც ცნობილია, Aაზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთწლიანი პერიოდი მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსული ბენზინის 60% აზერბაიჯანულია. იგი 10-12 თეთრით იაფია ევროპულ საწვავზე. თანაც, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბენზინი საქართველიშო 12%-იანი ფასდაკლებით შემოდის.
ახალი სტანდარტებით, ბენზინის შემადგენლობაში ბენზოილის წილი ერთ ერთეულზე მეტი არ უნდა იყოს, არომატული ნახშირწყლების შემცველობა 42%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ტყვიის შემცველობა კი – 0,005 ერთეულს.
“საქართველოს თამბაქოს წარმოება”, შვიდთვიანი შესვენების შემდეგ, აგვისტოში განაახლებს მუშაობას. სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” ინტერვიუში საწარმოს ხელმძღვანელმა – ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ქარხანა გაჩერებული იყო ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღების გამო, რადგან ახალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულმა აქციზის გაზრდილმა გადასახადმა თამბაქოს წარმოება არარენტაბელური გახადა.
მისივე თქმით, 2005 წლის განმავლობაში გაყიდულია 32 ათასი ყუთი სიგარეტი, სარეალიზაციოდ დარჩენილია 8 ათასი ყუთი. საწარმო ერთთვიანი მუშაობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიონ ლარს შეიტანს.
11 ივლისი. საქართველოში ახალი გაზსაცავის მშენებლობით ამერიკის განვითარებისა და ვაჭრობის სააგენტო დაინტერესდა. ამჟმად განიხილება ნინოწმინდის საბადოზე 1200 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის საკითხი. აქედან 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი განსაკუთრებულ შემთხვევებში – მაგალითად, ავარიის დროს იქნება გამოყენებული, გაზსაცავის დღეღამური წარმადობა 5-7 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
აღნიშნული პროექტი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მომგებიანია და ინვესტორების მოძებნა არ გაძნელდება. გაზსაცავის მშენებლობას, სავარაუდოდ, 50 მილიონი დოლარი დასჭირდება, ხოლო პროექტის შესწავლას – დაახლოებით 1 მილიონი დოლარი.
14 ივლისს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში საერთაშორისო პროექტის – “ბათუმის საერთაშორისო კინოფორუმის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ერთ-ერთი ორგანოზატორის – კინოთეატრ “ამირანის” ხელმძღვანელობის განცხადებით, კინოფორუმი ბათუმში 4-10 სექტემბერს განახლებულ კინოთეატრ “ინტერნაციონალში” ჩატარდება.
პრეზენტაციაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე – როვენა ქროს ნაჯაფიმ განაცხადა, რომ პროექტში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად ჩართულია საქართველოში აკრედიტებული 11 საელჩო და იგი მიზნად ისახავს ბათუმის ხელოვნების მუზეუმის განახლებას. კინოფორუმის მიმდინარეობისას მიღებული შემოსავალი სწორედ ამ მუზეუმის რეკონსტრუქციას მოხმარდება. წარმოდგენილი ფილმები შეირჩევა ორი პრინციპით: 1. უნდა წარმოაჩინონ ქვეყანა; 2. მისაღები უნდა იყოს საოჯახო ჩვენებისთვის.
14 ივლისი. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, ფასები 0,13%-ით გაიზარდა. მათ შორის, სასურსათო საქონელზე – 0,01%-ით, არასასურსათო საქონელზე – 0,44%-ით. მომსახურების სფეროში ტარიფები კვლავ უცვლელი დარჩა.
თხევადი გაზის ფასი გაიზარდა 3,6%-ით, დიზელი – 3,3%-ით, ბენზინი “ნორმალი” – 2,6%-ით.
20 ივლისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მმართველობითი პროგრამის მენეჯერი – პოლ კორსენი. შეხვედრის მთავარი თემაა “ბიზნესეთიკის პროგრამა” და მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის სავაჭრო პალატა და ბიზნესმენთა ფედერაცია.
20 ივლისს საქართველოში მიკროორგანიზაციების ასოციაცია დაფუძნდა. მისი წევრები არიან: ფონდი “კონსტანტა”, “ფინკა საქართველო”, “კრედო”, მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი და სხვ.
ახლად შექმნილი ასოციაციის მიზანია საქართველოს მიკროსაფინანსო სისტემაში არსებული გარემოს გაუმჯობესება, მათი ინსტიტუციონალური განვითარებისთვის ხელშეწყობა და მიკროფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, შემუშავდება ახალი კონცეფცია “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონთან დაკავშირებით.
კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა, სავარაუდოდ, 2005 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.
21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა – მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა წელს ყურძნის შესაძენად არც სუბსიდიებს გამოყოფს და არც ყურძნის რეალიზებაში მიიღებს მონაწილეობას. ყურძნის რეალიზება-შესყიდვის საკითხები გლეხებსა და კერძო კომპანიებს შორის უნდა მოგვარდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის კომპეტენციაა მეღვინეობის დარგში ფალსიფიკაციის აღმოფხვრა, რის შედეგადაც გაიზრდება ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა და, შესაბამისად, გაუმჯობესდება ყურძნის რეალიზებაც.
წლევანდელი ყურძნის მოსავალი, წინასწარი გაანგარიშებით, 200 ათასი ტონა იქნება, რაც 2004 წელთან შედარებით, 100 ათასი ტონით მეტია. ღვინის ექსპორტი კი, შესაბამისად, 26 მილიონი ბოთლიდან 50 მილიონ ბოთლამდე გაიზრდება.
29 ივლისს გაიმართება აქცია-კონცერტი ფალსიფიკაციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ფონდი – “ქართული ხარისხი”.