სად არ იმალება დამალული მილიონები ჰოლივუდში სასახლეების აშენება ნებადართულია
ავთო ჩიტიძე
კინემატოგრაფიის მამები, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ვარსკვლავებს ასტრონომიულ თანხებს უხდიან, რის შედეგადაც მათ საშუალება აქვთ, კომფორტის ყველანაირი პირობა შეიქმნან. უფრო მეტიც, ისინი თავს უფლებას აძლევენ, რამდენიმე ათეულ მილიონად ღირებულ საცხოვრებელ სახლებში იცხოვრონ, სადაც შეიძლება 20-30-მდე საძინებელი ოთახი იყოს. ეს სახლები გარეგნულად, ხშირად, ციხე-სიმაგრეებსა და სამეფო სასახლეებს მოგვაგონებს. ამჯერად, შევეცდებით აღვწეროთ იმ ვარსკვლავთა სასახლეები, რომელთა აშენებაზეც მათ მილიონობით დოლარი დახარჯეს.
ლეონარდო დი კაპრიო
სულ ახლახან, კევინ კოსტნერის მეზობლად ლეონარდო დი კაპრიომ იყიდა სახლი, რომელიც 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სახლი 450 კვ. მეტრზეა გადაჭიმული და 60-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი. ამჯერად ლეონარდო ცოტა ოთახებით დაკმაყოფილდა: მის სახლში მხოლოდ სამი საძინებელი ოთახი, ოთხი აბაზანა, სამი საპირფარეშო და ორი სავარჯიშო დარბაზია. ეზოში კი, რა თქმა უნდა, საცურაო აუზი. გასულ წელს ლეონარდომ მალიბუს სანაპიროზეც იყიდა ვილა, თუმცა, იქ იშვიათად ცხოვრობს. სამაგიეროდ, ამ სახლის მუდმივი მცხოვრები მისი დედა გახლავთ.
ჯონ ტრავოლტა
ჰოლივუდში ყველაზე ძვირადღირებული სახლი ცნობილ ვარსკვლავთა წყვილს – ჯონ ტრავოლტასა და კელი პრესტონს ეკუთვნის. მათი სახლი 7,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული, სადაც 20 უზარმაზარი საძინებელი ოთახია. ეზოში არცთუ ისე პატარა აეროპორტიც შედის. წყვილი ყველაზე დიდ დროს სხვადასხვა ვილაზე სტუმრობაში ატარებს. თითოეული ამგვარი ვილის ღირებულება 3,7 მილიონი დოლარია. ჯონ ტრავოლტასათვის ყველაზე საყვარელი ადგილი ლოს-ანჯელესის გარეუბან ბრენტვუდში მდებარე საზაფხულო რეზიდენცია გახლავთ. მართალია, იქ საძინებელი ოთახების რაოდენობა ორჯერ მცირეა, მაგრამ მისი გრანდიოზულობა ეჭვის ქვეშ ნამდვილად არ დგას. ტრავოლტას ვილაში სამი-ოთხი მზარეული, ათამდე დამლაგებელი, მძღოლები და რამდენიმე მასაჟისტი ჰყავს. მისი მზარეულები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან ამერიკაში, – აცხადებს ჯონ ტრავოლტას მეგობარი – ისინი პრეტენზიული ჯონისათვის ყოველდღე რამდენიმე საუცხოო კერძს ამზადებენ, რათა რომელიმე მაინც მოეწონოს. ჯონის საძინებელ ოთახში დგას სამეფო საწოლი და, საერთოდ, მისი ოთახი სამეფო სტილშია გადაწყვეტილი. ტრავოლტას ძალიან უყვარს ცოლთან ერთად განმარტოება თავის პატარა ბაღში, რომლის დიზაინიც ყველაზე ცნობილ მებაღეებსაც კი შეშურდებათ. იქვე სპეციალური საცეკვაო მოედნებია მოწყობილი.
ანტონიო ბანდერასი
ანტონიო ბანდერასმა თავის ცოლთან, მელანი გრიფიტთან ერთად ლოს-ანჯელესის გარეუბანში 1,4 ათას კვ. მეტრ ფართობზე გაშენებული სახლი იყიდა. ბანდერასმა, სანამ საცხოვრებლად გადავიდოდა, სახლის რეკონსტრუქცია განიზრახა, კერძოდ, ხუთ საძინებელ ოთახს კიდევ ოთხი მიუმატა. აქვეა საზამთრო ბაღი, სამეჯლისო და სავარჯიშო დარბაზები, მუსიკალური სტუდია და საუნა. სახლი ცნობილმა წყვილმა 10 მილიონ დოლარად შეიძინა.
შერონ სტოუნი
გასულ წელს შერონ სტოუნმა სან-ფრანცისკოს ყურეში გრანდიოზული სახლი შეიძინა. მსახიობს სურს, რომ მეუღლესთან, ფილიპ ფრონშტეინთან ერთად მაქსიმალურად კომფორტულად იცხოვროს და თავისი საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს. დიდ ორსართულიან სახლში ექვსი საძინებელი ოთახი, შვიდი აბაზანა, ორი უზარმაზარი ბიბლიოთეკა და საკონცერტო დარბაზია. შერონი თავად აკონტროლებდა სარემონტო სამუშაოების ხარისხიანობასა და ტემპს, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის გადავიდოდა იქ თავის ქმართან ერთად საცხოვრებლად.
კევინ კოსტნერი
მიუხედავად იმისა, რომ კევინ კოსტნერს ამჟამად შემოქმედებითი კრიზისი აქვს, იგი თავს უფლებას აძლევს, რომ მდიდრულ სახლში იცხოვროს, რომელიც ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ ჰილზში, მდებარეობს. ამ სახლს საკუთარი სახელწოდებაც აქვს “კარა და პასე”, რაც იტალიურად ნიშნავს – “სახლი მშვიდობისათვის”. იგი 1,350 კვ. მეტრზეა გადაჭიმული და ადრე ცნობილ მსახიობ რიჩარდ დრეიფს ეკუთვნოდა. ხუთი წლის წინ, როდესაც კევინი თავის ცოლს სინდის გაშორდა, მეგობრებს სთხოვა, მისთვის ახალი საცხოვრებელი ეშოვათ. ასე შეიძინა “სახლი მშვიდობისათვის”. ყიდვიდან მეორე დღესვე მან ცნობილი დიზაინერი, ჯეფრი ბიკ რაიფტი, მიიყვანა, რომელთანაც მუშაობდა ფილმებში: “მგლებთან ცეკვა” და “პირადი მცველი”. სახლის შესასვლელთან დიდი ინგლისური აუზია, ფანჯრებს კი მაროკოს სტილის ტიხრები აქვს. კევინმა უარი განაცხადა ფართოდ დამკვიდრებულ ევროპულ სტილზე – თეთრ ფერზე და თავისი სახლი მაქსიმალურად ცოცხალი აქსესუარებით (ხეებით) გააწყო. მისი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე გრანდიოზული ოთახისაგან შედგება. კევინმა ძალიან დიდი შრომა და ფული დახარჯა თავისი შვილების ოთახების მოსაწყობად, რადგან სურს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ბავშვებთან.
სანდრა ბალოკი
ალბათ, ყველა მსახიობს არა აქვს მისწრაფება ძვირფასი სახლების შეძენისაკენ. მაგალითად, სანდრა ბალოკმა თავის არცთუ ისე დიდ სახლზე განაცხადა, რომ იგი ძალიან უყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გრანდიოზული არ არის. საერთოდ, მსახიობს არ მოწონს ლოს-ანჯელესისა და სან-ფრანცისკოს სანაპიროები, ალბათ, ამიტომაც იანვარში ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შეიძინა პატარა სახლი 3,15 მილიონ დოლარად. მის მეზობლად რიჩარდ გირი ცხოვრობს, რომელმაც, სანამ ამ სახლს იყიდდა, 1,5 მილიონ დოლარად გაყიდა თავისი ვილა მალიბუს სანაპიროზე.
მიკ ჯაგერი
მას შემდეგ, რაც მიკი თავის მანეკენ მეუღლეს – ჯერი ჰოლს გაშორდა, იგი თითქმის უსახლკაროდ დარჩა, რადგან ჯერიმ შეძლო ლონდონის გარეუბანში, რიჩმონდში მდებარე სახლის მისაკუთრება. თუმცა, მომღერალს ამის გამო დიდხანს არ უნაღვლია – მან 1,2 მილიონ ფუნტად მინიატურული, მაგრამ ძვირფასი სახლი შეიძინა ლუარას ტერიტორიაზე. ამას გარდა, მიკმა სულ ახლახან, 2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში, ვესტსაიდში, იყიდა ბინა. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტებმა მას კუნძულ მუსტიკზე მდებარე იაპონური სტილის სახლიც აღმოუჩინეს, რომლის საკუთრებაზეც ჯაგერი ოფიციალურად უარს აცხადებს, თუმცა, თავის ახალ საყვარლებთან ერთად იგი ამ სახლში გრანდიოზულ ორგიებს მართავს. როკ მომღერალი არქიტექტურიდან უპირატესობას აღმოსავლურ სტილს ანიჭებს.
ელტონ ჯონი
ელტონ ჯონს ვირჯინიაში ჰქონდა 70-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი პატარა სახლი. როგორც ჩანს, მომღერალს მობეზრდა იგი და გადაწყვიტა, 125 ათას ფუნტ სტერლინგად გაეყიდა. იმის გამო, რომ კლიენტებმა დიდი ინტერესი არ გამოხატეს, იგი იძულებული გახდა, 80 ათასზე ჩამოსულიყო. ამგვარი ნაბიჯი ელტონს დედამისმა უკარნახა. ისეთი სახლის ძებნა, რომელიც ჯონს შეეფერებოდა, დედა-შვილს დიდხანს არ დასჭირვებია. მათ სოფელ უინძორის მახლობლად იყიდეს მიწის ნაკვეთი, ააშენეს სახლი და ვუდსაიდი უწოდეს. ამ სახლში არის 800 კაციანი კინოდარბაზი, ორი საცურაო აუზი, დამონტაჟებულია ლიფტი, სახლის გარშემო კი იხილავთ მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილ კოტეჯებსა და საჯინიბოს. ამგვარი უიშვიათესი ნაკვეთის ყიდვა მომღერალს 400 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. ელტონ ჯონი ავეჯიდან უპირატესობას ტყავის ნაწარმს, კერძოდ, “არტ ნუვოს” ანიჭებს.
ჯონ ბონ ჯოვი
ცნობილ როკ-მომღერალ ჯონ ბონ ჯოვის ნიუ-ჯერსიში აქვს საუცხოო სახლი, რომელშიც ლუდის საამქროც კი ფუნქციონირებს. ჯონი განსაკუთრებით ზრუნავს თავის საკვებ რაციონზე, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, უმაღლესი კლასის შეფ-მზარეულები დაიქირაოს. საკმარისია მათი მხრიდან ერთი არასწორი ჟესტი ან ნაკლებად გემრიელი კერძი, რომ ისინი სამუშაოს დაკარგავენ. ამ სახლის გარდა, ბონ ჯოვის სუფთა ევროპულ სტილში გადაწყვეტილი დიდი სახლი აქვს ნიუ-იორკში. მომღერალს არ უყვარს ავეჯით გადატვირთული ბინა, ამიტომ მის სახლში არის ისეთი ოთახები, სადაც უბრალო სკამიც კი არ მოიძებნება. როგორც თავად აცხადებს, იატაკზე ჯდომა და წოლა ძალიან სასარგებლო და დიდად კომფორტულია.
ჯორჯ ჰარისონი
ჯორჯ ჰარისონის მფლობელობაშია ვიქტორიანული სტილის სასახლე, რომელიც 120 ოთახს ითვლის. ამ სახლში ყველაზე დიდი ნაწილი სურათების კოლექციას უჭირავს. ჯორჯი, როგორც ცნობილია იოგით არის გატაცებული, ამიტომ სასახლის დიდი ნაწილი იოგის სავარჯიშო ოთახებით გახლავთ დაკომპლექტებული. იმის გამო, რომ მომღერალს ეზარება ყოველდღე თავისი სახლის მთლიანად შემოვლა, ვიდეოკამერებისა და სიგნალიზაციების სისტემა დააყენა. ამ სასახლეში არის ისეთი ოთახები, რომლებშიც ჯორჯი თვეების განმავლობაში არ შედის, თუმცა, თავის მოსამსახურეებს სახლში ცხოვრების უფლებას მაინც არ აძლევს და ისინი მოშორებით, კოტეჯებში, ცხოვრობენ.
ამერიკელი მსახიობები არაფერს იშურებენ, რათა მალიბუს სანაპიროზე სახლები შეიძინონ. ფრანგებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ფეშენებელური კურორტის შექმნა, რომელსაც სენ-ტროპე ეწოდება. ფრანგი მსახიობებიდან ამ სანაპიროზე კეროლ ფლინი და როჟე ვადიმი ბინადრობენ. დღეისათვის სენ-ტროპეში ბევრი ახალი მოსახლეა, მათ შორის სულ ადვილად შეიძლება შეხვდეთ სილვესტერ სტალონეს, ჟან კლოდ ვანდამს, პოლ მაკარტნის, ოლივერ სტოუნსა და ჯონსონს. ამ უკანასკნელმა სენ-ტროპეზე დასახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანელმა ფლეიბოიმ ანტონიო ბანდერასმა მეუღლე – მელანი გრიფიტი წაართვა. ჯონსონის ვილა ძალიან მყუდრო და პატარაა. მისი საცხოვრებელი სახლი მხოლოდ 10 ოთახისაგან, პატარა ბაღისა და საცურაო აუზისაგან შედგება. სასახლეების მდიდრულ სტილს გაურბის ცნობილი ჯეიმს ბონდი – როჯერ მური. იგი ზღვის სანაპიროს ნაკლებად ეტანება, სამაგიეროდ, თავის კარგა ხნის ოცნება ახლახან აისრულა და სენ-პოლეს მთებში ხის ფიცრული სახლი იყიდა. მის მეზობლად ბინადრობს მიშელ მერსიეც.
ბრიჯიტ ბარდო ძვირადღირებული სახლების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს, რადგან ურჩევნია თავისი დანაზოგი ფული ცხოველების დაცვას მოახმაროს. მისი საცხოვრებელი სახლი მრავალი ოთახისაგან შედგება, თუმცა, ოთახებში, ადამიანების ნაცვლად, ბარდოს საყვარელი ცხოველები, კერძოდ, ძაღლები ცხოვრობენ.
ასე რომ, ქართველმა მილიონერებმა, რომლებიც სასახლეებს აშენებენ, უმჯობესია, ჰოლივუდელების მსგავსი გამჭვირვალე პოლიტიკა აწარმოონ და დაასახელონ მათზე დახარჯული თანხები. (ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენს ხარჯავენ ქართველი მილიონერები თავიანთი ფანტაზიების განსახორციელებლად), მით უმეტეს, თუ ამის სახსრები პატიოსანი შრომით აქვთ მოპოვებული.