ქართულ-თურქული ბიზნეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე და 20-მილიონიანი ინვესტიცია

რედაქციისაგან

საქართველო-თურქეთს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებულმა მჭიდრო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა და მათი შემდგომი გაღრმავების რეალურმა პერსპექტივამ დღის წესრიგში დააყენა საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭოს უფრო ქმედით და აქტიურ ორგანიზაციად გარდაქმნა, რომელიც ჩვენში 1992 წელს შეიქმნა.
ამ მიზნით, 2 მარტს “თბილისი მარიოტში” ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ერთან თესგორი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი და წარმომადგენლები კომპანიებიდან: პს “ჯეოსელი”, შპს “ჩენელ ენერჯი”, სს “მინა”, შპს “არტ ჯგუფი”, შპს “გეო-ტეკი”, შპს “გრანიტი”, “ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე ქენან ილდირიმი.
კრებაზე ბიზნეს საბჭოს გამგეობა აირჩიეს, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სავაჭრო პალატა და ზემოაღნიშნული კომპანიები. კრებამ ჯემალ ინაიშვილი ახალ თავმჯდომარედ აირჩია.
ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, პრიორიტეტულია, ქართულ-თურქულ საბჭოში შევიდნენ ის კომპანიები, რომლებიც თავის დროზე თურქული კაპიტალით შეიქმნა, ან თურქეთთან მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვთ. ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს საბჭომ თავის დროზე გარკვეული როლი შეასრულა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საქმეში, მაგრამ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საჭიროა მეტი მუშაობა და ამ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე აყვანა.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ერთან თესგორის განცხადებით, ქართულ-თურქულ ბიზნეს საბჭოს სათავეში სჭირდება გამოცდილი ადამიანი, რომელიც ამ ურთიერთობებს უფრო განავითარებს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს საბჭოს გამგეობაში წამყვანი ქართული კომპანიების გაწევრიანება, რომლებიც აქტიურ როლს ითამაშებენ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში.
სს “მინის” გენერალური დირექტორის, გიორგი მგელაძის განცხადებით, მათ საწარმოში 20 მლნ დოლარის თურქული საინვესტიციო პროგრამა დაიწყო, რომელიც სააქციო საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ქარხნის წარმადობა გააორმაგოს 150 მლნ-დან 300 მლნ ერთეულამდე. სავარაუდოდ, ზაფხულში ”მინა” ახალ ღუმელს გახსნის. 2005 წლისთვის ქარხანა ადგილობრივ მოთხოვნასაც ვეღარ აკმაყოფილებდა, მისი აზრით, ბიზნეს საბჭოს აქტიური მუშაობის შედეგად მსგავსი მოვლენები საქართველოში გახშირდება.
ახლად არჩეული გამგეობა უახლოეს პერიოდში 2006 წლის სამოქმედო პროგრამის შემუშავებას დაიწყებს.