ეკონომიკური პრობლემები – საკრედიტო კავშირების რიცხვი საქართველოში შემცირდა
ლია პიტიურიშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი
ბოლო წლებში საქართველოში მიღწეულმა სოციალურპოლიტიკურმა და მაკროეკონომიკურმა სტაბილიზაციამ შესაძლებელი გახადა აგრარულ სექტორში რეფორმების პოლიტიკის სწრაფი ტემპით განხორციელება. სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილის გადაცემამ გლეხთა კერძო საკუთრებაში და პარალელურად განხორციელებულმა აგროკომპლექსის საწარმოთა პრივატიზაციამ სოფლად რეალურად გააჩინა კერძო მესაკუთრეთა ფენა და მოამზადა წინაპირობები ფერმერული და წვრილი გლეხური მეურნეობების შექმნა-განვითარებისათვის. მაგრამ მათ საწყისი კაპიტალი არ გააჩნდათ. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ქვეყანას დეფიციტური ბიუჯეტის გამო ინვესტირების, ან თუნდაც, საკრედიტო ხაზით ფუნქციონირების საშუალება არ ჰქონდა.
საქართველოში საკრედიტო კავშირები მაშინ დაარსდა, როდესაც გლეხების (ფერმერების) უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა ხვნის, თესვის, სამეურნეო საქმიანობის დაწყების, ტექნიკის შეძენის საშუალება. მკვეთრად იგრძნობოდა საბრუნავი საშუალებების, განსაკუთრებით ფულის დეფიციტი. თუმცა, იყო ზოგიერთი ბანკი, რომელიც სესხებს გასცემდა დიდი საპროცენტო განაკვეთით, რაც ფერმერისათვის ხელმიუწვდომელი იყო.
ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, და ასრულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურმა ურთიერთობამ. როგორც მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, ადგილობრივი დანაზოგების გამოყენება, აგრეთვე დახმარებების მიღება, გაცილებით ადვილი და ეფექტურია, თუ იგი მიმართულია არა ცალკეული კერძო პირების, არამედ იურიდიული კოლექტიური პირებისაგან. ასეთ იურიდიულ, კოლექტიურ პირად კი მთელს მსოფლიოში სოფლად საკრედიტო კავშირები გვევლინება.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესის სწორად წარმართვით საქართველოში აგრარული სექტორის მაჩვენებლები წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და იგი დინამიურ ხასიათს იძენდა. შედეგად აგროსასურსათო სექტორი თანდათანობით იქცა მიმზიდველ საინვესტიციო სფეროდ. სექტორში შექმნილმა ხელსაყრელმა საინვესტიციო გარემომ, ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გააქტიურებას, რაც საქართველოსათვის მიზნობრივი საკრედიტო არხების გახსნაში გამოიხატა. როგორც წესი, საკრედიტო პირობები საქართველოსათვის მეტად შეღავათიანია, მაგრამ მათი გამოყენების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ეკონომიკის რომელიმე ცალკეული სფეროს, ან სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ეროვნული მეურნეობის, როგორც ერთიანი სისტემის აღორძინებაში, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესების განვითარებაში. სამწუხაროდ, მიუხედავად საფინანსო ბაზარზე დონორი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი მოცულობის რესურსებისა, მოთხოვნა მათზე მნიშვნელოვნად აჭარბებს რეალურ მიწოდებას. რაც იწვევს საკრედიტო რესურსებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის ჩამოყალიბებას.
მიუხედავად ამისა, საქართველოში საკრედიტო კავშირების შექმნა საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. 1995 წლიდან საკრედიტო კავშირებმა სამი მოდელით (მსოფლიო ბანკის, TASIS-ის და საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით) აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან ლტოლვილებისათვის დაიწყეს ფუნქციონირება, რომელთა რიცხვმა 200 მიაღწია, სადაც გაწევრიანებული იყო 10850 ფერმერი. საერთო კაპიტალმა კი 3444420 ლარი შეადგინა.
1997 წელს კრედიტები 100%-ით, დაბრუნდა, ხოლო 1998 წელს არნახული გვალვის გამო მისი სრულად დაბრუნება შეფერხდა. 2003 წლიდან კი სესხის მასიურად დაუბრუნებლობის გამო ჯერ მოხდა საფრანგეთის მთავრობის მიერ სესხების მთლიანად შეწყვეტა, ხოლო შემდეგ კი, მსოფლიო ბანკის და TASIS-ის სესხებიც მაქსიმალურად შემცირდა. სესხის გადაუხდელობასთან ერთად მათი შემცირება იმანაც განაპირობა, რომ პროექტი 5 წელზე იყო გათვლილი. ამასთან სახელმწიფოსა და საკრედიტო კავშირების ურთიერთობა მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში მიმდინარეობდა. გაუგებარია, რატომ დააწესეს შესაბამისმა ორგანოებმა საკრედიტო კავშირების რესურსების ღირებულება წლიური 26%.
მსოფლიო პრაქტიკაში არის ფაქტები, როდესაც სახელმწიფოს ხელშეწყობით ზოგჯერ საკრედიტო კავშირები და ასოციაციები მსხვილ საფინანსო ინსტიტუტად ყალიბდება. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ლიტვამ 2 მლნ ევროს უპროცენტო სესხი ჩადო საკრედიტო კავშირების წარმატებულად განვითარებისათვის.
2006 წლის 1 იანვრიდან 37 საკრედიტო კავშირი ფუნქციონირებს. მათი ვალდებულებები შეადგენს 1,552,853 ლარს. ხოლო მთლიანად კაპიტალი 221,286 ლარს (იხ. ცხრილი)
საკრედიტო კავშირების საქმიანობას დღეისათვის სახელმწიფო ეროვნული ბანკის მეშვეობით ზედამხედველობს. ეს საშუალებას აძლევს მოსახლეობას მათი დეპოზიტები მყარად იყოს დაცული. ეროვნული ბანკი მეთვალყურეობს საით მიდის ესა თუ ის რგოლი. გაკოტრების შემთხვევაში მის საქმიანობაში ჩაერთვება, რათა საშიშროება თავიდან აიცილოს.
იმისათვის, რომ საკრედიტო კავშირების ფუნქციონირება წარმატებული იყოს. ქვეყნისათვის, საჭიროა რესურსების მაღალი ღირებულების შემცირება. პროექტის სესხების ვადიანობის გაზრდა. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით კავშირის ფინანსური მართვა. ბაზრის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის არსებობა. კანონმდებლობით დადგენილი საპაიო შენატანის დაბალი ზღვარი. ახალი წევრების რეგისტრაცია. თანამედროვე დონეზე მოწყობილი ოფისი და სხვ.