თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
როზეტა ასათიანი
საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ეკონომიკის ამსახველი ტერმინებისა და ცნებების სისტემატიზაცია და ახსნა-განმარტებები. ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის მიერ მომზადებული “თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი”. მასში წარმოდგენილია საბაზრო ეკონომიკის ტერმინოლოგია, თანამედროვე მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები, აგრეთვე ცნობილი ეკონომისტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მეცნიერული მოღვაწეობის ამსახველი მასალები.
ლექსიკონს ერთვის სტატიათა ანბანური და თემატური საძიებელი, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი, დადგენილი ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით, აგრეთვე ქვეყნებისა და ტერიტორიების ანბანური ჩამონათვალი ვალუტებისა და კოდების ჩვენებით.
წიგნში უმეტესად შესულია ავტორისეული განსაზღვრებები, ჩამოყალიბებული ხანგრძლივი (22 წლის მანძილზე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პროცესში.
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თავისი ფორმითა და შინაარსით სერიოზული განაცხადია, შედგენილია იმგვარად, რომ საშუალებას აძლევს მკითხველს არა მარტო პროფესიულად დაეუფლოს ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, არამედ კარგად გაერკვეს თანამედროვე ეკონომიკის რთულ ლაბირინთებში. ავტორი არ იფარგლება მხოლოდ ტერმინების განმარტებით, არამედ იძლევა მათ სიღრმისეულ ახსნას, რაც ლექსიკონის ღირსეულ მხარესა და სიახლეს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლექსიკონი, შეიძლება ითქვას, ორიგინალურია.
ლექსიკონში წარმოდგენილი ძირითადი ტერმინების განმარტებები მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ასახავს ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.
ენციკლოპედიური ლექსიკონი დაეხმარება მკითხველს გაერკვეს საბაზრო ეკონომიკის რთულ ურთიერთობებში, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ეკონომიკის ტერმინებისა და ცნებების დამკვიდრებას.