საქართველოს ეკონომიკა 2005 წელს და 2006 წლის პროგნოზი, ტენდენციები და პრობლემები
ლალი ჩაგელიშვილი
რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას მივაღწიეთ 2005 წლის 9 თვეში და რა გადაუჭრელი პრობლემები არსებობს მომავლისათვის, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებსა და მაჩვენებლებს.
სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, 2005 წლის 9 თვეში, გასული წლის შესაბამის 9 თვესთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა (იხ. ცხრილი).
თუ დავაკვირდებით ცხრილის მონაცემებს, დავინახავთ, რომ მაღალი ტემპებით ვითარდება ფინანსური შუამავლობის სფერო. ამ სექტორში დაფიქსირებული ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში ფინანსური შუამავლობის რეალურმა ზრდის ტემპმა, გასული წლის შესაბამის 9 თვესთან შედარებით, 53.6 პროცენტი შეადგინა. საბანკო სექტორის მაღალი ტემპებით განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა საზღვარგარეთიდან საკრედიტო ხაზების მოცულობის ზრდამ. თუმცა, ამასთანავე, ფინანსური შუამავლობის ხვედრითი წონა მთლიან შიდა პროდუქტში კვლავ მცირეა (1.4 პროცენტი) და არსებით გავლენას ვერ ახდენს საერთო ზრდის ტემპზე.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლის 9 თვეში სოფლის მეურნეობაში 6.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
კლების ტენდენციები აღინიშნება სამთომოპოვებით მრეწველობაშიც, სადაც მიმდინარე წელს 17.0 – პროცენტიანი კლება იყო. ამ სექტორის ხვედრითი წონა მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 0.9 პროცენტია. არასახარბიელო მდგომარეობაა ასევე დამამუშავებელ მრეწველობაშიც. სოფლის მეურნეობასთან ერთად ეს ის სფეროებია, რომელთაც წამყვანი პოზიციები ეკავათ საქართველოს ეკონომიკაში, დღეს კი არამომგებიანად ითვლებიან და სახელმწიფო მათი განვითარების დიდ პოტენციალს პრივატიზებაში ხედავს. არადა, ამ მიმართულებითაც პრივატიზება ისევე თუ წარიმართა, როგორც სხვა ობიექტებზე, სახარბიელოს ვერაფერს მივიღებთ (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახელმწიფო პრივატიზაციიდან ერთჯერადად მიიღებს დიდ შემოსავალს).
რაც შეეხება მთლიანად სამრეწველო პროდუქციის გამოშვებას, საწარმოების მიერ დეკლარირებული მონაცემებით, 2005 წლის იანვარ-სექტემბერში მან ძირითადი საქმიანობის მიხედვით მოქმედ ფასებში 1444.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 18.0 პროცენტით მეტია 2004 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით.
იმავე პერიოდში სამრეწველო პროდუქციის გამოშვების 23.9 პროცენტი – სახელმწიფო, ხოლო 76.1 პროცენტი არასახელმწიფო სექტორს განეკუთვნება (2004 წლის იანვარ-სექტემბერში – შესაბამისად, 35.0 და 65.0 პროცენტი).
შედარებით დამამშვიდებელი მდგომარეობაა მშენებლობის სექტორში. ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის III კვარტალში მშენებლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.7 პროცენტით მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნა, ხოლო 9 თვეში – 3.0 პროცენტით მეტი. ეს ზრდა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა I კვარტალში 25.4 – პროცენტიანი კლება. მშენებლობის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საბანკო სექტორიდან მშენებლობისთვის ხელსაყრელი გრძელვადიანი დაკრედიტება. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანად, 2004 წელთან შედარებით, საბანკო სექტორიდან სამშენებლო სექტორში 27.0 პროცენტით მეტი კრედიტი გაიცა. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფოს მიერ სატრანსპორტო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ მიმართულებით დაფინანსება 3.2-ჯერ გაიზარდა.
2005 წლის იანვარ-სექტემბერში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში პროდუქციის გამოშვებამ ფაქტობრივ ფასებში – 1014.7 მლნ. ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 54.0 ათასი კაცი შეადგინა.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, 2005 წლის იანვარ-სექტემბერში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 26,6 პროცენტი მოდის მრეწველობის, 18,0 პროცენტი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, 16,2 პროცენტი – ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, 14,6 პროცენტი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებში მოქმედ საწარმოებზე. პროდუქციის გამოშვების ყველაზე დიდი ხვედრითი წონა ელექტროკავშირს აქვს, 43%ით იგი პირველ ადგილზეა, რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოები კი მესამე ადგილზე არიან ელექტროკავშირისა და ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და სატრანსპორტო სააგენტოების შემდეგ (16,6%).
რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, ამ სექტორის განვითარება დამოკიდებულია იმპორტული და ადგილობრივი წარმოების საქონლის ბრუნვის მოცულობაზე. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, 2005 წლის 9 თვეში ვაჭრობა 8.3 პროცენტით გაიზარდა.
2005 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2210.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 599.6 მლნ. დოლარია (შესაბამისად, 31.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1610.7 მლნ. დოლარი (28.0 პროცენტით მეტი). 2005 წლის იანვარსექტემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1011.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა, საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება სავაჭრო დეფიციტის დიდი მასშტაბით. ეკონომიკური უსაფრთხოების და სისტემური შოკიდან გამოსვლის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, გატარდეს აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ორიენტირებული უნდა იყოს საექსპორტო დარგების განვითარებაზე, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სტრატეგიულ ხასიათზე.
2005 წლის სექტემბერში, 2004 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ 1.1 პროცენტი შეადგინა. შედარებისათვის, 2004 წლის 9 თვეში იგი – 1.0 პროცენტი, ხოლო 2003 წელს 1.9 პროცენტი იყო.
2005 წლის 9 თვეში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით ფასების დონე შემდეგნაირად შეიცვალა: არასასურსათო საქონელზე გაიზარდა 4.7 პროცენტით, მომსახურებაზე – 3.7 პროცენტით, ხოლო სურსათზე შემცირდა 1.7 პროცენტით.
2005 წლის 9 თვეში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 15.4 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 21.5 პროცენტით (მათ შორის, თამბაქოზე – 32.0 პროცენტით), უალკოჰოლო სასმელებზე – 10.1 პროცენტით, ტრანსპორტზე – 12.1 პროცენტით (მათ შორის, ბენზინზე 36.4 პროცენტით). ამასთან, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ჯგუფზე – 31.8 პროცენტით.
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 2005 წლის სექტემბერში, 2004 წლის დეკემბერთან შედარებით, 107.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სამთომოპოვებით მრეწველობაზე ფასები გაიზარდა 29.4 პროცენტით, რაც გამოიწვია ნედლი ნავთობის მოპოვების 81.3 – პროცენტიანმა ზრდამ, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაზე – 7.0 პროცენტით.
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა კი 2005 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 101.1 პროცენტი შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფერადი ლითონების მადნების მოპოვებაზე – 12.0 პროცენტი, რაც გამოწვეული იყო სპილენძის კონცენტრატზე ფასების ზრდით, ასევე ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებაზე – 32.4 პროცენტით.
გასულ თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა ქვანახშირის მოპოვებაზე (7.1 პროცენტით) და ნედლი ნავთობის მოპოვებაზე (5.3 პროცენტით).
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 2005 წლის სექტემბერში, 2004 წლის სექტემბერთან შედარებით, 107.7 პროცენტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაზე – 26.6 პროცენტი და დამამუშავებელ მრეწველობაზე – 8.6 პროცენტი.
ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო ბიუჯეტი და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) შემოსავლებმა 2005 წლის იანვარ-სექტემბერში 2278,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან 74.3 პროცენტი – საგადასახადო, 10.7 – არასაგადასახადო, 2.0 – უცხოეთიდან მიღებულ გრანტებზე, ხოლო 13.1 პროცენტი კაპიტალით ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.
2005 წლის იანვარსექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები გრანტების ჩათვლით – 52.5 პროცენტით, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები – 33.7, არასაგადასახადო შემოსავლები – 27.9, უცხოეთიდან მიღებული გრანტები კი 35.0 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესის მკვეთრი გააქტიურების შედეგად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 63.8-ჯერ გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები კაპიტალით ოპერაციებიდან.
2004-2005 წლებში, წინა წლებთან შედარებით, საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი მატება ძირითადად წარმოებისა და იმპორტის ლეგალიზებისა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებითაა გამოწვეული. საბიუჯეტო შემოსავლების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან წინა წლების საშუალოდ 14 პროცენტიდან 22 პროცენტამდე გაიზარდა.
2005 წლის სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, სახელმწიფოს ვალის ოდენობა 3962.6 მლნ. ლარია, მათ შორის, საგარეო – 2539.6 მლნ. ლარი.
საგარეო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში ნომინალური სიდიდით – 4.3 პროცენტით შემცირდა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლარის მიმართ თვის ბოლოს მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსის 2.9 პროცენტით გამყარების გამო). აშშ დოლარებში გადაყვანილი სიდიდით სახელმწიფოს საგარეო ვალი 1.5 პროცენტით შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს სახაზინო ვალდებულებათა ანალიზს, ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული იქნა 34.9 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები. სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ შეადგენდა 12.4 პროცენტს, რითაც განისაზღვრა საანგარიშსწორებო ფასი და 31.6 მლნ. ლარი შეადგინა.
2005 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტულია 22.3 მლნ. ლარით, მაშინ, როდესაც 2004 წლის იმავე პერიოდში დეფიციტმა შეადგინა 66.1 მლნ. ლარი. მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავალი კაპიტალით ოპერაციებიდან – 2005 წლის ცხრა თვეში 91.4-ჯერ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ანვითარების სტაბილური ტემპებია საბანკო სექტორში. 2005 წლის III კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში ფუნქციობდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის, 13 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. კომერციული ბანკების აქტივების საერთო მოცულობამ 2588.0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 40,7 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საშინაო აქტივებში წამყვანი როლი ეკონომიკის კერძო სექტორზე გაცემულ სესხებს უჭირავს (მთლიან საშინაო აქტივებში 75.3 პროცენტი). სესხების 91.2 პროცენტი თავმოყრილია ეკონომიკის შემდეგი საქმიანობის სახეებში:ვაჭრობა – 37.4 პროცენტი, მრეწველობა – 28.4 პროცენტი, მშენებლობა 16.7 პროცენტი, ფინანსური შუამავლობა – 8.8 პროცენტი. ამ საქმიანობის სახეების ხვედრითი წილი მშპ-ს სტრუქტურაში 29.5 პროცენტია.
კომერციული ბანკების საშუალო საპროცენტო განაკვეთები, გასულ წელთან შედარებით, სესხებზე საშუალოდ 15 პროცენტით შემცირდა, რამაც დადებითად იმოქმედა გაცემული სესხების მოცულობაზე.
2005 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 447.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტით, ხოლო 2004 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.7 პროცენტით მეტია. რეზერვების ეს დონე 2004 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტის 2.2 საშუალო თვიური მოცულობის ეკვივალენტურია.
სხვა აგრეგატების მიხედვით, ფულის მასა 2005 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, 2004 წლის იმავე პერიოდის დონესთან შედარებით, ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის M0-ის მიხედვით – 27.6, ფართო ფულის M2 აგრეგატის მიხედვით – 38.2, ხოლო ფართო ფულის M3 აგრეგატის მიხედვით 36.8 პროცენტით გაიზარდა.
2005 წლის სექტემბერში M2 აგრეგატის მიხედვით ფულადი მულტიპლიკატორი, წინა თვესთან შედარებით – 0.6 პროცენტით, ხოლო იგივე მაჩვენებელი M3 აგრეგატის მიხედვით 1.3 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მასალებით, 20022004 წლებში ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება დაფიქსირდა. 2004 წლისათვის ლარის გაცვლითი კურსი ამაღლდა და 1.917 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ამავე მასალებში აღნიშნულია, რომ ინფლაციის სტაბილურობის გამო ლარის ნომინალური და რეალური სავალუტო კურსების ცვლილების დინამიკებს ერთნაირი მიმართულება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით 2005 წლის მაჩვენებელზე.
პროგნოზული შეფასებებით, 2006 წლისათვის ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა უნდა შეადგინოს 1.85 ლარი ერთ აშშ დოლარზე.
საქართველოში ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ინფლაციური პროცესების ზრდა დაფიქსირდა. მისმა ნიშნულმა 2005 წლის სექტემბერ-ნოემბერში 7-დან 9%-ს მიაღწია. ქვეყანაში ფასების ზრდა ეკონომიკის ზრდით რომ ყოფილიყო გამოწვეული, ეს პირველ რიგში უნდა ასახულიყო საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე, კერძოდ, სიღარიბის დონესა და უმუშევრობაზე. ექსპერტთა შეფასებით კი, სიღარიბის ინდექსი საქართველოში 5354%-ია, ხოლო უმუშევრობა 3839%-ს აღწევს (ნაცვლად სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული 12%-ისა). თუ ქვეყანაში არ გატარდება აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, 2006 წელს სურათის რადიკალურად შეცვლას არ უნდა ველოდეთ, უფრო მეტიც, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ინფლაციურ პროცესებს, რათა მისი დონე 5%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცეს და დაემორჩილოს რეგულირებას. თუმცა დავსძენთ, რომ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზული მაჩვენებლებით, ინფლაციის ტემპების შენარჩუნება 5.0 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი და შესაძლებელიც ზომიერად მკაცრი ფულად საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში, რაც დღევანდელი მივლენების ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია.
2006 წლისათვის კვლავ ბუნდოვანია ბიუჯეტში თავდაცვაზე მიმართული ხარჯები. არადა, 2006 წლის ბიუჯეტი ისევ დეფიციტური რჩება (333 მლნ ლარი). ვალის ერთი ნაწილის (254,3 მლნ ლარი) დაფარვა გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტით, ხოლო მეორე ნაწილისა კი – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და საქართველოსათვის გამოსაყოფი საინვესტიციო კრედიტით.
2006 წელს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გააგრძელებს პრივატიზაციის სერიებს, რასაც აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ და იმასაც აღვნიშნავთ, რომ ისევ კულისებს მიღმა რჩება ქვეყანაში სტრატეგიული სფეროების განსაზღვრა და მათი განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება.
თუ თვალს მივაყოლებთ ქვეყანაში სავაჭრო პილიტიკის გატარებას, დავასკვნით, რომ ექსპორტში ისევ შენარჩუნდება არსებული დინამიკა. ანუ, წამყვან პოზიციებს კვლავ დაიკავებენ შავი ლითონების ჯართი, ფეროშენადნობები, ყურძნის ღვინო, საფრენი აპარატები, მინერალური წყლები, შაქარი, აზოტოვანი სასუქები. იმპორტის მუხლით კი – ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები.
შედარებით სტაპილური პოზიციები იქნება მშენებლობისა და საბანკო-საფინანსო სფეროებში. გაიზრდება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები და ფინანსური შუამავლობა. ასევე კვლავ გაგრძელდება დაწყებული სახაზინო ვალდებულებათა ემისიის შემცირების ტენდენცია.
ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლებისა და გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტის ხაზით საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 068.6 მლნ ლარით, რაც 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 21.3 პროცენტით მაღალია, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 561.4 მლნ ლარით, რაც 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 15.4 პროცენტით მაღალია.
სავაჭრო პოლიტიკა მიმართული იქნება შეღავათიანი და არადისკრიმინაციული სავაჭრო რეჟიმების გასაფართოებლად. გააქტიურდება მუშაობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენების მიმართულებით. საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის პროცენტული მაჩვენებელის გაუმჯობესება.
2006 წლის ბიუჯეტის პროექტში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 296.2 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 2.3 პროცენტია. 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, მატება შეადგენს 10.6 პროცენტს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 261.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 2.0 პროცენტია. 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, კი ზრდა 20.6 პროცენტს შეადგენს.
დღგ-დან მისაღები შემოსავალი 2006 წლისათვის განისაზღვრა 1071.2 მლნ.ლარით. იგი მშპ-ს 8.3 პროცენტს შეადგენს. 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით კი, ზრდა 18.8 პროცენტია.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 344.9 მლნ ლარია, რაც მშპ-ს 2.7 პროცენტია. 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელს კი 8.2 პროცენტით აღემატება.
საბაჟო გადასახდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 159.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 1.2 პროცენტია, 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელს კი 17.6 პროცენტით აღემატება.
ქონების გადასახადიდან საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.7 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 0.5 პროცენტია, 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელს კი 13.9 პროცენტით აღემატება.
სათამაშო ბიზნესის გადასახადის სახით გათვალისწინებულია 6.1 მლნ ლარი, რაც 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 50.0 პროცენტით მცირდება. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ამ მიმართულებით მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებით.
სოციალური გადასახადის სახით მისაღები შემოსავალი შეადგენს 430.9 მლნ. ლარს, რაც მშპ-ს 3.3 პროცენტია, 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელს კი 31.1 პროცენტით აღემატება.
არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 2006 წლის ნაერთ ბიუჯეტში 208.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 1.6 პროცენტია. ამ მუხლით 2005 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, შეინიშნება 68.8 პროცენტი კლება
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 2006 წელს განისაზღვრა 140.1 მლნ. ლარით, სადაც დიდი ხვედრითი წონა (96.8 მლნ.ლარი) უკავია მიმდინარე დანიშნულების გრანტებს.