ლეშეკ ბალცეროვიჩი პოსტსოციალისტურ გამოცდილებას აჯამებს
თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი: ლიდერი პოლონეთია
“რეჩპოსპოლიტა”: 15 წელიწადი მრგვალი თარიღია. ალბათ შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა…
ლ. ბალცეროვიჩი: ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რა სახე ექნებოდა პოლონეთს, აქ რომ სოციალისტური რეჟიმი გაგრძელებულიყო. მაგალითისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ამისათვის ჩვენი მეზობელი ბელარუსიც იკმარებს. ვინც ქვეყნის ისტორიას მცირედ მაინც იცნობს, დამეთანხმება, რომ ბოლო სამასი წლის განმავლობაში შესაძლებლობებისა და შანსების თვალსაზრისით ბოლო თხუთმეტ წელიწადზე უკეთესი პერიოდი არა ყოფილა.
“რეჩპოსპოლიტა”: როგორც ჩანს, ბალცეროვიჩი კმაყოფილია……
ლ. ბალცეროვიჩი: ვერა ვარ სრულად კმაყოფილი, რამეთუ ვხედავ, რომ გაცილებით ნაკლები უმუშევრობა იქნებოდა, ქვეყნისათვის თავზე რომ არ მოეხვიათ მეტად საეჭვო სოციალური პოლიტიკა და რეფორმები გაგრძელებულიყო……
“რეჩპოსპოლიტა”: როგორია რეალობა, თუკი ჩვენს მიღწევებს უნგრეთის, ჩეხეთის მიღწევებს შევადარებდით?
ლ. ბალცეროვიჩი: 1989 წელს შემდეგ განვლილ პერიოდში პოლონეთში მშპ-ს ზრდამ შეადგინა 30%-ზე მეტი, მაშინ, როდესაც სლოვენიაში იგი გაიზარდა 21%-ით, ხოლო უნგრეთში – 12%-ით. უნდა ითქვას, რომ ამ მაჩვენებლით ვლიდერობთ. წარმატებები გვაქვს მოპოვებული ინფლაციის სფეროშიც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უარესი პირობებიდან ავიღეთ სტარტი, ვიდრე ჩეხეთმა ან უნგრეთმა.
“რეჩპოსპოლიტა”: დასაქმების მაჩვენებლებით კი ნამდვილად ვერ დავიკვეხნით…
ლ. ბალცეროვიჩი: მართალია. მაგრამ ეს არაა რეფორმების ბრალი. პირიქით, ეს რეფორმების გაუტარებლობის, უფრო მეტიც, ანტირეფორმების – ეკონომიკის მეტისმეტი რეგულირებისა და მეურნეობის სოციალურად უზომოდ დატვირთვის ბრალია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ტრანსფორმაციის პერიოდში პოლონეთში დაფიქსირდა სხვა ქვეყნებთან შედარებით 15-64 წლის ასაკის ადამიანების მაღალი ბუნებრივი მატება…
“რეჩპოსპოლიტა”: სამაგიეროდ, ჩეხებმა და უნგრელებმა გვაჯობეს უცხოური ინვესტიციების მიზიდვის თვალსაზრისით…
ლ. ბალცეროვიჩი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ჩეხებმა შეძლეს მისი მიზიდვა ერთ სულზე გაანგარიშებით 3700 დოლარის ოდენობით. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი ჩილეში. უნგრეთში იგივე მაჩვენებელი 2100 დოლარის ტოლია. რაც შეეხება პოლონეთს, იგი ერთ სულზე 1100 დოლარს უდრის, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სლოვაკეთში, ესტონეთსა და სლოვენიაში. ამ მაჩვენებლის მიხედვით ჩვენ დაახლოებით ლიტვის დონეზე ვართ.
“რეჩპოსპოლიტა”: უკვე მრავალი წელია, რაც ამ სფეროში მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ იცვლება, რატომ?
ლ. ბალცეროვიჩი: ვფიქრობ, ამას პრივატიზების განხორციელების დაბალი ტემპები აფერხებს. მაგალითად, ჩეხებმა ენერგეტიკული სექტორის სერიოზული პრივატიზება განახორციელეს, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოელი ინვესტორები. ბოლო წლებში პრივატიზაციის ტემპები პოლონეთში საგრძნობლად შემცირდა და სასიამოვნოა, რომ ახლა უკვე იგრძნობა საპირისპირო პროცესები. ინვესტიციების შემოსვლას მრავალი ფაქტორი აფერხებს. მათ შორისაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურის დაბალი დონე. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში ლიტველები არიან.
“რეჩპოსპოლიტა”: იქნებ ჩვენი ჩამორჩენა იმანაც განაპირობა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები გაცილებით ფრთხილნი იყვნენ პრივატიზაციასთან დამოკიდებულებაში?
ლ. ბალცეროვიჩი: საერთოდ, რეფორმებს დიდი ფორმატის პოლიტიკოსები ახორციელებენ, რომლებიც წინ იყურებიან და არ აშინებთ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ასეთი პოლიტიკოსი იყო, მაგალითად, აზნარი (ხოსე მარია აზნარი, ესპანეთის პრემიერი – ა.გ.), რომელმაც სერიოზულად შეუწყო ხელი თავისი ქვეყნის წინსვლას და დააჩქარა ესპანელთა მობილიზაცია ევროზონაში შესასვლელად. დღეს ესპანეთი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე გერმანია ფისკალური დისციპლინის მიხედვით.
“რეჩპოსპოლიტა”: მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბის პოლიტიკოსების სიმრავლე რომ არაა?……
ლ. ბალცეროვიჩი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ადამიანებს ვირჩევთ. პირდაპირ მოხიბლული ვარ სლოვაკეთის მაგალითით. ქვეყანაში, სადაც ადრე თითქმის ადგილიდან არ იძროდა რეფორმები, ძიურინდას პრემიერობის დროს იგი ამ სფეროს ლიდერად გადაიქცა. მაშ, რა მოხდა, სლოვაკების ეროვნული ხასიათი ხომ არ შეცვლილა, რომლებიც პრემიერ მეჩიარის დროს თითქმის არაფერს აკეთებდნენ ამ მიმართულებით?! შეიცვალა მხოლოდ მათი პოლიტიკური ნება. რადიკალური რეფორმატორები იყვნენ ასევე ის ხალხიც, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ბალტიის ქვეყნებს რეფორმების განხორციელების პერიოდში. ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრე ლექციებს კითხულობდნენ და ეცნობოდნენ ჰაიეკს, ლიბერალურ და კლასიკურ ეკონომისტებს.
პოლონეთი რეგიონში: ჩვენზე უკეთესებიც არიან
“რეჩპოსპოლიტა”: როგორც ირკვევა, პოლონეთი ცუდად არ გამოიყურება უნგრეთსა და ჩეხეთთან მიმართებაში. მაგრამ როგორა გვაქვს საქმე საერთოდ რეგიონში?
ლ. ბალცეროვიჩი: თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით პოლონეთი პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ყოფილი სსრკ-ის ზოგიერთი ქვეყანა ბოლო წლებში ვითარდებოდა გაცილებით მაღალი ტემპებით, ვიდრე ცენტრალური ევროპის ქვეყნები. მათ რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, სომხეთი, რომელმაც ძირეული რეფორმები განახორციელა, რამაც ეკონომიკის სწრაფი განვითარება გამოიწვია.
“რრეჩპოსპოლიტა”: კი მაგრამ, სომხეთი კვლავაც ღარიბად ცხოვრობს. მაშ, რაში გამოიხატება მისი ეკონომიკის სწრაფი განვითარება?
ლ. ბალცეროვიჩი: არსებული სიღარიბე უფრო წარსულის გადმონაშთია. სომხეთის ეროვნული მეურნეობის პერსპექტიულობაზე მეტყველებს ის, რომ იქ, მაგალითად, გადასახადების შეფარდება მშპ-ს მიმართ გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან, ანუ სომხებს აქვთ ორჯერ უფრო დაბალი გადასახადები, ვიდრე პოლონელებს. იქ უკეთესი მდგომარეობაა აგრეთვე ფისკალურ სფეროშიც. დაბალია ინფლაციაც, ადვილია ბიზნესის დაწყება და საერთოდ, ნამდვილად იგრძნობა თავისუფლება ამ სფეროში.
ქვეყანა, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტი გააკეთა ცენტრალურ ევროპაში ფისკალური ტვირთის შემცირების მიმართულებით და ამის წყალობით დააჩქარა ეკონომიკური განვითარება, ლიტვაა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდებოდა “სოციალისტ” ბრაზაუსკასის დროს.
ამასთან, მე მეორე ქვეყანა არ მეგულება, რომელიც იყოს ასეთი სამეურნეო “ვეფხვი”, როგორც პოლონეთია და იმავდროულად ჰქონდეს ისეთი არაოპტიმალური ფისკალური სფერო, როგორც პოლონეთს.
“რეჩპოსპოლიტა”: მაინც რა მოხდა ასეთი ლიტვაში?
ლ. ბალცეროვიჩი: იქ თითქმის ყველა სახის გადასახადი შემცირდა. ეს რომ პოლონეთში გაგვეკეთებინა, ეკონომისტების 90% იტყოდა, რომ ამგვარი ღონისძიება შესაძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი იყოს, მაგრამ მოკლევადიანში მას მოჰყვება მოთხოვნის დაცემა და მშპ-ს შემცირება. ამოქმედდება ასევე სხვა ნეოკეინსიანური მექანიზმებიც.
“რეჩპოსპოლიტა”: ბოლო 15 წლის განმავლობაში პოლონეთი საკმაოდ დაუახლოვდა სხვა განვითარებულ ქვეყნებს…
ლ. ბალცეროვიჩი: ნამდვილად. ამასთან, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა იქნებოდა მაშინ, თუ პოლონეთი ვერ მოიშორებდა სოციალიზმის უღელს. რადიკალურად შეიცვალა ქვეყნის მდგომარეობა საგარეო ურთიერთობების სფეროში. ახლა ჩვენში მრავალი ისეთი ახალი სახეობის საქონლის ექსპორტი ხდება, რაზეც ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო არც ისე დიდი ხნის წინ ცენტრალიზებული დაგეგმვის პირობებში, ეს მგეგმავი რაც უნდა გენიოსი ყოფილიყო. ტყუილად კი არ ამბობდა ჰაიეკი, რომ ბაზარი აღმოჩენების ხელშემწყობი მექანიზმიაო. მაგრამ ვინ არიან ეს აღმომჩენები? ესენი არიან ის მილიონობით თავისუფალი ადამიანი, მეწარმეები და უბრალოდ შემოქმედი მუშაკები, რომლებიც დღეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას ახდენენ. სწორედ ამას ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უპირატესობანი გეგმურთან შედარებით.
“რეჩპოსპოლიტა”: თუმცა ჩვენი სინამდვილის შეფასებებში მითებიც მრავლადაა…
ლ. ბალცეროვიჩი: პოლონეთში ნამდვილად გიგანტური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია განხორციელდა. ამასთან, იმ მიზეზით, რომ უცხოური ლიცენზიების შესყიდვები არც ერთ სამთავრობო პროგრამაში არ გაწერილა, ეს ბევრისათვის შეუმჩნეველი დარჩა. მხოლოდ კვლევებზე გაღებული თანხების მიხედვით ამ სფეროზე მსჯელობა და იმაზე ჯავრი, რომ ამ მიზნით შეერთებულ შტატებზე ნაკლებს გავიღებთ, სწორი არ იქნება.
ასეთი შედარებები სათავეშივე მცდარია, რამეთუ ჩვენ განვითარების სხვადასხვა დონეზე ვიმყოფებით. აშშ მსოფლიო ლიდერია და, მაშასადამე, არც ისე ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს სხვისაგან, რის გამოც იძულებულია, მეტი და მეტი გაიღოს სამეცნიერო კვლევებისათვის. რაც შეეხება ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს, მათ აქვთ შესაძლებლობა გარედან შეიტანონ ცოდნა, რაც მათთვის განვითარების უდიდეს შანსს წარმოადგენს. ეს შესაძლებლობა კი ყველა იმ ქვეყანამ გამოიყენა, რომლებიც ახლა წარმატების გზას ადგანან – ირლანდიიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული.
“რეჩპოსპოლიტა”: ეკონომიკას კი ეტყობა წინსვლა, მაგრამ საზოგადოებაში ხშირად გაისმის ხმები ახლად წარმოშობილი და თანდათან მზარდი სოციალური უთანასწორობის შესახებ..
ლ. ბალცეროვიჩი: დიდი განსხვავება ყოველთვის უარესი როდია მცირე განსხვავებაზე. განა, იდეალად ქონებრივი თანასწორება უნდა დავისახოთ? ამასთან, წინა პერიოდში ბევრი ამ სახის განსხვავება დაფარული იყო. თუ საქმე ეხება განსხვავებას ოფიციალურ შემოსავლებში, კარგი იქნებოდა, გავცნობოდით შესაბამის სტატისტიკურ მასალებს, საიდანაც ვნახავდით, რომ იმ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, რომლებმაც სწრაფ სამეურნეო ზრდას მიაღწიეს, ამგვარი განსხვავება შედარებით ნაკლებია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც წისვლა არ იგრძნობა ან უფრო მეტიც: უკუსვლაც კი შეიმჩნევა…
ხშირ პროტესტს იმის თაობაზე, რომ პოლონეთში შეუჩერებლად იზრდება განსხვავება შემოსავლებში, არაფერი აქვს საერთო სათანადო კვლევების შედეგებთან. მით უმეტეს, მიუღებელია აზრი იმის შესახებ, რომ უკეთესია, განვითარება მოხდეს უფრო ნაკლები ტემპებით, ვიდრე იყოს ასეთი დიდი ქონებრივი უფსკრული. ფაქტორები, რომლებიც შეაფერხებდნენ ეკონომიკურ წინსვლას, გახდებოდა ასევე სიღატაკის მიზეზი და, ამასთან, სერიოზული საფუძველი მორალური უთანასწორობისა.
როგორ ავაშენოთ კაპიტალიზმი საკუთარი კაპიტალის გარეშე
“რეჩპოსპოლიტა”: თქვენი აზრით, როგორი როლი ითამაშა პოლონეთის ეკონომიკის მოდერნიზაციაში უცხოურმა კაპიტალმა?
ლ. ბალცეროვიჩი: თითქმის ყოველი ქვეყანა, მდიდარიც კი, ცდილობს პირდაპირი უცხოური კაპიტალის მიზიდვას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომუნიზმმა პოლონეთში გაანადგურა კაპიტალიც და კაპიტალისტებიც, მაშინ გასაგები გახდება ჩვენთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელობა. მით უმეტეს, ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში აუცილებელია დიდი კაპიტალი და სპეციფიკური ცოდნა.
“რეჩპოსპოლიტა”: პოლონეთის ბანკებს უშველა უცხოურმა კაპიტალმა?
ლ. ბალცეროვიჩი: მის გარეშე გაცილებით სუსტი საბანკო სისტემა გვექნებოდა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს სისტემა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ამერიკული. შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა მიზეზების გამო, კვლავაც საყოველთაოდ არის გავრცელებული ქვითრების სისტემა.
ბანკების პრივატიზაციის სფეროში ორი ალტერნატივა იყო. ცენტრალურმა ევროპამ, იმის გამო, რომ ძალზე მცირე იყო სამამულო კაპიტალის მოცულობა, ნება დართო უცხოურ კაპიტალს, აქტიური მონაწილეობა მიეღო ბანკების პრივატიზაციაში. ამის ალტერნატივა იყო პრივატიზაციის პროცესების გაჭიანურება, ანუ ამ სფეროში სახელმწიფო საკუთრების ძველი როლის დატოვება, რომლის დროსაც ეკონომიკური გადაწყვეტილებების გაპოლიტიკურება განსაკუთრებით საშიშია მთელი ეროვნული მეურნეობისათვის. პირველი გზა აირჩია პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკიამ, უნგრეთმა. შედეგი? მათ საბანკო სისტემაში დიდი ხვედრითი წილით არის წარმოდგენილი უცხოური კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესები განვითარდა მექსიკაში, ჩილეში, ახალ ზელანდიაში და ა. შ.
სხვა სიტუაციაა რუსეთში, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხელი ეშლებოდა უცხოური კაპიტალის შესვლას. ამის შედეგად აქ წარმოიქმნა განსაკუთრებული საბანკო სისტემა, რომელშიც დომინირებული მდგომარეობა უკავია ერთ სახელმწიფო ბანკს. მსგავსი მდგომარეობაა ჩინეთშიც, სადაც საბანკო სისტემაზე დიდია სახელმწიფოს წნეხი, რაც დიდი საფრთხის შემცველია ეროვნული მეურნეობისათვის.
“რეჩპოსპოლიტა”: მაგრამ პრივატიზაცია რომ უარყოფით ემოციებს აღუძრავს საზოგადოებას?
ლ. ბალცეროვიჩი: კი მაგრამ, რას მივიღებთ მაშინ, თუ პოლონეთშიც, ბელარუსის მსგავსად, სახელმწიფო საკუთრება იქნებოდა გაბატონებულ მდგომარეობაში? ეს უკმაყოფილო ხმები საიდან მოდის, იცით? მრავალ პოლიტიკოსს უჭირს, შეეგუოს იმას, რომ დაკარგოს გავლენა სახელმწიფო საწარმოებზე. პრივატიზაცია აშორებს მათ სახელმწიფო საწარმოებს.
იმ შემთხვევაში, თუ დარჩებოდა ეროვნულ ეკონომიკაში სახელმწიფოს დომინირებული მდგომარეობა და არ გატარდებოდა პრივატიზაცია, ჩვენ თავს ვერ დავაღწევდით სოციალიზმს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ პრივატიზაციაც არის და პრივატიზაციაც. ძალზე ხშირად პატიოსანი პრივატიზაციის პარალელურად ხდება ველური პრივატიზაცია, რაც ხშირად სახელმწიფო საკუთრების საფარველქვეშ მიმდინარეობს. თუ პირველი ხელს უშლის საწარმოთა აქტივების დატაცებას, მეორე პირიქით – მის ხელისშემწყობად გვევლინება. ამიტომ, როდესაც გვესმის პრივატიზაციის წინააღმდეგ მიმართული ხმები, ყოველთვის უნდა გავარკვიოთ, ვინ ყვირის და რა ინტერესები ამოძრავებს.
შევედით ევროკავშირში, მალე ევროსავალუტო ზონაშიც შევალთ
“რეჩპოსპოლიტა”: როგორ ფიქრობთ, ევროკავშირში შესვლა, ბაზრების გახსნა, კანონების ჰარმონიზაცია სერიოზული იმპულსი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის?
ლ. ბალცეროვიჩი: მარტივი პასუხი ასეთია: როდესაც ხელისუფლების სათავეში რეფორმატორები იყვნენ, ამ ყველაფერს დიდი როლის შესრულება არ შეეძლო, რამეთუ ისინი ისედაც აპირებდნენ მეურნეობის რეფორმირებას. მაგრამ რადგანაც ასეთი მთავრობა ყოველთვის არ გვყოლია, ევროკავშირში შესვლა, ბაზრების გახსნა, კანონების ჰარმონიზაცია სერიოზული იმპულსი გახდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული მეურნეობისათვის.
“რეჩპოსპოლიტა”: კავშირში კი შევედით, მაგრამ ევრომდე ჯერ კიდევ შორსაა. ევროს შემოღებისაკენ სწრაფვა, ამისათვის აუცილებელი პირობების შესრულება გახდება ჩვენი განვითარების მთავარი ბერკეტი?
ლ. ბალცეროვიჩი: ევრომდე შორია თუ ახლო, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი სახელმწიფო ფინანსების გაჯანსაღებასთან. ევრო კარგი პერსპექტივაა პოლონეთისათვის. ვიმედოვნებ, რომ მისი წყალობით ქვეყანაში დიდი ინვესტიციები დაიძრება, გაიზრდება ექსპორტი და საერთოდ, ეკონომიკური მაჩვენებლები.
“რეჩპოსპოლიტა”: როგორ აფასებთ დღეს პოლონეთში არსებულ საგადასახადო სისტემას?
ლ. ბალცეროვიჩი: გარკვეული თვალსაზრისით იგი უკეთესია, ვიდრე შეერთებული შტატებისა, მაგრამ გაცილებით უარესი, ვიდრე ამ სფეროში ლიდერი ქვეყნებისა.
“რეჩპოსპოლიტა”: ამგვარ მტკიცებას რაღაც პროვოკაციული ხასიათი აქვს…
ლ. ბალცეროვიჩი: შეერთებულ შტატებში ძალზე რთულია საგადასახადო სისტემა, თუმცა გადასახადები დაბალია. პოლონეთში გადასახადების საერთო წილი მშპ-ში ძალზე მაღალია იმიტომ, რომ გვაქვს დიდი მოცულობის მრავალფეროვანი საბიუჯეტო სოციალური ხარჯები. გადასახადების შემცირებისაკენ მიმართული ყოველი კამათი სწორედ ამ სახის ხარჯების შემცირებიდან უნდა იწყებოდეს. სხვა ყველაფერი სინამდვილიდან გაქცევა იქნებოდა.
ზოგიერთი თვალსაზრისით, საგადასახადო სისტემა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაცილებით უკეთესია, ვიდრე საფრანგეთსა თუ გერმანიაში. კერძოდ, მეტია პირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილი, ვიდრე ირიბის. ხოლო განვითარებისათვის ეს პირველი გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე მეორე. ამიტომ აბსურდულია ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მოთხოვნა, რომ ჩვენ სახელდობრ უკანასკნელი სახის გადასახადი გავზარდოთ.
სოფელი: ცვლილებებს ვერ ამჩნევენ
“რეჩპოსპოლიტა”: ერთ-ერთი სერიოზული საყვედურის მიზეზია ის, რომ სოფლად არ ტარდებოდა სათანადო რეფორმები. მისი რეფორმირება მხოლოდ ბოლო ხანებში, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით დაიწყო…
ლ. ბალცეროვიჩი: პოლონეთის აგრარული სექტორი ადრე ძირითადად კერძო იყო, თუმცა გარკვეული აზრით, მას მაინც სოციალისტური ხასიათი ჰქონდა. ამ სფეროს ახასიათებდა ქრთამები, დეფიციტი, დიდი მოცულობით სუბსიდიები, ამ სექტორისადმი მიმართული ღონისძიებები ძალზე პოლიტიზებული იყო და ა. შ. ამიტომ სექტორში ძველი ვითარების რადიკალურმა შეცვლამ ძლიერ გაანაწყენა როგორც ფერმერები, ისე მათთან დაკავშირებული ლობისტური წრეები.
“რეჩპოსპოლიტა”: სოფლად მცხოვრები ადამიანები რომ უკმაყოფილონი არიან და მათი რიცხვი კი არც ისე ცოტაა?…
ლ. ბალცეროვიჩი: კი მაგრამ, რისი გაკეთება შეიძლებოდა? კიდევ უფრო დიდი სუბსიდიები მიგვეცა თუ მათი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრების მოპოვებისათვის გვებრძოლა? მე ამ მეორე გზის მომხრე ვიყავი, თუმცა ამ ბრძოლაში ძალზე ცოტა მხარდამჭერი მყავდა.
გარდა ამისა, სათანადოდ როდი აფასებენ იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც სოფელმა განიცადა. ცოტა როდია იმ ფერმერთა რიცხვი, რომლებმაც შეძლეს თავიანთი მეურნეობის მოდერნიზაცია. მათ ამაში ძალზე ეხმარება გათანამედროვებული საკონსერვო მრეწველობა. ეს უკანასკნელი დღეს ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აი, ნახეთ, ამ სახის რამდენი ახალი მცირე საამქრო ამუშავდა სოფლად ბოლო წლებში.
“რეჩპოსპოლიტა”: მაგრამ სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემა ზოგიერთ რეგიონში კვლავაც ძალზე სერიოზულია, განსაკუთრებით იქ, სადაც ადრე პეგეერები (დაახლოებით საბჭოთა მეურნეობის ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმო პოლონეთში – ა.გ.) იყო…
ლ. ბალცეროვიჩი: ალბათ კარგი იქნებოდა, სერიოზული დებატები მოგვეწყო ყოფილი პეგეერების თემაზე. სწორედ მათი გარდაქმნა წარმოადგენს პოლონეთის პრივატიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დემონიზებულ სფეროს.
განწყობილება და არგუმენტები
“რეჩპოსპოლიტა”: მოდით, კვლავ განწყობას დავუბრუნდეთ. სერიოზული უკმაყოფილება იგრძნობა არა მხოლოდ სოფლად, არამედ მთელ საზოგადოებაში. რითი შეგიძლიათ თქვენ ამის ახსნა?
ლ. ბალცეროვიჩი: რეფორმების პერიოდში უკმაყოფილების განწყობა რომ ავხსნათ, საჭიროა, წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი ქვეყანაში კვლავაც სოციალისტური სისტემა იქნებოდა გაბატონებული. აბა, ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა, მაგალითად, ბელარუსში, უზბეკეთში, თურქმენეთში? იქ ადამიანები ან დაშინებული არიან, ან დაპირებებებით გაბრუებულნი.
“რეჩპოსპოლიტა”: რეფორმები თავისთავად იწვევს უკმაყოფილებას…
ლ. ბალცეროვიჩი: ცხადია. როდესაც იცვლება წყობა, იცვლება ასევე სამუშაოს პრესტიჟიც. ისინი, ვინც მაღლა იყვნენ წინა სისტემისას, ყოველთვის როდი ახერხებენ იქ დარჩენას ცვლილებების შემდეგაც. ეს ჩვენთან ეხება, მაგალითად, მაღაროელებს. ძველი სისტემა მოითხოვდა დიდ ენერგიას, რის შედეგადაც ძალზე დაფასებული იყო იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ნახშირს მოიპოვებდნენ. სამაგიეროდ, როგორ იყვნენ უგულებელყოფილნი, მაგალითად, ბუღალტრები, ინფორმატიკოსები? სისტემის ცვლილებების შედეგად მაღაროელები დაეშვნენ ძირს, სამაგიეროდ, ბუღალტრები და ინფორმატიკოსები გაცილებით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდნენ. ნათელია, ის ადამიანები, რომელთა პოზიციებიც ასე გაუარესდა ცვლილებების შედეგად, კმაყოფილი არ იქნებიან მისით. მაგრამ განა ეს საკმარისი საბუთია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეფორმებზე ხელი ავიღოთ?
“რეჩპოსპოლიტა”: მაგრამ განა ეს ახსნა უმუშევართათვის საშველი იქნება?
ლ. ბალცეროვიჩი: რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მათი შველისათვის ჯერ აუცილებელია, მოვსპოთ უმუშევრობა. საიდან წარმოიშვა იგი პოლონეთში? ნამდვილად არა თავისუფალი ბაზრიდან. იგი, უპირველეს ყოვლისა, წარმოიშვა თავისუფალი ბაზრის ბლოკირებიდან შრომითი ურთიერთობების მეტისმეტი რეგულირებისა და მეტად მაღალი, თითქმის პათოლოგიური სოციალური დახმარებების სისტემით. ეს უკანასკნელი მხოლოდ უმუშევართათვის დახმარებებს როდი ეხება, არამედ უდიდეს ხარჯებს ადრეული პენსიებისათვის, დახმარებებს ინვალიდებისათვის და ა. შ. ყოველივე ამის გასაცემად საჭიროა დიდი საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია, რაც გადასახადების და ასევე უმუშევრობის გაზრდას იწვევს.
“რეჩპოსპოლიტა”: არავინ ისე არ უწევს პროპაგანდას ცვლილებებს, როგორც ისინი, რომლებიც მისით კმაყოფილი არიან. რატომ არ მოხდა პოლონეთში საშუალო კლასის ჩამოყალიბება, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისუფალი ბაზრის უპირველესი დამცველია?
ლ. ბალცეროვიჩი: ვინ თქვა, რომ არ შეიქმნა? მაგრამ იგი ძალზე დაკავებულია, ქმნის, აშენებს კაპიტალიზმს. ვინ გამოდის პროტესტით? ძირითადად ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზით დაკავებულნი არ არიან, ანდა ძალზე ორგანიზებულნი არიან. ამასთან, ილუზიაა იმის რწმენაც, რომ ყველა მეწარმე ლიბერალია და უყვარს კონკურენცია. ის, რაც სასიკეთოა ცალკეული მეწარმისათვის, ყოველთვის სასიკეთო როდი იქნება მთელი ეროვნული მეურნეობისათვის და პირიქით.