ქართული ნუმიზმატიკის ახალი ნიმუშები
დ.გოგეშვილი, ნ.კორსავა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამახსორო მონეტების მოჭრის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების გეგმით, ჩაატარა სამუშაოები მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკებისა და ზარაფხანების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. შესწავლილ იქნა ავსტრიის, პოლონეთის, უკრაინის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლატვიის, სომხეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკებისა და ზარაფხანების პოლიტიკა.
ცენტრალური ბანკების მიერ საიუბილეო თარიღის ან სამახსოვრო მოვლენების აღსანიშნავად იჭრება როგორც გარკვეული მოტივის მქონე (თემატური ან სერიული) ემისიისათვის განკუთვნილი მონეტები, ისე ნუმიზმატიკური ფასეულობის მქონე საკოლექციო დანიშნულების სპეციალური მონეტები.
ცენტრალური ბანკების მიერ სპეციალური რევერსის მქონე ემისიის ხურდა ფულის მოჭრის მიზანია საზოგადოებისა და კოლექციონერების მონეტებისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული ვალუტისა და მთლიანად ქვეყნის პროპაგანდა.
რაც შეეხება საკოლექციო დანიშნულების მონეტებს, მათი ემისიის მიზანი, განსაკუთრებით იმ ცენტრალური ბანკებისათვის რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ზარაფხანა, არის ქვეყნის თვითშეგნების, მისი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ზემოაღნიშნული საქმიანობა მნიშვნელოვანი ბერკეტია ნებისმიერი ცენტრალური ბანკის ხელში და მისი იმიჯის ამაღლებასთან ერთად კომერციული მოგების მოტანაც შეუძლია. ასე მაგალითად, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებულმა პრობლემამ დღის წესრიგში დააყენა ქართული სასმელების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს უძველესი ქართული ვაზის ჯიშების ამსახველი სერიული მონეტების გამოშვებასა და მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფულის მოჭრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა აქვს, საქართველოს ეროვნულ ბანკს საჭიროდ მიაჩნია, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ ტრადიციების შენარჩუნებისა და გაგრძელების მიზნით.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საქმიანობა ატარებს როგორც კულტურულ, ისე კომერციულ ხასიათს და, შესაბამისად, თითოეული საკოლექციო დანიშნულების მონეტის მოჭრისას აუცილებელია ცენტრალურმა ბანკმა, საკუთარი სახსრების მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით, კარგად შეისწავლოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოჭრილი მონეტის დიზაინი და თემა ზუსტად ასახავდეს ქვეყნისა და ამა თუ იმ კოლექციონერების ინტერესებს, იყოს რაც შეიძლება მიმზიდველი და ხელმისაწვდომი როგორც საჩუქრად, ისე საინვესტიციოდ.
როგორც ჩვენი კვლევის შედეგებმა ცხადყო, ამ მიზნით ცენტრალური ბანკები ცდილობენ მაქსიმალურად მოიცვან მონეტებზე აღსაბეჭდი თემები და შეინარჩუნონ მათი მოჭრის ზომიერი ლიმიტი. თითქმის ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკში არსებობს მონეტების თემატიკის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც საგულდაგულოდ არჩევს ქვეყნისა და მსოფლიოსათვის საინტერესო თემებს. თემების შერჩევა, როგორც წესი, იწყება საიუბილეო თარიღამდე ან შერჩეული ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, შესაბამისი მოკვლევისა და სარეკლამო სამუშაოებისათვის განკუთვნილი დროის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ სამახსოვრო მონეტების მოჭრასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდგომი გაფართოების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
1. შეირჩეს პარტნიორი ზარაფხანა ქართული მონეტების მსოფლიო ბაზარზე გატანის გზებისა და სხვა ტექნიკური კონსულტაციებისა თუ დახმარების მიღების მიზნით.
2. ნუმიზმატიკური საქმიანობის ეფექტიანად და მაქსიმალურად ორგანიზებულად წარმართვისათვის საჭიროა გარკვეული კონსულტაციების მიღება იმ ცენტრალური ბანკებისაგან, რომლებსაც სამახსოვრო მონეტების გამოშვების დიდი გამოცდილება და შესაბამისად მათი რეალიზაციისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო ბაზა გააჩნიათ.
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს საკუთარი ხანგრძლივი ეროვნული პროგრამა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. მოეწყოს საზოგადოების გამოკითხვა, იმისათვის, რომ გამოვლინდეს მონეტაზე აღსაბეჭდი პოპულარული თემები. აუცილებელია დაიწყოს აქტიური სარეკლამო კამპანია ბანკის განზრახვის გაცხადებისა და შესაბამისად არსებული უხილავი ბაზრის (მყიდველთა) გამოაშკარავებისა და მათი ინტერესების დადგენის მიზნით.
ამასთან, მონეტებზე აღსაბეჭდი თემების შესარჩევად ბანკმა აქტიური ურთიერთობა უნდა დაამყაროს ნუმიზმატიკურ ასოციაციებთან, კულტურის სამინისტროსთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
საჭიროა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ინტერესების უკეთ შესწავლისა (მათთვის პოპულარულ ადგილობრივ ქართულ თუ სხვა ჟურნალ-გაზეთებში ეროვნული ბანკის მიზნების რეკლამირებით) და იმ მცირე ბაზრის გამოვლენისათვის, რომელიც ყოველთვის ერთგული რჩება ქართული მონეტებისა თუ სხვა ქართული წარმოშობის ნივთების მიმართ.
4. ამას გარდა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, მიზანშეწონილი იქნებოდა საერთაშორისო ნუმიზმატიკურ პროგრამებში მონაწილეობა.
ზემოაღნიშნული სამუშაოების შემდგომი გაფართოებისა და დახვეწის მიზნით, ეროვნული ბანკი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ბერლინში ყოველწლიურად გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, კოლექციონერებთან, დილერებთან, წამყვან დისტრიბუტორებთან სასარგებლო კონტაქტების დამყარებისა და კონკურენტი ცენტრალური ბანკების საემისიო პროგრამების უკეთ შესასწავლად.
პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის დინამოს გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად საიუბილეო მონეტის გარდა, იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამახსოვრო მონეტის გამოშვებაც.
ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს საწმისის გამოსახულებით პირველი საინვესტიციო ოქროს მონეტის გამოშვებას გეგმავს, რითაც ქვეყნის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. საინვესტიციო მონეტა სრულიად ახალი მიმართულება იქნება ქართული ფულის ისტორიაში. ეს იქნება ფულის დაბანდების და უბრალოდ ქონების დაგროვების უნიკალური საშუალება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი პერმანენტულად მატულობს. ჩვენ უკვე შევისწავლეთ საინვესტიციო მონეტების ბაზარი, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება და ვთვლით, რომ ოქროს საწმისის მონეტა იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ამ მონეტით ჩვენ ასევე გვინდა დავამკვიდროთ საქართველოს, როგორც ოქროს მომპოვებელი უძველესი ქვეყნის იმიჯი. საქართველო რომ ღვინის აკვანია, ეს უკვე გავაგებინეთ მსოფლიოს, ასევე უნდა გავუწიოთ პოპულარიზება იმასაც, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდენენ ოქროს.
ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება:
ავსტრია
როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მიმოქცევისათვის წელიწადში ერთხელ უშვებს 20 ცენტის სამახსოვრო მონეტას იგივე ემისიის ფულის პარამეტრებით. ამგვარადვე იქცევიან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც.
რაც შეეხება ინდივიდუალურ საკოლექციო მონეტებს, აღნიშნულით დაკავებულია ბანკის დაქვემდებარებაში არსებული ზარაფხანა, რომელსაც თავის მხრივ აქვს ორი მსხვილი ნუმიზმატიკური კომპანია შესაბამისი სამოქმედო არეალით (გერმანია-ავსტრია). ზარაფხანის მიერ წელიწადში გამოშვებული პროდუქცია მრავალფეროვანია. მის მიერ ყოველწლიურად გაყიდული საკოლექციო მონეტების ნავაჭრი 2005 წლისათვის 27.8 მლნ. ევროს შეადგენს (ამაში არ შედის საინვესტიციო ოქროს მონეტა, რომელიც წელიწადში იყიდებოდა 70,8 მილიონი ევროს ოდენობით). მონეტები იჭრება, როგორც წესი, ძვირფასი მეტალებისაგან და მოიცავს თემების ფართო სპექტრს. მაგ. კულტურა. ისტორია, ავსტრიის ისტორიული მხარეები, სპორტი და ა.შ. შესაბამისად, კულტურის პროგრამით მონეტები იჭრება მხატვრობის, ხუროთმოძღვრების, მუსიკისა და ლიტერატურის სფეროში ავსტრიის მიღწევებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების გამოსახულებით.
აქვე გვსურს ხაზი გაუსვათ იმ გარემოებას, რომ საკოლექციო დანიშნულების მონეტებისგან განსხვავებით, რომელთა ღირებულების დადგენა (შეფასება) ხდება მათი გამოშვების ტირაჟის სიმცირის, იშვიათობის, სილამაზისა და მოჭრის ტექნოლოგიის (მდგომარეობის) მიხედვით, ზოგიერთი სახელმწიფო ახორციელებს ძვირფასი მეტალებისაგან დამზადებული საინვესტიციო მონეტების ემისიის პროგრამას. მიჩნეულია, რომ ასეთი ტიპის მონეტები ინვესტიციების დაბანდებისა და უბრალოდ ქონების დაგროვების საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად აღნიშნული მონეტების ტირაჟი საკოლექციო მონეტებისაგან განსხვავებით ყოველ წლიურად მილიონობით განისაზღვრება. საინვესტიციო მონეტებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ბრიტანეთის საინვესტიციო მონეტები.
1989 წელს ავსტრიის ზარაფხანამ პირველად გამოუშვა ოქროს საინვესტიციო მონეტა სახელწოდებით ვენის ფილარმონია და ის დღემდე ერთერთ ყველაზე წარმატებულ მონეტად ითვლება. 2005 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ავსტრიის ცენტრალური ბანკის ზარაფხანა წელიწადში 208 200 უნცია (6.48 ტონა) ოქროს მონეტას ყიდის, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც თანხობრივად 70.8 მილიონ ევროს შეადგენს.
საინვესტიციო პროგრამებს ძირითადად ახორციელებენ ის ქვეყნები რომლებიც განთავისუფლებულები არიან ოქროზე ნებისმიერი სახის გადასახადებისაგან და სადაც საბანკო სისტემაში კარგად არის განვითარებული სასაქონლო ბირჟა.
პოლონეთის ცენტრალური ბანკი
ყოველ წელს მიმოქცევაში უშვებს ოქროს, ვერცხლისა და ნორდიკული ოქროს შენადნობის (უბრალო მეტალის) მონეტებს კოლექციონერებისათვის შემდეგ თემებზე:
პოლონეთის მეფეები; პოლონელი მოგზაურები და მკვლევარები, სასახლეები და ციხესიმაგრეები, სპორტი, მსოფლიოს ცხოველები: პოლონეთის კულტურული ძეგლები და სხვა შემთხვევებისადმი მიძღვნილი მონეტები. ამასთან, ბანკი უშვებს მისი რეგიონისადმი მიძღვნილ 2 ზლოტის ნომინალის საემისიო მონეტებს.
ლატვიის ბანკი
1993 წლიდან აქტიურად არის ჩართული როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პროგრამებით საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების საქმეში. დღემდე გამოშვებული აქვს 51 მონეტა.
აქედან, საერთაშორისო პროგრამებით მონეტები გამოშვებული აქვს: ოლიმპიური თამაშების, საფრთხეში მყოფი ველური ბუნების, მეზღვაურობისა და UNI!EF-ის მიერ ორგანიზებული ბავშვთა დაცვის პროგრამებით.
2001 წელს დაიწყო ეროვნული პროგრამა დრო და ფასეულობები. აღნიშნული პროგრამა მოიცავს 4 სერიას. თითოეულ სერიაში შედის 3 ცალი სხვადასხვა ტიპის მონეტა. დღეისათვის უკვე დასრულებულია 1 პროგრამით გათვალისწინებული მონეტების ემისია. აღნიშნული პროგრამა სახელწოდებით ჩვენი ფესვები ეძღვნება ლატვიის მარადიულ ფასეულობებს.
ლატვიის ბანკს დაგეგმილი აქვს ქალაქ რიგისადმი მიძღვნილი 8 სხვადასხვა სახის საიუბილეო მონეტის ემისია. საბოლოო მონეტა გამოვა 2007 წელს. თითოეული მონეტა თითოეულ საუკუნეს მიეძღვნება.
ლატვიის ცენტრალური ბანკი ახორციელებს სხვადასხვა რევერსის მქონე 1-ლატის ნომინალის მონეტების ემისიას. მათზე გამოსახულია ქვეყნისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, ატრიბუტიკა და ნიშნები. აღნიშნული მონეტები ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციით ძალიან თბილად იქნა მიღებული საზოგადოების მიერ და ის გაგრძელდება ქვეყანაში ევროს მონეტების შემოღებამდე. ბანკი აგრეთვე უშვებს სამახსოვრო მონეტებს ზღაპრის პერსონაჟების გამოსახულებით და ოქროს მონეტებს მსოფლიო პროგრამით უმცირესი ზომის ოქროს მონეტები.
უკრაინის ცენტრალური ბანკი
სიუბილეო მონეტები ეძღვნება: უკრაინის თვითმფრინავები, არქიტექტურული მონუმენტები, ცნობილი ოჯახები, ფლორა და ფაუნა, ფოლკლორული ინსტრუმენტები, კაზაკთა პერიოდის გმირები, უკრაინის გმირი ქალაქები, უკრაინის უმაღლესი სასწავლებლები, ათასწლეულის მიჯნაზე, აღმოსავლური კალენდარი, უკრაინის ცნობილი პიროვნებები, უკრაინის პრინცები, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაბრუნება, რიტუალური დღესასწაულები, უკრაინის სულიერი ფასეულობები, სპორტი, შობის 2000 წელი და სხვა.
უკრაინის ზარაფხანა, გამოშვებული მონეტების სიმრავლის გამო მონეტებზე იყენებს თითქმის ყველა მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ფულის ნომინალებისა და სპეციალურად შერჩეულ პარამეტრებს.
სომხეთის ცენტრალური ბანკი
საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების მოჭრისას ძირითადად ხელმძღვანელობს სომხეთის ღირსეშანიშნავი თარიღებითა და მსოფლიო ნუმიზმატიკურ ბაზარზე არსებული დაინტერესებით. მონეტები ძირითადად ოქროსი და ვერცხლისაა და ეძღვნება სპორტის, მეფეების,გამოჩენილი პიროვნებების, ევრო საბჭოსა და სომხეთის შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილ თემებს.
ამასთან, მონეტებს უშვებს საერთაშორისო თემებზეც, როგორიცაა გადაშენების წინაშე მდგარი ფლორა და ფაუნა. ასე მაგალითად, ინგლისის სამეფო ზარაფხანასთან ერთად მოჭრილი საიუბილეო მონეტა სომხური თოლია საკმაოდ პოპულარულია და დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
1994 წლიდან დღემდე გამოშვებული აქვს 61 საკოლექციო დანიშნულების მონეტა.
დანიის ცენტრალური ბანკი მიმოქცევაში უშვებს საიუბილეო მონეტებს, რომლებიც მთლიანად ეძღვნება სამეფო ოჯახში მიმდინარე ღირშესანიშნავ თარიღებს. ამისათვის ბანკი იყენებს 200 კრონის ვერცხლისა და 20 კრონის იმავე შემადგენობისა და პარამეტრების მონეტებს როგორსაც იგი იყენებს რეგულარული ემისიის 20 კრონის ხურდა ფულისთვის.
ბანკი აგრეთვე უშვებს თემატურ მონეტებს მაგ. ა)დანიის კოშკების გამოსახულებით და ბ)კრისტიან ანდერსენის ზღაპრების მოტივების გამოყენებით.
კოშკების გამოსახულებით დაგეგმილი აქვთ სულ 9 სხვა და სხვა გამოსახულების მონეტის გამოშვება, რომელთა სრულად მოჭრა დასრულდება 2007 წელს და შემდეგ მათი რეალიზაცია მოხდება სპეციალური კრებულის სახით. მათთვის გამოიყენება იგივე 20 კრონის ნომინალი იმავე პარამეტრებით რაც რეგულარული საემისიო 20 კრონის მონეტებისთვის.
ზღაპრის თემისადმი მიძღვნილი მონეტები გამოდის სამი სხვადასხვა ტიპის, ოქროს, სუფთა ვერცხლისა და უბრალო შენადნობის, ნომინალური ღირებულება 10 კრონი. განსხვავებულია მათი პარამეტრები:
ნორვეგიის ცენტრალური ბანკი
უშვებს ორი ტიპის მონეტებს: სპეციალური გამოშვების საემისიო და საიუბილეო ვერცხლის ან ოქროს მონეტებს, რომლებიც ეძღვნება: მნიშვნელოვან ეროვნულ და ისტორიულ მოვლენებს, ქვეყნის მონეტარულ ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, კულტურის, ისტორიისა და ან სხვა დარგში მოღვაწე პიროვნებებს რომლებმაც სახელი გაუთქვეს და დიდი მნიშვნელობა შესძინეს თავიანთ ქვეყანას.
ნომინალებისა და მათი პარამეტრების განსაზღვრის პრინციპი აქაც იგივეა, რაც სხვა ქვეყნების მაგალითზე არის ნაჩვენები.
ჩეხეთის ბანკი ვრცელი ეროვნული პროგრამით უშვებს საიუბილეო მონეტებს ძვირფასი მეტალებისაგან.
რუსეთის ცენტრალური ბანკი მთლიანი ბაზრის 90% უჭირავს ძვირფასი მეტალებისაგან დამზადებულ სამახსოვრო მონეტებს შემდეგ თემებზე.
ა) ისტორიული და გეოგრაფიული სერიის მონეტები
ბ) სპორტი
აქვთ შემდეგი გრძელვადიანი პროგრამები: რუსეთის წითელი წიგნი, რუსეთის არქიტექტურული ძეგლები, რუსეთის ცნობილი პიროვნებები, რუსეთის დამსახურებული გენერლები და მარშლები, შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა.
1996 წლიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი წარმატებით ვაჭრობს მისი 10 რუბლის ოქროს ჩერვონეცი და ვერცხლის 3 რუბლის სიასამური საინვესტიციო მონეტებით.