Made in Georgia ახალი გამოწვევის წინაშე
მაკა ღანიაშვილი
გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებით. ექპერტების შეფასებით, პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარს გასტანს. თუმცა ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმების ვადები, არა მხოლოდ ქართულ მხარეზე, არამედ ევროგაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზეც არის დამოკიდებული.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი: “როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2011 წლის 5 დეკემბერს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი და დაძაბული მოსამზადებელი პერიოდი უძღვოდა. ამ პროცესში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, ქართულ მხარეს დიდი სამუშაოს შესრულება მოუწია ისეთ სფეროებში როგორებიცაა: კონკურენციის პოლიტიკა; სურსათის უვნებლობა; ვაჭრობასთან დაკავშირეული ტექნიკური ბარიერები და ინტელექტუალური საკუთრება. განხორციელებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბება; კონკურენციის შესახებ კანონპროექტის მომზადება; სურსათის უვნებლობის სტრა-ტეგიის და ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროგრამის მომზადება; “სურსათის უვნებლობის შესახებ” კანონის შეჩერებული მუხლების ამოქმედება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება; მრეწველობის პრიორიტეტული სფეროების ტექნიკური რეგულირების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სამთავრობო პროგრამის დამტკიცება; ტექნიკური და მშენებლობის ინსპექტირების სააგენტოს ჩამოყალიბება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის მიღება; საავტორო უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საავტორო უფლებების დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება და სხვა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს სამუშაოები რომ არ შესრულებულიყო, მოლაპარაკებების პროცესი არ დაიწყებოდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესში კიდევ ბევრი ძალისხმევა იქნება საჭირო ევროკავშირის ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციებთან და სტანდარტებთან საქართველოს კანომნმდებლობისა და სტრუქტურების დაახლოების მიზნით. ასე რომ, წინ დაძაბული, მაგრამ ძალზე საჭირო პროცესია.
ს.ე. – როდისთვის შეიძლება ამოქმედდეს ეს რეჟიმი და რას მოუტანს ეს ცვლილება ქართულ ეკონომიკას?
კ.ზ. – ეს, ალბათ, ყველაზე ხშირი კითხვაა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ ისმება. უნდა აღინიშნოს რომ მოლაპარაკებების ვადები ფორმალურად არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, დღეს ძალზე ძნელია იმისი თქმა, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი და როდის ამოქმედდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაზე მოლაპარაკებები მარტივი და ჩქარი პროცესი არ იქნება. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ მრავალი საკანონმდებლო თუ სტრუქტურული რეფორმა ექნება გასატარებელი, ბიზნესს კი ახალ ბიზნესგარემოსთან შეგუება მოუწევს. როგორც უკვე ვთქვით, ამ მოლაპარაკებებს წინ რამდენიმე წლიანი ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი უძღვოდა. მისი წარმატება კი დიდწილად იქნება დამოკიდებული მხარეების პოლიტიკურ ნებაზე და მათ მზაობაზე შეასრულონ შესაბამისი ვალდებულებები. მოლაპარაკების პროცესი გარკვეული ვალდებულებების აღებას და ევროპული “თამაშის წესების” აღიარებას გუ-ლისხმობს. არა მგონია, რომ მოლაპარაკების მხარეებს ეს კარგად არ ჰქონდეთ გააზრებული. მჯერა, რომ მოლაპარაკებების პროცესი, მოსამზადებელი პროცესის მსგავსად ინტენსიურად წარიმართება და შენარჩუნებული იქნება ქართული მხარის პოლიტიკური ნება საკანონმდებლო და სტრუქტურული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რაც მოლაპარაკების პროცესს უდაოდ დააჩქარებს.
ს.ე. – ევროკავშირს რეგულაციები ხომ არ დაამუხრუჭებს ქართული ბიზნესის განვითარებას?
კ.ზ. – მოდით, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის მნიშვნელობიდან დავიწყოთ. როგორც ცნობილია, საქართველო ევროკავშირის სავაჭრო შეღავათებით – პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემით (GSP) 1995 წლიდან სარგებლობს. 2005 წლისივლისიდან კი, საქართველოს მიენიჭა GშP-ის ახალი სქემის, GშP+-ის ბენეფიციარის სტატუსი. ამ სქემის მიხედვით, საქართველოში წარმოებული 7200 დასახელების პროდუქტი ევროკავშირის საიმპორტო გადასახადისგან თავისუფლდება. თუმცა, აღ-ნიშნული სატარიფო შეღავათების მინიჭებას, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის სათანადო ზრდა არ გამოუწვევია. მისი მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ GSP+ სატარიფო ბარიერების დაძლევაში კი გვიწყობს ხელს, მაგრამ ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისათვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის საკმაოდ რეგულირებად ბაზარზე შესაღწევად სატარიფო ბარიერების გარდა ისეთი არასატარიფო ბარიერების დაძლევაა აუცილებელი, როგორიცაა სტანდა-რტები, სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნები და ა.შ. ეს კი ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. სწორედ არასატარიფო ბარიერების დაძლევის სირთულე გახლავთ იმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომ GSP-ს სქემით მოსარგებლე ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, სრულად ვერ იყენებენ GშP-ით მინიჭებულ უპირატესობებს. ევროკავშირთან ვაჭრობისას არასატარიფო ბარიერების დაძლევას ნამდვილად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა, რისი დიდი მნიშვნელობაც სადაო არ არის და ამას ნათლად ხედავს ქართული ბიზნესი. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დროული ამოქმედება სწორედ კერძო სექტორის ინტერესებშია, რადგან ხსენებული ევროპის ბაზართან მჭიდრო ინტეგრირებას, შესაბამისად კი ინვესტიციების და ვაჭრობის ზრდას უზრუნველყოფს. ბუნებრივია, რომ ევროკავშირის სტანდართებთან დაახლოება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიზნესის-თვის და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის, დადებით შედეგს გამოიღებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შედეგად, საქართველოსთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი ევროკავშირის ბაზარი სრულად “გაიხსნება”. ეს, რა საკვირველია, არ ნიშნავს, რომ იქ ქართული პროდუქცია უპირობოდ მოხვდება. ბუნებრივია, ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად ჩვენ პროდუქციას მძიმე კონკურენციის დაძლევა მოუწევს, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარ კონკურენციაში მონაწილეობის მისაღებად ქართული პროდუქციისთვის სატარიფო და არასატარიფო ბარიერები მოიხსნება. მოკლედ, ამხელა ბაზრის და ამხელა შესაძლებლობების გახსნამ როგორ შეიძლება ბიზნესის განვითარება დაამუხრუჭოს?
თუმცა, ყოვეილვე ზემოთ თქმულთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ბიზნესს ახალ ბიზნეს გარემოსთან შეგუება მოუწევს, რაც მარტივი პროცესი არ იქნება, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი ბიზნესის მხრიდან გარკვეულ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. აქ კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. იმისათვის, რომ ქართული ბიზნესი შედარებით მარტივად შეეგუოს ახალ გარემოს, უკვე ამ ეტაპიდან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში. რა საკვირველია, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ იგი უშუალოდ მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ აღმოჩნდება, ეს საქართველოს ხელისუფლების და ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა პრეროგატივაა, მაგრამ მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდით არ შემოიფარგლება და ამ პროცესში ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქტიური დიალოგი უნდა არსებობდეს. ბიზნესი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რათა დროულად მოემზადოს ახალი რეალობებისთვის და თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები მიაწოდოს მოლაპარაკების მხარეებს. ამისათვის კი ბიზნესმა ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის შესახებ ცოდნა უნდა აიმაღლოს, რაშიც ბიზნესს როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე ბიზნეს ასოციაციები და ევროკავშირის სპეციალური პროგრამები უნდა დაეხმარონ. ამ მიმართულებით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო უკვე დიდი ხანია მუშაობს. ჩვენ რეგულარულად გამოვცემთ პუბლიკაციებს ევროკავშირის სავაჭრო რეგულაციების შესახებ და შესაბამის სემინარებსაც ვატარებთ. რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობას, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო ამჟამად სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფის მთავარი ფუნქცია საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პრობლემატიკაზე მუშაობა, საქართველოს ხელისუფლების და ევროსტრუქტურების შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობა და მათთვის ბიზნესის მოსაზრებების მიწოდება იქნება. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად საქართ-ველოში მოქმედი სხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი, რამაც სამუშაო ჯგუფი უფრო წარმომდგენლობითი უნდა გახადოს.
ს.ე. – რომელი დარგებისთვის არის ევროპის ბაზარი განსაკუთრებით პრიორიტეტული დღეს საქართველოში? რომელ დარგს აქვს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების მეტი პოტენციალი?
კ.ზ. &სჰყ;- ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამუშავების შემდეგ და სწორი მარკეტინგის პირობებში, აქვს კარგი შანსები ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად. ძალიან საინტერესოა ორგანული (ბიო) პროდუქტების თემა. ევროკავშირის ბაზარზე ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და ქართველმა მეწარმეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. ასევე დიდია მოთხოვნა ქიმიური მრეწველობის პროდუქციაზე (სასუქები) და ფე-როშენადნობებზე. საქართველოს ტექსტილის წარმოების კარგი ტრადიციები აქვს და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის პირობებში, ამ სფეროს პროდუქციასაც კარგი პერსპექტივები შეიძლება გამნოუჩნდეს.
ს.ე. – არსებობს პესიმისტური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველო დიდად ვერ იხეირებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რადგან აქ ნაკლებად იწარმოება ევროკავშირისათვის საინტერესო პროდუქცია. რას იტყვით ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით?
კ.ზ. – პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ პესიმისტურ პოზიციას ვერ დავეთანხმები. შევეცდები ავხსნა ჩემი მოსაზრება. ჯერ ერთი, უნდა გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირიდან იმპორტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ექსპორტის მოცულობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში დღესაც იწარმოება ევროპული ბაზრისთვის საინტერესო პროდუქცია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო სივრცეს შექმნის, რის შედეგადაც საქართველოში ბიზნესის წარმოების “ევროპული წესები” დაინერგება და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარი “გაიხსნება”, ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო საინტერესო იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. მოწინავე ტექნოლოგიებისა და კაპიტალის შემოდინება კი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი, ევროკავშირისთვის (და არა მარტო ევროკავშირისთვის) საინტერესო პროდუქციის შექმნის წინაპირობა იქნება.
ს.ე. – რამდენად არის მზად ქართული წარმოება გზარდილ კონკურენციასთან გასამკლავებლად?
კ.ზ. – დღეს რა, არ არის ღია ქართული ბაზარი ევროპული პროდუქციისთვის? როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკმაოდ ღია ეკონომიკა და ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს. 2006 წლიდან საქართველოში გაუქმებულია საიმპორტო გადასახადები. ასე რომ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოს ევროკავშირისთვის უკვე მინიჭებული აქვს და ევროპული პროდუქცია საქართ-ველოში ყოველგვარი ბარიერების გარეშე შემოდის, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს პროდუქციაზე, რომლისთვისაც ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების გადალახვა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევროკავშირთან ვაჭრობისას არასატარიფო ბარიერების დაძლევის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა იქნება. ასე რომ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ბიზნესს პირობებს მხოლოდ გაუუმჯობესებს. ამასთან ერთად, რო-გორც ზემოთ აღვნიშნე, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება უდაოდ შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, ინვესტიციების მოცულობის ზრდას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. კონკურენტუნარიანი პროდუქცია კი მხოლოდ საექ-სპორტოდ კი არ იქნება გამიზნული, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს ბაზარზე მოიკიდებს ფეხს და ჩაანაცვლებს იმპორტს.
ბიზნესის თვალით
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი კვოტების, დამატებითი ბარიერებისა და გადასახადების გარეშე გაიტანონ. საზღვრების გახსნისათვის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები უკვე ემზადებიან. როგორც “ჩაის მწარმოებელთა ასოცოაციაში” აცხადებენ, დარგი განსაკუთრებით ემზადება, იმისათვის, რომ საზღვრების გახსნას ქართველი ჩაის წარმოებლები მომზადებულები შეხვდნენ და ახალ გამოწვევებთან გამკლავება მათთვის რთული არ იყოს.
ჩაის მწარმოებელი კომპანია “გეოპლანტი” ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, გასაღების ერთ-ერთი ბაზარი კი ევროკავშირია. “გეოპლანტის” დირექტორი, მიშა ჭკუასელი: “პირველ რიგში, ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ეს ქართველ ექსპორტიორებს ერთი-ორად გაუიოლებს საქმეს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ევროპულ ბაზარზე შეღწევადობა და იქ დამკვიდრება უფრო ადვილი იქნება ჩვენი ბრენდებისათვის და მეორეც, გაიზრდება ქართული ნაწარმის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო დონეზე.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენი კომპანიის გეგმებს, ამ რეჟმის ამოქმედების გარეშეც, ბუნებრივია, რომ ყველა მეწარმე, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული, ცდილობს უცხოური ბაზრების წილის სულ უფრო დიდი მასშტაბებით ათვისებას, რაც ნიშნავს დამატებით შემოსავალსა და დამატებით სამუშაო ადგილებს კომპანიისათვის. ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდისკენ სწრაფვა ჩვეულებრივი მოვლენაა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. მით უმეტეს, რომ ჩვენ თავიდანვე ავიღეთ ორიენტირი ევროპულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რაღაც წელიწადნახევარია, რაც ბაზარზე ვართ, ჩვენი ჩაი უკვე იყიდება ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, იტალიაში, პოლონეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოდან პირველად ჩვენ გავიტანეთ დაფასოებული ჩაი ევროპაში ექსპორტზე. ევროპაში ჩაი გასული წლის სექტემბრიდან გაგვქვს, ამ პერიოდოს განმავლობაში გავიტანეთ 15 ტონა დაფასოებული ჩაი, მიმდინარე წლის განმავლობაში კი, ჯამში, 40 ტონა ქართული ჩაის გატანას ვგეგმავთ.
ს.ე. – მზარდ კონკურენციაზე რას იტყვით?
მ.ჭ. – მას, ვისაც კონკურენციის ეშინია, არ არის მზად იმ გამოწვევებისათვის, რომელსაც თანამედროვე ბაზარი მეწარმეებს უყენებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკა უნდა იყოს კონკურენტული, უნდა არსებობდეს მძაფრი კონკურენცია ნებისმიერი სახეობის წარმოებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ეკონომიკა დაიღუპება. მეორე საკითხია, თუ რამდენად თანაბარ პირობებში იქნებიან ქართველი და უცხოელი, იგივე – ევროპელი მეწარმეები. არსებობს არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების დაცვა, თუნდაც იმის გამო, რომ აქ საპროცენტო განაკვეთები ბიზნეს სეხებზე მაღალია, გლობალურ ბაზრებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეებისთვის წარმოების პროცესი მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებულიო. მაგრამ მე ამის საპირისპიროდ მაქვს არგუმენტი – სამაგიეროდ, ჩვენთან იაფია მუშახელი, განვითარებულ ქვეყნებში კი მუშახელის დაქირავება ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ჩვენი წარმოებისათვის კონკურენციის გაზრდა უკეთესიც იქნება, გაიზრდება ჩვენი ნაწარმის ხარისხიც და ქართველი მომხმარებლების უფლებები მეტად იქნება დაცული. ყველას ეგონა, რომ ქართული ღვინო ვერ გადარჩებოდა რუსული ემბარგოს შემდეგ, მაგრამ ის გადაჩა და თანაც ისე, რომ ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და ახლა ის საერთაშორისო ბაზრებზე იწყებს ადგილის დამკვიდრებას. თუნდაც ჩვენი მაგალითი ავითოთ. ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ, ქართული ბაზრის 95% იმპორტირებულ ჩაის ეკავა, მაგარმ ჩვენ ამ კონკურენციის პირობებში მაინც შევძელით მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება”.
კიდევ ერთი დარგი, რომელიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და ევროპული ქვეყნების ბაზარს საექსპორტო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, არის ღვინის ინდუსტრია. თამარ მეტრეველი, კომპანია “თბილღვინოს” ექსპორტის მენეჯერი: “თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი პლუსი კომპანიებსთვის. სავაჭრო პროცედურების გამარტივება ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ევროკავშირი, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი გაყიდვების მოცულობას. ამჟამად “თბილღვინო” საქართველოს ერთ-ერთი უმსხვლესი ექსპორტიორია. ჩვენ საზღვარგარეთ ყოველწლიურად გაგვაქვს დაახლოებით 2 მილიონი ბოთლი. აქედან ევროპაზე ჯერ მცირე ნაწილი მოდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ექსპორტის გაზრდას, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმი ამოქმედდება”.
“სამტრესტის” მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ხატია ბენიძე: “2011 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტირებულ იქნა 2998323 ბოთლი ღვინო. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ზრდა. 2010 წელთან შედარებით, 2011-ში აღინიშნება ექსპორტის 19%-იანი ზრდა. 2012 წელს მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, რაც ჩვენი პროდუქციის ცნობადობისა და ექსპორტირებული რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილ კონკურენციას, საქართველოს ბაზარზე უცხოური მწარმოებლების შემოსვლის შესაძლებლობა დიდად არ შეცვლის ზოგად სურათს, ვინაიდან საქართველო მწარმოებელი ქვეყანაა და, შესაბამისად, ძირითადად, ადგილობრივი ღვინო მოიხმარება. იმპორტირებული ღვინოს რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე ძალზედ მცირე პროცენტს შეადგენს”.
ზოგადი შეფასებით, ევროპის ბაზრის ათვისების განსაკუთრებით დიდი პერსპექტივა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს აქვს. სავაჭრო რეჟიმების გამარტივება ხელსაყრელ პირობებს შექმნის ისეთი პროდუქციის ექსპორტისთვის, როგორიცაა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილფაფები, ჯემები, ხილის კონცენტრატები, დაკონსერვებული ნაყოფი და ღვინო. ამასთანავე, საწარმოებში საწარმოო პროცესებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას რამდენიმე წელი და სერიოზული ინვესტიციის მოძიება დასჭირდება. რამდენიმე წელი და დიდი ფულადი სახსრებია საჭირო სარეკლამო კამპანიის წარმოებისა და ბაზარზე ადგილის მოპოვებისთვისაც.