ევროზონის სამხრეთული თავის ტკივილები
ევროზონა მორიგ კატასტროფას გადაურჩა. ევროკავშირი საბერძნეთის ფინანსურ მხარდაჭერას მინიმუმ ოთხი თვე გააგრძელებს. დაფინანსების პროგრამა 28 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ევროზონის 19 სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკრედიტო შეთანხმება გაეგრძელებინათ.
სწორედ წინა დღით ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიცაა The Economist და The Financial Times, წერდნენ, რომ ევროპელი პარტნიორები სავარაუდოდ უარს იტყოდნენ საბერძნეთის თხოვნაზე, რაც ნიშნავდა ქვეყნის ევროზონიდან სწრაფ გასვლას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ევროზონის იმ ფორმით შენარჩუნების პოლიტიკური ნება, როგორიც ის დღეს არის, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ტაქტიკური ფინანსური მოსაზრებები. ახლა საბერძნეთს – სადაც იანვრის არჩევნების შედეგად, მთავრობაში ანტიევროპული პარტიის, სირიზას სახით ულტრამემარცხენეები მოვიდნენ – მოუწევს თავი შეიკავოს ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ათენმა ასევე აიღო ვალდებულება გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იქნება საბერძნეთის ახალი პრემიერის, ალექს ციპრასისთვის, რომელმაც არჩვენები სწორედ საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოიგო, რომელიც ითვალისწინებდა თავსმოხვეული დახმარების პროგრამებზე, მკაცრ საბიუჯეტო ეკონომიაზე უარის თქმას.
თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ საბერძნეთის პრობლემებს დაფინანსების გაგრძელება ვერ უშველის, ის უბრალოდ ოთხი თვით გადაავადებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. არც ბრიუსლეში და არც ათენში არ იციან, როგორ შეიძლება საბერძნეთის სახელმწიფო ვალის პრობლემის მოგვარება, რომელიც ქვეყნის მშპ-ის 180%-ს შეადგენს, ქვეყნის ევროზონიდან გასვლის გარეშე. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ციპრასი ამბობდა, რომ „საკრედიტო პროგრამა ჩავარდა და ახალ ხელისუფლებას არ აქვს უფლება მისი გაგრძელება ითხოვოს, რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია ითხოვოს შეცდომების გაგრძელება“.
იანვრის არჩევნების შემდეგ, საბერძნეთის ახალი ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, თებერვლის შუა პერიოდში საბერძნეთმა ბრიუსელში თხოვნა გააგზავნა ევროზონიდან საკრედიტო შეთანხმების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლებას არ უნდოდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა ევროკავშითან და სსფ-სთან ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ვინაიდან ეს პროგრამა ეკონომიის რეჟიმის გაგრძელებას ითვალისწინებს, რამაც ქვეყნის ეკონომიკა 25%-ით შეამცირა, გაზარდა უმუშევრობა და ცხოვრების დონე დააგდო.
მანამდე, 2000-იან წლებში საბერძნეთის ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა (ძირითადად, 2004 წლის ოლიმპიადისთვის) და სოციალური სფეროსთვის ევროპის ცენტრალური ბანკიდან დაბალ პროცენტში დიდძალი თანხა აიღო, რამაც ვალის ტვირთი ძალიან გაზარდა. როდესაც 2009 წლისთვის სიტუაციამ ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისის კონტურები შეიძინა, მთავრობას მშპ-ის 127% ვალი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ ვალი 146%-მდე გაიზარდა.
დღეს, საბოლოო ჯამში, საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ არ აპირებს საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციისა თუ ჩამოწერაში მონაწილეობის მიღებას, თუკი ასეთი რამ მოხდება. ამის შესაძლებლობა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გამორიცხა. გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მცხოვრებთა 48%, რომელიც ათენის მთავარი კრედიტორია, ხმა მისცა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას. „საბერძნეთის ვალის მოხსნის საკითხი არ დგას. ევროზონი სხვა ქვეყნები არ წავლენ ამაზე“, – განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა და დასძინა, რომ ბრიუსელი დიალოგისთვის მზად არის და საბეძნეთისთვის „საფრთხეს“ არ წარმოადგენს.
იმდენად, რამდენადაც საბერძნეთის ფინანსთა სამინიტროს ანგარიშზე ფული პრაქტიკულად არ დარჩა, ახალი ხელისუფლება სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაშია. თებერვლის ბოლოს, დაკრედიტების ოთხი თვით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ევროპის ცენტრალურ ბანკს მიმართა 2 მილიარდი ევროს სწრაფი კრედიტის თხოვნით. მინისტრის აზრით, ევროპის ცენტრალურ ბანკს შეუძლია გამოყოს ეს თანხა ევროზონის ქვეყნებიდან სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც თებერვალში ამოქმედდა. როგორც ცნობილია, ამ პროგრამამ ევროპის ეკონომიკა ფულით უნდა შეავსოს და რეგულატორს 2016 წლამდე ის ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება. ამასთან, პროგრამის თანახმად, ბერძნული ობლიგაციების შესყიდვა მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდება.
ვარუფაკისმა თავის თხოვნა იმით ახსნა, რომ მარტში საბერძნეთის ხელისუფლება ვალდებულია სსფ-ის წინაშე ვალის გარკვეული ნაწილი დაფაროს (2010-12 წლებში ევროზონაში პარტნიორებმა და სსფ-მ ქვეყანას 240 მილიარდი ევრო ასესხეს). წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთს დეფოლტი ელის. ვარუფაკისი ფიქრობს, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს შეუძლია ათენთან შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდეს და ეს თანხა მისცეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1 თებერვალს იანის ვარუფაკისი აცხადებდა, რომ საბერძნეთი კრედიტს აღარ აიღებდა. მიმდინარე ვალების დაფარვა კი ეკონომიკურ ზრდასთან უნდა ყოფილიყო კავშირში, ამტკიცებდა მინისტრი. ის ასევე ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ ათენი აღარ აპირებდა ევროპელი კრედიტორების სამეულთან თანამშრომლობას (ევროკავშირი, ევროპის ცენტრალური ბანკი და სსფ). როგორც კი ივნისამდე გადავადება მიიღეს, საბერძნეთის ხელისუფლებამ ევროპის კომისიაში სასწრაფოდ შეიტანეს რეფორმების სია, რომლის გატარებასაც ისინი აპირებენ. საბერძნეთს ეს ნაბიჯი რომ გადაედგა, ამას საერთაშორისო კრედიტორები ცდილობდნენ, პირველ რიგში, ევროზონის ქვეყნები, იმისთვის, რომ საბერძნეთის დაკრედიტების პროგრამა გახანგრძლივებულიყო.
რეფორმები ითვალისწინებს გადასახადისგან თავის არიდების, საწვავისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩამონათვალში ასევე შევიდა სახელმწიფო აპარატის შემცირების წინადადება და კორუფციასთან ბრძოლა. მაგრამ დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთის ახალი ხელისუფლება ე.წ. „ჰუმანიტარული კრიზისის“ გადალახვის ვალდებულებას იღებს თავის თავზე. საბერძნეთის ხელისუფლება აპირებს 60 მილიონი ევრო დახარჯოს ღარიბებისთვის უფასო ელექტროენერგიისთვისა და 750 მილიონ ევროზე მეტი კვების სუბსიდირების პროგრამაზე. ეს ზომები დაკავშირებულია სირიზას წინასაარჩევნო დაპირებებთან, რომ ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარონ.
„დაბეგვრის შედარებით სამართლიანი სისტემის შექმნა ან გადასახადებისაგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა, რა თქმა უნდა, თავისთავად ნებისმიერი ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგრამ საბერძნეთისთვის ის შესაძლოა უმნიშვნელო და დაგვიანებულიც კი იყოს. საბერძნეთში, ასე ვთქვათ, მსუყე წლებში გადასახადებს არ იხდიდნენ, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ზრდა ხდებოდა და უმჯობესდებოდა ცხოვრების დონე, რაც დაკავშირებული იყო 2000-იანი წლების დასაწყისში დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან. ახლა, დეპრესიული, არაკონკურენტული ეკონომიკის პირობებში, ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ზომებით სწრაფი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი“, – განაცხადა საიმონ ტილფორდმა ლონდონში ევროპული რეფორმების ცენტრის ეკონომისტმა ჟურნალ „ექსპერტთან“ საუბარში.
მიუხედავად ამისა, ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოპერატიულად დაუჭირეს მხარი ათენისთვის შეთავაზებულ პროგრამას. ამგვარად, ეს გადაწყვეტილება ხაზს გადაუსმევს საბერძნეთის ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც ქვეყანაში პროვატიზაციის შეჩერებას, სოციალური გადასახდელებისა და მინიმალური შრომის ანაზღაურების გაზრდას შეეხებოდა.
ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ევროჯგუფის მეთაურმა იერუნ დეისელბლუმმა განაცხადა, რომ მისი მიზანი კვლავინდებურად უცვლელი რჩება – ევროზონა იგივე შემადგენლობით დარჩეს. „სავსებით ვეთანხმები ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურს მარიო დრაგს და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა არ განიხილება. არ ვაპირებ რაიმე პასუხების მომზადებას ამ მიმართულებით. ჩემი მიზანი ევროზონის ხელუხლებლად დატოვებაა“, – განაცხადა დეისელბლუმმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
თუმცა, ევროპული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემების თანახმად, ევროპის ცენტრალურ ბანკში უკვე დაიწყეს საბერძნეთის ევროზონიდან და ევროკავშირიდან გამოსვლის სცენარის დამუშავება. „საბერძნეთის საკითხის მიმართ პესიმიზმი იმასთან არის დაკავშირებული, რომ ევროპაში სავალუტო კავშირი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე. ბოლო ათწლეულის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ევროპაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური აღქმა და ყველა ქვეყანა მის წინაშე სხვადასხვა ამოცანას აყენებს. ამის შედეგია, რომ ერთიან ვალუტას არ ჰყოფნის პოლიტიკური და ეკონომიკური საყრდენი, რაც საბერძნეთის კავშირიდან გასვლას არც თუ წარმოუდგენლ მოვლენად აქცევს“, განაცხადა ჯენიფერ მაკუენმა, Capital Economics – კონსალტინგური კომპანიის უფროსმა ეკონომისტმა.
ევროპული კავშირის უფრო მგზნებარე მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ევროზონის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ტრანსფერული კავშირის თანდათანობითი შექმნით, რომლის ფარგლებშიც შედარებით მდიდარი ქვეყნები შედარებით ღარიბ ქვეყნებს დაეხმარებიან. მაგრამ ასეთი კავშირი შესაძლებელია მხოლოდ სუსტი ეკონომიკების ძირითადი პრობლემების მოშორების შემდეგ. ექსპერტების აზრით, საქმე იმაშია, რომ ბერძნები და გერმანელები ერთმანეთს არ ენდობიან, უფრო მეტიც, მათი თქმით, ისინი იმდენად ცუდად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, რომ ეს ზედაპირზე აშკარად ჩანს. ჩრდილოევროპელი ქვეყნები უხალისოდ ეხმარებოდნენ სამხრეთელ მეზობლებს კრედიტების პროგრამით გაჩაღებულ კრიზისში. ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ავტომატურ ტრანსფერებზე დათანხმდებიან. ისინი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ სამხრეთევროპელების პოლიტიკური კულტურა, მაგალითად, საბერძნეთისა და იტალიის ბევრად განსხვავდება გერმანიის, ნიდერლანდებისა და ფინეთის კულტურისაგან.
სავალუტო კავშირის ფუნქიონირების პრობლემა ეკონომიკაზე აისახება. ევროზონაში შესვლამდე სამხრეთევროპული ქვეყნები თავიანთი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის პრობლემას დევალვაციებით წყვეტდნენ. ახლა მათ საკუთარი ვალუტის დევალვირების ან ინფლაციის გზით სავალე ტვირთის შერბილების საშუალება არ აქვთ. დღეს საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია კარგავენ თავიანთ კონკურენტუნარიანობას უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, დეფლაციისა და ძალიან მაღალი ვალის ტვირთის გამო. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შედარებით პრობლემური ეკონომიკის მქონე ქვეყნების ევროზონიდან გამოსვლა შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს მათი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, თუნდაც გამოსვლის თავდაპირველი ეფექტი უარყოფითი იყოს.