რამდენად შეესაბამება საქართველოს საბანკო სისტემა ევროპულ სტანდარტებს?
ნინო არველაძე
29 აპრილს “ევროპული ინტეგრაციის ფორუმმა” (www.eiforum.ge) საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით სასტუმრო “ამბასადორში” გამართა კონფერენცია თემაზე: “ქართული საბანკო სისტემის შესაბამისობა ევროპულ გამოწვევებთან”. საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებულ კანონთა პაკეტის თანახმად, ცვლილებები შევიდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, სადაც კომერციული ბანკების ზედამხედველობის სისტემაში ცვლილებებია გათვალისწინებული.
ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული საბანკო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა ბაზელის საზედამხედველო კომიტეტის მიერ შემუშავებული საბანკო ზედამხედველობის რეგულირების “ბაზელი II-ის” სისტემა, რომელიც საკრედიტო და საოპერაციო რისკების შეფასების საკითხებსა და გამჭვირვალობის მოთხოვნას ეხება, ამასთან, კომერციული ბანკების მიერ საკუთარი კაპიტალის განმტკიცების, კრედიტების გაცემის პროცესში ერთიანი კონკურენტული პირობების შექმნას და ახალი საფინანსო ინსტრუმენტების დანერგვას ითვალისწინებს. მსოფლიოს 95 რეგულატორი 2015 წლამდე სხვადასხვა ფორმებით “ბაზელი II-ის” რეკომენდაციებს განახორციელებს. საქართველოს საბანკო სისტემაში იყენებენ “ბაზელი I”-ის სისტემას, ხოლო 2009 წლისთვის უკვე ნაწილობრივ დაიწყება “ბაზელი II”-ის სისტემის გამოყენება.
კონფერენციაზე ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლის საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ეკონომიკურმა ექსპერტმა მერაბ კაკულიამ საქართველოს კომერციული ბანკების განვითარების შესახებ ვრცელი მოხსენება წაიკითხა. მან საბანკო სექტორის საკუთრების კონცენტრაციაზე ისაუბრა. როგორც მ. კაკულიამ აღნიშნა, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული რეზიდენტი ბანკისა და 2 საზღვარგარეთული ბანკის ფილიალისგან შედგება. 6 წამყვან ბანკზე მოდის 85% ჯამური აქტივები და 82% დეპოზიტები. მათ შორის ორი ლიდერია – “საქართველოს ბანკი” და “თი-ბი-სი ბანკი”, რომელიც 60% აქტივებსა და 56% დეპოზიტებს ფლობს. ეს საბაზრო კონცენტრაციის მაღალ დონეზე მიუთითებს, რაც კონკურენციას ზღუდავს და წამყვანი ბანკების ვიწრო წრეს აყალიბებს. რაც შეეხება დანარჩენ ბანკებს, ეროვნული ბანკის გარდა, მათ შედარებით მცირე კლიენტები და შეზღუდული სადეპოზიტო ბაზა აქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, საკმარისი კაპიტალისა და რამდენიმე მსხვილი კლიენტის მეშვეობით, ბანკები ასე თუ ისე მუშაობენ, თუმცა ყოველთვის წარმატებულად არა. ასეთ შემთხვევაში მათ დახმარებას უწევენ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც, როგორც წესი, ყიდულობენ აქციების საკონტროლო პაკეტს და რებრენდინგის შემდეგ ცდილობენ ბაზარზე პოზიციების გამყარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის 14 კომერციულ ბანკში გვხვდება. უმეტეს შემთხვევაში, ბანკების აქციების საკონტროლო პაკეტს უცხოელები ფლობენ. “რესპუბლიკა ბანკის” შეძენის შემდეგ ფრანგულმა გიგანტმა “სოსიეტე ჟენერალმა” ბაზარზე აგრესიული პოლიტიკა არ გაატარა, თუმცა მოახდინა ბანკის რესტრუქტურიზაცია და მომხმარებელს რამდენიმე ახალი პროდუქტი შესთავაზა, შედეგად კი მისი პოზიციები ბაზარზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საქართველოს კომერციული ბანკების სექტორში წარმოდგენილი სხვა ბანკები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები არიან და ამა თუ იმ ფორმებით დამოკიდებულნი არიან თავიანთი ქვეყნის მთავრობაზე – “ვი-თი-ბი ბანკი” – რუსეთზე, “ტურან ალემ ბანკი” – ყაზახეთზე, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” – აზერბაიჯანზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოდგენილი უცხოური ბანკების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს კომერციული ბანკების საკონტროლო პაკეტს ფლობენ, მსოფლიო საბანკო ბაზარზე ნაკლებად ცნობილნი არიან, მაგრამ იგივე არ ითქმის “პროკრედიტ ბანკზე”.
საქართველოს საბანკო სექტორის საკუთრების ერთ-ერთი დამახასიათებელია ისეთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მნიშვნელოვნად მაღალი წილი, როგორებიცაა EBღD და IFჩ. ამრიგად, უცხოური კაპიტალის მაღალი ჯამური წილის მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორში ჯერ კიდევ ადრეა საუბარი საქართველოს საბანკო სექტორში უცხოური ვალუტების მასშტაბურ არსებობაზე. 14 ბანკიდან მხოლოდ ნახევარია ასე თუ ისე მსხვილი უცხოური ბანკების შვილობილი სტრუქტურები, რომელთა შორისაც სახელმწიფო საკრედიტო ორგანიზაციებიცაა წარმოდგენილი. მათი აქტივების ჯამური წილი 20%-ზე ნაკლებია, დეპოზიტებისა კი – თითქმის 22%-ია. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ დინამიურია. უკანასკნელ სამ წელიწადში საბანკო სექტორის აქტივები 60%-ით გაიზარდა, დეპოზიტეპი კი – 55%-ით, ჯამური აქტივები 2007 წელს მშპ-ის 43%-ს შეადგენდა. 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატებოდა. პროგნოზების მიხედვით 2009 წელს საქართველოს საბანკო სექტორის ჯამური აქტივები მშპ-ის 60% იქნება და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს გაუთანაბრდება. ამჯერად ქვეყანაში ნამდვილი საკრედიტო ბუმია, რომელსაც თავისებური ნეგატიური პროცესები ახლავს. საქართველოში საკრედიტო ბუმის მახასიათებელია მოკლევადიანთან შედარებით გრძელვადიან კრედიტებზე მაღალი მოთხოვნა. გრძელვადიანი კრედიტების ნახევარზე მეტი გაიცემა მშენებლობის, ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში.
ნათელია, რომ მშენებლობის გრძელვადიანი დაკრედიტება ხელს უწყობს იმპორტის დაფინანსებას და არა წარმოების განვითარებას. ამის დასტურია ის, რომ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა გრძელვადიანი კრედიტების მოცულობა ფიზიკურ პირებზე, რომლებზეც გაცემული გრძელვადიანი კრედიტების 1/3 მოდის. სამომხმარებლო ბაზარზე საბანკო სექტორის მზარდი აქტივობა ბანკების მხრიდან სერიოზულ რისკებს უკავშირდება, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის დაბალი და არასტაბილური შემოსავლით არის განპირობებული. გრძელვადიანი კრედიტების 20%-ზე მეტი იპოთეკურ კრედიტებზე მოდის. 2007 წელს იპოთეკური კრედიტების მოცულობა, 2006 წელთან შედარებით, 50%-ით, ანუ 600 მლნ ლარით გაიზარდა, რამაც საბინაო მშენებლობის შემდგომ გაგრძელებას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ხდებოდა ბინების ფასების ზრდის ტემპის შენელების ფონზე (და არა გაიაფების), რაც 2006 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს საბინაო ბაზრის კონიუქტურა კვლავ გააქტიურდა, მაგრამ გამორიცხული არ არის მისი მკვეთრი ვარდნა, რამაც შეიძლება იპოთეკური კრიზისი გამოიწვიოს.
ქართული ბანკების კიდევ ერთი პრობლემა ლიკვიდურობის რისკია, რომლის გადაფარვასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო ხაზების მეშვეობით ცდილობენ. მათი მოცულობა 2007 წელს 127%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც დეპოზიტების მოცულობა მხოლოდ 55%-ით გაიზარდა. აქტივებსა და პასივებს შორის შეუსაბამობა ჯერ-ჯერობით შეშფოთების საგანი არ ხდება. მაგრამ გლობალურ ბაზრებზე არსებული ლიკვიდურობის კრიზისი მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკრედიტო რესურსების შემდგომ მოზიდვას გაართულებს, რაც ქართული ბანკების სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება.
ესპანეთის “სანტანდერ ბანკის” წარმომადგენლემა ბორის გუტიერეზ სიმორამ ესპანეთის საბანკო სექტორის გამოცდილებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ 17 ავტონომიის არსებობის პირობებში პრობლემები ესპანეთში ჯერ-ჯერობით არ შექმნილა, თუმცა შეიძლება მათ თავი 4-5 წლის შემდეგ იჩინოს. ესპანეთის საბანკო სისტემა აქამდე ერთიან სისტემას ექვემდებარებოდა და რეგიონების მიხედვით იყოფოდა. მაგალითად იყო ბანკი, რომელიც მხოლოდ ესპანეთის ცენტრალურ რეგიონებს ემსახურებოდა, ანუ არსებობდა რეგიონალური ბანკები. ესპანეთის ყველაზე ახალგაზრდა ბანკი 100 წლისაა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად დაიწყო ბანკების შემოსვლა სხვადასხვა რეგიონებში და ესპანეთის სავალუტო სისტემა არა რეგიონალური გახდა. 17 ავტონომიის ჩამოყალიბების შემდეგ ესპანეთში გაჩნდა ცალ-ცალკე ნაციონალური ბანკები, რაც დიდი შეცდომა იყო. ამ 17 ავტონომიიდან განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს 3 ავტონომია, რომლებსაც სურდათ საკუთარი საფინანსო სტრუქტურის ჩამოყალიბება, რასაც ესპანეთის კონსტიტუცია კრძალავს. კატალონიელებს საკუთარი მარეგულირებლის შემოღება სურთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით და ესპანელების საბედნიეროდ სურვილს ვერ ისრულებენ.