ფიზიკური პირის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის წესები

რედაქციისაგან

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXII თავი განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
ამ კანონის 165 მუხლი ადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის ვინაობას. გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური პირის რეზიდენტობის დადგენისას მნიშვნელობა არა აქვს მის მოქალაქეობას. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს არარეზიდენტი და, პირიქით, უცხო ქცეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი – რეზიდენტი.
არარეზიდენტი ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადისგადამხდელია შემოსავლის იმ ნაწილიდან, რომელიც მას მიღებული აქვს საქართველოში არსებული წყაროდან, ხოლო რეზიდენტი – ყველა შემოსავლიდან ანუ იმ შემოსავლიდან, რომელიც მიღებულია საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან. მაგალითად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2005 წელს 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საფრანგეთში, საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ საქართველოში მიღებული შემოსავლიდან; ხოლო საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იმავე პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში – საფრანგეთსა თუ საქართველოში მიღებული ყველა შემოსავლიდან. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 12 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლით განსაზღვრულია გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი, რომლის მიხედვითაც,საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ან მათ ნაწილზე (რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის) 2005 წლის ქონების გადასახადის შესახებ დეკლარაციის ფორმას საგადასახადო ორგანო ფიზიკურ პირს უგზავნის 2006 წლის 1 მაისამდე. ამ დეკლარაციას იგი ავსებს და საგადასახადო ინსპექციას უგზავნის 2006 წლის 1 ივლისამდე. თუ აღმოჩნდა, რომ ამ ფიზიკურ პირს ევალება ქონების გადასახადის გადახდა, მაშინ იგი ვალდებულია, 2006 წლის 15 ივლისამდე გადაიხადოს კუთვნილი ქონების გადასახადის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი- 2006 წლის 15 ნოემბრამდე. დეკლარაციის შინაარსიდან გამომდინარე, დეკლარაციის ფორმა საგადასახადო ორგანოებმა უნდა გაუგზავნონ ყველა ფიზიკურ პირს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც განმარტებულია 35-ე მუხლით. ფიზიკურმა პირმა შეიძლება დეკლარაციის ფორმა მიიღოს რამდენიმე ინსპექციიდან, თუ მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობები მდებარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, “ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის მიხედვით, ფიზიკურმა პირმა დეკლარაცია უნდა წარადგინოს საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მან იქვე უნდა მიიტანოს დანარჩენი შეუვსებელი დეკლარაციის ფორმები და ამავე საგადასახადო ინსპექციის საშუალებით ხდება ქონების გადასახადის გადახდა მთელ დასაბეგრ შენობა-ნაგებობებზე.
ფიზიკურ პირს დასაბეგრი შენობა-ნაგებობები შეიძლება არ გააჩნდეს იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიაზე, სადაც არის მისი საცხოვრებელი ადგილი. იგი შევსებულ დეკლარაციას საგადასახადო ინსპექციაში მაინც თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წარმოადგენს.
საგადასახადო ორგანოები მსუბუქ ავტომობილებზე 2005 წლის ქონების გადასახადის შესახებ მესაკუთრეს საგადასახადო შეტყობინებას უგზავნიან არაუგვიანეს 2006 წლის 1 აგვისტოსი. საგადასახადო შეტყობინებაში მითითებული გადასახადი ფიზიკურმა პირმა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2006 წლის 15 ნოემბრისა. რაც შეეხება 2006 წლის გადასახადს, საგადასახადო ორგანოები საგადასახადო შეტყობინებას გაუგზავნიან ავტომობილის მესაკუთრეს 2007 წლის 1 აგვისტოსათვის, ხოლო გადახდა უნდა მოხდეს ავტომობილის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან ტექნიკური დათვალიერების დროს (რომლის ვადაც უფრო ახლოს იქნება 2007 წლის 1 აგვისტოსთან). მომდევნო წლებში ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოხდება 2006 წლის ქონების გადასახადის გადახდის ანალოგიურად.
მაგალითი
X-მა 2005 წლის 3 აპრილს შეძენილი ავტომობილი 2006 წლის 2 აპრილს Y-ს მიჰყიდა. 2006 წლის 1 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ამ ავტომობილის შესახებ გაუგზავნის 2005 წლის მონაცემებს. 2006 წლის 1 აგვისტომდე X საგადასახდო ორგანოებისაგან მიიღებს საგადასახადო შეტყობინებას, სადაც მითითებული უნდა იყოს მისი კუთვნილი 2005 წლის ქონების გადასახადი. X-მა იგი უნდა გადაიხადოს 2006 წლის 15 ნოემბრამდე. 2007 წლის 1 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ინფორმაციაში მითითებული იქნება, რომ 2006 წლის 2 აპრილს ავტომობილმა შეიცვალა მესაკუთრე. 2007 წლის 1 აგვისტომდე საგადასახადო ორგანომ X-ს უნდა გაუგზავნოს საგადასახადო შეტყობინება, 3 თვის შესაბამისი ქონების გადასახადის შესახებ, ხოლო Y-ს – 9 თვის შესაბამისი ქონების გადასახდის შესახებ. Y-ს გადასახადი გადასახდელი ექნება უახლოესი ტექნიკური დათვალიერების ან ხელახალი რეგისტრაციის დროს. X-ის მიერ ქონების გადასახადის გადახდის დრო დადგენილი აღარ არის. 175-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ იმ პერიოდისათვის, როდესაც Y-ს მოუწევს ავტომობილზე კუთვნილი ქონების გადასახადის გადახდა, X-ს მისი კუთვნილი გადასახადი გადახდილი არ ექნება, Y-ს გადაახდევინებენ X-ის კუთვნილ გადასახდს.
საგადასახადო ორგანოები იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, 2005 წლის ქონების გადასახადის შესახებ საგადასახდო შეტყობინებას მესაკუთრეს უგზავნიან არაუგვიანეს 2006 წლის 1 აგვისტოსი, რომელიც ფიზიკურმა პირმა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2006 წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საწარმოები, უცხოური საწარმოები, ორგანიზაციები და ეკონომიკური საქმიანობისათვის ქონების გამომყენებელი ფიზიკური პირები წინა წლის მონაცემების მიხედვით გაანგარიშებულ ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე. დეკლარაციის მიხედვით გამოანგარიშებული ქონების გადასახადი აღნიშნულმა პირებმა უნდა გადაიხადონ ოთხ თანაბარ ნაწილად: მიმდინარე წლის 15 აპრილს, 15 ივნისს, 15 ოქტომბერს და მომდევნო წლის 15 იანვარს. ეს გადახდები ჩაითვლება მიმდინარე წლის გადასახადის თანხად. “ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-11 ნაწილის და მე-2 დანართის მიხედვით, მიმდინარე წლის მონაცემებით და წინა წლის მონაცემებით გამოანგარიშებულ ქონების გადასახადს შორის სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას, თუ მიმდინარე წლის მონაცემებით ქონების გადასახადი მეტია და შემცირებას, თუ წინა წლის შედეგებით გამოანგარიშებული ქონების გადასახადი მეტია. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ განსხვავება დაბრუნებას ექვემდებარება 71-ე მუხლის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ქონების გადასახადის დამატებითი დარიცხვა, ჩნდება გადახდის ვალდებულება, რაც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული. ასეთი თანხის გადახდას ითვალისწინებს საგადასახდო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. იმავე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ საგადასახადო კოდექსით შეიძლება დადგინდეს გადასახადის გადახდის სხვაგვარი წესი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა და უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ წესით, რომელსაც ადგენს 67-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტი. ამაზე მიუთითებს “ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია.
მაგალითი
შპს Z-ის 2004 წლის მონაცემებით გამოანგარიშებული ქონების გადასახადი შეადგენს 2000 ლარს. კომპანია 2005 წლის 15 აპრილს, 15 ივლისს, 15 ოქტომბერს და 2006 წლის 15 იანვარს გადაიხდის 500 ლარს (ყოველ გადახდაზე). 2005 წლის მონაცემებით გაანგარიშებულმა ქონების გადასახადმა შეადგინა 6 000 ლარი. Z-ს, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადასახადელი არა აქვს განსხვავება 4000 ლარი, ხოლო ინსტრუქციის შესაბამისად დეკლარაციის წარდგენის ვადაში გადასახდელი აქვს 4000 ლარი. იგი 2006 წლის 15 აპრილს, 15 ივლისს, 15 ოქტომბერს და 2007 წლის 15 იანვარს გადაიხდის 1500 ლარს (ყოველ გადახაზე).
მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა არ ითვალისწინებს გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ორგანოებმა თავად უნდა წარუდგინონ გადამხდელს “საგადასახადო მოთხოვნა. თუ “საგადასახადო მოთხოვნა წარდგენილი არ არის, პირმა არ იცის, რამდენი აქვს გადასახდელი ამ გადასახადის სახით. აქედან გამომდინარე, მას უფლება აქვს არ გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადის ანგარიშში “საგადასახადო მოთხოვნის მიღებამდე.
მაგალითი
M-მა 2005 წლის 5 აპრილს გურჯაანის რაიონში იჯარით აიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ჰა სახნავი მიწა. ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა იგი აღიარეს კარგი ხარისხის მიწად და, გარდა ამისა, განაკვეთი დამატებით გაზარდეს 20 პროცენტით. განაკვეთმა ჯამში შეადგინა 52.8 ლარი ჰა-ზე. 2006 წლის 1 მარტს მოხდება მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა და ფაქტობრივ მფლობელთა რეგისტრაცია. რადგან M-მა მიწა იჯარით იაღო 2005 წლის 1 მარტის შემდეგ (2005 წლის 5 აპრილს), მას მიწის გადასახადი დაერიცხება 2005 წლის 1 მაისიდან ( თანახმად 275-ე მუხლის მე-10 და მე-15 ნაწილებისა). M-ს საგადასახადო მოთხოვნა უნდა მოუვიდეს 2006 წლის 1 ივნისამდე 132 ლარზე (52.8 X 3/12 X 10). აღნიშნული თანხა მან უნდა გადაიხადოს 2006 წლის 15 ნოემბრამდე.
შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე საკუთრებაშია, გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის, თითოეული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.
მაგალითი
5000 კვმ მიწაზე დგას ორი შენობა. ერთი დგას 1000 კვმ მიწაზე და მისი ფართობია 1500 კვმ. მიწის დანარჩენი ფართობი არის ეზო. შენობები სხვადასხვა მესაკუთრისაა. მათი ჯამური ფართობი 3000 კვმ-ია, რომლის ნახევარი ეკუთვნის ერთ მესაკუთრეს და მეორე ნახევარი – მეორეს. შესაბამისად, ეს პირები მიწის გადასახადსაც თანაბრად გადაიხდიან.
ეს მუხლი ეხება აგრეთვე მრავალბინიანი სახლით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდას. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, “მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.
მაგალითი
20-ბინიანი საცხოვრებელი სახლი დგას 2000 კვმ მიწაზე. მისი მთლიანი ფართობია 4000 კვმ. აქედან, ბინების ფართობია 2500 კვმ, სარდაფების – 500 კვმ, ავტოფარეხის – 500 კვმ, ხოლო დანარჩენი ფართობი უკავია კიბის უჯრედს, სადარბაზოს და სხვა საერთო ფართობს. მოქალაქე X-ს ამ სახლში ეკუთვნის 250 კვმ ბინა, 25 კვმ იზოლირებული სარდაფი და 30 კვმ იზოლირებული ავტოფარეხი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მასზე მოდის საერთო ფართობის 1/20 – 25 (500 / 20) კვმ-ის საკუთრება. სულ X-ის საკუთრებაშია 330 კვმ (250 + 25 + 30 + 25) ფართობი, რაც წარმოადგენს მთელი შენობის ფართობის 8.3 (330 / 4000 X 100) პროცენტს. შესაბამისად, X-ს გადასახდელი ექნება 2000 კვმ მიწაზე კუთვნილი გადასახადის 8.3 პროცენტი. ვთქვათ, ამ მიწას ეკუთვნის გადასახადის გადახდა 0.36 ლარის ოდენობით. სულ 2000 კვმ-ზე გადასახდელი იქნება 720 ლარი. მიწაზე X-ის წილი ქონების გადასახადი შეადგენს 59.76 ლარს.
ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გადასახადის გადახდის ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი. საგადასახადო ორგანოს ცნობა საჭიროა მხოლოდ იმ ქონების რეალიზაციისას, რომელიც საჭიროებს რეგისტრაციას.