მისცა საქართველომ რუსეთს თანხმობა WTO-ს წევრობაზე?
რედაქციისაგან
რუსეთი და WTO რუსეთი სავაჭრო ომს უცხადებს საქართველოს. იწყება ცალმხრივი ემბარგო საქართველოდან იმპორტირებულ საქონელზე. რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს და პოზიციებს ჯიუტად არ თმობს. მას ორი მიზანი აქვს – პოლიტიკური ზეწოლა და WTO-ში მოლაპარაკებებზე მწვანე შუქის მიღება. რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი?
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი აცხადებს, რომ მისაღები პირობების გარეშე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არ შევა. აღსანიშნავია, რომ უკვე 10 წელია ისინი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ლამობენ. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის მხარემ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებს რუსეთის პოზიციას ირანის თაობაზე. განცხადება ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბილ ფრისთმა მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა. ბორის გრიზლოვმა უკან დაიხია და თქვა, რომ რუსეთი WTO-ში მხოლოდ მაშინ გაერთიანდება, თუ ამ ორგანიზაციის პირობები რუსეთის მხარეს დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დიდხანს არ მიმართავს მას.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან უშედეგო მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, უამრავ რეფორმას ახორციელებენ, რათა WTO-ში გაწევრიანება გაუადვილდეს.
WTO-ში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარემ, მაქსიმ მედვედკოვმა თავი დაიზღვია და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ამ ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები აქვთ. იგი დარწმუნებულია, რომ WTO-ში შესვლის ამაო მცდელობას, ზედმეტად დიდი ყურადღება ექცევა. მედვედკოვი დარწმუნებული იყო, რომ მოლაპარაკებებს თვეებისა და წლების ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა.
სურთ თუ არა რუსებს ღვინო?
რუსეთის სანიტარულმა ექიმმა, ემბარგოს პერიოდში, 24 აპრილს პირველად განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე. “მოლაპარაკება აუცილებლად უნდა დაიწყოს”- აღნიშნა მან პრესასთან შეხვედრისას. უმაღლესი ხელისუფალნი სერტიფიკატის გაცემასა და პესტიციდების შემცველობაზე ვერ იზრუნებენ. ე.ი, საუბარია WTO-ს წევრობაზე მწვანე შუქის ანთებაზე, რაც ხელისუფლების პრეროგატივაა. როგორც ჩანს, ანიშენკო ამას გულისხმობდა და მუდმივად წუწუნებდა საქართველოს პროდასავლურ კურსზე.
1 მაისი გამარჯვების დღეა. მაგრამ, როგორც ჩანს, წელს რუსები სასმისებს კარგად ნაცნობი ქართული და მოლდოვური ღვინოებით აღარ შეივსებენ. რუსეთში ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოდან და მოლდოვოდან შემოსული დაბალი ხარისხის ღვინოებში აღმოჩენილია მავნე ნივთიერებები, რის გამოც აიკრძალა მათი იმპორტი. იმასაც ამბობენ, რომ საქმის არსი პოლიტიკაშია. კიდევ ერთი ვერსიაც არსებობს – ღვინო არ არის რუსული ეროვნული სასმელი და მისი დალევა საჭირო არ არის. რომელი ვერსიაა მართალი? მოვისმინოთ რუსების მოსაზრებები ამ საკითხზე.
ანდრეი ისაევი. რუსეთის სათათბიროს შრომისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელი:
უხარისხო სასმელის შემოტანის აკრძალვა ცივილიზებული საზოგადოებისათვის, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს, ნორმალური მოვლენაა. რუსეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინის დიდი რაოდენობაა. ისეთი ფასი, როგორიც ჩვენთან “ქინძმარაულს” აქვს, წარმოუდგენელია. ასევე განსაცვიფრებელია ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდით ცდილობენ საკუთარი საქონლის ჩვენზე “გასაღებას”. ეს ძალიან უცნაურია. მით უმეტეს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
ანდრეი ლუნდინი. მეცნიერი:
ქართული და მოლდოვური ღვინოების აკრძალვა პოლიტიკის შედეგი არ არის. თუმცა, ასეც რომ იყოს ნამდვილად გამართლებულია. ვამტკიცებ, რომ იმ ღვინოებიდან ნებისმიერს, რომლებსაც ჩვენს მაღაზიებში ვხვდებით, ფასის მიუხედავად, არაფერი აქვთ საერთო ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხარისხიან ღვინოებთან. რეკლამის გამო შეძენილმა “საფერავმა” და “ნაფარეულმა” ჩემს ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა მოახდინა. იგივე ეხება “ბორჯომსაც”, რომელიც აფთიაქებშიც კი ფალსიფიცირებულია. რაც შეეხება პესტიციდების რაოდენობას, ღვინოში მათი არსებობა შესაძლებელია.
ვლადიმერ რადიმოვი. საფეხბურთო გუნდ “ზენიტის” კაპიტანი:
ადრე ქართულ და მოლდოვურ ღვინოებთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობდა. ამიტომ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – რატომ გაჩნდნენ ისინი ახლა და ერთდროულად ორივე ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მიზეზით ხდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიეჩვივნენ ამ ღვინოებს და მათ დანაკლისს განიცდიან. თუმცა, რუსები უპირატესობას, მაინც არაყს ანიჭებენ.
ვლადიმერ პერეკრესტი. გაზეთ “იზვესტიას” სპეციალური კორესპოდენტი:
არ ღირს ტრაგედიის შექმნა იმაზე, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოები აღარ გვექნება. ღვინოს ნამდვილად ვერ უწოდებ იმ სითხეს, რომელიც მოსკოვში ამ ქვეყნებიდან შემოდის.
თინა კანდელაკი. გადაცემა “დეტალის” წამყვანი:
ღვინო ქართული კულტურის ნაწილია. მისი აკრძალვა შეუძლებელია. ჩვენი კულტურის მოყვარულები ყოველთვის გამონახავენ ქართული ღვინის დალევის შესაძლებლობას. ძველი ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინო, აქ შემოტანილისგან ძალიან განსხვავდება. მისი შეცვლა შეუძლებელია. ეს აკრძალვა ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას არ ჰგავდა. ვფიქრობ საქართველოს მთავრობაც მიხვდა ამ აკრძალვის მიზეზს – ეს დიდ და პატარა ქვეყნებს შორის პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტია. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური პრობლემების ფონზე ღვინო მხოლოდ აისბერგის მწვერვალს წარმოადგენს. რუსეთის მაღაზიებში ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ღვინოებს შორის ქართულიც იყიდება. თუ ფასებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ საქართველოს მთავრობამ, რუს მომხმარებელთან შედარებით უფრო მეტი დაკარგა. ქართული ეკონომიკა არ არის იმდენად მრავალპროფილური, რომ ღვინის იმპორტის აკრძალვას მასზე დიდი გავლენა არ მოეხდინა.
გიორგი დანელია. კინორეჟისორი:
ქართული ღვინო რუსეთში რამდენიმე საუკუნის მანძილზე ძალიან კარგ ღვინოდ ითვლებოდა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული ღვინო ცუდია. შეიძლება დაადანაშაულო კონკრეტული ფირმა ან კომპანია. უჩივლო სასამართლოში. მაგრამ, არ შეიძლება ბრალი დასდო ქართულ ღვინოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა მოგვარდეს.
ცხადია, ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, რა თქმა, უნდა საფუძველი ქართველმა ფალსიფიკატორებმაც ნოყიერად დაუდეს. Aალბათ, ეს კრიზისი დიდხანს არ გასტანს. ანიშენკოს მეთოდები კი უხეში და კუსტარულია. შეიძლება ამა თუ იმ საქონლის პარტია არ ვარგოდეს მაგრამ, ამისათვის ემბარგოს არავინ აცხადებს, თუმცა, ასეთი მაგალითიც ბევრია. თუნდაც, რუსეთ – ამერიკას შორის ქათმის ბარკლების ომი. ჩვენ ამ სფეროში რუსულ ბაზარს ნაწილობრივ დავკარგავთ. ეს იქნება ფალსიფიცირებული, იაფფასიანი ბაზარი, რომელიც, ალბათ, დასაკარგი იყო. საქართველოში ღვინის ბიზნესი და მისი სერტიფიცირება ამ კრიზისის შემდეგ მაღალ დონეზე ავა. ქართველი მეღვინეები ახალი სტანდარტებით ისწავლიან ბიზნესის წარმოებას. ტრაბახიდან საქმეზე გადავლენ და ქართული ღვინის სახელს რომელიც ამ ქვეყანაში ძვალრბილშია გამჯდარი, და რომელიც მათ უფასოდ მიიღეს თავისას დაუმატებენ.
ჩვენ და რუსეთი რეალური პარტნიორები ვიქნებით და საუბარი ბიზნესის ენაზე პოლიტიკური იქნება. მსოფლიოში ეს ნორმალური მოვლენაა.