ეკონომიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი შენაძენი
პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თაოსნობით, თსუ მაღლივი კორპუსის პროფ. ფ. გოგიჩაიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა “ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის” (ავტორ-შემდგენლები, პროფესორები: ავთანდილ სილაგაძე, გივი გოშაძე, ვლადიმერ ზურაბიშვილი, თენგიზ დემეტრაშვილი, უფრ. მასწ. თამარ ათანელიშვილი.
საქართველოს მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, საგამომცემლო სახლი “ინოვაცია” თბილისი, 2005, პრეზენტაცია-განხილვა.
განხილვაში მონაწილეობდნენ: საქ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ლ. ჩიქავა. პროფესორები: მ. ჯიბუტი, ე. მექვაბიშვილი, რ. კაკულია, რ. გოგოხია, შ. ქისტაური, თ. ჩიკვაიძე.
აღინიშნა, რომ ამ ფუნდამენტური ნაშრომის გამოცემა უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად ქართული საზოგადოების ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს პროფ. ა. სილაგაძის ხანგრძლივი მეცნიერული შრომის კანონზომიერ შედეგს და მას წინ უსწრებდა რამდენიმე საინტერესო ნაშრომი. კერძოდ: “ეკონომიკური ლექსიკონი” 45 სააღრიცხვო-საგამომცემლო თაბახის მოცულობით, “ბუღალტრული აღრიცხვის ლექსიკონი”, “სწავლული ეკონომისტები, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები საქართველოში”, “ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტები.”
საერთო აზრით, ნაშრომის ღირსებად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი სერიოზული კვლევის ნაყოფია. კონკრეტულად კი, საარქივო მასალების შესწავლისა და ანკეტური გამოკითხვის საფუძველზე გაცოცხლებულია იმ ეკონომისტთა სახელები, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო ათწლეულების მანძილზე სრულიად დავიწყებულნი იყვნენ საზოგადოების მიერ. ასევე წიგნში შესულია დღეს მოღვაწე თითქმის ყველა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის მოკლე ბიოგრაფია მათი უმთავრესი ნაშრომების მითითებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ნაშრომს მეცნიერებათა სხვა დარგებში ანალოგი არ მოეძებნება. ენციკლოპედია-ლექსიკონი დაწერილია არა მხოლოდ ქართულ, არამედ გერმანულ, ინგლისურ, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, რამაც საშუალება მისცა ავტორებს, მოეცათ ეკონომიკური ცნებების მაქსიმალურად ზუსტი განმარტებები.
გამომსვლელთა აზრით, განსაკუთრებით საინტერესო და დიდი პრაქტიკული ფასეულობისაა ნაშრომში წარმოდგენილი საცნობარო ნაწილი მსოფლიო ქვეყნების ტერიტორიის, მოსახლეობის, ოფიციალური ენის, ფულის ერთეულისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ.
ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ამ მოცულობის ეკონომიკური ლექსიკონი (10 ათასზე მეტი ცნება) საქართველოში დღემდე არ გამოცემულა და მან აპრობაცია-რედაქტირება გაიარა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერული ტერმინოლოგიის განყოფილებაში. პრეზენტაცია-განხილვაზე პროფ. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებისა და პირველი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის გამოცემის სურვილიც გამოითქვა.
წიგნის მთავარმა რედაქტორმა, პროფ. ა. სილაგაძემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს წიგნის მაღალ დონეზე შეფასებისთვის და საჩუქრად გადასცა იგი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორ საუკეთესო სტუდენტს.
“ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი” ჭეშმარიტად სამაგიდო წიგნია ეკონომისტებისთვის: მაცნიერებისთვის, პედაგოგების, ასპირანტების, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მუშაკებისათვის, აგრეთვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისათვის.
პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი.