პასაუკუნის აფერა თუ წვრილი კრიმინალი

თეა გილიგაშვილი
გრანტებსა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე ხელის კარგად მოთბობა შეიძლება განსაკუთრებით მაშინ, თუ დონორი მეზობელი სახელმწიფოა, რადგან მათთან ურთიერთობაც და ტვირთის ტრანსპორტირებაც უფრო მომგებიანია. ამის დასტურია ბოლო დროს თურქეთიდან შემოტანილი გრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობა.

იმისათვის რომ არ გაგაოცოთ თურქების გულუხვობამ, გავარკვიოთ, გრანტების გაცემას რა სარგებლობა მოაქვს თურქული ორგანიზაციებისათვის.

თურქული მხარის ინტერესები: თურქეთშიც შეიძლება არალეგალური ფინანსური მაქინაციების წარმოება და იქაც ჩვენსავით ცდილობენ გადასახადებისაგან თავის არიდებას. ამისათვის კი ყველაზე უკეთესი საშუალებაა, ფირმის საქმიანობა საქველმოქმედო მიზნებს დაუკავშირონ.

თურქეთის ხელისუფლება ზრუნავს საკუთარი ქვეყნის წარმოების განვითარებაზე, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქციის ექსპორტზე მუშაობენ და თუ ამასთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან, განსაკუთრებული შეღავათებიც უწესდებათ. ქვეყნის კანონმდებლობით ამ ტიპის ორგანიზაციები თავისუფლდებიან სხვადასხვა სახის გადასახადებისაგან, ადვილად იღებენ კრედიტებს… ეს ყველაფერი კი ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში გამოგზავნილი პროდუქცია.

ქართული მხარის ინტერესები დიდად არ განსხვავდება თურქულისაგან. გრანტის სახით შემოტანილი პროდუქტი ჩვენი “კაბალური” საგადასახადო კოდექსის ფონზე დიდი შეღავათებით სარგებლობს, არ იბეგრება საბაჟო გადასახადით. თუ ახლო წარსული წლების გამოცდილებას გავიხსენებთ, დიდი ალბათობა არსებობს, რომ გრანტის გაფლანგვისათვის პასუხს არავინ მოითხოვს, რადგან ამ საქმიანობით დაკავებულმა პირებმა კარგად იციან, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავებს თავი როგორ აარიდონ, “გამვლელსაც აჭამონ, გამომვლელსაც და შინაც ბევრი მიიტანონ”.

და ასე, ქართულ-თურქული ორგანიზაციების საქველმოქმედო მიზნები იმდენად კარგ სისტემად ჩამოყალიბდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქეთიდან გრანტის სახით შემოვიდა მილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც, ცხადია, საჩუქრად არავის მოხმარებია.
გრანტის გაფლანგვის მექანიზმი იმდენად ნაცნობი და მრავალნაცადია, მასში სიახლის შეტანა მხოლოდ იშვიათი იმპროვიზაციის ნიჭის მქონე ადამიანს შეუძლია. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ლევან თოთაძე.

შტრიხები პორტრეტისათვის: დაიბადა 1949 წელს, არის ბიოფიზიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას იყო სამგორის რაიონის პრეფექტი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1992-97 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთი წევრის მრჩევლად. 1993 წლიდან ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და, როგორც ჩანს, კავშირი ჰქონდა ქართულ ორგანიზაციებთან. თუმცა, აქტიური მოღვაწეობა მხოლოდ 1998 წელს დაიწყო. მონაწილეობდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატების სიით. მანამდე კი, რუსეთში მოღვაწეობისას, მან თურქული საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაიცნო, გაერკვა

1998 წლის აპრილში დაარეგისტრირა ფონდი “მეცენატი”, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. უკვე ივლისში გააფორმა საქველმოქმედო კონტრაქტი “იავუზ სელიმის სახელობის ფონდის ართვინის ფილიალთან”. “მეცენატმა” გრანტის სახით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსური დახმარების პროგრამის განსახორციელებლად შემოიტანა 249 000 აშშ დოლარის ღირებულების 520 ტონა ფქვილი და 520 ტონა შაქარი, რომელსაც თავად გაუკეთა რეალიზაცია და ამონაგები თანხა მიითვისა, ხოლო საბუღალტრო დოკუმენტებში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა სურსათი უსასყიდლოდ გადაეცა ჩოხატაურის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და გორის რაიონების სოფლების საკრებულოებს მოსახლეობაზე გადასაცემად. მოგვიანებით, თოთაძემ ჩოხატაურის რაიონის 16 სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეს შესთავაზა ფქვილისა და შაქრის უსასყიდლოდ გადაცემა და განაცხადა, რომ ამისათვის წინასწარ სჭირდებოდა მათი დამოწმება. თოთაძემ ხელმოწერილი სუფთა ფურცლებით ჩოხატაურის რაიონზე 350 ტონა ფქვილისა და 370 ტონა შაქრის გადაცემის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმა. რეალურად კი ამ რაიონის მცხოვრებლებს დასახელებული პროდუქტი ფონდ “მეცენატიდან” არ მიუღიათ.

1

გრანტის მიღებისა და გაფლანგვის მექანიზმი რამდენადმე განსხვავებულია საქველმოქმედო ფონდ “საპიენსის” შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ლევან თოთაძეა. რუსული საქველმოქმედო ფონდი “მიგრანტი” ყიდულობს თურქული ფირმა “ფათოღლისაგან” 2000 ტონაზე მეტ ფქვილს, რომელიც შემდეგ საჩუქრად უნდა გადასცემოდა ფონდ “საპიენსს”. კონტრაქტი ითვალისწინებს 470 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტის გადმოცემას “საპიენსისათვის”. რეალურად კი ფონდმა 365.000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი მიიღო, რომელიც დღეს უკვე ბოლომდე ათვისებული და გაფლანგულია, ფონდის ხელმძღვანელი საღირაშვილი კი – დაპატიმრებული.

სამართალდამცავთა მიერ მხილებულნი იქნენ არასამეწარმეო ორგანიზაცია “აფხაზეთის ხსნის ფონდის” ხელმძღვანელები, ძოწენიძე და ღონიაშვილი, რომლებმაც საქმეში ლტოლვილები ჩართეს. მათ 1999 წელს თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბაქარადან” გრანტის სახით მიიღეს 460 000 აშშ დოლარის ღირებულების 2300 ტონა ფქვილი და 450 ტონა შაქრის ფხვნილი, რომელთა რეალიზაციიდან მიღებული თანხები უნდა მოხმარებოდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების პროგრამებს. ყალბ დოკუმენტებში ნაჩვენებია, თითქოს აღნიშნული სურსათი გადაეცა მესტიის რაიონის მაღალმთიანი სოფლების საკრებულოებს მოსახლეობასა და ლტოლვილებზე გადასაცემად. დღეს უკვე დადგინდა, რომ მონაცემები ყალბია და გრანტი მთლიანად გაყიდული.

მხილების შემდეგ ფონდის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის ჩატარების იდეა მათ ლევან თოთაძემ მიაწოდა, რომელმაც, თავის მხრივ, ინტერნეტით მოძებნა ეს თურქული ფონდი და დააკავშირა ისინი “აფხაზეთის ხსნის ფონდთან”.

ავთანდილ კვერნაძე, გამომძიებელი: “ამ ორგანიზაციების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს რამდენიმე საერთო ნიშანი ახასიათებს: ყოველ მათგანს აქვს დანაშაულის საერთო ხაზი; ყოველი ქმედება უკავშირდება ერთ პიროვნებას – ლევან თოთაძეს; გრანტის შემოტანა და მისი მითვისება ერთმანეთის მსგავსად ხდებოდა; დონორებთან გაფორმებულია სრულიად იდენტური ხელშეკრულებები, რომლებიც ყურადღებას იქცევს თავისი მკვეთრად გამოკვეთილი ვალდებულებებით: ყველა შემთხვევაში გრანტის დიდი ნაწილი, 35-დან 60%-მდე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის; გრანტის სხვა მიზნით გამოყენება დასაშვებია, თუ შეთანხმებული იქნება დონორთან; ქართული მხარე ვალდებულია, გრანტის რეალიზაციის ყველა ეტაპის შესახებ აცნობოს დონორს; თუ დონორი უკმაყოფილო დარჩება ქართული მხარის საქმიანობით, შეუძლია ეს პრესითა და ტელევიზიით გააშუქოს”.

ამ ფონდების დანაშაულის გამოვლენის შემდეგ არც ერთ დონორს არ გახსენებია კონტროლის ეს სისტემა და არ გამოხმაურებია ამ ფაქტებს. მეტიც, დუმილის გარდა შეუძლებელი გახდა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე “ბაქარასა” და “იავუზ სელიმის სახელობის ფონდის ართვინის ფილიალის” მოძებნა და იმის დადგენაც კი, საერთოდ არსებობს თუ არა მსგავსი ფონდები თურქეთში.

ლევან თოთაძე: “მართალია, სხვა ფონდების დამფუძნებელიც ვარ, ზოგთან, უბრალოდ, ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი ფონდი მებარა და სულ ტყუილად მომაწერენ სხვა დანაშაულობებს. მე დამნაშავე არა ვარ! ასე რომ იყოს, დიდი ხნის წინ დამიჭერდნენ. მითხარით, რაში მიმიძღვის ბრალი? სახელმწიფო ქონება დავიტაცე თუ ვინმეს რამე მოვპარე? მე ჩემი პირადი კონტაქტებით შემოვიტანე პროდუქტი, ეს გრანტი იყო და ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტები არ დამირღვევია. ერთადერთი, რაც დავაშავე, გავაკეთე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი საგადასახადო კოდექსი სრული ანეკდოტია, ეს რომ არ გამეკეთებინა, არანაირი მატერიალური დაინტერესება არ მექნებოდა. იცით, რას ვაკეთებდი იმ შვიდი წლის მანძილზე, სანამ აქედან წასული ვიყავი? ვიჯექი და სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსებს ვსწავლობდი, დაქირავებული მყავდა ლტოლვილების მთელი ჯგუფი, ისინიც ისხდნენ და ჩემი დავალებით კითხულობდნენ, ეძებდნენ, სწავლობდნენ მრავალრიცხოვან ფონდებს და საინტერესო წინადადებებს მიწერდნენ, რომლებსაც მე სამომავლოდ ვიტოვებდი. თითო პროექტში 40-50 ლარს ვუხდიდი და მერე მათგან მილიონები უნდა მეკეთებინა. მე მხოლოდ 250 000 დოლარის ღირებულების პროდუქტი შემოვიტანე და ჩემი დონორის თანხმობით მთელი თანხა ჩემი ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას მოვახმარე. დავდიოდი თურქეთში, ევროპაში, აშშ-ში, კანადაში… ვეძებდი ფონდებთან ურთიერთობის გზებს და ბევრი რამეც გავარკვიე. ფულის კეთება გნებავთ? კი, ბატონო, პრობლემა არ არის. ამის საშუალებას თავად ჩვენი კანონმდებლობაც იძლევა, მასში არსებული ორაზროვნებები და ღრმულები. ეს გრანტი მხოლოდ იმიტომ გავაყალბე, რომ მერე მილიონები მეკეთებინა, მაგრამ ეს ეტაპი ვერ გადავლახე. ჩავვარდი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება მილიონებს ჭამს და ჩემი 250 000-ით ნამუსის დამშვიდება სურს. თუმცა, ჩემი დაჭერა ასე იოლი არაა და ეს არც მოხდება. აი, მაშინ კი ვნახოთ…”

რაც ყველაზე მთავარია, თოთაძისათვის ბრალის დამტკიცება მართლაც არ ხერხდება. ორჯერ გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ იგი კვლავ თავისუფალია. საგამოძიებო საქმეში ნამდვილად დევს დოკუმენტები, რომლებიც გრანტის მიმღებს (ლევან თოთაძეს, “მეცენატი”) უფლებას აძლევს, პროდუქტი საჭიროებისამებრ მოიხმაროს და გაყიდოს, თუნდაც საბაზრო ფასებზე ნაკლებად. ამის გამოა, რომ გამოძიების მიერ მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის შესაბამისად გამოთვლილი თანხა, რომელიც მილიონს სცილდებოდა, თოთაძემ ისევ 250 000 დოლარზე დაიყვანა. ეს წერილები მხოლოდ მას შემდეგაა გამოგზავნილი, რაც გრანტი საქართველოში შემოვიდა. სავარაუდოა, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, მაგრამ არც ამის და არც დონორი ორგანიზაციის არსებობის დამტკიცება არ ხერხდება, რადგან აქ, საქართველოში, არავის შეუძლია ამაში დახმარების გაწევა.

იავუზ ევირგენი, თურქეთის საელჩოს II მდივანი: “დანაშაული, ალბათ, ისევ ქართულ მხარეში უნდა ეძებოთ, რადგან კორუმპირებული ქვეყნის იმიჯი თქვენ უფრო გაქვთ, ვიდრე ჩვენ. თუ თურქული მხარე გრანტს გაძლევთ და თქვენ არ მიგაქვთ ის დანიშნულების ადგილზე, ეს სხვისი ბრალი არ არის.”

რას ვიზამთ, ქართველი თაღლითების დანაშაული მართლაც არ არის უცხოელების ბრალი. თავის წილ პასუხისმგებლობას კი თურქებს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება დააკისრებს, თუკი ოდესმე მოხერხდა მათი მოძებნა და დანაშაულში მხილება.

ქენან ო. ილდრიმი, საქართველო-თურქეთის მეწარმეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: “ჩვენთან ბევრი ქართველი მოდის, რომლებიც აცხადებენ, რომ ამა თუ იმ თურქულმა ფირმამ მოატყუათ. მერე აღმოჩნდება, რომ ასეთი ფირმები თურქეთში საერთოდ არ არსებობს. თურქულ კანონმდებლობაში გაუთვითცნობიერებელ ქართველ მეწარმეებს ჰგონიათ, რომ თუ ადამიანს ბლანკიანი და ბეჭდიანი საბუთები აქვს, აუცილებლად რამე პრესტიჟულ ფირმას წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ თურქეთში სასურველი ბეჭდის დამზადება სულ რამდენიმე დოლარი ღირს, რამდენიმე წუთში აკეთებენ და მისი ქონა სულაც არ ნიშნავს ფირმის ქონას”.

ამ ისტორიებს ერთი კურიოზული ფაქტიც ახლავს. ყველა ამ ფონდის ხელმძღვანელი საშუალო შეძლების ადამიანია, არაფრით გამორჩეული და იმის დაჯერებაც კი ჭირს, რომ ამხელა თანხა მიითვისეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ფული სხვა მიმართულებით წავიდა.

ეს პატარა ამბავი საქართველოში გრანტების შემოტანისა და გაფლანგვის დიდი ისტორიის ნაწილია. ამ შემთხვევაში არც ეს ფონდები და არც თავად ლევან თოთაძე არაფერს სჩადიოდნენ ისეთს, რაც სხვა, ბევრად ცნობილ და ბევრად მოხერხებულ “საქმოსნებს” არ უკეთებიათ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ დღეს საქართველოში ათობით საქველმოქმედო ფონდია, მილიონობით დოლარის ღირებულების გრანტები შემოდის და ბაზრობებიც გადაჭედილია უცხოელთა მიერ საჩუქრად ბოძებული პროდუქტით. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ ლტოლვილების და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის ხარჯზე ხდება, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, ამ პროდუქტის შესაძენად თანხა არა აქვთ.

დაბოლოს, ბატონი ლევან თოთაძე დიდხანს მიხსნიდა, სად შეიძლებოდა დანაშაული მეძებნა საქართველოში. თავის საქმიანობაზე საუბარი კი ერთი რჩევით დაიწყო და დაასრულა: “მე უამრავი იდეა მქონდა, მაგრამ ხელი შემიშალეს. ახლა ასაკოვანი ვარ და ვიცი, ახალს ვერაფერს მოვიფიქრებ. ამიტომაც, გადავწყვიტე ფული სასამართლოს გზით ვიშოვო. მე ბრალი არ მიმტკიცდება და საქმის დახურვისთანავე პასუხს მოვთხოვ ყველას, ვინც მე შეურაცხყოფა მომაყენა. თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ, მაგრამ ნუ აღმოჩნდებით იმ დანარჩენ ადამიანებს შორის, ვისაც ჩემთვის 250 000 დოლარის გადახდა მოუწევს მორალური და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად”.

ბრალი თუ დაუმტკიცდა, მაშინ?…
“მაშინ კარგად მეყოლოს მთელი საქართველო!..”