საპნის ოპერების ისტორია
ავთო ჩიტიძე
საპნის ოპერები, ანუ სერიალები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა და განვითარდა. არსებობს ისეთი სერიალებიც, რომლებსაც ტელევიზიით ათწლეულების მანძილზე აჩვენებენ. როგორც სპეციალისტები თვლიან, სერიალები კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ჟანრია, რომელიც ტელევიზორთან მილიონობით ადამიანს კრებს. მიუხედავად ამგვარი პოზიტიური შეფასებებისა, სერიალებს უამრავი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იგი მაინც პოპულარულ ჟანრად ითვლება.
დაუსრულებელი სერიალების სამშობლოდ ამერიკა ითვლება. მათვე მოუძებნეს მეორე სახელი – საპნის ოპერა. სერიალების რამდენიმე სახეობა არსებობს. არის პრიმიტიული, რომელსაც კრიტიკოსები მიწასთან ასწორებენ, მწვავე სიუჟეტიანი, დეტექტური, ანომალიური და ა.შ. თავიდან განკუთვნილი იყო ოჯახური სიტუაციისათვის. ავტორებს სურდათ, მათი ნაწარმი მთელი ოჯახისთვის საინტერესო ყოფილიყო. ტელევიზიებში სერიალები, მომგებიანობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა, საღამოს საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ.რეკლამის შემკვეთებიც სწორედ სერიალების პერიოდში ითხოვენ რეკლამების განთავსებას. მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებზე სერიალები დამკვიდრდა, რეკლამების რაოდენობა და შედეგად, მოგება, რამდენადმე გაიზარდა.
ტელესერიალების წინაპრებად ითვლება რადიონოველები, რომლებიც დიასახლისებისათვის იყო განკუთვნილი. მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში რადიოებში დაიწყეს 15 წუთიანი მელოდრამების გათამაშება. ამგვარი რადიომელოდრამები ყოველდღიურად გადიოდა. მათში რეკლამის განთავსების სურვილი პირველად გამოხატეს საპნის, სარეცხი ფხვნილებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების მწარმოებლებმა, სწორედ ამიტომ ეწოდა მათ საპნის ოპერები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც ამერიკელი რადიომსმენელები აქტიურად განაგრძობდნენ საპნის ოპერების მოსმენას. 50-იანი წლების დასაწყისში რადიოსერიალები აიკრძალა, უფრო სწორად, ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, მან ადგილი ტელევიზიაში დაიდო. მელოდრამა სახელწოდებით “მა პარკინსი”, რომელიც ამერიკის რადიოებში 1933 წლიდან გადიოდა, 1942-60 წლების ჩათვლით ტელეკომპანია “სიბიესის” ეთერით გავიდა. ეს სერიალების პირველი წინაპარი იყო. 27 წლის განმავლობაში მთავარ როლს თამაშობდა ვირჯინია პეინი. პირველად იგი სერიალში 33 წლისა გამოჩნდა. გადაიღეს 7065 ეპიზოდში და იმ დროისათვის სარეკორდო თანხას, წელიწადში 50 ათას დოლარს, იღებდა. სერიალების ყველაზე ხანგრძლივ მსახიობად მოიაზრება აგრეთვე მერი სტიუარტი, რომელიც მონაწილეობდა ფილმში “ხვალინდელი დღის ძებნაში”. სერიალის ჩვენება ეკრანებზე პირველად 1951 წელს დაიწყო და 1981 წელს დასრულდა.
სერიალების ეპოქა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელემაგნატები მიხვდნენ, რომ ნახევარსაათიანი მხატვრული ფილმის ფორმატი მათთვის ყველაზე მომგებიანი იყო. სერიალები პირველად დაასპონსორეს “პროქტერ ენდ გემბელმა” და “იუნილევერმა”. ტელესერიალების მონოპოლია ტელეკომპანია “სიბისიმ” აიღო. ტელესერიალების დედოფლად ირნა ფილიპსი ითვლება. სწორედ მისი ლიტერატურული ნაწარმოებებითა და შემდეგ სცენარებით შეიქმნა პირველი სერიალები. “ტელესერიალების განსაკუთრებული პოპულარობა 80-იანი წლებიდან დაიწყო. მათ, გარკვეულწილად, დაჩრდილეს ხელოვნების ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა კინო და თეატრი. სერიალს აქვს თავისი დადებითი მხარეებიც – ფაქტობრივად, მან მსოფლიოში რასობრივი დაპირისპირებები აღკვეთა და სხვადასხვა ერი ერთმანეთს დააახლოვა”, – განაცხადა სერიალებისა და მასობრივი კულტურის შემსწავლელმა მარტა ნოხინსონმა.
სპეციალისტები თვლიან, რომ მაყურებლის ტელევიზორთან მისაჯაჭვად საჭიროა სულ მცირე 260 სერიის გადაღება, ანუ სერიალის სიუჟეტი მინიმუმ წელიწადნახევარს უნდა გრძელდებოდეს. ამ დროის განმავლობაში ამერიკული ტელევიზია 30 მლნ დოლარ მოგებას ნახულობს. სერიალებმა ტელელატარიები და სათამაშო შოუები დაჯაბნა, მოგების თვალსაზრისით. დღესდღეობით ტელესერიალებში ყველაზე რეიტინგული ფილმებია: “სასწრაფო”, “მეგობრები” და “ფრეიჯერი”. მულტიპლიკაციურ სერიალებში კი “სიმპსონების ოჯახი” უდავო ლიდერია. გასულ წელს ამ სერიალმა დაბადებიდან 10 წლისთავი აღნიშნა.
საპნის ვარსკვლავები ჰოლივუდში ტელესერიალების მსახიობები ყველაზე ადვილად ვარსკვლავები ხდებიან და ყველაზე მეტად უყვარს ხალხს. ტელესერიალების დამკვიდრებამ და პოპულარობამ გამოიწვია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის გამოშვება, რომლებიც მხოლოდ საპნის ვარსკვლავებზეა ორიენტირებული. გამოკითხვების თანახმად, დიასახლისების 60 პროცენტი ყიდულობს მხოლოდ იმ საქონელს, რომელსაც ტელესერიალების დროს უკეთდება რეკლამა და თითქმის 95 პროცენტი პრესაში გაფაციცებით ეძებს რაიმე ინფორმაციას საპნის ვარსკვლავებზე. ტელესერიალების პოპულარობამ ჰოლივუდშიც ჰპოვა გასაქანი. ჰოლივუდში 1997 წელს უამრავი სერიალი გადაიღეს. უმეტესწილად, სერიალების შემქმნელები საფუძვლად ჰოლივუდის ფილმებს იღებენ, მაგალითად, სერიალი “ნიკიტა”, რომელსაც საფუძვლად დაედო 1991 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი “მას ერქვა ნიკიტა”. ამგვარად შეიქმნა სერიალები – “ადამსების ოჯახი”, “ვარსკვლავური გზა” და ა.შ.
ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი აქტიურად განაგრძობს ტელესერიალებში მოღვაწეობას. მაგალითად, ჰელენ ჰანტი დღემდე იღებს მონაწილეობას ტელეკომპანია “ენბისის” ტელესერიალში – “ყურებამდე შეყვარებული”, მაიკლ ფოქსი კი მონაწილეობდა სერიალში – “ოჯახური ურთიერთობები”, კენდის ბერგერი – სერიალში “მერფი ბრაუნი”, ფეი დანაუეი სერიალში – “ყველაფერი თამაშის კანონებით”, დასტინ ჰოფმანი – “სიკვდილი”, ჯეინ ფონდა – “თოჯინების ოსტატი”, კიმ ბესინჯერი – “აქედან უკვდავებამდე”.
ოცდამეერთე საუკუნეში სერიალები კვლავ აქტიური გახდება. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ტელესერიალები აქტიურად ჩრდილავს მხატვრულ ფილმებს, შესაძლოა, მალე ჰოლივუდი ტელეჰოლივუდად იქცეს.