რეფორმა ლიცენზირების სფეროში
ლალი ჩაგელიშვილი
საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის ივნისში განხილულ იქნა კანონპროექტი “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ”. აღნიშნული კანონპროექტით მარტივდება ლიცენზირების წესი. მასში განსაზღვრულია ლიცენზიის სახეობები. ესენია: სარგებლობის ლიცენზია, საქმიანობის ლიცენზია, გენერალური ლიცენზია და სპეციალური ლიცენზია.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც ე.წ. “ერთი სარკმლის” პრინციპს ეფუძნება, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. თუ იგი ლიცენზიისა და ნებართვის გამცემს კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენს შესაბამის საბუთებს, ან დასაბუთებულად არ განაცხადებს უარს მის დადასტურებაზე, სალიცენზიო და სანებართვო დამატებითი პირობა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. 2005 წლის 27 ივნისს კი საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების საკოორდინაციო კომისიის შექმნისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. კომისია იმუშავებს 17 კაცის შემადგენლობით. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა მოამზადონ “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმა როგორც სტრუქტურულ-ორგანიზაციული ადმინისტრირების, ისე საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით.
აღნიშნულმა სამინისტროებმა 2005 წლის 15 ოქტომბრამდე კომისიასთან ერთად უნდა შეიმუშაონ “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცვლილებათა პროექტები და წარუდგინონ მთავრობას; იმავე პერიოდისათვის უნდა წარადგინონ მაღალი საზოგადოებრივი რისკის მქონე პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. ამავე დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა 2005 წლის 1 ოქტომბრისათვის კომისიას უნდა წარუდგინონ სასურსათო საწარმოების საქმიანობის რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.
“ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების საკოორდინაციო კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. დებულებაში განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ამოცანები და უფლებები, რომლის თანახმადაც, მან კოორდინაცია უნდა გაუწიოს ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების დადგენილ ვადებში შემუშავებას და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი პროექტები, დასკვნები და წინადადებები; გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დავალებები მისცეს შესაბამის სამსახურებს.
რამდენად გაამართლებს ე.წ “ერთი სარკმლის პრინციპზე” დაფუძნებული ლიცენზირების კანონი და რამდენად გამარტივებული იქნება იგი, ძნელი სათქმელია. ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით ამის თქმა ძნელია, რადგან კონკრეტულს ის არაფერს გვაძლევს, გარდა იმ 17 კაცის გვარებისა და სახელებისა, რომლებიც “საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა საკოორდინაციო კომისის შემადგენლობაში შედიან და რომელთაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მარტივი მიზეზის გამო, არ ღირს ამ წვრილმანზე ყურადღების შეჩერება.
აღნიშნული დოკუმენტის გაცნობისა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხორციელდებოდა ლიცენზირება დღემდე საქართველოში, მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ მოცემული დადგენილების ამოქმედება და მის საფუძველზე განხორციელებული საქმიანობა ისეთ სიახლეს ვერ მოგვცემს, რომ ღირდეს მისთვის ჩვენი “ბიუჯეტის” მოცდენა.
“ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა საკოორდინაციო კომისიის დებულების მუხლების გაცნობისას ( ზოგადი დებულებანი; კომისიის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი; კომისიის ხელმძღვანელობა; კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი; კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი) ხვდები, რომ სახელმწიფო მართვა ჯერ კიდევ შორსაა თანამედროვე ადმინისტრირების მეთოდებისაგან.
ახლა კი ზოგიერთი შენიშვნა აღნიშნული კანონის ირგვლივ:
1. მუხლი 3, პუნქტი ე) – სრულიად გაუგებარია წარმოდგენილი განმარტებით, თუ რამდენად მოქნილია “ერთი სარკმლის პრინციპი”, მით უმეტეს, რამდენად გაამართლებს ის ჩვენი ადმინისტრაციული მოწყობის რეალობაში.
2. მიუხედავად მე-6 მუხლში საქმიანობის ლიცენზიის და მე-7 მუხლში სარგებლობის ლიცენზიის სახეების ჩამონათვალისა, არ ჩანს მრავალი სხვა სახე, რომელიც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე (პირველადი მოხმარების სურსათითა და საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა; საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს ობიექტების საქმიანობა და ა.შ); გაუგებარია, ისინი საერთოდ იკრძალება, ნებადართულია მათი ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე მოქმედება თუ არსებობს კიდევ რაიმე სხვა დაშვება?
3. მუხლი 10, პუნქტი 13 – რას ნიშნავს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხე? საფრთხე შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს და თუკი ის არსებობს, საჭიროა მისი თავიდან აცილება. დაუშვებელია, ვზომოთ საფრთხის მასშტაბები ან ველოდოთ, როდის გახდება იგი ”მომეტებული”, რათა არ გავცეთ ან გავაუქმოთ ლიცენზია ან ნებართვა. საერთოდ, პუნქტი 13 ძალზე უსუსურია და საჭიროა მისი მთლიანად შეცვლა.
4. მუხლი 19 – დაუშვებელია, ლიცენზიის გამცემმა დაადგინოს სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასი და ანგარიშსწორების წესი. ეს განსაზღვრული უნდა იყოს საქართველოს კანონში “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” და ლიცენზიის გამცემმა უნდა დაიცვას იგი.
5. მუხლი 22, მუხლი 37 – პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ყველგან სამართლიანადაა აღნიშნული ლიცენზიის მიმღების პასუხისმგებლობა, მაგრამ ლიცენზიის გამცემის მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში კანონი შემოფარგლულია მხოლოდ ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე ჩამოქვეითებით.
6. არსად ჩანს, რა რეაგირება მოჰყვება, თუკი მოხდება ისეთი სახის ლიცენზიის გაცემა, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. ლიცენზიის გამცემი პირი მხოლოდ ჩამოქვეითდება თანამდებობიდან?
7. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად სამართლიანია ბატონ ზურაბ ცქიტიშვილის შეშფოთება სურსათზე ლიცენზიების მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ლიცენზიის გაცემის წესის გამარტივებას, ვისთვის როგორ იქნება ის გამარტივებული ამას მომავალში პრაქტიკა გვიჩვენებს. როგორც იტყვიან, წიწილებს შემოდგომით ითვლიან და დაველოდოთ ჩვენც შემოდგომას, როდესაც ზემოხსენებულ დადგენილებაში დასახელებული სამინისტროები, კომისიასთან ერთად, საქართველოს მთავრობას წარუდგენენ “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პროექტებს.
დასასრულს კი დავძენთ, რომ მოვლენების კვალდაკვალ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია გაგრძელდება.