თქვენი გარეგანი იმიჯი
რუსუდან მაისურაძე
საქმიანი ადამიანის გარეგანი მოწესრიგებულობა, იერი პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ, რადგან პოტენციური პარტნიორისთვის თქვენი კოსტიუმი, ხელჩანთა თუ ფეხსაცმელი ერთგვარი სიგნალის, კოდის როლს ასრულებს. ეს კოდი მიუთითებს ადამიანის რესპექტაბელობას, საქმეებში წარმატებასა და საიმედოობას.
კოსტიუმი. საშუალო დონის მიღებებზე, რომლებიც საღამოს 8 საათამდე იწყება, შეიძლება ნებისმიერი კოსტიუმის ჩაცმა (გარდა მყვირალა ფერებისა). იგი უნდა იყოს ცისფერი ან რუხი, ნაჭერი არ უნდა იყოს ხელოვნური ბოჭკოსგან, ოპტიმალურია მუქი-ლურჯი ან თაგვისფერი (შავი ფერისა იშვიათად თუ დაგვჭირდება საქმიან შეხვედრებზე). რასაკვირველია, არ ღირს მოლაპარაკებაზე მისვლა კურტაკებში, სპორტულ შარვლებში (ჯინსებში), ტყავის პიჯაკებში და სხვ.
თუ მოლაპარაკებაზე სამუშაო დღის შემდეგ, პირდაპირ ოფისიდან მიდიხართ, მოსახერხებელია შტრეზებანი – კოსტიუმი ერთბორტიანი შავი პიჯაკით, ნაცრისფერი ჟილეტით და შარვლით, მოშავო-მონაცრისფრო ზოლებით (გარდა შტრეზებანისა, საზეიმო ღონისძიებებზე მიღებულია სავიზიტო სერთუკი, ფრაკი და სმოკინგი).
პიჯაკი, როგორც წესი, იკვრება ყველა ღილზე, ქვედას გარდა (რომელიც არასდროს არ იკვრება). სამღილიან პიჯაკზე გახსნილია ზედა ღილიც. შეკრული პიჯაკით შედიან თათბირზე ნაცნობებთან, რესტორანში, თეატრში, გამოდიან ტრიბუნასთან. ღილების შეხსნა კი შეიძლება სუფრასთან ან სავარძელში. შეიძლება დროდადრო ერთი ხელის ჩაყოფა პიჯაკის ჯიბეში&ლოწასტ;.
შარვალზე თუ დაჯდომისას ჯიბის ხაზი ჩანს, იგი პატარაა. სქელძირიან ფეხსაცმელზე სქელი ნაჭრისგან დამზადებული შარვალი უნდა ვატაროთ და პირიქით, თხელლანჩიან ფეხსაცმელზე მიღებულია მსუბუქი ნაჭრისგან შეკერილი.
შარვალი მოკლეა, თუ სიარულისას მოჩანს წინდები, ხოლო ვინც სწრაფად დადის, მისი შარვლის სიგრძე უფრო მეტი უნდა იყოს, ტოტებზე გადმოკეცილი შარვალი ოფიციალურ შეხვედრაზე არაა რეკომენდებული.
პერანგი უნდა იყოს თეთრი, გახამებული ან რბილი საყელოთი, კეფაზე პიჯაკზე ერთი სანტიმეტრით ზევით. პრესტიჟულია პერანგი გრძელი სახელოებით.
ქალი, ბიზნეს-ლედი, რომელიც მიისწრაფვის წარმატებისკენ, თავის იერსახეს ბიზნესს უქვემდებარებს. საქმიანი ქალის ტანისამოსისთვის დამახასიათებელია კლასიკური ფორმები, მრავალფუნქციურობა, არასექსუალობა. ძირითადი სამოსია კოსტიუმი (კაბა შეიძლება მხოლოდ სიცხეში და ისიც – ერთი ტონის). ქალის ტანისამოსის ფერების არჩევანი უფრო ფართოა, ვიდრე მამაკაცისა. კლასიკურია მუქი ლურჯი ფერი, გავრცელებულია წითელი, მუქი რუხი და ყავისფერი. ნახატიანი პიჯაკიც კარგად გამოიყურება. ძლიერ პიროვნებად გამოგაჩენთ ლურჯი, მუქი ნაცრისფერი ან ზოლიანი კოსტიუმები და, პირიქით, ღია ლურჯი და ღია ნაცრისფერი ნაკლებად მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებს. პიჯაკი უმჯობესია, შეარჩიოთ გამძლე ნაჭრისგან, ნაზი შალის ან კრეპისგან.
პიჯაკის ჩაცმა შეიძლება შარვალზე, მოკლე კაბაზე, სარაფანზე, გრძელი პიჯაკი (გრძელ ქვედატანთან) სიმაღლეს ამცირებს. განიერი ქვედატანი და პიჯაკი კლიოში კი ირონიას იწვევს.
ქვედატანის ტრადიციული სიგრძეა მუხლამდე (და ოდნავ ქვემოთ), რომელსაც მოკლე ჭრილი ამშვენებს. ზოგიერთ ფირმებში შარვალი დღემდე მიუღებელია, ამასთან, შარვალის სტილი მხოლოდ მამაკაცური უნდა იყოს. რასაკვირველია, დაუშვებელია ბლუზონი, მაისურა, კაბა ღრმა დეკოლტით, ძალიან ვიწრო კაბა (შარვალი), გამჭვირვალე ტანსაცმელი, დიდი და მკვეთრი სამკაულები.
ვარცხნილობა, მაკიაჟი და ბიჟუტერია ორგანულად უნდა ავსებდეს თქვენს საქმიან კოსტიუმს. ვარცხნილობა უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ერთდროულად ელეგანტურიც. აქსექსუარები უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. კოსმეტიკა კი ჩანდეს მხოლოდ ახლო მანძილზე, სუნამოს სუნიც ოდნავ უნდა იგრძნობოდეს.
ზაფხულის ტანსაცმლისადმი საქმიანი ეტიკეტი უფრო მკაცრია. პიჯაკი მამაკაცისთვის აუცილებელია (მოკლე სახელოიან პერანგზე ჰალსტუხის და პიჯაკის ტარებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს). პერანგის გახსნისას ქვევიდან მაისურა არ უნდა ჩანდეს, რადგან ყველაფერი, რაც პერანგის ქვეშაა, ქვედა საცვლად ითვლება.
ქალებს პიჯაკის გარეშეც შეუძლიათ იარონ, თუმცა ზაფხულის კაბები და სარაფნები არ ითვლება საქმიან ტანსაცმლად. ტანსაცმელი არ უნდა იყოს შემოჭერილი, მაშინ ნაკლებად დაეტყობა ოფლის ნიშნები.
ქალი ზაფხულშიც კოლგოტებში ან წინდებშია (თანაბარი ტექსტურით და ნეიტრალური ფერის, მქრქალი, ლაიკრის გარეშე). გოლფები და მოკლე წინდები შეიძლება მხოლოდ შარვალთან.
ჰალსტუხი&ლოწასტ; საქმიან ადამიანს თვითგამოხატვის დიდ საშუალებას აძლევს. ოფისში მიღებულია მხოლოდ კონსერვატიულ-კლასიკური (და არა მოდური) სტილის ჰალსტუხები: მუქი რუხი, მუქი ლურჯი, ბორდო, ხაკი. ჰალსტუხის ფერი უნდა იყოს პერანგზე უფრო მუქი და კოსტიუმზე ღია. მისი ნახატი პერანგის ნახატს არ უნდა იმეორებდეს: თუ პერანგი ზოლიანია, ჰალსტუხი ერთი ტონის უნდა შეირჩეს. ჰალსტუხის ვიწრო მხარე არ უნდა ჩანდეს. არსებობს ჰალსტუხის შემდეგი ტიპები – ხელით შესაკრავი, შეკრული კვანძით და ჰალსტუხი პეპელა.
კარგი ჰალსტუხები (რათა არ დაიგრიხოს) მოქსოვილია დიაგონალურად. ამის შემოწმება იოლია – ვიწრო ბოლოდან დაკიდული ჰალსტუხი არ უნდა იგრიხებოდეს. ზაფხულის ჰალსტუხის ქსოვილი თხელია, ზამთრის კი სქელი. ჰალსტუხმა უნდა დაფაროს ქამრის ნახევარი (ან ოდნავ ქვემოთ).
ქამრის ფერი ფეხსაცმლის ან საათის სამაჯურის ფერს უნდა ემთხვეოდეს, ზომის შერჩევისას კი მესამე ნახვრეტს იყენებენ.
ფეხსაცმელი. კლასიკური და უნივერსალურია შავი ფეხსაცმელი, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ კოსტიუმს შეეფერება (ყავისფერი ფეხსაცმელი შავ კოსტიუმს არ უხდება). ელეგანტურ შთაბეჭდილებას ტოვებს ფეხსაცმელი ზონრით (და არა ლოუფერი, ბრტყელი ენით).
ამჟამად ათვისებულია სპორტულად სტილიზებული (ოღონდ არასპორტული) ფეხსაცმელი და სანდლები. თუ ადრე არ იყო მიღებული ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ტარება, ახლა ეს დაშვებულია. ამიტომ სანდლებს შიშველ ფეხზე იცვამენ, წინდებში მათი ხმარება კი ცუდ ტონად ითვლება.
ფეხსაცმელი კარგად ინარჩუნებს ფორმას, თუ შენახვისას მას ქაღალდის ხელსახოცებით დავტენით.
ქალის ფეხსაცმელი ტყავის ან ზამშისაა, დაბალ ან საშუალო ქუსლზე. გამორიცხულია სპორტული და კაუჩუკის ქუსლიანი ფეხსაცმელი.
ზაფხულში ფეხსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ტყავის – მასში სიცხე ნაკლებად იგრძნობა. ფერი – ნებისმიერი ნეიტრალური, რომელიც შეეფერება კოსტიუმს, ქამარს, პორტფელს, ჩანთას. შეიძლება ღია ფერებიც, (მაგრამ არა თეთრი), ისიც ღია ფერის კოსტიუმზე და დღის საათებში. რასაკვირველია, მიღებაზე შეუფერებელია ღია ფეხსაცმელი, სქელლანჩიანი დახურული და სპორტული ფეხსაცმელი.
წინდები კოსტიუმზე მუქი ფერის უნდა იყოს, რათა კოსტიუმის ფერი ფეხსაცმლის ფერში გადავიდეს, ყველაზე კარგი ფერებია მუქი ლურჯი, მუქი რუხი, შავი. დაუშვებელია თეთრი ან ფერადი წინდები. საღამოს კოსტიუმს არ შეეფერება აგრეთვე ზოლიანი და უჯრედებიანი წინდები.
წინდის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ დაჯდომისას არ ჩანდეს შიშველი ფეხი.
წვიმაში საქმიანი ადამიანი ლაბადითაა. ლაბადაზე ჩექმას არ იცვამენ. წვიმაში შეიძლება ფეხსაცმელი ან კალოშები (აქ იგულისხმება არა ტრადიციული, რეზინის, არამედ ამერიკული საქმიანი კალოშები კაუჩუკისგან).
საკუთარ ოფისში მიღებულია ფეხსაცმლის გამოცვლა (როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალისთვის). ფეხსაცმელს ინახავენ მუყაოს ყუთში ან სპეციალურ ნაჭრის პარკში (და არა ცელოფანში) საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში.
სხვა დაწესებულებაში შესვლისას შეიძლება ფეხსაცმლის გაწმენდა ღრუბლით, მაგრამ ეს მხოლოდ ტუალეტში შეიძლება.
თუ ოფისში საერთო გარდერობი არაა, ლიფტში სველი ლაბადით არ შედიან. მას იხდიან და გადაიკიდებენ ხელზე. ეტიკეტის თანახმად, ლაბადის ნაცვლად შეიძლება ვისარგებლოთ ცელოფნის ლაბადით (კაპიუშონით).
ქოლგა უნდა იყოს შავი, შავი-რუხი, შავი-ლურჯი, საქმიანი ადამიანისთვის ქოლგა აუცილებელია, რადგან კოსტიუმი, რომელიც წვიმაში მოხვდა, კარგავს ფორმას და არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. შენობაში შესვლის წინ ქოლგას ხურავენ. ჩვენს სინამდვილეში, ქოლგას გაშლილად აშრობენ, ეს ეტიკეტის უხეში დარღვევაა, დასაკეც ქოლგას კი დებენ პაკეტში და ინახავენ უჯრაში.
ხელჩანთა. საქმიანი კოსტიუმი კარგად ახასიათებს ადამიანს, მაგრამ ჩანთა, რომლითაც ის დადის სამუშაოზე, უკეთ ხსნის მის ხასიათს. კარგი საქმიანი პორტფელი იმიჯის ნაწილია, რადგან ცუდად ჩაცმული ადამიანიც კი პროფესიონალად გამოიყურება, როცა მას ხელში ჩანთა უკავია. და პირიქით, სავსე ხელჩანთა და პლასტიკატის პაკეტი უარყოფითად მოქმედებს თქვენს იმიჯზე.
ხელჩანთა საქმიანი ადამიანის სავიზიტო ბარათია. მართლაც, უმაღლესი თანამდებობის პირები ხელჩანთის გარეშეც თავს კარგად გრძნობენ – საქმიან შეხვედრებზე ისინი ტყავის მსუბუქი საქაღალდითაც კმაყოფილდებიან. მაგრამ ასეთ დონემდე ჯერ უნდა მივაღწიოთ…
მსხვილი საკეტები, ლითონის ნაწილები ჩანთაზე, გრძელი ქამრები შესაკრავად, აღარაა მოდაში. საშუალო რგოლის მენეჯერები ამჯობინებენ მხარზე გადასაკიდ, ვერტიკალურ ხელჩანთას, რომელსაც ერთდროულად სახელურიც აქვს – პლანშეტს. მამაკაცის ხელჩანთის ფერებია შავი, ყავისფერი, რუხი.
ქალის ხელჩანთა კი შეიძლება იყოს წითელი ან ლაკირებული. პატარა, ისევე როგორც დიდი ხელჩანთები, აღარაა მოდაში. ოპტიმალურია საშუალო (25 X 25 სმ) ზომის.
კრიტიკულ მომენტში ცხვირსახოცის, ავტოკალმის, სავიზიტო ბარათის, მობილური ტელეფონის ძებნა შეიძლება, საქმიან ქალს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს. მაინც რა უნდა იყოს საქმიანი ქალის ხელჩანთაში? ჩანაწერების წიგნაკი (ან ორგანაიზერი), ავტოკალამი, მობილური ტელეფონი, სავიზიტე ბარათები, საფულე, გასაღები, ცხვირსახოცი, კოსმეტიკური ნაკრები, სარკე, სავარცხელი და სხვ.
ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი ჩანთაში კალმისტარია. ყველაზე პრესტიჟულია კალმიანი კალმისტარი (ოქროს კალამი არასდროს გამოდის მოდიდან). ყველაზე ძვირფასი კალმისტარი მოოქროვილი ან მოვერცხლილია. ამჟამად პოპულარულია ჩინური ლაქით დაფარული კალმისტრები, რომელზეც არ რჩება ნაკაწრი ან ცხიმის ნარჩენები.
სარკე უმჯობესია, ცალკე იყოს – არ ღირს ხალხმრავალ ადგილას საპუდრის დემონსტრაცია. გასაღებს ბუდე სჭირდება, რათა დანარჩენი ნივთები არ დაკაწროს, უმჯობესია, თუ ბუდე იქნება ნატურალური ტყავის ან თანამედოვე – მტკიცე სინთეტიკის და ამასთან ერთად ერთი ფირმის კოლექციიდან (ისევე, როგორც საფულე, ბლოკნოტი, კოსმეტიკური ნაკრები).
მზის სათვალეს ჩვენს სინამდვილეში ყველგან ატარებენ, მაშინ, როცა შენობაში მისი ტარება ულამაზოა. საქმიანი საუბრისას მზის სათვალეს იხსნიან – მაშინაც, თუ შეხვედრა ღია ცის ქვეშაა: ეტიკეტი მოითხოვს, რომ პარტნიორები ერთმანეთის თვალებს ხედავდნენ. სტილის ცვალებადობის გამო საჭიროა სათვალის ხშირი გამოცვლა.
თქვენი სამოსის ელემენტები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დეტალი, დაწყებული ფეხსაცმლით და დამთავრებული ქუდით, ერთ ფერში იყოს.
თანამედროვე შეხედულებით, საკმარისია მხოლოდ წყვილების შეხამება (მაგ. ფეხსაცმლის და ჩანთის), ხოლო ზოგიერთ ფერს, როგორიცაა შავი, თეთრი, მუქი რუხი, წყვილი სულაც არ სჭირდება.
ამრიგად, გარეგანი იმიჯი, ელეგანტობა კარიერაში ჩვენი წინსვლის ფაქტორია. ამიტომ ის მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, საჭიროა ტანსაცმელ – ფეხსაცმლის შეძენასაც ისევე პროფესიულად მიუდგეთ, როგორც ოფისში მუშაობას.