მსუბუქი ავტომანქანების განბაჟება – თავსატეხი ქართველი მომხმარებლებისთვის და… რუსეთის მთავრობისთვის
ფატი მამიაშვილი
მანქანების განბაჟება რომ რთული და დამღლელი პროცესია, კარგად იციან ქართველმა მძღოლებმა, ავტომოყვარულებმა და იმპორტიორებმა.
საქართველო არ არის ავტომწარმოებელი ქვეყანა. შესაბამისად, ადგილობრივ ავტობაზარზე მხოლოდ უცხოური ავტოტრანსპორტია წარმოდგენილი. ბაზარს კი უალტერნატივო ლიდერი ჰყავს – გერმანული წარმოების ძველი მსუბუქი ავტომიბილები.
მართალია, საქართველოში რამდენიმე უცხოური ავტოგიგანტი მწარმოებლის მაღაზია-სალონია გახსნილი, მაგრამ ქართველი მომხმარებელი ევროპული მანქანების ინდივიდუალურად ჩამოყვანას ამჯობინებს. მსუბუქი უცხოური ავტომობილების იმპორტი გამხდარა ქართველი მამაკაცების ერთი ნაწილის შემოსავლის წყარო. საქართველოს კანონმდებლობით, მანქანების განბაჟებისთვის შემოღებულია თითქოსდა მარტივი წესი: რაც უფრო ახალია ავტომანქანა და რაც უფრო მეტია ძრავის მოცულობა, მით მეტია აქციზური და საბაჟო გადასახადები. გარდა ამისა, ავტომანქანის მფლობელს უწევს საბაჟო მოსაკრებლის გადასახადის გადახდა, დეკლარაციის 4 ეგზემპლარის შევსება და ტექნიკური შემოწმების გავლა.
ძვირადღირებული მანქანების განბაჟება ავტომფლობელებს, შესაბამისად, ძვირი უჯდებათ, რასაც შედეგად მოჰყვა ბაზარზე გასაყიდი მანქანების ფასების მატება. მაგალითისთვის, თუ მანქანა 2002 წელსაა გამოშვებული, ხოლო მისი ძრავის მოცულობა – 3200სმ3-ია, მანქანის მფლობელს მისი განბაჟებისთვის 4439 ლარი ესაჭიროება..
მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემებით, წელს მსუბუქი იმპორტირებული მანქანების რაოდენობა ბევრად აღემატება შარშანდელ მონაცემებს. 2005 წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებულია 14 066 მანქანა, 2004 წლის იანვარ-ივნისში – 9�838.
2004 წლის იანვარში იმპორტირებულია 1435 მანქანა, 2005 წლის იანვარში – 1664, 2004 წლის თებერვალში – 1285, 2005 წლის თებერვალში � 1890, 2004 წლის მარტში – 1456, 2005 წლის მარტში – 2334, 2004 წლის აპრილში – 1630, 2005 წლის აპრილში – 2509, 2004 წლის მაისში – 1973, 2005 წლის მაისში – 2854, 2004 წლის ივნისში – 2059, 2005 წლის ივნისში � 2815. 2004 წლის იანვარ-ივნისსა და 2005 წლის იანვარ-ივნისში სულ იმპორტირებულია 23904 მსუბუქი ავტომანქანა. MANQANA
დიდი გადასახადების გარდა, მძღოლებს არ მოსწონთ ახალი წესი, რომლის თანახმად, ფულს მებაჟე ხელზე კი არ იღებს, არამედ ავტომფლობელმა განბაჟების თანხა ბანკში უნდა გადაიხადოს და ქვითარი აიღოს. ეს კი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს.
მანქანების განბაჟებისას შექმნილია ხელოვნური პრობლემებიც, რაც მოპარულ ავტოტრანსპორტს უკავშირდება. ორიოდე თვის წინ, საბაჟოზე ძვირადღირებული უცხოური ძებნილი მანქანების აღმოჩენის შემდეგ, კონტროლი გამკაცრდა, მაგრამ მებაჟეებმა თავდაცვის მოზნით თვითნებური გადაწყვეტილება მიიღეს და განურჩევლად ყველა შემოსული ავტომანქანის მფლობელი ინტერპოლში გადაამისამართეს იმის გასარკვევად, არის თუ არა კონკრეტული მანქანა სხვა ქვეყნის ინტერპოლის მიერ ძებნილი.
თავად საბაჟო დეპარტამენტში განმარტავდნენ, რომ მანქანების მფლობელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევთ ინტერპოლში წასვლა, თუ მებაჟე რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს. ასეთ საეჭვო შემთხვევებად სახელდება გაყალბებული საბუთები, ძრავის გადაკეთებული ნომერი და ა.შ.
აქვს თუ არა ინტერპოლს იმის უფლება, რომ უბრალო მოქალაქეზე გასცეს ინფორმაცია ძებნილი მანქანის შესახებ? რა თქმა უნდა, არა! ინტერპოლში აცხადებენ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები პოლიციური შინაარსისაა და გაიცემა მხოლოდ შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე. გარდა ამისა, იმის გარკვევას, არის თუ არა ავტომანქანა რომელიმე ქვეყნის ინტერპოლის მიერ ძებნილი, სხვადასხავა ვადა – 15 წუთიდან 2 კვირამდე სჭირდება.
ინტერპოლში დღეისათვის გაწევრიანებული 183 ქვეყნიდან გენერალურ სამდივნოს აქვს შესაძლებლობა, ავტომატურ რეჟიმში მოიძიოს მხოლოდ 64 ქვეყანაში ძებნილი მანქანა. ამ პროცედურისთვის საჭიროა 15 წუთი. მაგრამ საქართველო არ არის იმ 64 სახელმწიფოს შორის, ამიტომ დაკარგული მანქანების ძებნის მოთხოვნით სხვა ქვეყნის ინტერპოლებმა საქართველოს ინტერპოლს განცხადებით უნდა მიმართონ და პასუხს, სულ მცირე, 2 კვირა დაელოდონ.
ამდენად, ქართველმა ავტომფლობელმა ზედმეტი 2 კვირა იმის გარკვევას უნდა მოანდომოს, მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალ;ება ხომ არ არის მოპარული ან ინტერპოლის მიერ ძებნილი. მეორე უკიდურესობა ისაა, რომ ინტერპოლში ასეთი ინფორმაციის გაცემაზე მოქალაქეებს უარს ეუბნებიან, ინტერპოლიდან მოტანილი დოკუმენტის გარეშე კი მანქანის განბაჟება თითქმის შეუძლებელია.
მოპარული ავტომანქანების მასობრივმა შემოდინებამ რუსეთის მთავრობასაც გაუჩინა თავსატეხი. ავტომრეწველობის განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 2005 წლის დასაწყისში შეიმუშავა, ითვალისწინებს უცხოური მანქანების განბაჟების თანხის 25%-დან 35%-მდე გაზრდას, უცხოური მანქანების შეზღუდვას და ადგილობრივი წარმოების გაზრდას. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2005 წლის პირველი კვარტალის შედეგებმა რუსული ავტომობილების რეალიზაციის კლების მაჩვენებელი დააფიქსირა.
2005 წლის პირველი კვარტალი რუსული ავტობაზრისთვის ასეთი შედეგებით დასრულდა.: ოფიციალურად, იანვარ-მარტში გაიყიდა 203,5 ათასი უცხოური და 202,1 ათასი ადგილობრივი წარმოების მანქანა. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რუსული მანქანები 2-3 წელიწადში საერთოდ გაქრება ბაზრიდან. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის მარტში რუსეთში შემოტანილ იქნა 91,7 ათასი ძველი უცხოური წარმოების მანქანა, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე 2004 წელს.
ფაქტია, რომ რუსული წარმოების ავტომანქანები კონკურენციას ისედაც ვერ უწევს უცხოურ ავტომობილებს. ისინი ნაკლებად მოდურია, არც თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და არც ტექნიკური აღჭურვილობით. რუსეთის მთავრობამ ასეთი გამოსავალი მოძებნა: ადგილობრივ მწარმოებლებს ‘”შეკვეთა” მისცა – სასწრაფოდ გამოუშვან ისეთი ტექნიკა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც “ევრო 2-ის” ეკოლოგიურ ნორმებს. სხვათა შორის, წამყვანი კომპანიები უკვე ამუშავებენ ეკოლოგიური ნორმების ახალ – “ევრო-4” სტანდარტს.
რუსეთის მთავრობას სურს, უცხოურ ავტომობილებთან კონკურენციისთვის შემოიღოს შეზღუდვა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. იაპონურ მანქანებზე რუსეთში დიდი მოთხოვნაა, ყოველწლიურად დაახლოებით 150-170 ათასი ასეთი მანქანა შემოდის რუსთის საბაჟოს გავლით.
რუსული ავტომრეწველობის განვითარების სამწლიან გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რეორგანიზაცია შეეხება არა მარტო მსუბუქ მანქანებს, არამედ ავტობუსებსაც. მაგალითად, გეგმაში შეტანილია სპეციალური პუნქტი ავტობუსების სალონებში სავარძლებზე ახალი ტიპის უსაფრთხოების ქამრების დამონტაჟებისა და სამუხრუჭე სისტების შეცვლის შესახებ.
2006 წლიდან რუსეთში ძალაში შევა ახალი სამწლიანი გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში, სამწლიან უცხოურ მანქანებზე განბაჟების გადასახადი, სავარაუდოდ, სამჯერ გაიზრდება. ახალ ძვირადღირებულ მანქანებზე დაწესდება მკაცრი კონტროლი. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საეჭვოა ყველა ახალი, სამწლიანი მანქანა, რომელიც ერთხელ მაინც გამოიცვლის მფლობელს.
რაც შეეხება საქართველოს, მანქანების განბაჟებასთან დაკავშირებით ინტერპოლთან შექმნილი გაუგებრობები, მართალია, ამოწურულია, მაგრამ ქართველი ავტოიმპორტიორები დაზღვეულნი არ არიან მსგავსი პრობლემებისგან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს ინტერპოლის ბაზაში შეტანილია 50-ზე მეტი ძებნილი ავტომანქანის მონაცემები. ზოგიერთი მათგანი უკვე ნაპოვნია და გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადასტურდება, რომ თქვენი კუთვნილი ავტომანქანა სინამდვილეში მოპარულია, მას კანონიერმა მფლობელმა 45 დღის ვადაში უნდა ჩამოაკითხოს და საკუთარი ხარჯებითვე წაიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანა ავტოსადგომზე მოთავსდება და პატრონს დაელოდება. დაგვიანებულ მეპატრონეს ამ სამი თვის ხარჯების გაღებაც საკუთარი ჯიბიდანვე მოუწევს. სამი თვის გასვლის შემდეგ თუ მფლობელი არ გამოცხადდა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მანქანა სახელმწიფო კუთვნილება გახდება და აუქციონზე გაიყიდება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერპოლის მიერ იქნა მოძებნილი, მაშინ მანქანის ნამდვილ მეპატრონეს მოუწევს, გაიაროს ანალოგიური პროცედურები, ოღონდ იმ ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, სადაც მანქანა იქნა ნაპოვნი.