წლის საუკეთესო წიგნი
ემზარ ჯგერენა
გლობალიზაციამ და საერთოდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა თუ საერთაშორისო ინტეგრაციამ მრავალ სიკეთესთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაც მოუტანა საქართველოს.
ჩვენთვის, ეკონომისტებისა და საერთოდ ბიზნესმენებისათვის ამ მიმართებით ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ტერმინოლოგიისა და ქართული ბიზნეს ენის მიმართება საერთაშორისო საბაზრო ბიზნეს ენასთან, სადაც ორი ხაზი ებრძვის ერთმანეთს: ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან, მის ჟღერადობასთან მიახლოება ქართული ეკონომიკური ენისა და, მეორე მხრივ, ქართული ენის თვითმყოფადობის მაქსიმალური შენარჩუნება, მისი დაცვა არა მხოლოდ კალკების, არამედ ხშირ შემთხვევაში უხეში ბარბარიზმებისაგან. უცხო სიტყვათა შემოტევა ყველა უძველესი ენის პრობლემაა და ალბათ გარკვეულწილად საშიშიც არაფერია, რადგან ენა ვითარდება, მდიდრდება, ახლდება, უფრო თანამედროვე და სრულყოფილი ხდება. სად გადის ზღვარი თანამედროვე ეკონომიკის დინამიზმსა და ენის სიწმინდეს შორის? აი, კითხვა რომელიც აწუხებთ მეცნიერებს; აი, დილემმა, რომლის გადაჭრასაც შეეცადნენ უნიკალური წიგნის – ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის შემქმნელები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით. ეს ნაშრომი, რომელიც საგამომცემლო სახლმა „ინოვაციამ“ 2005 წელს გამოუშვა, გადაუჭარბებლად შეიძლება აღიარებულ იქნეს წლის საუკეთესო წიგნად. იგი სერიოზული შენაძენია არა მარტო ქართული ეკონომიკური სეგმენტისათვის, არამედ საერთოდ ქართული ენის განვითარების საქმეში და იმ პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანი თავისებურება ამ ლექსიკონისა არის ის, რომ გარდა იმ უამრავი ახალი ტერმინისა, რომლებიც პირველად არის გამოყენებული, აგრეთვე დახასიათებულია მეცნიერ-ეკონომისტთა მთელი კოჰორტაც, ანუ ის ხალხი, ვინც ქართულ ეკონომიკურ სკოლას და ტერმინოლოგიას წლების განმავლობაში ქმნიდა.