აკადემიკოს ავთანდილ გუნიას 90 წელი შეუსრულდებოდა
გიორგი წერეთელი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს ერის ცხოვრებაში. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება ვალმოხდილი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და სასიქადულო მამულიშვილი, აწ განსვენებული ავთანდილ გუნია, რომლის დაბადებიდან 90 წლისთავს აღნიშნავს დღეს საქართველოს საზოგადოება, განსაკუთრებით ეკონომიკური სამეცნიერო საზოგადოება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ გუნია მიეკუთვნებოდა იმ სახელოვან მეცნიერთა კოჰორტას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში, თეორიული დებულებების დამუშავებითა და მათი პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით.
ბატონი ავთანდილი დაიბადა 1912 წლის 27 სექტემბერს თბილისში, ინტელიგენტის ოჯახში. მისი სულიერი სამყაროს ფორმირებაში წარუშლელი კვალი დატოვეს მისმა მშობლებმა, ბატონმა ლევან გუნიამ და ქალბატონმა ალექსანდრა ირემაძემ, ასევე სახელოვანმა ნათესაურმა წრემ, რომელთაგან მხოლოდ ბატონი ავთანდილის ბიძის, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, დრამატურგის, კრიტიკოსის და თეატრალური მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერიან გუნიას დასახელებაც კმარა.
ბატონი ავთანდილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე, სკკპ ცკ აპარატში პროპაგანდისა და აგიტაციის სექტორის გამგის მოადგილედ, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული პოლიგრაფიული მრეწველობის სამმართველოს უფროსად, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ, საქართველოს კულტურის მინისტრად და სხვა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექციის მრჩევლად და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა დირექციას და მისი მშობლიური ინსტიტუტის კოლექტივს. მის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, ორ ათეულზე მეტი მონოგრაფია), რომლებიც გამოირჩევა პრობლემათა მრავალფეროვნებითა და აქტუალობით, თეორიული განზოგადების დონით და პრაქტიკული მნიშვნელობით.
ფართო გახლდათ აკადემიკოს ავთანდილ გუნიას მეცნიერული კვლევის სფერო, რომელშიც ცენტრალური ადგილი ეკავა აღწარმოების ტემპებისა და პროპორციების მეტად აქტუალური პრობლემების კვლევას. სწორედ ამ პრობლემების კვლევას მიუძღვნა მან ისეთი ფუნდამენტური ნაშრომები, როგორებიცაა: “სამუშაო ძალის აღწარმოება საქართველოს მრეწველობაში”, “სოციალური აღწარმოების ტემპებისა და პროპორციების შესახებ”, “საქართველოს ეკონომიკაში აღწარმოების ტემპებისა და პროპორციების საკითხისათვის”, “აღწარმოების თავისებურებანი განვითარებული სოციალიზმის პირობებში და სხვა”.
ბატონი ავთანდილი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ახალგაზრდული შემართებით განაგრძობდა მუშაობას ისეთ ურთულეს საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრობლემები.
ეს ის ნაშრომებია, რომლებმაც ბატონ ავთანდილს საყოველთაო აღიარება მოუტანა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში. გარდა იმისა, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერის უშუალო ხელმძღვანელობით საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ათობით ახალგაზრდამ, ინსტიტუტის ხელმძღვანელობის პერიოდში მის მიერ ყველა პირობა შეიქმნა თითოეული თანამშრომლისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იგი განუხრელად ავითარებდა იმ ტრადიციებს, რომელთაც ინსტიტუტში ჩაეყარა საფუძველი მისი დაარსების პირველი დღეებიდანვე. სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ეკონომიკის ინსტიტუტის მრავალი აღზრდილი წარმატებით იღწვის ქვეყნის საკეთილდღეოდ სახელმწიფო, სამეცნიერო თუ პედაგოგიურ ასპარეზზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი ავთანდილის პრინციპულობასთან შეხამებული ინტელიგენტურობა, რომელიც ყოველთვის შესაბამისი დახვეწილობით მჟღავნდებოდა, როგორც მისი სახელმწიფოებრივი, სამეცნიერო, კულტურული თუ პედაგოგიური მოღვაწეობის დროს, ასევე მის პირად, მეგობრულ თუ ოჯახურ ურთიერთობებში. მან თავისი ცხოვრების არსი აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო-პედაგოგიურ ცხოვრებაში ჰპოვა. მისი სიცოცხლის ყოველი დღე იმის დადასტურება იყო, რომ მხოლოდ სიტყვა არ განსაზღვრავს სიკეთის ქმნასა და მართალ საქმეთა კეთებას. სიცოცხლის ბოლო წლებში ხანდაზმულობამ და ჯანმრთელობის გაუარესებამ ვერ გააფერმკრთალა ბატონი ავთანდილის აქტიური ცხოვრების სამყარო. იგი მაშინაც ჩვეული ენერგიით იღვწოდა სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. ავთანდილ გუნიას სამუშაო მაგიდა, მისი გარდაცვალების დღესაც კი გადატვირთული იყო წიგნებითა და ჩანაწერებით, სამეცნიერო გამოკვლევებითა და სტატისტიკური ცნობარებით, რაც მეტყველებდა მისი ხანდაზმული მფლობელის ახალგაზრდულ შემართებასა და მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. აკადემიკოს ავთანდილ გუნიას არ მოკლებია პროფესიული აღიარება და პატივი. მისი ღვაწლი სათანადოდ იქნა დაფასებული საზოგადოებისა და მთავრობის მიერ. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით, რომელთაგან აღსანიშნავია ხალხთა მეგობრობის და საქართველოს ღირსების ორდენები.
ავთანდილ გუნიას შთამომავლებიც მეცნიერებას ემსახურებიან, ქალიშვილი ნათელა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია (ალერგოლოგი), ვალერიანი – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, შვილიშვილი მარგარიტა კი ჩეხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
ხუთი წლის წინ ქართულმა სამეცნიერო-ეკონომიკურმა საზოგადოებამ აღნიშნა აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი, რომელსაც იგი მისთვის ჩვეული თავდაჭერილობითა და მოკრძალებით შეხვდა.
სამწუხაროდ, ბატონი ავთანდილი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. მან, რამდენიმე წლის წინ, ვალმოხდილმა სამუდამოდ დაგვტოვა.
დღეს აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადების დღეა. იგი ძალიან აკლია ქართველ საზოგადოებას, სამეცნიერო-პედაგოგიურ ელიტას, მშობლიურ კოლექტივს, ახლობლებს, მეგობრებს.