რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საკითხები
მარინა ჭანიძე
გარდამავალმა პერიოდმა დაადასტურა, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში, რომელიც წინააღმდეგობრივია და თავისებურებებით ხასიათდება, განსაკუთებით აქტუალური ხდება სახელწიფოს ეკონომიკური როლისა და ფუნქციების საკითხი. სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები ახალ დატვირთვას იღებს გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის განვითარების კვალობაზე, როცა მისი ზოგიერთი ფუნქცია ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე გადადის (მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა) ან დარეგულირების პროცესში რეგიონულ დონეს გადაეცემა.
გარდამავალ პერიოდში ერთხელ კიდევ დადასტურდა, რომ სახელწიფო ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მარეგულირებელი სუბიექტის მრავალმხრივ ფუნქციას. პირველ რიგში იგი ვლინდება ეკონომიკური პროგნოზირების, პროგრამირების და სტრატეგიული დაგეგმვის ფუნქციებში.
იმისათვის, რომ ობიექტურად შეფასდეს პროგნოზირების, საერთოდ, ეკონომიკური დაგეგმვის როლი, საჭიროა, მისი ზოგიერთი თავისებურება განვიხილოთ. რატომ არის საჭირო ეკონომიკური დაგეგმვა? ცნობილია, რომ მართვა არის ადამიანების მიზანმიმართული საქმიანობა კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. მართვა მუდმივი პროცესია. ლიტერატურაში აღიარებულია, რომ პროგნოზირება, დაგეგმვა მართვის ფუნქციაა, რომელიც სამ ძირითად კითხვას უნდა პასუხობდეს. სად ვიმყოფებით (განვითარების დონე), საით გვინდა ვიმოძრაოთ, ე. ი. რა მიზანს უნდა მივაღწიოთ და როგორ. ლიტერატურაში აღიარებული ეს მიდგომა თანაბრად ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დონეზე (ფირმა, რეგიონი, მაკროეკონომიკა და ა.შ.).
ეკონომიკური დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდი, პრინციპი გამოიყენება იმის მიხედვით, თუ როგორ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში ხდება იგი. XX საუკუნეში დაგეგმვამ დიდი ცვლილებები განიცადა და თანამედროვე საბაზრო სისტემაში ფართოდ დამკვიდრდა. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც გრძელვადიან პერიოდს მოიცავს. სტრატეგიულ დაგეგმვას ჯერჯერობით ეკონომიკური დაგეგმვის ყველაზე მაღალ საფეხურად მიიჩნევენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული დაგეგმვის გამოყენება იწყება ბაზრის გაჯერების პირობებში, როცა ბევრი ეკონომიკური სუბიექტის ზრდა შენელებულია.
აღვნიშნავთ, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდის სასტარტო ეტაპზე სახელმწიფოს ეკონომიკური როლი ფაქტობრივად იგნორირებული იყო. სამწუხაროდ, გარკვეულ ეტაპზე სახელმწიფოს ადგილი მაფიოზურ-კლანურმა სტრუქტურებმა დაიკავეს. ასეთი “ჩანაცვლების” შედეგი საყოველთაოდ ცნობილია და იგი არსებითად სისტემური ეკონომიკური კრიზისის სახით გამოვლინდა.
ცნობილია, რომ დასავლეთის სამეცნიერო წრეეებში, ასევე პრაქტიკაში ჩამოყალიბდა დადებითი მოსაზრებები ეკონომიკური დაგეგმვის როლისა და მნიშვნელობის, ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დაგეგმვა დიდ როლს ასრულებს შერეულ ეკონომიკურ სისტემაში, რომ ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საბაზრო თვითრეგულირებისა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შეხამება. ამასთან, ცხადია, რომ ბაზარი და გეგმა ერთმანეთს ვერ შეცვლიან, მათი ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს. მნიშვნელოვანია დაგეგმვის დირექტიულობის ლიკვიდაცია, ადმინისტრაციული ჩარევის მაქსიმალური შეზღუდვა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა განისაზღვროს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების “თამაშის წესები,” რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში უზრუნველყოფენ საბაზრო სისტემის ეფექტიან ფუნქციობას. ამიტომ თანამედროვე პირობებში ბაზრისა და დაგეგმვის “თანაარსებობა” არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
ამ ფონზე მიზანშეწონილია, განვიხილოთ ინდიკატური დაგეგმვის თავისებურებები და მისი მნიშვნელოვანი როლი საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში.
ტერმინით “ინდიკატური” იგულისხმება ნებისმიერი დაგეგმვა, რომელიც ატარებს “არა იძულებით ხასიათს”. ინდიკატური დაგეგმვა აღიარებულია მაკროეკონომიკური დაგეგმვის კონკრეტულ სახესხვაობად, თანაც იგი ეკონომიკური რეგულირების უფრო მაღალ ფორმად არის მიჩნეული, რომელიც იძლევა ორიენტაციასა და რეკომენდაციებს ეკონომიკის განვითარების პროცესებზე. აღიარებულია, რომ მთავრობა ინდიკატური დაგეგმვისას ეკონომიკურ განვითარებაზე ზემოქმედებს კოორდინაციის მეშვეობითა და ინფორმაციული უზრუნველყოფით. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად დაგეგმვის პროცესი, რომელიც გამოირჩევა მრავალსაფეხურიანობით, რაც იძლევა საშუალებას, არა მხოლოდ ინფორმაციები გაიცვალოს, არამედ მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა მონაწილესა და მმართველობის სხვადასხვა დონეს შორის. ინდიკატური დაგეგმვა ხორციელდება არა მხოლოდ “ზემოდან”, არამედ “ქვემოდანაც” და ეფუძნება კონსულტირებისა და შეთანხმების პრინციპს. ფაქტობრივად, ინდიკატური გეგმა წარმოადგენს ინდიკატორთა ერთობლიობას, რომელიც სრულად მოიცავს მოსალოდნელი ეკონომიკური კონიუნქტურის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში ინდიკატური დაგეგმვის აუცილებლობა ეკონომიკის სტიქიურად განვითარების შედეგებმა განაპირობა. 1993 წელს შემუშავდა ინდიკატური დაგეგმვის მეთოდიკა, მის საფუძველზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი (1993-1995, 1996-2000, 2001-2005 წწ) და შესაბამისი ერთწლიანი ინდიკატური გეგმები. შემდგომში, კერძოდ 1997 წელს მიღებული იქნა კანონი “საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ, რომლითაც ინდიკატური გეგმა მიჩნეულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების ამოსავალ საფუძვლად.
მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატური გეგმები დგებოდა, მან ვერ შეასრულა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რთული პროცესების მაკოორდინირებელი მექანიზმის ფუნქცია. ამის მთავარ მიზეზად ხელისუფლებისა და მისი ეკონომიკური სტრუქტურების მხრივ ინდიკატური დაგეგმვის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულება უნდა მივიჩნიოთ.
2003 წელს ვ. მელქაძის სახ. სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა დაამუშავა ინდიკატური დაგეგმვის ახალი მეთოდიკა, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს ათწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტრომ უარი განაცხადა ინდიკატური დაგეგმვის პრაქტიკაზე, თუმცა შესაბამისი კანონი გაუქმებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინდიკატური დაგეგმვის მიზანია, სწორად განისაზღვროს განვითარების (ეკონომიკის ტრანსფორმაციის) მიზნობრივი ორიენტირები, ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური განაწილებით და საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაციით სტრატეგიული ამოცანების რეალიზაცია შერეულ ეკონომიკურ სისტემაში, თანაც გლობალიზაციის და რეგიონალიზაციის ინტერესების გადაკვეთაზე, ჩვენი აზრით, გარდამავალ ეტაპზე ინდიკატური დაგეგმვა ობიექტური აუცილებლობაა.
აჭარის ა. რ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ აქტუალურია რეგიონების განვითარების ინდიკატური გეგმების შედგენა-რეალიზაციის ამოცანა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტს შევეხები. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვა საშუალებას მოგვცემს, კომპლექსურად შევისწავლოთ ადგილობრივი რესურსები და ეკონომიკური განვითარების დაჩქარების ფაქტორები, მიმდინარე პროცესების პროგნოზირებით უფრო ობიექტურად განისაზღვრება მთავარი ორიენტირები, რეალურად განისაზღვრება მექანიზმებიც.
ინდიკატური გეგმის კონცეფტუალურ-მეთოდოლოგიურ საფუძვლად უნდა ავიღოთ ქვეყანაში აღიარებული ზემოთ აღნიშნული მეთოდიკა. ამასთან, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მასში გარკვეული კორექტივების შეტანა. ჩვენი აზრით, სწორი იქნება, დამუშავდეს 2006-2010 წლების აჭარის ა.რ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა. მასში დასაბუთდეს ეკონომიკური მიზანი. ამას წინ უნდა უძღოდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ანალიზი, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ პარამეტრებს, სოციალური სფეროსა და წარმოების განვითარების თავისებურებებს (ტენდენციებს). ამის საფუძველზე შემუშავდება პროგნოზები – რესურსული პოტენციალის, ტექნიკური პროგრესის, ინტეგრალური განვითარების, ეკოლოგიური თავისებურებებისა და სხვ., საგარეო თუ შიდა ფაქტორების მოქმედების გათვალისწინებით. პროგნოზები უნდა შემუშავდეს რამდენიმე ვარიანტად და მოიცავდეს მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) სისტემას, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფასება. ინდიკატურ გეგმაში ცენტრალური (მიზანი) უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტი. ამოსავალ საწყისად უნდა მივიჩნიოთ 2005 წელი. პროგნოზებით განისაზღვრება ეკონომიკური ზრდის რეალური პარამეტრები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფენ. მაგალითად, თავისუფალი მეწარმეობის, პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და იმპორტის შემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირება, ინვესტიციების მოზიდვა, მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებები, ეკონომიკური პროცესების რეგულირება.
ეკონომიკური ზრდის მიზნად უნდა მივიჩნიოთ, 2010 წელს მიღწეულ იქნეს აჭარის ა. რ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეფორმამდელი პერიოდის (1990 წ.) დონე (2004 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში მშპ-მ შეადგინა 1990 წლის მოცულობის მხოლოდ 5%).
ინდიკატური გეგმის უპირატესობა ისაა, რომ მასში სრულად აისახება რეალური კავშირი ეკონომიკური ზრდის მიზანსა და რესურსულ პოტენციალს შორის. გარდა ამისა, ასეთი გეგმა იძლევა რეალურ საშუალებას, საზოგადოებამ აკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ეკონომიკური გარდაქმნების მიმდინარე პროცესს.
ინდიკატურ გეგმაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის საგეგმო-მარეგულირებელ ნაწილს. აქ ცენტრალურია მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ფაქტობრივად უშუალო დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებენ ინდიკატურ გეგმასა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის. ამიტომ ისინი ხელს უწყობენ პროგრამული დაფინანსების გაძლიერებას, სახელმწიფო და სხვა სახსრების მიზანმიმართულ გამოყენებას. მიზნობრივი პროგრამის შედგენის წესი შესაბამისი კანონით არის განსაზღვრული. მიზანშეწონილია, ტერიტიორიული ერთეულების მიზნობრივ პროგრამებთან ერთად რეგიონის ინდიკატურ გეგმაში შეტანილ იქნეს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ის ნაწილიც, რომელიც რეგიონს ეხება. ეს უფრო მიზანმიმართულს გახდის რეგიონისთვის ცენტრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას. ცნობილია, რომ მშპ რეგიონებში არ გამოითვლება. აუცილებელია, სტატისტიკის ორგანოებმა გაიანგარიშონ მშპ რეგიონული მაჩვენებელი, რომელიც ინდიკატურ გეგმაში უნდა აისახოს. ინდიკატურ გეგმაში განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას ეხება. მაგალითად, საკუთრებით ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებების ანალიზისას სტრუქტურულად უნდა შეფასდეს კერძო და სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა და სახელმწიფოს წილი, კერძო და სახელმწიფო სექტორის თანაფარდობა კაპიტალის, დასაქმების, პროდუქციის წარმოებაში.
აჭარის ა.რ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტი სხვა სამინისტროებთან და ტერიტორიული მართვის ორგანოებთან ერთად უნდა შეიმუშაოს აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ინდიკატური დაგეგმვა მოითხოვს კოორდინირებულ საქმიანობას. ამ მიზნით აუცილებელია, სამინისტროსთან შეიქმნას პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი. ინდიკატური გეგმა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მოწონების შემდეგ, ჩვენი აზრით, უნდა დაამტკიცოს მინისტრთა საბჭომ. ასეთ პრინციპებზე შედგენილი აჭარის ა. რ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა შესაძლებელია, გახდეს დროსა და სივრცეში სახელწიფოსა და რეგიონის (ტერიტორიული ერთეულების), კერძო და საზოგადოებრივი კაპიტალის, რესურსული პოტენციალის, მმართველობითი სტრუქტურების ერთობლივად გამოყენების მაკოორდინირებელი ინსტრუმენტი.