მსოფლიო ეკონომიკის ახალი კონტურები და საქართველო-უკრაინული სენსაცია

ემზარ ჯგერენაია

მსოფლიო ეკონომიკას დღეს სამი საკითხი აწუხებს:
– ნავთობის ფასები და ენერგორესურსების დეფიციტი;
– დოლარის კურსი და ფინანსური ბაზრის რყევა;
– ეკონომიკის ზრდის ვარდნა ევროპაში;
– ჩინეთის ეკონომიკური ზრდა.

ამერიკა-ევროპის ეკონომიკური დაპირისპირება უფრო მძაფრი ხდება. ევროპა ამ ომში ჯერჯერობით სერიოზულად აგებს მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ევრო რეკორდულად გაიაფდა და დოლართან მიმართებაში 1.1869-მდე დაეცა, ექსპორტი ევროპიდან მაინც არ გაზრდილა და ეკონომიკური ზრდა ძალზე დაბალ ნიშნულამდე – 1.6% – მდე დაეცა. ამას უკვე ვერ დააბრალებ ევროს გაზრდილ კურსს, ის მიუახლოვდა 1999 წლის დონეს, რაც ნიშნავს, რომ ევროპას სავალუტო კურსის გარდა, სერიოზული პრობლემები აქვს.

ამ პრობლემებს შორის ექსპერტები ასახელებდნენ პოლიტიკურს, როცა საერთო კონსტიტუციის მიღება შეფერხდა, მაგრამ უმთავრესი ეკონომიკურია, მათ შორის კი, ბიუჯეტის დეფიციტი და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება საერთო. ევროპული შეთანხმების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი ყველა ქვეყანას უნდა უზრუნველეყო 3%-ის ფარგლებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მაგრამ ამ შეთანხმებას ბევრი ქვეყანა არღვევს. მაგალითად, იტალიას ბიუჯეტის დეფიციტი აქვს 4.3%, პორტუგალიას – 6.2%. იტალიას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს 0%, პორტუგალიას-0.5%. ამის გამო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ევროპაში, სავარაუდოდ, 1.4%-მდე დაეცემა.

გასულ თვეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ქვეყნების გაერთიანებამ (ოესდ-ი) გამოაქვეყნა კრიტიკული მოხსენება ევროპის ეკონომიკაზე და მიუთითა, როგორი კატასტროფა მოელის მას, თუ არ განახორციელებს რეფორმების პაკეტს ეკონომიკის, სამუშაო ძალის ლიბერალიზაციის კუთხით. ასევე არ დახარჯავს მეტ თანხებს ტერორიზმთან ბრძოლაში, რადგან ინგლისში აფეთქებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკურ ზრდას.

ევროპის უმთავრესი პრობლემაა ევროს კურსის გამო ევროპული საქონლის გაძვირება. მან დაკარგა არა მარტო უცხოეთის ბაზრები, არამედ საკუთარიც. ამას ისიც ემატება, რომ ევროპაში ბიზნესის წარმოება ძვირია მუშახელის სიძვირის, საგადასახადო წნეხის და რეგულირების მძიმე ბერკეტების გამო. აქედან გამომდინარე, ბიზნესი თავისი სამუშაო ადგილებით გარბის აზიაში. ნავთობსა და გაზზე მაღალი ფასის შენარჩუნების პირობებში, არადა, ეს ფასები მომდევნო წლებშიც იგივე დარჩება, ევროპისათვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

აშშ-ის ეკონომიკაში, პირიქით, საკმაოდ სერიოზული ზრდაა, მიუხედავად ნავთობზე მაღალი ფასებისა და ერაყში გაჭიანურებული საომარი მოქმედებისა. ექსპერტების ბოლო პროგნოზით, ამერიკის ეკონომიკა წლის ბოლომდე განაგრძობს ზრდას. ნავთობზე ფასებმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. ბარელი ბრენტი – 65 დოლარი ღირს, ურალსი – 60. ამასთან, დოლარის მიმართ ჩინური ვალუტის კურსი – 1-8.28 იუანთან შეიცვლება ამ უკანასკნელის გამყარების მიმართულებით და გახდება 8.11, ხოლო წლის ბოლომდე -7.86. ჩინეთის ხელისუფლებამ დაუშვა კურსის მერყეობა 0.3%-ით. ყოველივე ამის მიუხედავად, ამერიკის სავაჭრო ბალანსი 2005 წელს იქნება 175 მილიარდი დოლარი, ხოლო 2006-ში – 181 მილიარდი. Gგასულ თვეს ქვედა პალატის წინაშე მსოფლიო საბანკო სისტემის ჯადოქარი ალან გრინსპენი მოხსენებით წარდგა 6 თვის შედეგებზე და ამერიკული ეკონომიკის წლის ბოლომდე პერსპექტივებზე. Mმოხსენების ლეიტმოტივი იყო მყარი დოლარი, ნავთობის ფასები და მყარი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ში. მყარმა ევრომ და იაფმა დოლარმა ამერიკული ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი. ფედერალური სარეზერვო სისტემის სააღრიცხვო განაკვეთის ოთხჯერადმა ზრდამ გაზარდა ინვესტიციები ამერიკაში და საბოლოო ჯამში ნავთობის ფასების მაღალი დონის მიუხედავად, რაც გრინსპენის განცხადებით, შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 4%.

“ევროპულ საქონელზე ფასების ზრდამ საშუალება მისცა ამერიკელ მწამოებლებს, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების გამო მომატებული ხარჯები გადაეკისრებინათ მომხმარებლისათვის, ეკარნახათ მათთვის თავისი პირობები და საბოლოო ჯამში გაეზარდათ წარმოება”, – განაცხადა ბატონმა გრინსპენმა კონგრესში. მიუხედავად ამისა, ინფლაციის მაჩვენებელი აქაც შემაშფოთებელია. გრინსპენის პროგნოზით, წლის ბოლომდე ერთხელ კიდევ გაიზრდება სააღრიცხვო პროცენტის მაჩვენებელი და შეძლებს ინფლაციის დონის დასტაბილურებას. რაც უფრო მყარია ევრო, მით მეტად იზრდება ამერიკის ეკონომიკა და ეცემა ევროპისა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საწვავზე მოთხოვნილება იზრდება პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკის მოთხოვნის გამო. ეს ქვეყანა ყველაზე დიდი სატკივარი და პრობლემაა დასავლეთისათვის. წინა თვემდე, სანამ ჩინეთი ამერიკის ზემოქმედებით მოახდენდა იუანის რევალვირებას, ჩინეთი და აზიის ქვეყნები იმისათვის, რომ დაბალი კურსი შეენარჩუნებინათ თავიანთ ვალუტაზე, ახდენდნენ სერიოზულ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე და დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ დოლარებს. შემდგომ ამით ამერიკის ობლიგაციებს იძენდნენ (ამიტომ ამ ფასიანი ქაღალდის 60%-ს ეს ქვეყნები ფლობენ). ეს ერთგვარი დადებითი მომენტიც იყო აშშ-სთვის, როცა მას გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი და სავაჭრო ბალანსის არნახული დეფიციტი ჰქონდა. ასევე 500 მილიარდამდე იყო გაზრდილი სამხედრო ხარჯები. Aამიტომ ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა 0.06%-დან 4.22%-მდე გაიზარდა ბოლო პერიოდში. მაგრამ ამას მოჰყვა ჩინური საქონლით ევროპის და ამერიკის დაპყრობა. იაფმა აზიურმა საქონელმა პრობლემები შეუქმნა დასავლეთის ბიზნესს და მასთან ჩინეთს დადებითი სავაჭრო სალდო გაუჩინა. პირველ ექვს თვეში ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 9.5%, რაც მსოფლიო რეკორდია (2004 წელთან შედარებით). ექსპორტი გაიზარდა 32.7 პროცენტით და მიაღწია 342 მილიარდს, საგარეო ვაჭრობის დადებითმა სალდომ (მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად გაძვირებულ იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე მუშაობს) – 39.6 მილიარდს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ ფირმებს, რომელებმაც თავისი ბიზნესი ევროპიდან ჩინეთში გადაიტანეს. Aამას გარდა, გაიზარდა შიდა მოხმარება. საცალო ვაჭრობა გაიზარდა 13%-ით, საწვავის იმპორტი – 37.4%-ით, ავტომანქანებისა – 10%-ით. მსფლიო ნავთობის ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც ეს არის და თუ ჩინეთში ზრდის ტემპს შეინარჩუნებენ, ეს უფრო გაზრდის ფასებს ნავთობზე და შეაფერხებს ევროპასა და ამერიკაში წარმოების ზრდას. ჩინეთში გასულ 6 თვეში ძირითად კაპიტალში ინვესტირება 25%-ით გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ იქ ძალზე ბევრია მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც ცენტრალური ბანკი აძლევს იაფ კრედიტებს ინვესტიციებისათვის და მხარს უჭერს იუანის დაბალ კურსს, რათა თავისი აგრესიული საექსპორტო პოლიტიკა განახორციელოს. Yყოველივე ამის გამო ჩინეთს დასავლეთის ხელისუფალთა დიდი კრიტიკა დაატყდა თავს და მან მოახდინა ვალუტის 10%-ით რევალვაცია, თუმცა შემდეგ ნაბიჯს როდის გადადგამს, არავინ იცის და მისი ეკონომიკა განაგრძობს რეკორდულ ზრდას ძირითადად დასავლეთის ხარჯზე.

ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთი დიდად არ დაგიდევთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს საბანკო და საგადასახადო სფეროში და აგრძელებს პროტექციონისტულ პოლიტიკას ინვესტორებისა და თავისი ქვეყნის მიმართ. მისი ეკონომიკა იმიტომ იზრდება დასავლეთის ხარჯზე, რომ:
1. სერიოზულ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს ეკონომიკაში;
2. ჰყავს იაფი, კვალიფიციური და დისციპლინირებული Aმუშახელი;
3. ბიზნესი, რომელიც დასავლეთმა შეაწუხა თავისი უაზრო რეგულირებით, გარბის აზიაში;
4.ბიზნესი, რომელიც შეწუხებულია სოციალური ვალდებულებებით და მაღალხელფასიანი, გაზულუქებული თანამშრომლებით, გარბის აზიაში;
5. ბიზნესი გარბის მზარდი ბაზრისკენ და ლიბერალური ეკონომიკისაკენ.
ის, რაც კარგია ჩინეთისათვის, ცუდია ამერიკისათვის.

ერთი რამ ნათელია. ჩინეთი ურჩი ქვეყანაა, მაგრამ ძალზე საჭირო. ამიტომ ვერც ზრდის ტემპს შეუჩერებენ და ვერც პროტექციონისტულ პოლიტიკას. იქ აკეთებენ იმას, რაც მათი ქვეყნისათვის ამ ეტაპზე მისაღებია და, ამასთან, მჭიდროდ თანამშრომლობენ დასავლეთთან. ამიტომ იწყება გამალებული ძებნა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოებისა. არამომგებიანი წიაღისეულის დამუშავება და იმ ქვეყნების რესურსებზე ფიქრი, რომლებიც, ალან გრინსპენის განცხადებით, არც თვითონ ახორციელებენ საწვავის მოპოვების ბიზნესში ინვესტირებას და არც სხვას აძლევენ ამის საშუალებას. იგულისხმება ურჩი ქვეყნები, მაგალითად ირანი. რომელსაც გაზის მარაგის 16 პროცენტი აქვს. ნათელია, რომ ასეთ ქვეყანას სულ არ სჭირდება ატომური ელექტროსადგური თავისი ენერგეტიკული პრობლემის გადასაწყვეტად და ის მხოლოდ სამხედრო – პოლიტიკური მიზნებისათვის არის გამოსადეგი. მისი პრობლემაა, გაყიდოს გაზი, რისი მოგვარებაც მის ფინანსურ – სამხედრო გაძლიერებას ნიშნავს, რაც ირანში არსებული ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, აშშ-ს ხელს არ აძლევს.

რუსეთის გაზის მონოპოლია იშლება უკრაინა ცდილობს, მსოფლიო ეკონომიკის გარდაქმნას

რუსეთი მონოპოლისტია მის გაზპრომთან ერთად შუა აზიის გაზის ევროპაში მიწოდებისა. მას შესყიდული აქვს ყველა კონტრაქტი თურქმენეთში 2027 წლამდე და უზბეკეთში 2012 წლამდე. Dდღეს იგი თურქმენეთში 1000მ3 გაზს 40 დოლარად ყიდულობს და გერმანიაში 160 დოლარად ყიდის. Aაწვდის ასევე პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს. Yყველა ეს ნაკადი ტრანზიტად გადის უკრაინაზე. 2004 წელს რუსეთმა უკრაინის გავლით ევროპაში გაატარა 138 მლრდ კუბური მეტრი გაზი, 2005 წელს აპირებს, გადატვირთოს 128 მილიარდი. ტრანზიტის საფასურს იხდის გაზით. ტრანზიტისათვის – 1000მ3 გაზის 100 კოლომეტრზე ტრანსპორტირებისათვის უკრაინა იღებს 1.09375 დოლარს, რაც მოცულობაზე გადაყვანით 30 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს წელიწადში. შედარებისათვის, იგივე ტრანზიტის გადასახადს რუსეთი პოლონეთს უხდის 2.7 დოლარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ აყვედრის უკრაინას და საქართველოს. პუტინი გაუთავებლად იმეორებს, 50 დოლარად გაძლევთ გაზს და არა 160-ად, როგორც ევროპასო.

საქართველოც რუსეთისათვის ტრანზიტული ქვეყანაა გაზის სომხეთში გადასაზიდად და ის შეღავათიან ტრანზიტის გადასახადს იხდის, თანაც ნატურით – გაზით, რაც ძალზე გაუმჭვირვალეა. პრობლემა ისაა, რომ ბევრია ე.წ. ტექნიკური დანაკარგები. გაზის აღრიცხვა ხდება ჩმიში- რუსეთის ტერიტორიაზე, შემდგომში ალავერდში – სომხეთში და ეს ხელოვნურად გაბერილი დანაკარგები სოლიდურ რაოდენობას აღწევს.

როცა უკრაინამ დააპირა ანალოგიური საკითხების დარეგულირება და შესთავაზა რუსეთს, რომ 80 დოლარად იყიდიდა გაზს და ფულით გადაახდევინებდა 1.7 დოლარს, ტრანზიტის ქირას, აი, ომი მაშინ დაიწყო. რუსეთმა დააბრალა 9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპარვა და სასწრაფოდ ანაზღაურება მოითხოვა. მერე ტარიფის 160 დოლარამდე გაზრდით დაემუქრა, რაც უკრაინის საწარმოების გაჩერებას და ეკონომიკის კრახს ნიშნავდა. უკრაინამ საბოლოოდ გადაწყვიტა ალტერნატიული გზის მოძებნა და გამოძებნა კიდეც. ეს არის სენსაცია.
ირანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში მარშრუტით:
ირანი (ყარსის საბადო)-სომხეთი-საქრთველო-უკრაინა- ევროპა.
ეს პროექტი მოსპობს ევროპაში გაზპრომის მონოპოლიას და მეორე – თურქეთში “ცისფერი ნაკადის” სახელით ცნობილ გაზსადენს გახდის არაეფექტურს და ზარალიანს. Aამას ემატება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ირანის ახალი გაზსადენი თურქეთში. რუსეთი რთულ სიტუაციაშია, იმპერია მართლა ინგრევა. თანაც თურქმენბაშიმ მოითხოვა გაზპრომისაგან შესყიდული გაზის ფულადი ფორმით გადახდა – 44 დოლარადDდა 2007 წლიდან ფასის გაზრდა, რაც გაზპრომის საქმიანობას ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
გასულ თვეს ირანის ნავთობის და უკრაინის სათბობენერგეტიკის სამინისტრომ მოაწერეს ხელი ამ ახალ პროექტზე მუშაობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში ყველა მხარის მონაწილეობით შედგება შეხვედრა და პროექტზე მუშაობის დაწყების შეთანხმება. უკრაინის სათბობენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, სერგეი ტიტენკოს განცხადებით, მარშრუტი გაივლის ქართულ პორტ სუფსადან ფეოდოსიამდე 550 კმ-ს ზღვის ქვეშ და უკრაინის გავლით ევროპაში წლიურად 60 მილიარდ კუბურ მეტრ ირანულ გაზს გაატარებს. აქედან უკრაინა შეიძენს 15 მილიარდს.

აღსანიშნავია, რომ ირანი დღეს მოიპოვებს 56 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 2010 წელს მისი მოპოვების მოცულობა იქნება 290 მილიარდი. ამიტომაც ამზადებს ირანი პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენის პროექტს.

1970 წელს აშენდა გაზსადენი იგატ-ი, რომელიც გაზს აწვდიდა აზერბაიჯანს და სომხეთს წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე, 1979-ში აშენდა იგატ-2, სიმძლავრით 27 მილიონი კუბური მეტრი. ორივე გაზსადენი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, იხილება მარშრუტის ორი ვარიანტი:
ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი-უკრაინა-ევროპა;
ირანი-სომხეთი-საქართველო-უკრაინა-ევროპა.
სექტემბერში შეხვედრაზე ხუთი მხარე იქნება. რუსეთიც მეხუთე მხარედაა მიწვეული. ევროპას ეს პროექტი ჰაერივით სჭირდება, რათა რუსეთის გაზპრომისგან მეტი დამოუკიდებლობა მიიღოს. მთავარია, აშშ როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენს პროექტისადმი.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ირანმა თავისი ატომური პროგრამის დაკონსერვების საფასურად ამ პროექტის მხარდაჭერა მოითხოვოს. ერთი რამ ნათელია – საუკუნის პროექტი იწყება და თანაც საქართველოს მონაწილეობით, რაც არა მარტო შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, არამედ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას. პროექტი უკვე მზად არის, ის 2000 წელს კიევის ერთ-ერთ ინსტიტუტში შეიქმნა. ძნელი წარმოსადგენია, აზერბაიჯანის მხარეს მილსადენის სომხეთზე გავლა გაუხარდეს მაშინ, როცა სექტემბერში ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პირველი ნაკადი საქრთველოს მოაღწევს და ერზერუმამდე გაზსადენის მშენებლობა მალე დამთავრდება, ან ამერიკის ხელისუფლებას მოეწონოს ირანის ახალი მმართველობის გაძლიერება.

რუსეთის დასუსტება საპირწონე იქნება მსოფლიო ენერგობაზარზე, მით უმეტეს, ჩინეთი და შუა აზიის ქვეყნები პირდაპირ მილსადენის აშენების პროექტის შექმნას შეუდგნენ. სსრკ-ს დაშლა ფორმალური აქტი იყო. რუსეთის იპერია დღეს რეალურად ინგრევა და მათი აგონია და ისტერია ალბათ ამ პროცესითაა გამოწვეული. ჩვენ გუშინ ტრანსკავკასიურ მილსადენს ვყიდდით რუსეთზე და ამ შემთხვევაში რუსეთს კარგი კოზირი ექნებოდა, ეს საუკუნის პროექტი მისი მონაწილეობით შესრულებულიყო. გადავრჩით, თუმცა რუსეთის აგენტებმა, არა, აგენტი ცუდი სიტყვაა, რუსეთის პოლიტიკის ლობისტებმა შეიძლება, სერიოზული პრობლემა შეუქმნან საქართველოს საერთაშორისო ინტერესებს და ეცადონ, დატოვონ რუსეთის გავლენის სფეროში. ეს ჭორი არ არის, ზოგიერთი გავლენიანი წრის სურვილია.